რომში მიმავალი გაცოცხლება
ვია-აპია (აპიუსის გზა) რომის იმპერიის ძლევამოსილების სიმბოლოა. იტალია დღეს ამ ანტიკური გზატკეცილის აღდგენაზე მუშაობს და პილიგრიმებისთვის მარშრუტის შექმნას აპირებს.


რომში მიმავალი გაცოცხლება
ვია-აპია (აპიუსის გზა) რომის იმპერიის ძლევამოსილების სიმბოლოა. იტალია დღეს ამ ანტიკური გზატკეცილის აღდგენაზე მუშაობს და პილიგრიმებისთვის მარშრუტის შექმნას აპირებს.
რომის გარეუბანში „მაკდონალდსის“ შენობა დგას, რომლის მინის იატაკიდან რამდენიმე მეტრის სიღრმეზე დაინახავთ უძველესი რომაული გზის მოსაპირკეთებელ რუხ ქვებსა და ორი ათასწლეულის წინანდელ თხრილში ჩაკირულ ჩონჩხებს. ეს გახლავთ ევროპის პირველი დიდი გზატკეცილის, ვია-აპიას, ერთ-ერთი განშტოების ნაშთები. გზა, რომელსაც საფუძველი ძვ. წ. 312 წელს ჩაეყარა, რომიდან სამხრეთ იტალიის გავლით მიიკლაკნება და აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ბრინდიზიმდე მიდის. მისი შთაგონებით გაჩნდა გამოთქმა: „ყველა გზა რომში მიდის“. იტალიაში მას დღესაც „გზების დედოფლად“ მოიხსენიებენ. თუმცა ათასწლეულების ისტორიით გადაფარული და ჩამარხული ქვაფენილის მემკვიდრეობა დიდწილად უყურადღებოდ იყო დარჩენილი.
იტალიის მთავრობის მიერ წამოწყებული პროექტი გულისხმობს ვია-აპიაზე (აპიუსის გზაზე) პილიგრიმებისთვის მარშრუტის შექმნას ხმაურიანი დედაქალაქიდან მშვიდ სანაოსნო ქალაქ ბრინდიზიმდე, რომელიც იტალიის „ჩექმის“ ქუსლზე მდებარეობს. დაახლოებით 580 კილომეტრზე გადაჭიმული ვია-აპია ზოგან ტყეს და ტალახიან ბილიკს მიუყვება, ზოგან ქალაქის მოედანსა თუ გზატკეცილს. მარშრუტი ყოველთვის თვალწარმტაცი ან სასიამოვნო არ არის, თუმცა იტალიის ის ლუკმაა, რომელიც ბევრი ტურისტისთვის უცხოა.
თუმცა, სანამ აქაურობას ხალხი მოაწყდება, იტალიის მთავრობამ აპია უნდა გათხაროს და, ზოგ შემთხვევაში, მოიძიოს. ამიტომაც აღმოვჩნდი შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს იტალიაში ჰამბურგერების იმპერიის ბაზაზე. აპია რომში თითქმის 18-კილომეტრიან, კარგად შემონახულ არქეოლოგიურ პარკს წარმოადგენს. მისი ერთი ბოლო ტყით შემოსილ ბორცვზეა, მეორე კი ასფალტის ქვეშ 80 კილომეტრის სიგრძეზე უჩინარდება. მარადიულ ქალაქში მისი უკანასკნელი ხილული მონაკვეთი „მაკდონალდსის“ ქვეშ არის მოქცეული.
ეს გახლავთ „აპიას“ მცირე განშტოება, გზის ერთ-ერთი იშვიათი მონაკვეთი, რომელიც ბოლო დროს გათხარეს და დააკონსერვეს. როდესაც რესტორნის მენეჯერს უძველეს რიყის ქვებზე დავუსვი კითხვა, იქვე კუთხის მაგიდასთან მჯდომ ქალს დაუძახა და ასე გავიცანი პამელა ჩერინო, არქეოლოგი, რომელმაც ეს გზა 2014 წელს გათხარა. გაირკვა, რომ წარმოუდგენელი დამთხვევით, ჩერინო აქ სამომავლო პროექტების განსახილველად იყო მოსული.
