რომაული წარსულის ანარეკლები
არქეოლოგები ადრექრისტიანული სასაფლაოს საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ – ვინ იყვნენ იქ დაკრძალული ქალი და ადამიანები, რომლებსაც საიქიოში მასთან ახლოს ყოფნა სურდათ.


რომაული წარსულის ანარეკლები
არქეოლოგები ადრექრისტიანული სასაფლაოს საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ – ვინ იყვნენ იქ დაკრძალული ქალი და ადამიანები, რომლებსაც საიქიოში მასთან ახლოს ყოფნა სურდათ.

როდესაც ლიუბლიანაში მასშტაბური სამშენებლო პროექტი დაიწყო, არქეოლოგები ამ უძველეს ქალაქში, ბუნებრივია, საინტერესო აღმოჩენებსაც ელოდნენ,
მაგრამ არა იმას, რომ მათ წინაშე უჩვეულოდ წარდგებოდა ადრექრისტიანული თემი და მის ცენტრში მყოფი, ჯერაც დაუდგენელი ვინაობის წარჩინებული ქალი. როგორც ჩანს, ამ თემის წევრებს საიქიოში მასთან ახლოს ყოფნა სურდათ.
სლოვენიის დედაქალაქი დაახლოებით 2000 წლის წინ დაარსდა. იმ დროს ის რომაული დასახლება იყო, სახელად ემონა, სადაც ჩრდილოეთ იტალიიდან მიწის სიმწირის გამო წამოსული ათასობით კოლონისტი და იმპერიის დამაარსებელი ვეტერანები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ქრისტიანული თემის აღმავლობის ხანა ადრეულ 300-იან წლებში დაიწყო, ხოლო დასასრული V საუკუნეში დადგა, როდესაც ემონა ჰუნებმა გაანადგურეს.
„საველე სამუშაოები საკმაოდ რთული იყო, – ამბობს არქეოლოგი მარტინ ხორვატი, – არც თუ ისე სასიამოვნოა, რამდენიმე მეტრში ავტობუსები რომ დაქრიან“.

მატია ლუკიჩი
გოსპოსვეტსკას ქუჩის გათხრები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და გვიანრომაული ნეკროპოლისის აღმოჩენით დასრულდა. 350-ზე მეტი საფლავი: უბრალო სამარხი ორმოები, სარკოფაგები თუ საგვარეულო მავზოლეუმები გარს ერტყა ერთი ქალის დიდებულ სამარხს. სლოვენიელი არქეოლოგის, ანდრეი გასპარის თქმით, იქ დაკრძალული ქალი ძალიან გავლენიანი უნდა ყოფილიყო.
„საფლავების შესწავლა ერთ-ერთი ურთულესი საველე სამუშაოა“, – ამბობს გათხრების ხელმძღვანელი არქეოლოგი მარტინ ხორვატი. „სარკოფაგებისა თუ უბრალოდ ძვლების შემცველი სამარხების კონცენტრაცია უკიდურესად მაღალი იყო. მასიური ქვის სარკოფაგები საქმეს ფიზიკურადაც ართულებდა და ლოგისტიკურადაც, რადგან ძალიან ფრთხილად იყო ამოსაღები და მუზეუმის საცავებში გადასატანი“.

არქეოლოგებს აინტერესებთ, როგორ გაფართოვდა მთელი სასაფლაო ერთი ქალის სამარხის გარშემო. ვარაუდობენ, რომ მისი დაკრძალვის ათწლეულშივე დაანგრიეს კვადრატული შენობა და უფრო დიდი, 10×13 მეტრის პარამეტრების ნაგებობა დააშენეს მის სამარხს. ამ ახალ სივრცეში ემონის ქრისტიანული თემი მიმართავდა ტრადიციას, სახელად ad sanctos, რაც გულისხმობს გარდაცვლილის დაკრძალვას მარტვილთა სამარხების ან სხვა წმინდად მიჩნეული ნაშთების სიახლოვეს. ნაგებობის გვერდით მოგვიანებით მავზოლეუმი აშენდა.
ვინ იყო ქალი, რომელსაც ამ ნაგებობებით მიაგეს პატივი? თუ არქეოლოგები არ ცდებიან და მისი საფლავი ნეკროპოლში მართლაც პირველი და ცენტრალური მნიშვნელობის იყო, ის რომაულ ემონაში მეტად წარჩინებული ადამიანი იქნებოდა. მის წარმომავლობაზე, რელიგიურ კუთვნილებასა და სოციალურ სტატუსზე ჯერ მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება ნეშტის ანალიზების ჩატარების შემდეგ გავიგოთ.
„აღმოვაჩინეთ ფრესკებისა და მოზაიკური იატაკის ფრაგმენტები, რომელიც, როგორც ჩანს, მთელ სივრცეში იყო დაგებული“, – ამბობს გასპარი მავზოლეუმის შესახებ. „შენობის გაყოლებაზე, განცალკევებული ფრესკების ფრაგმენტები მიუთითებს თაღოვან ნიშებზე, რომელთა დანიშნულება ჯერ გაურკვეველია“.


(მარცხნივ) გვიანრომაული პერიოდის საფლავებში ან ძალიან ცოტა ნივთი გვხვდება, ან საერთოდ არაფერი, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. უბრალო სამარხ ორმოში დაკრძალულ ქალს მინისმძივებიანი ოქროს ყელსაბამი და ბრინჯაოს სამაჯურები ეკეთა.
(მარჯვნივ) ექვსი წლის გოგონას სარკოფაგი ემონის საფლავებს შორის ერთ-ერთია, რომელიც უძვირფასეს ნივთებს შეიცავს. გარდაცვლილი შემკული იყო ოქროსა და შავი მინის სამაჯურებით, მინისმძივებიანი ოქროს ყელსაბამით და აპატიტისთვლიანი ოქროს ბეჭდით.
ფოტო: არნე ხოდალიჩი და კატია ბიდოვეცი
შრეებში ალაგ-ალაგ აღმოჩენილი კერამიკისა და მინის ჭურჭლის ფრაგმენტები მიანიშნებს, რომ კომპლექსის სივრცე იქ დასაფლავებული ადამიანების ქელეხისა და გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა. ეს ნადიმები წერილობით წყაროებშიც არის აღწერილი. ქრისტიანული თემისთვის სიკვდილი იყო dies natalis („დაბადების დღე“), დღე, როდესაც მორწმუნენი თავიდან იბადებიან და ახალ სიცოცხლეს იწყებენ.
რომაულ ქალაქებში დასაფლავება არ იყო ნებადართული, ამიტომ სასაფლაოები ქალაქებისკენ მიმავალი გზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. კრემირებული ნაშთების ურნებით დაფვლის რომაული ტრადიცია დროთა განმავლობაში ნეშტის დაკრძალვამ ჩაანაცვლა.
ჟიგა შმიტი მინის თასს უტარებს ანალიზს. ფოტო: არნე ხოდალიჩი და კატია ბიდოვეცი
„ამ სასაფლაოზე მარხავდნენ მდიდრებსაც და ღარიბებსაც. შეძლებულთა ერთადერთი პრივილეგია სარკოფაგით დაკრძალვა იყო“, – ამბობს არქეოლოგი მოიცა ფრასი.
რომაულ ქალაქებში დასაფლავება არ იყო ნებადართული, ამიტომ სასაფლაოები ქალაქებისკენ მიმავალი გზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. კრემირებული ნაშთების ურნებით დაფვლის რომაული ტრადიცია დროთა განმავლობაში ნეშტის დაკრძალვამ ჩაანაცვლა.
ჟიგა შმიტი მინის თასს უტარებს ანალიზს. ფოტო: არნე ხოდალიჩი და კატია ბიდოვეცი
„ამ სასაფლაოზე მარხავდნენ მდიდრებსაც და ღარიბებსაც. შეძლებულთა ერთადერთი პრივილეგია სარკოფაგით დაკრძალვა იყო“, – ამბობს არქეოლოგი მოიცა ფრასი.
ყველაზე შთამბეჭდავი არტეფაქტი იყო ქალის საფლავში აღმოჩენილი გამჭვირვალე ლურჯი მინის თასი. 1700 წლის წინანდელი ეს ჭურჭელი გარედან მორთულია ვაზის ორნამენტებით. შიდა მხარეს ამოტვიფრული ბერძნული წარწერა კი ითარგმნება როგორც „შესვი მარადიული სიცოცხლისათვის!“
ეს დახვეწილი თასი, დაკრძალვის ცერემონიალის გარდა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება გამოეყენებინათ. ქიმიური ანალიზის საფუძველზე, ის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში უნდა დაემზადებინათ. ვაზის თემა ქრისტიანულ ზიარებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ფესვები წარმართული ბერძნული აქვს და დიონისეს უკავშირდება. გოსპოსვეტსკას ქუჩის უძვირფასესი ექსპონატები ახლა ლიუბლიანის მუზეუმის საგანძურშია გამოფენილი.
მარიან ჟიბერნას ოცზე მეტი სტატია აქვს დაწერილი ჟურნალ National Geographic-ის სლოვენიური გამოცემისთვის, რომელშიც პირველად გამოქვეყნდა ეს სტატია. არნე ხოდალიჩი სლოვენიური გამოცემის ფოტორედაქტორი და ფოტოგრაფია.