
როგორ ვრცელდება დაავადება ცხოველიდან ადამიანზე?
ცხოველებს – კატებს, ფრინველებსა თუ ღამურებს – შეუძლიათ გაავრცელონ ზოონოზური დაავადებები, რომლებსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ეწირება
შავფეხება ტკიპა ტყის მაღალი ბალახის ღეროზე ცოცდება და გამვლელის მოლოდინში წინა კიდურებს მაქსიმალურად შლის. როგორც კი მოლაშქრე ჩაუქროლებს, ჩაებღაუჭება მას. საუკეთესო პოზიციას პოულობს, კვეთს კანს და თავის ხორთუმს არჭობს. თუ ეს ტკიპა ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერიის მატარებელია, ეს ვირულენტური მიკრობი ტკიპის მასპინძელ ადამიანში შეაღწევს; ასე შეეყრება ადამიანს ზოონოზური დაავადება.
ზოონოზი ეწოდება ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ დაავადებათა მთელ რიგს. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების თანახმად, მსოფლიოში სიკვდილიანობის თითქმის 16% შეიძლება ინფექციურ დაავადებებს მიეწეროს, ზოონოზები კი ცნობილი ინფექციური დაავადებების 60%-ს შეადგენს, ხოლო ახალგავრცელებული დაავადებების 75%-ს.
ზოონოზის გავრცელების მრავალი გზა არსებობს, მათ შორის: მწერის ნაკბენი, დაავადებულ ცხოველთან შეხება; ასევე ნახევრად უმი ხორცის, არაპასტერიზებული რძის ან დაბინძურებული წყლის მოხმარება. ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაეცეს სხვადასხვა ტიპის პათოგენი: ბაქტერიები, პარაზიტები, სოკოები და ვირუსები.
ზოგიერთი ზოონოზური დაავადება შეიძლება შედარებით უწყინარი იყოს, თუმცა ბევრი – მათ შორის ლაიმის დაავადება – საკმაოდ ზიანის მომტანია, ზოგი კი – როგორიც COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსია – შეიძლება მომაკვდინებელი იყოს.
ახალი კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესახებ გავრცელებული თეორიის თანახმად, ვირუსი ცხოველიდან ადამიანს გადაეცა ჩინეთში, უხანის გარეული ცხოველების ბაზარში, 2019 წლის მიწურულს. ის კი დაუზუსტებელია, როგორ მოხვდა ეს ვირუსი თავდაპირველი მასპინძლიდან ბაზარში და შემდეგ ადამიანში. იმის გამო, რომ ადამიანებს ამ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნიათ, COVID-19-მა დააავადა და მოკლა ასობით ათასი ადამიანი მთელ მსოფლიოში. კიდევ ერთი კარგად ცნობილი ზოონოზური დაავადების, ებოლას ვირუსის საწყისად ითვლებიან ხილიჭამია ხელფრთიანები, რომლებიც ველურ ბუნებაში კვლავ არიან ვირუსის მატარებლები – ისევე როგორც ადამიანის მსგავსი მაიმუნები. ღამურებს და მაიმუნებს შეუძლიათ ადამიანებს გადასდონ ვირუსი პირდაპირი კონტაქტით ან იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მათ ხორცს შეჭამს. სხვა ზოონოზები ველური სახეობებიდან ხვდებიან შინაურ ცხოველებზე, ვთქვათ, ღამურიდან – ღორზე. ადამიანი შეიძლება დაავადდეს ღორის მოვლით და მისი ხორცის ჭამით.
ზოონოზური დაავადებების წყაროები
ადამიანთა უმრავლესობა ცხოველების გარემოცვაში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა სახლში ცხოველი ან აქვთ თუ არა ფერმა. ცხოველთა სამყაროს არაერთი წარმომადგენელი შეიძლება იყოს დაავადების გადამცემი. იხილეთ მოკლე ჩამონათვალი იმისა, თუ რა შეიძლება გადაგვედოს ცხოველებისგან:
კატა: ტოქსოპლაზმოზი; პასტერელა; სირსველი
ღამურა: ებოლას ვირუსი; SARS (მწვავე რესპირატორული სინდრომი); MERS (ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი); ცოფი; Nipah virus; Hendra virus
ძაღლი: ცოფი, ნოროვირუსები, პასტერელა; სალმონელა; სირსველი; პარაზიტული ნემატოდა
ტკიპა: ლაიმის დაავადება; კლდოვანი მთების ცხელება; პოვასანის დაავადება
კოღო: მალარია; დენგე; დასავლეთ ნილოსის ვირუსი; ზიკას ვირუსი; ჩიკუნგუნიას ვირუსი
ფრინველი: ფრინველის გრიპი (H1N1, H5N1); სალმონელა; ორნითოზი
ძროხა: ნაწლავის ჩხირი; სირსველი; სალმონელოზი
მღრღნელები: ჰანტავირუსული პულმონარული სინდრომი; ჭირი; ვირთაგვის ნაკბენის ცხელება; სალმონელოზი