რესტორნიდან გამოვედით და ანტიკურ ქვაფენილამდე მიმავალ კიბეს ჩავუყევით. „ისეა დაპროექტებული, რომ გზის სანახავად მაკდონალდსში შესვლა არ არის საჭირო“, – მეუბნება ჩერინო. თხრილში სამი ჩონჩხია – ჩერინოს მიერ აღმოჩენილ ჩონჩხთა ასლები. ჩვენ თავზე, მინის ჭერს მიღმა კი ვხედავთ ოჯახებს, რომლებიც „მაკნაგეტსს“ შეექცევიან.

როდესაც „მაკდონალდსის“ მშენებლობის დროს აპიას ფრაგმენტი აღმოაჩინეს, ადგილობრივ მოსახლეობას შეეშინდა, რომ სწრაფი კვების კომპანია რომაულ საგანძურს დაეპატრონებოდა, სინამდვილეში კი, ჩერინოს თქმით, არქეოლოგიური ძეგლების გათხრა და შენახვა იმდენად ძვირია, რომ ხშირად მათ დასაცავად კვლავ მიწაში მარხავენ ხოლმე. როგორც გავიგე, ვია-აპიას ფრაგმენტებს იშვიათად და ერთმანეთისგან ძალიან შორს შეხვდებით. ეს მონაკვეთი რომ გამოჩნდა, თურმე, ძალიან გაგვიმართლა.
I. მარშრუტი
იტალიის ოთხ რეგიონსა და 100 მუნიციპალიტეტზე გადაჭიმული ვია-აპია კვეთს ქალაქებს, სოფლებს, მთებსა და სავარგულებს. გზის უდიდესი ნაწილი სტრადა-სტატალე 7-ის ასფალტის საფარქვეშ არის მოქცეული, თუმცა, პერიოდულად, თავდაპირველი ქვაფენილიც ამოყოფს ხოლმე თავს – სოფლის მოედანზე, კოქტეილ-ბარის გვერდით, ან დაუმუშავებელ მინდორში, სადაც მას მძიმე, წყალგაუმტარი ბრეზენტის ნაჭრებით იცავენ დაზიანებისგან.
რომაელი მმართველის, აპიუს კლავდიუსის ჩანაფიქრით გაყვანილი ეს გზა სამხედრო ბატონობის ბერკეტი იყო. დამონებული ადამიანები და მუშები დაახლოებით 45 300 კუბურ მეტრ ტალახსა და ქვას თხრიდნენ ყოველ მოპირკეთებულ 1,6 კილომეტრზე, ანუ 1 მილზე (თვითონ სიგრძის საზომი ერთეულიც – მილი – რომაული წარმოშობისაა). კლავდიუსმა გზას საკუთარი სახელი უწოდა, რაც იმ დროს გავრცელებული პრაქტიკა არ ყოფილა, ეს კი მის მნიშვნელოვნებაზე მიგვანიშნებს. აპიუს კლავდიუსი მოგვიანებით დაბრმავდა და, საბოლოოდ, ისე გარდაიცვალა, რომ გზის მშენებლობის დასრულებას ვერც მოესწრო. ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის სწორ ხაზად გამჭოლ გზას რომაული ჯარი მიჰყავდა წინ და იმპერიაც სამხრეთ იტალიის შთანთქმის შემდეგ აღმოსავლეთ ნაპირს მიადგა, რომ ზღვიდან საზღვარგარეთაც გაევრცელებინა საკუთარი ძალაუფლება. ეს იყო 29-დან პირველი დატვირთული გზა, რომელიც რომიდან იღებდა სათავეს.
