
რომი და თბილისი
თბილისი – ორი უდიდესი იმპერიის – ირანის (პართიის) და რომის კულტურათა შეხვედრის ადგილი.
არქეოლოგიურ ძეგლთა თუ ცალკეულ არტეფაქტთა საკმაოდ დიდი ნაწილი შემთხვევით არის აღმოჩენილი არაპროფესიონსლების მიერ სხვადასხვა სახის მიწის სამუშაოების დროს. ამ თვალსაზრისით არც თბილისია გამონაკლისი ჩვენს ქალაქში მიმდინარე ინტენსიური განაშენიანების და არქეოლოგიურ ძეგლთა სიმრავლის გამო, რაც თბილისისა და მისი შემოგარენის განსაკუთრებული მდებარეობით არის განპირობებული. ამ ამბის თხრობა მინდა სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევითი აღმოჩენით დავიწყო.
1998 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შემოვიდა კოლექცია, რომელიც საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიდამოებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოჩენილ სამარხეულ ინვენტარს წარმოადგენდა. კოლექცია მოიცავს თიხის და ლითონის ჭურჭელს, მათ შორის ბრინჯაოს პატერას (ტაფისებრი სარიტუალო ჭურჭელი) ტარზე ვერძის თავის გამოსახულებით, ვერცხლის ორ თასს, რომელთაგან ერთ-ერთზე, სავარაუდოდ, ოსტატის ან მფლობელის სახელი არის დატანილი არამეული (ე.წ. არმაზული) დამწერლობით (მას ქართლის, იგივე – იბერიის სამეფოს არისტოკრატია ბერძნულ დამწერლობასთან ერთად იყენებდა), ვერცხლის ბალთები, სამაჯურები, კოვზი და ვერცხლის მონეტა, რომელიც პართიის მეფის, არტაბან II-ის (ახ.წ. 12-38 წწ.), ან მისი შვილობილის, გოტარზე II-ის (ახ.წ. 40-51 წწ.) სახელზე უნდა იყოს მოჭრილი. თუმცა, განსაკუთრებული მხატვრული და ისტორიული ღირებულებისაა ბრინჯაოს ქანდაკება ლომის და გლადიატორის, უფრო ზუსტად – ვენატორის (გარეულ მხეცებთან მებრძოლი) შერკინების ამსახველი კომპოზიციით.

კომპოზიცია უაღრესად დინამიკურ და რეალისტურ სცენას გადმოსცემს – ლომი თავს ესხმის გლადიატორს, რომელიც მიწაზე განრთხმულა და ფარით ცდილობს დაიცვას თავი. ქანდაკებები და ბრძოლის „სცენოგრაფიაც“ იმდენად რეალისტურია, რომ ეჭვგარეშეა, ოსტატი, რომელმაც ეს ხელოვნების ნიმუში შექმნა, კარგად იცნობდა ადამიანების ლომებთან შერკინების საჯარო სანახაობებს, ე.წ. ვენაციოს (Venatio), რომელსაც ძვ.წ. II საუკუნის ბოლოდან მოყოლებული მართავდნენ ძველ რომში – იმ დროიდან, როდესაც რომაელმა მხედართმთავარმა მარკუს ფულვიუს ნობილიორმა ტრიუმფალური სანახაობა მოაწყო ეტოლიელ ბერძნებზე გამარჯვების აღსანიშნავად. ნადავლის გამოფენასთან ერთად მან ადამიანთა ლომებთან შერკინების სანახაობაც გამართა. ვენაციომ განსაკუთრებულ პოპულარობას რომის იმპერიის აყვავების ხანაში მიაღწია. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება თბილისში აღმოჩენილი ეს სკულპტურული კომპოზიციაც. მკვლევართა აზრით, ხელოვნების ეს ნიმუში და მთლიანად კოლექცია ახ.წ. I საუკუნის ბოლო მეოთხედით ან II საუკუნის პირველი მეოთხედით უნდა თარიღდებოდეს.
ხელოვნების ისტორიკოსის, ნინო გომელაურის აზრით – „ფიგურათა ბუნებრივი მოძრაობები, რეალისტურად გადმოცემული ფორმები, ლომისა და ვენატორის დაძაბული ბრძოლით ნაჩვენები მძაფრი ემოციური განწყობილება, აღნიშნულ ნაკეთობას ათავსებს იმპერიული ხანის რომაული ხელოვნების საუკეთესო ნაკეთობათა შორის“.
