
როგორ ვიხსნათ მტაცებელი
კუკის კუნძულებზე ზვიგენებით ვაჭრობის აკრძალვის ხელშეწყობის შემდეგ ჯესიკა კრემპს აინტერესებს, შეუძლია თუ არა კანონს ზვიგენების დაცვა
კონინი რონგო და ბელა სმითი გემბანზე არიან და ხელები ყვითელფარფლიანი თინუსის შიგნეულობით აქვთ დასვრილი; მათ ახლა გაიგეს, რომ თურმე ზვიგენთა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ნაკრძალში ცხოვრობენ.
კუკის 15 კუნძულს შორის უდიდესის – რაროტონგას პორტში ჩამწკრივებული სათევზაო გემების გვერდით ეს ორი 17 წლის გოგონა ნარჩენებს აქუცმაცებს. ისინი ამერიკელ საზღვაო ბიოლოგს, ჯესიკა კრემპს ზვიგენების საპოვნელად წყალქვეშ კამერების ჩაშვებაში ეხმარებიან. National Geographic-ისა და Rolex-ის მხარდაჭერით მომუშავე კრემპი გოგონებს, რომლებიც ზვიგენისთვის სატყუარას ამზადებენ, დაცული ტერიტორიის შესახებ უყვება, რომლის ფართობი 196 მილიონ ჰექტარს შეადგენს.
კრემპი 2011 წელს გადასახლდა სამხრეთ წყნარი ოკეანის ზვიგენებით სავსე რიფებიან კუნძულებზე, რათა ნაკრძალის შესაქმნელად კამპანია წამოეწყო. 18 თვეში გამოიცა კანონი, რომლის თანახმად კუკის კუნძულების ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ზვიგენის ნაწილების გაყიდვის ან ტრანსპორტირების შემთხვევაში გემს მინიმუმ 73 000-დოლარიანი ჯარიმა დაეკისრებოდა.
კრემპი 28 ზვიგენისთვის ზურგზე სატელიტური გადამცემის დამაგრებას აპირებს, რათა მათ გადაადგილებას მიადევნოს თვალი. ამ რეგიონის ზვიგენებზე ბევრი არაფერია ცნობილი. კრემპს აინტერესებს, სად და რამდენად შორს მოგზაურობენ ისინი, რაც მნიშვნელოვანი მონაცემი იქნება მათ უკეთესად დასაცავად.
კრემპი გოგონებს ფსკერზე ჩასაშვებ მოწყობილობაზე კამერისა და სატყუარას დამაგრებასა და GPS კოორდინატების ისე დაფიქსირებას ასწავლის, რომ შემდეგ ამ მოწყობილობის წყლიდან ამოღება იყოს შესაძლებელი. მიტყუებულ ზვიგენებს დაიჭერენ, დააბამენ და სატელიტური ჩიპის ჩასადგმელად ზურგის ფარფლთან მას ოდნავ ჩაჭრიან.
„სასტიკად ჟღერს, თუმცა ეს მათივე დასაცავი ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება“, – ამბობს კრემპი. „გვაინტერესებს, კუკის კუნძულებზე მოქმედი კანონი შედეგს იძლევა თუ არა“.

საზღვაო რესურსების სამინისტროს თანამშრომელი, ჯოშ მიჩელი, რომელიც კომერციულ თევზჭერას მეთვალყურეობდა, ამბობს, რომ ნაკრძალის დაარსებამდე თითო გემი დღეში 5-6 ზვიგენს თავისუფლად იჭერდა. გემის ეკიპაჟი ხშირად ყიდდა ზვიგენის ფარფლებს აზიის იმ ქვეყნებში, სადაც ფარფლის წვნიანი დელიკატესად ითვლება.
როგორც მიჩელი ამბობს, 2012 წელს, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამოცხადების შემდეგ, ინსპექტორებმა ამოისუნთქეს, რადგან სამსჯელო აღარაფერი რჩებოდა. მას შემდეგ ოთხ გემს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 247 000 დოლარის ოდენობით.
კრემპი, ბოლო სამი წელია, მსოფლიო მონაცემებს აანალიზებს იმის დასადგენად, ასეთი მსხვილმასშტაბიანი დაცული ტერიტორიები მართლაც იცავს ზვიგენებს თუ არა – იმედი აქვს, რომ მისი მონაცემები ბუნების დამცველებსა და კანონმდებლებს დაეხმარება, უფრო ქმედითი პოლიტიკა შეიმუშაონ. კრემპი მიხვდა, რომ მოქმედ კანონს ხარვეზებიც ჰქონია. რიგ შემთხვევებში კუკის კუნძულების მესვეურებს ჯარიმა არ დაუწესებიათ იმის გამო, რომ გემი უბრალოდ გავლით ან სამედიცინო დახმარების მოთხოვნით მოხვდა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში.
ტრადიციულად, კუკის კუნძულების მკვიდრთათვის ზვიგენი მფარველი ცხოველი იყო – ტაურა ატუა. თანამედროვე კომერციული მეთევზეებისთვის კი იგი კონკურენტია. მათი თევზსაჭერი სატყუარები თევზის გარდა მშიერ ზვიგენებსაც იზიდავს.
კამერის წყალქვეშ ჩაშვებამდე რამდენიმე დღით ადრე კრემპი პორტს სტუმრობს სატყუარას მოსაძებნად. ადგილობრივ მეთევზეებს ეკითხება, დღეს რამე ხომ არ დაუჭერიათ ან ზვიგენი ხომ არ უნახავთ. ორივე კითხვაზე უარყოფით პასუხს იღებს. კრემპს ყური მოუკრავს, რომ ერთ-ერთს ზვიგენი მოუკლავს. როდესაც მეთევზეს შეუტია, მან უპასუხა, ხელს მიშლიდაო. კრემპმა, რომელსაც პორტში ზვიგენების ქალს ეძახიან, მეთევზეს ჭკუის სწავლება აღარ დაუწყო და მხოლოდ ის თქვა – ინანებს და ამიერიდან ნაკლებ ზვიგენს მოკლავსო.
კრემპს იმედი აქვს, რომ ერთ დღეს მის საქმეს კუკის კუნძულის მკვიდრი გააგრძელებს. რონგო და სმითი აპირებენ, რომ საზღვაო ბიოლოგები გამოვიდნენ. სმითი ამბობს, „ზვიგენების ქალის“ წოდება მექნებაო.
კუკის კუნძულების ნაკრძალი

2012 წელს კუკის კუნძულები მსოფლიოს ზვიგენთა ნაკრძალების სიას შეუერთდა. სულ 17 ასეთი ნაკრძალი ოკეანის 19,4 მლნ კვ. კმ-იან ფართობს მოიცავს. მიზანი ზვიგენებზე ნადირობის შეზღუდვაა. ამჟამად წელიწადში ათობით მილიონ ზვიგენს კლავენ.
აკრძალული თევზაობა
ქვეყნის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ფარგლებში იკრძალება ზვიგენების გამიზნული ჭერა.
ჯარიმები
ჯარიმა 73 000 – 182 000 ამერიკული დოლარის ოდენობით ეკისრება ნებისმიერ გემს, რომელზეც ზვიგენის ნაწილები აღმოჩნდება.
აკრძალვა
იკრძალება ისეთი სათევზაო მავთულების გამოყენება, რომლებშიც ზვიგენი შეიძლება გაიხლართოს.
ზვიგენების მკვლევარი ბიოლოგი ჯესიკა კრემპი მონაწილეა Rolex-ისა და National Geographic-ის ერთობლივი პროექტისა, რომელიც 2017 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს დედამიწის ოკეანეების, პოლუსებისა და მთების კვლევასა და დაცვას. შეიტყვეთ მეტი: nationalgeographic.com/environment/perpetual-planet.