ვია-აპიას გაყოლებაზე მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია პირველად რომაელი პოეტის, ჰორაციუსის პოეზიაში ჩნდება დაახლოებით ძვ. წ. 35 წელს და მას შემდეგ ის ენაწყლიანი მეხოტბეების სიმცირეს არ განიცდიდა, თუმცა ამ გზის, როგორც საინჟინრო ოსტატობის ნიმუშის დაფასება რომის იმპერიის დაცემასთან ერთად ახ. წ. 395 წლიდან განელდა და აპია დროთა განმავლობაში გამოუსადეგარიც გახდა. იტალიაში მოგზაურობის შემდეგ 1846 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში ეს გზა ჩარლზ დიკენსმაც აღწერა შემდეგი სიტყვებით: „გაძარცული სამარხები და ტაძრები ნანგრევებად ქცეულა“.

უკვე 2015 წელს ვია-აპიას გავლა გადაწყვიტა იტალიელმა მწერალმა პაოლო რუმიცმა გაზეთ La Repubblica-სთვის. ერთადერთი პრობლემა ჰქონდა: მარშრუტის თანამედროვე რუკა არ არსებობდა. იგი დაუკავშირდა გამოჩენილ მოლაშქრეს, რიკარდო კარნოვალინის, რომელსაც თითქმის 40 წლის განმავლობაში მთელი იტალია ჰქონდა შემოვლილი. კარნოვალინიმ ორი თვე დაუთმო ძველი სამხედრო რუკების, უძველესი მეცხვარეების მარშრუტებისა და სატელიტური გამოსახულებების შეჯერებას აპიას ტრაექტორიის დასახაზად. შემდეგ ეს მარშრუტი GPS-ში ჩატვირთა და რუმიცთან ერთად დალაშქრა.
რუმიცის მოგზაურობამ კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს ყურადღება მიიპყრო და 2015 წელს იტალიის მთავრობამ ამ მარშრუტის აღდგენის გეგმის შესახებ გამოაცხადა. საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე უკანონო განაშენიანებამ არქეოლოგიური განძი კერძო მესაკუთრეთა ხელში მოახვედრა და უძველესი ვილები დაუდევრად რემონტდებოდა. გზის კონსერვაცია დაიწყო, თუმცა დამთვალიერებლების გარეშე აპია ისევ დავიწყებას შეიძლებოდა მისცემოდა.
„სიარული“, – მეუბნება კარნოვალინი, რომელსაც მოგვიანებით აპიას ბილიკზე შევხვდი – „ყველაზე პოლიტიკური აქტია, რომელიც კი შეიძლება ლანდშაფტის შესაცვლელად ჩაიდინო“, თუმცა ფეხით მოსიარულეებს ბევრი რამ აბრკოლებს, მაგალითად, ძნელად საპოვნელი მარშრუტი, დასაბინავებელი ადგილების სიმცირე და დამხმარე ინფრასტრუქტურის სიმწირე.
და აი აქ წარმოგიდგენთ ანჯელო კოსტას. მისი დაარსებული Studio Costa ერთ-ერთია იმ სამი არქიტექტურული ფირმიდან, რომელთაც დაეკისრა ვია-აპიას გარდაქმნა ფეხით სასიარულო მარშრუტად. მისი შეთავაზების მსგავსი ისტორიული პრეცედენტიც არსებობს: ძველ რომაელებს ვია-აპიაზე გადაადგილებისას ყოველ 16 კილომეტრში (10 მილი) ხვდებოდათ ცხენის გამოსაცვლელი სადგური და ყოველ 32 კილომეტრში (20 მილი) – სასტუმრო. კოსტას გათანამედროვებული ვარიანტი მოიაზრებს 29 მონაკვეთს და თითოს ხანგრძლივობა, დაახლოებით, 6 საათი იქნება.
მოგზაურები გაეცნობიან ამფითეატრებს, სადაც გლადიატორთა განთქმული ბრძოლები იმართებოდა, ღამეს გაათევენ უბრალო სასტუმრო სახლებში და რეგიონისთვის დამახასიათებელ დელიკატესებს გასინჯავენ. მოსასვენებელი ადგილები და კოტეჯები (ზოგი არსებული და ზოგიც ახალი), ისევე როგორც ღირსშესანიშნაობები, აპლიკაციაში იქნება მონიშნული. მინიმალისტური მიდგომის მიზანია არა არსებული მონაკვეთების შელამაზება, არამედ მათი შეულამაზებლად ჩვენება მოგზაურთათვის.