რომაული ხელოვნების ამ ბრწყინვალე ნიმუშის თბილისში აღმოჩენა თვალნათელს ხდის, რომ ქართლის (იბერიის) სამეფო, ირანული (პართული) კულტურის გავლენის გარდა, რომაული კულტურის ძლიერ გავლენასაც განიცდიდა და რომ თბილისი ამ ორი უდიდესი იმპერიის კულტურათა შეხვედრის ადგილი იყო.
როგორც კოლექციის აღმომჩენმა გვიამბო, არტეფაქტები ოთხი სხვადასხვა სამარხიდან მომდინარეობდა. სამი მათგანი ერთმანეთის ახლოს იყო განლაგებული, ხოლო ერთი – მათგან დაახლოებით 180 მეტრის დაშორებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ მიდამოებში, გვიანრომაულ ხანაში, საკმაოდ დიდი სამაროვანი და, შესაბამისად, დასახლებაც უნდა არსებულიყო რომანიზებული არისტოკრატიით. მაგრამ, ისმის ბუნებრივი კითხვა: რა ისტორიული წინაპირობა არსებობდა ამისთვის და როდის იწყება თბილისის ტერიტორიაზე რომის გავლენა?


უკანასკნელ წლებში, დიღმის მასივში, ე.წ. თრელიგორების ბრინჯაო-რკინის ხანის უძველესი ნასახლარის ერთ-ერთი გორის თხემზე, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არქეოლოგიურ ნაშთებს მივაკვლიეთ. აი, როგორ მოხდა ეს: მე დამიკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც მითხრა, რომ ამ მიწის ნაკვეთის შეძენას რესტორნის ასაშენებლად ფიქრობდა და მკითხა – შეექმნებოდა თუ არა რამე პრობლემა ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან გაგონილი ჰქონდა, რომ თრელიგორებზე ადრე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა. ეს ადგილი ადრეც მქონდა დათვალიერებული, თუმცა, ნაწილობრივ მიწით დაფარული რამდენიმე ქვის გარდა, რაც აქ არქეოლოგიური ძეგლის არსებობაზე მიანიშნებდა, არაფერი შემიმჩნევია.
მიუხედავად ამისა, ამ ადგილზე არქეოლოგიური ნაშთების არსებობას მაინც ვერ გამოვრიცხავდი და ამიტომ ვუთხარი, რომ მიწის ნაკვეთის შეძენამდე სადაზვერვო ჭრილები უნდა გაკეთებულიყო, ხოლო თუ ამ კვლევის შედეგად არქეოლოგიური მემკვიდრეობის ობიექტები აღმოჩნდებოდა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, მათი შესწავლის სახსრები მშენებლობით დაინტერესებულ პირს, ანუ მას უნდა გაეღო.
თრელიგორების ნამოსახლარი დღეისთვის პირველი მატერიალური დადასტურებაა პომპეუსის ლაშქრობისა საქართველოში.
საუბარი რომ დავასრულეთ, გადავწყვიტე, ამ ადგილის სატელიტური ფოტოებისთვის გადამევლო თვალი Google Earth-ის პროგრამაში. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 2010 წელს გადაღებულ ერთ-ერთ სატელიტურ ფოტოზე შევამჩნიე, რომ მწვანე ბალახის ფონზე ყვითელ ხაზებად, თითქოს, რაღაც დიდი ნაგებობის გეგმა იკვეთებოდა. ფოტო სექტემბრის თვეში იყო გადაღებული, როდესაც ბალახი გახმობას იწყებს. საერთოდ, მცენარეული საფარი, რომლის ქვეშაც ქვის ნაგებობებია, წყლის შედარებითი ნაკლებობის გამო, უფრო ადრე იწყებს გაყვითლებას, ვიდრე ის, რომლის ქვეშაც მხოლოდ მიწაა. მცენარეული საფარის სეზონური შეფერილობით მიწისქვეშ არსებულ ობიექტთა გამოვლენა არქეოლოგებისთვის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია.
სატელიტურ ფოტოზე ამ გამოსახულების დაფიქსირების შემდეგ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სადაზვერვო არქეოლოგიური გათხრები იმ ადგილიდან დავიწყეთ, სადაც ადრე ნანახი რამდენიმე ქვა მოჩანდა. სულ მალე დავრწმუნდით, რომ ამ გორის თხემზე მართლაც რაღაც არქეოლოგიური ობიექტები არსებობდა.