ვია-აპიას ახალ დამპროექტებლებს შორის კოსტა პირველი არაა, რომელიც აღნიშნავს, რომ ჩუმ მეტოქეობას აქვს ადგილი: ესპანეთის წმინდა მარშრუტი, კამინო-დე-სანტიაგო, ჩვეულებრივ, 300 000 ადამიანს იზიდავს; მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი, სანტიაგო-დე-კომპოსტელა კი 2 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს წელიწადში.


(მარცხნივ) წყვილებისთვის აპია მეტაფორაა, რომელიც „გზის ერთად გავლას“ აღნიშნავს, ამბობს ფოტოგრაფი ანჯელო კორბი, რომელიც ქორწილებს იღებს. მას ამ ქვაფენილის გაყოლებაზე, სოფელ ტერაჩინაში აქვს სტუდია. აქაურობა პოპულარულ ადგილად იქცა საქორწილო ფოტოების გადასაღებად და კორბიც ისტორიულ ფონს სთავაზობს.
(მარჯვნივ) ნიკოლო ბასოტი ფეხბურთის გუნდთან ერთად ვარჯიშობს რომაული აკვედუკებიდან რამდენიმე მეტრში, ჯერინი-კუადრაროზე – მინდორზე, რომლის კადრითაც იხსნება ფედერიკო ფელინის ცნობილი ფილმი La Dolce Vita.
ვია-აპიას მარშრუტი რომიდან ბრინდიზიმდე სეკულარული მოგზაურობაა იტალიის ისტორიაში, თუმცა მეორე მიმართულებით რომ მივყვეთ, ის წმინდა პავლე მოციქულის მარშრუტს ემთხვევა იერუსალიმიდან რომამდე. კამინო-დე-სანტიაგოსთან შედარებით, კოსტას თქმით, აქ „ბუნებაც უკეთესია, ისტორიაც 200-ჯერ სჯობს და ბოლოს რომის პაპამდე მიდიხარ“.
II. სტარტი
ვია-აპიას გავლას დასაწყისიდან ვაპირებდი, თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ სათავე ჯერ არ არის გათხრილი.
პირველი ქვაფენილი, ალბათ, დედაქალაქის ცენტრში რომ ტრანსპორტით დატვირთული წრიული მოძრაობაა, იმის ქვეშ იქნება ჩამარხული. მის საპოვნელად კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო გზის საფარის პატარ-პატარა ზოლებს თხრის, რომ დატვირთული ქალაქის პარალიზება არ მოხდეს – თუმცა, ჯერჯერობით, წარუმატებლად.
სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს აპია-ანტიკას არქეოლოგიური პარკი – გზის ყველაზე კარგად შემონახული მონაკვეთი, რომელზეც შესაძლებელია სიარული. ბილიკი ცენტრალური რომიდან ქალაქის გარეუბნისკენ მიიკლაკნება; გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულია დაახლოებით 400 არქეოლოგიური ძეგლი: მოზაიკით მორთული რომაული ვილები, ლაბირინთის მსგავსი, ქრისტიანული სამარხი ნახევარი მილიონი მიცვალებულით და მავზოლეუმები, სადაც მონებიც და წარჩინებულებიც განისვენებენ.
მაგრამ ჩვეულებრივი ტურისტი რომში ღირსშესანიშნაობების სანახავად გადარბენაზეა, სულ რამდენიმე დღე ჩერდება აქ, სანამ ფლორენციას ან ვენეციას მიაშურებს. COVID-19-მდე არქეოლოგიურ პარკს წელიწადში 100 000 სტუმარი ჰყავდა, სამიოდე კილომეტრში მდებარე კოლიზეუმს კი – 7 მილიონზე მეტი. პარკის ახალმა დირექტორმა კონცერტების, ფესტივალებისა და ტრადიციული სადღესასწაულო ღონისძიებების მიმზიდველი განრიგი შეადგინა. როგორც ჩანს, ეს ინიციატივა ამართლებდა – შემოდგომის ერთ თბილ დღეს, დანგრეული რომაული სტადიონის გარშემო მდელოზე, მშობლებს პიკნიკი გაეშალათ, სანამ ბავშვები ერთმანეთს გლადიატორის სათამაშო ხმლებით დასდევდნენ.

ამ პარკის სიმშვიდე მას რომის სხვა უძველეს ღირსშესანიშნაობებს შორის გამოარჩევს. რაც უფრო შორს მიდის აპიას ქვაფენილი ქალაქიდან, არქეოლოგიური ძეგლებიც იშვიათდება და შეიძლება სადმე შუა მინდორში ობლად მდგომი სვეტიღა შეგხვდეთ. გზად იტალიური ფიჭვები ჩრდილს გთავაზობენ, აქა-იქ ისტორიული მანიშნებლები და წყლის დასალევი შადრევნებია, მაგრამ როგორც კი ბილიკი „მაკდონალდს“ მიაღწევს, აპია უჩინარდება.
III. დროში გასეირნება
რომის მიღმა ვია-აპიას საპოვნელად რიკარდო კარნოვალინის მივმართე – მოლაშქრეს, რომელმაც 2015 წელს ეს გზა რუკაზე დაიტანა. ჩვენ პატარა ქალაქ ბენევენტოს რესტორანში შევხვდით. 64 წლის კარნოვალინის სალაშქრო ტანსაცმელი აცვია და მათ შორის ახალი ფეხსაცმელი, რომელმაც უკვე მოასწრო 725 კილომეტრის გავლა. სუფრა ადგილობრივი კერძებით შევავსეთ. პიტნის აპერიტივის წრუპვით, კარნოვალინიმ იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს ციტატა მოიყვანა, რომელსაც უთქვამს, რომ უცხო ქვეყანა ტუჩებს შორის უნდა გაძვრეს და საყლაპავ მილში ჩაეშვას.
კარნოვალინიმ და ავტორმა პაოლო რუმიცმა, რომლებმაც 2015 წელს პირველად დალაშქრეს ვია-აპია, დაახლოებთ 80 კილომეტრით მეტი გაიარეს, ვიდრე თავდაპირველი მარშრუტი ითვალისწინებდა. თანამედროვე ეპოქამ ადრეული ბილიკის დიდი ნაწილი ჩაყლაპა და მათ გზატკეცილებისა და ინდუსტრიული ზონების შემოვლით მოუწიათ სვლა.
რომს უკვე 225 კილომეტრით დავშორდით, მაგრამ კარნოვალინი ამ ადგილს აღწერს, როგორც აპიას თავდაპირველი ბილიკის გარშემო არსებული ბევრი უთანხმოების სათავეს. თანამედროვე მარშრუტის შესადგენად კარნოვალინიმ შეისწავლა რუკები, ქუჩების დახრილობა, სამშენებლო მასალები და ყველაზე სარწმუნო ვერსია შეარჩია. ამასთან, მის GPS-ზე მონიშნული ვარდისფერი და ცისფერი ხაზები სხვა ვერსიებსაც აჩვენებს.
„სხვა მარშრუტებიც არსებობს“, – მეუბნება იგი; ამ დროს რესტორანი უკვე იხურება, „მაგრამ ისინი ტურისტული დანიშნულებისაა. ეს ხომ გასეირნება არ არის – ეს ისტორიაა“.
მომდევნო დღეს ჩავუარეთ ტრაქტორებით დატვირთულ თამბაქოს პლანტაციებს, გორაკებს ქარის წისქვილებით და გეგმური ხანძრებით გადამწვარ მინდვრებს. კარნოვალინი თავისუფლად მისეირნობს და გზად ხან თხილს ამტვრევს, ხან ყურძენს წყვეტს შემხვედრი ჩახუჭუჭებული ვაზებიდან.


(მარცხნივ) იტალიის რესტავრაციის ცენტრალურ ინსტიტუტში ადრიანო კაზაგრანდე აღადგენს ფილოსოფოსის თავის სახელით ცნობილ ბიუსტს, რომელიც რომში ვილა-დეი-კვინტილის გათხრების დროს აღმოაჩინეს ვია-აპიას დასაწყისში.
(მარჯვნივ) ილარია კავატერა ვილა-დეი-კვინტილის მოზაიკას უტარებს რესტავრაციას. ეს რეზიდენცია იმდენად საოცნებო იყო, რომ ამბობენ, II საუკუნეში, იმპერატორმა კომოდუსმა მისი მფლობელები დახოცა და იქ თავად დასახლდაო. „ამ სასახლეს თუ კარგად დავიცავთ, მნახველებს ძველ რომში ცხოვრების შესახებ სრული წარმოდგენა შეექმნებათ“, – ამბობს სერენა დი გაეტანო, მოზაიკის კონსერვაციის ექსპერტი, რომელიც ამ პროექტს ხელმძღვანელობს.
ვია-აპია პირდაპირი მნიშვნელობით შთანთქა ამ მძინარე სოფლებმა. დიდ მონაკვეთებზე სვლისას მხოლოდ კარნოვალინის GPS-ის წითელი ხაზი მიგვანიშნებდა, რომ სწორ გზას ვედექით.
IV. გულახდილი ტურიზმი
კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრომ 20 მილიონი ევრო გამოყო აპიას ტურისტული განვითარებისთვის, თუმცა ამ მარშრუტზე განლაგებული არქეოლოგიური ძეგლების მონახულებისას ნათელი ხდება, რომ მეტია საჭირო. 2020 წელი არქეოლოგებმა დაუთმეს ვია-აპიას ქვაფენილის 45-მეტრიანი მონაკვეთის გათხრას პატარა ქალაქში სახელად პასო-დი-მირაბელა. დღეს ის დამცავი საფარის ქვეშ არის დამალული. ცალკე დაფინანსება დასჭირდება არქეოლოგების გუნდს თავიანთი აღმოჩენების კონსერვაციის გასაგრძელებლად.
კარნოვალინიმ გამაფრთხილა, რომ ვია-აპიას მარშრუტი შეულამაზებელია. „აპია შთაბეჭდილებების აღმა-დაღმა მონაცვლეობაა, – მითხრა მან, – ხან გათქმევინებს: ვაჰ, რა მშვენიერიაო, შემდეგ იქით გაიხედავ და რა საშინელებააო, იტყვი“.
„იტალია – მისივე სიტყვებით – ღია ბარათი არ არის“.
მის სიმართლეში დავრწმუნდი, როდესაც ტარანტოს მივუახლოვდი, ვია-აპიას საბოლოო წერტილთან 65 კილომეტრით დაშორებულ საპორტო ქალაქს. ეს ის ერთადერთი ადგილია, სადაც კარნოვალინის და რუმიცს ლაშქრობისას ტაქსის გაჩერება დასჭირდათ. ჩემ თვალწინ 16 კვ. კმ-იანი ინდუსტრიული სივრცე გადაიშალა. გარემოს დამაბინძურებელმა ამ ფოლადის საწარმომ, რომელიც ევროპაში უდიდესია, ტარანტო „იტალიის ფსკერად“ აქცია – როგორც ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა იქ ჩასვლამდე მამცნო.
ვია-აპია ამ ქარხანას გასწვრივ მიუყვება და შედის ტარანტოს ძველ ქალაქში, რომელიც კუნძულზეა განლაგებული. დრო თითქოს 60 წლით უკან გადაახვიეს. პაწაწინა მაღაზიის ვიტრინებში მოხუცი კაცები პატარა რელიგიურ ქანდაკებებს ღებავენ თითო-ოროლა ტურისტისთვის. თევზსაჭერი გემები ერთმანეთს ფიცარფენილთან ადგილისთვის ეცილებიან. მითხრეს, რომ ხანდახან ჰორიზონტზე დელფინები და ვეშაპები ჩანან. მიხვეულ-მოხვეული ქუჩები მარმარილოთი მოპირკეთებულ საკათედრო ტაძართან მიდის. ტარანტო მომენტალურად გახდა ჩემი რჩეული პუნქტი მთელ ვია-აპიაზე. ძველი იტალიის ამ მირაჟის თავზე საკვამურებიდან გამოხრჩოლილი კვამლის ბოლქვები იჭრება ჰაერში.
ტარანტო სპარტელების დაარსებული ერთადერთი ქალაქია საბერძნეთს მიღმა და აქ წყლისპირას დღესაც დგას ბერძნული კოლონები. სწორედ აქ ვხვდები მასიმო კასტელანას – აქტივისტების კოალიციის წევრს, რომელიც აქაური ქარხნის დახურვისთვის იბრძვის. ქარიან დღეებში, როდესაც ფოლადის ნაწილაკები ქარს ქალაქში შემოაქვს, ადგილობრივები ფანჯრებს რაზავენ და ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ. კვლევები აჩვენებს, რომ იტალიის დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, კიბოთი დაავადების მაჩვენებელი აქ გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით ბავშვებში. ტარანტო თავისი სილამაზით უნდა იყოს ცნობილი და არა ინდუსტრიით – ამბობს კასტელანა. მრავალწლიანი პროტესტების მიუხედავად, ქარხანა მაინც მუშაობს.
კასტელანას მსგავს ადამიანთა მხრიდან ვია-აპიას გაცოცხლებაზე დამყარებულ იმედებს შორისაა ისტორიის გამოყენება ტურიზმის წასახალისებლად და, ამგვარად, სამხრეთ იტალიის ბედის შემობრუნება, რომელიც დიდი ხანია მოქცეულია სტერეოტიპულ ჩარჩოში, როგორც ძველმოდური და კრიმინალური. ტარანტოდან აპიას ბოლო პუნქტში, ბრინდიზისკენ მიმავალ ერთ დროს გალავანშემორტყმულ ქალაქ მეზანიეში შევჩერდი. იქ სიმონეტა დელომონაკო გავიცანი, რეგიონული კინოკომიტეტის ხელმძღვანელი, რომელმაც თავისი დევიზი გამიზიარა: „კულტურა ერთადერთი საწვავია, რომელიც დაბინძურებას არ იწვევს“.

დელომონაკოს ბავშვობაში მეზანიე ცნობილი იყო, როგორც იტალიაში სიდიდით მეოთხე მაფიოზური ოჯახის, Sacra Corona Unita-ს, სამშობლო. დღეს ამ იმიჯს ანაცვლებს ჰოლივუდის ფილმებში ეპიზოდური გამოჩენა, მათ შორის უკანასკნელ „ჯეიმს ბონდში“.
მეზანიეს მახლობლად გათხარეს აპიას ქვაფენილის უკანასკნელი ხილული მონაკვეთი და სულ ახლახან წარადგინეს ვია-აპია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოსაპოვებლად, თავად მეზანიე კი 2024 წლის იტალიის კულტურის დედაქალაქის წოდებისათვის იბრძვის და ფინალისტებს შორის მოხვდა.
„როგორც იტყოდნენ, ყველა გზა რომში მიდის, – მეუბნება დელომონაკო, – აქ კი ყველაზე მნიშვნელოვანი [გზა] მთავრდება“.
V. გზის დასასრული
„რომაელთა მმართველობის დროს ბრინდიზიმ ყველაზე დიდ ბრწყინვალებას მიაღწია“, – უყვება ადგილობრივი გიდი ბრინდიზის ფიცარფენილ ბილიკზე შეკრებილ მცირე ჯგუფს. „მათ ესმოდათ პორტის მნიშვნელობა. ბრინდიზიდან შეგეძლო აღმოსავლეთით წასულიყავი“. ვია-აპიას დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და ოქტომბრის ამ მზიან ნაშუადღევს ექსკურსიაზე მყოფი ჯგუფი მარშრუტის უკანასკნელ პუნქტს ათვალიერებს. რომაელები აქაურობას დაახლოებით ძვ. წ. 266 წელს მოადგნენ, დაამარცხეს მესაპიელები და გზაც დაასრულეს.
გიდი ადის უზარმაზარ კიბეზე. მის თავზე სვეტია აღმართული, რომელიც მარშრუტის დამთავრებას აღნიშნავს. მის გარშემო ჯგუფი ფოტოს გადასაღებად იკრიბება. წინათ იქვე მეორე სვეტიც იდგა, რომლის მხოლოდ ძირია შემორჩენილი; თავად სვეტი მეზობელ ქალაქს აჩუქეს საუკუნეების წინ. „ეს სვეტები ვია-აპიას დასასრულად მიიჩნევა, – ამბობს იგი, – მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება“.
ერთი წუთით… ვია-აპიას საწყისი პუნქტი არ არის დაზუსტებული, მაგრამ ბოლო ხომ ყოველთვის აშკარა იყო: ადრიატიკის ზღვის პირას, ბრინდიზიში აღმართული ორი სვეტი. მაგრამ, როგორც მარმარილოს ანალიზით ირკვევა, სვეტები ორი საუკუნით გვიან აღუმართავთ.
ვია-აპიას გათხრებზე მომუშავე ერთმა არქეოლოგმა მირჩია ზედმეტად არ ამეკვიატებინა გზის დასასრულის პოვნა. აპია ქამელეონივითაა, ხან ქუჩაა, ხან მიმართულება, ხან გზატკეცილი – სისტემა უფროა, ვიდრე ხაზი. „ჩვენ მითს ვართ ადევნებულნი“, – მითხრა მან.

მთავარი ისაა, რომ ვია-აპიამ ბრინდიზი აქცია მსოფლიოს დამაკავშირებელ ცენტრად, საიდანაც რომაული არმია თავისი იმპერიის გასაფართოებლად აღმოსავლეთისკენ, ალექსანდრიისა და იერუსალიმისკენ მიეშურებოდა. დროთა განმავლობაში, რომის იმპერია ადამიანთა პოპულაციის მეოთხედს მართავდა სამ კონტინენტზე.
ბრინდიზიში ჩადიოდნენ წმინდა მიწაზე მიმავალი მლოცველები, რომლებიც კვირაობით იდგნენ რიგში, რომ იერუსალიმის გემზე მოხვედრილიყვნენ. დღეს წელიწადში ორასიოდე მოგზაური ხვდება აქ სხვადასხვა სალაშქრო მარშრუტით. ბრინდიზის, როგორც დანიშნულების ადგილის, რეპუტაციის აღდგენა როზი ბარეტასთვის პირადი ჯვაროსნული ლაშქრობაა. ბარეტა კერძო დაფინანსებით ამუშავებს ორგანიზაციას, რომელიც პილიგრიმებისათვის აწყობს ტურებს, სახელწოდებით „ბრინდიზი და უძველესი გზები“; მის ოჯახს დიდი საბუქსირო გემების კომპანიაც აქვს. „დასანანი იყო, რომ ინჟინერიისა და გამომგონებლობის ამ ნიმუშს სათანადოდ არავინ უვლიდა, – ამბობს იგი. მას წარმოუდგენია, რომ ბრინდიზი კვლავ აივსება ვია-აპიას მაძებარი მოგზაურებით“.
შტატიანმა ავტორმა ნინა სტროქლიკმა ბოლოს მექსიკაში მცხოვრებ მაიას ტომის მეფუტკრეებზე დაწერა სტატია. იტალიელმა ფოტოგრაფმა ანდრეა ფრაძეტამ ვულკანში არსებული გოგირდის საბადო შეისწავლა 2018 წლის აგვისტოს ნომრისათვის. მისი ოჯახი წარმოშობით ბრინდიზიდან, ვია-აპიას უკანასკნელი პუნქტიდანაა.