მომდევნო გათხრებმა კი დაგვანახვა, რომ საქმე გვქონდა ქართლის (იბერიის) სამეფოს უადრეს ძვ.წ. IV-I სს.) სატაძრო კომპლექსთან, რომელიც, თვით ტაძრის საძირკვლის ნაშთებთან ერთად, მოიცავს მრავალრიცხოვან ქვევრს, ქვით ნაგებ წრიულ შენობას, რომელიც, სავარაუდოდ, საწნახელი უნდა ყოფილიყო, აგურის გამოსაწვავ ღუმელს და სხვადასხვა დანიშნულებისა და პერიოდის, მშრალი წყობით ნაგებ, ქვის შენობების ნაშთებს. ამ ნაგებობათა შორის ერთ-ერთი არის მარანი რვა ქვევრით. მათი შიგთავსის პალინოლოგიურმა და პალეობოტანიკურმა კვლევამ, რომელიც ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა, აჩვენა, რომ ამ ქვევრებში ღვინო იდგა მარნის დანგრევის დროს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თუ მათში აღმოჩენილი წიპწების რადიოკარბონული დათარიღება მოხერხდებოდა, მარნისა და თანადროული სხვა ნაგებობების დანგრევის თარიღს გავიგებდით. ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, წიპწები დასათარიღებლად ისრაელში, ვაიცმანის ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაიგზავნა და მიღებული თარიღი – ძვ.წ. 70-60 წწ. გასაოცრად დაემთხვა ძველი რომის უდიდესი მხედართმთავრის, პომპეუსის ლაშქრობას საქართველოში – ძვ.წ. 65 წ. ეს მონაცემი გამტკიცდა იმით, რომ სატაძრო კომპლექსის სხვადასხვა ადგილზე აღმოვაჩინეთ ქვის მოზრდილი სფერული ჭურვები, რომლებიც გორის თავზე მხოლოდ კატაპულტით, რომაელთა საბრძოლო არსენალის საუკეთესო იარაღით, შეიძლებოდა ყოფილიყო ნატყორცნი.


დიონ კასიუსი, II-III საუკუნეების ისტორიკოსი და „რომის ისტორიის“ ავტორი, პომპეუსის საქართველოში ლაშქრობის აღწერისას გვიამბობს, რომ რომაელები, სომხეთის დედაქალაქის, არტაშატის აღებისა და მეფე ტიგრანის დამორჩილების შემდეგ, იბერიაში გამოემართნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი ქართლის მეფე არტაგის დასამორჩილებლად, ხოლო სამეფო რეზიდენციის, არმაზციხის აღების შემდეგ, ისინი მდინარის მთელ ამ მხარეს იმორჩილებენ. ვინაიდან თრელიგორებიც მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს და მის თხემზე აგებული კომპლექსი საფორტიფიკაციო ნაგებობებსაც შეიცავდა, პომპეუსის ლაშქარი ამ გამაგრებულ პუნქტსაც აუცილებლად დაანგრევდა, რაც, ფაქტობრივად, დადასტურდა კიდეც თრელიგორებზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიებით.
ეს აღმოჩენა, დღეისათვის პირველი მატერიალური დადასტურებაა პომპეუსის ლაშქრობისა საქართველოში, რის შესახებაც ჩვენ მანამდე მხოლოდ ისტორიული წყაროებიდან ვიცოდით. ვაჟა-ფშაველას გამზირსა და თრელიგორების ნამოსახლარზე აღმოჩენილი ექსპონატები შემდგომი კვლევისა და შესაბამისი მოვლისთვის დღეს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, არქეოლოგიური გათხრები კი ჯერჯერობით შეჩერებულია. ვიმედოვნებ, რომ როგორც თრელიგორების სატაძრო კომპლექსის, ასევე იმ მიდამოების კვლევა, სადაც ლომისა და ვენატორის ბრძოლის ამსახველი ბრინჯაოს ქანდაკება აღმოჩნდა, ჩვენი ისტორიის კიდევ არაერთ საინტერესო ფურცელს შემოგვთავაზებს.
ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში.
მიხეილ აბრამიშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო მიმართულების და თბილისის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელია. იგი 35 წელზე მეტია იკვლევს თბილისის უძველესი პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებს და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ფოტოგრაფი მირიან კილაძე განსაკუთრებული პროფესიონალიზმით იღებს სამუზეუმო ექსპონატებს. მისი ნამუშევრები ხშირად იბეჭდება ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე.