
რუსთავის საკრალური ეზოები
რატომ აწყობს სამეზობლო თემი რელიგიური სიმბოლოებით დატვირთულ საჯარო სივრცეს?
დღესაც კარგად მახსოვს ჩემი თბილისელი მეზობლების გაკვირვებული სახეები, როდესაც ვუთხარი, რომ გერმანელი სტუმარი ექსკურსიაზე რუსთავში მიმყავდა. 2011 წელს მათთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რა უნდა ენახა უცხოელს მისთვის საინტერესო – რუსთავში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსთავი, სხვა ინდუსტრიულ ქალაქებთან ერთად, ჩამოქცეული და განადგურებული ეკონომიკის სიმბოლოდ იქცა საქართველოში.
რუსთავის ქალაქგეგმარებაში საბჭოთა, ათეისტური იდეოლოგიის ფონზე, ეკლესიისათვის ადგილი არ იყო გათვალისწინებული. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ინტენსიურად დაიწყო ამ „სიცარიელის“ ამოვსება. დღეს რუსთავის ურბანულ სივრცეში ყველაზე ხილვადი მართლმადიდებლური ტაძრებია. თუმცა სხვა კონფესიების არსებობაც შეინიშნება.
პირველად რუსთავში 13 წლის წინ ანთროპოლოგიური კვლევისთვის ჩავედი; მაშინ სოციალისტური რუსთავის ჩამოყალიბების თავისებურებები მაინტერესებდა. მოგვიანებით პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციებით დავინტერესდი, მათ შორის, რელიგიური გამოვლინებებით. ამ მხრივ რუსთავში ყურადღებას იქცევს ეზოს სამლოცველოები, რომელთა მოწყობის ცალკეული შემთხვევები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გვხვდება, თუმცა არა ასე მრავლად.
ყოფილ სოციალისტურ ქალაქში ეზოს სამლოცველოების მოწყობა, შეიძლება ითქვას, მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის პარალელური პროცესია და სამეზობლო თემების ინიციატივითა და ფინანსებით ხორციელდება. ეზოს სამლოცველოების გავრცელება 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, 2000-იანი წლებიდან კი მასობრივი ხასიათი მიიღო და დღემდე გრძელდება. რელიგიური სიმბოლოებით – ჯვრებით, ხატებით ან ზოგ შემთხვევაში, ეკლესიის მაკეტებით – შემკული ეს მიკროპარკები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ფორმით, ისე დატვირთვით. მთავარი კითხვა ამ სამლოცველოებთან დაკავშირებით მათ დანიშნულებასა და მიზანს უკავშირდება: რატომ აწყობს სამეზობლო თემი სამლოცველოს ეზოს ტერიტორიაზე? რატომ და როგორ ახდენს სამეზობლო თემი რესურსების მობილიზებას მის მოსაწყობად?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად 2020-2021 წლებში, პანდემიის მიუხედავად, რუსთავში ეთნოგრაფიულ კვლევას ვატარებდი. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ეზოს სამლოცველოს რელიგიური ბუნების მიუხედავად, მასთან ლიტურგიკული პრაქტიკა ნაკლებადაა დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ მართლმადიდებლური ტაძრის მსახური სამლოცველოში მხოლოდ გახსნისას, კურთხევისთვის ჩნდება და ამით სრულდება მისი უშუალო ჩართულობა ეზოს სამლოცველოს ცხოვრებაში.
ჩაღრმავებული ინტერვიუების საშუალებით გაირკვა, რომ ეზოს სამლოცველოებს, რელიგიურობის გარდა, ისეთი ფუნქციები მიეწერებათ, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ, კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს. ესაა ქალაქის გამწვანება, რეკრეაციული ზოლის გაფართოება, სისუფთავის უზრუნველყოფა, ეზოს უსაფრთხო ტერიტორიად გადაქცევა, დანაშაულებრივი ქმედებების პრევენცია, ბავშვების სოციალიზაციისთვის დაცული ადგილების შექმნა, მოხუცებისთვის თავშესაქცევი საქმის გამოჩენა და, რაც მთავარია, ზრუნვის საერთო ობიექტის არსებობა სამეზობლო თემში. ეზოს სამლოცველო, შეიძლება განვიხილოთ ასევე ცალკეული ადამიანებისთვის თავის გამოჩენის, საკუთარი უნარების რეალიზების საშუალებადაც. არსებობს შემთხვევები, როდესაც სამლოცველოს მადლიერების ნიშნად, გარდაცვლილის პატივსაცემად ან კონკრეტული მოლოდინით აწყობენ. ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე ძველი რუსთავის ერთ ქუჩაზე. ბატონი ომარი 70 წელს გადაცილებული კაცია. მან სამლოცველო ღვთისმშობლის სახელზე შვილიშვილის გამოჯანმრთელების მოლოდინითა და იმედით მოაწყო. სევდანარევი სიამაყით მომიყვა თავისი ამბისა და გადაწყვეტილების შესახებ, ეზოს წინ სამლოცველო აეშენებინა.
ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომელიც ეზოს სამლოცველომ შეიძინა, იყო სამეზობლო თემის კონსოლიდაცია.
ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომელიც ეზოს სამლოცველომ რუსთავში შეიძინა, ეს იყო სამეზობლო თემის კონსოლიდაცია. როგორც ჩემი ერთ-ერთი მთხრობელი, თიკო, იხსენებს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო და კარგად ახსოვს მეზობლების საოცარი ენთუზიაზმი, რომელიც სალოცავის მშენებლობას უკავშირდებოდა. თითქოს ყველა თავს ვალდებულად თვლიდაო, მიყვება თიკო.
შეკრული სამეზობლო თემის ინიციატივა რიგ შემთხვევაში გულისხმობდა პასუხისმგებლობის აღებას საერთო, საჯარო სივრცეზე და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოსთან ან კერძო ინტერესთან დაპირისპირებას. რამდენიმე მთხრობელი გამომიტყდა, რომ ასე მათი ეზოს ნაწილი დაიცვეს გასხვისებისგან. ამ საკითხზე ქალაქის მთავარ არქიტექტორსაც ვესაუბრე, რომელმაც დამიდასტურა, რომ ეზოს სამლოცველოთა მშენებლობა რუსთავში სპონტანური პროცესია და შეთანხმებული არაა მერიის სამსახურებთან.
შუახნის ენერგიული ქალბატონი ნათია გვიყვება ამბავს, თუ როგორ მოხერხდა სამლოცველოს აშენება მათ ეზოში, სადაც კონკრეტული ადგილი უბრალოდ ნაგვით იყო დაფარული და ერთ-ერთ მცხოვრებს არაოფიციალურად ჰქონდა მითვისებული. იგი დაწვრილებით ყვება მეზობლების ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით ადგილი ნაგვისგან გაათავისუფლეს, შემდგომ კი მეზობელი დაარწმუნეს, რომ იმ ადგილს კერძო საკუთრებაში ვერ დაიმტკიცებდა და ჯობდა მის კეთილმოწყობაში თავადაც ჩართულიყო. ასე მოეწყო ერთ-ერთი ეზოს სამლოცველო.
საჯარო სივრცის ფლობასა და მის კონტროლზე პასუხისმგებლობას გამოხატავს ეზოს სამლოცველოების სხვა შემთხვევებიც, სადაც აქცენტი ცალკეული სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა თუ მის გამწვანებაზეა. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ ბავშვებისა და მოხუცების სოციალიზაციაზე ზრუნვა. საინტერესოა, რომ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებს არ გამოუხატავთ უკმაყოფილება და ეზოს სამლოცველო მათი ყოველდღიურობის ნაწილადაც იქცა. ერთ-ერთი სამეზობლოს აქტიური წევრი მზია იხსენებს, რომ მათი ეზოს სამლოცველოს მშენებლობის პროცესში აზერბაიჯანელი ბავშვებიც იყვნენ ჩართულნი და ხალისით მონაწილეობდნენ ამ საერთო საქმეში.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული სამლოცველოს მოწყობის კონტექსტი და პრეისტორია სხვადასხვანაირია, ისინი მსგავს მიზნებს ემსახურება.
ჩემი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ეზოს სამლოცველოები რუსთავში საჯარო სივრცის არსებითი ნაწილი ხდება. სამლოცველოები, ერთი მხრივ, ქალაქში გაზრდილი რელიგიურობის გამოვლინებაა, მეორე მხრივ, წარმოადგენს პასუხს მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე. ჩემთვის გაზიარებულ ამბებში გამოიკვეთა, რომ ეზოს სამლოცველოები ქალაქის ფიზიკურ სივრცეს უფრო დაცულ და სასურველ გარემოდ გარდაქმნის. როგორც წლების განმავლობაში ვადევნებ თვალს, ეზოს სამლოცველოებს თავიანთი ცხოვრება აქვთ და ეკლესიისა თუ მუნიციპალური სამსახურებისგან დამოუკიდებლად არსებობენ. საინტერესოა, რა განვითარება ექნება ეზოს სამლოცველოებს ქალაქში დროის ცვლილებასთან ერთად.

ქალაქის იდენტობა
რუსთავი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც კომუნისტებმა II მსოფლიო ომის შემდეგ ცარიელ ადგილას ააშენეს. მიუხედავად იმისა, რომ მეტალურგიული ქალაქის მშენებლობისთვის რუსთავის „გაუდაბურებული“ ველი აარჩიეს, ის მაინც არ ყოფილა სრულიად ახალი ქალაქი. კომუნისტების ამბიციური გეგმა იყო, რომ განადგურებული შუა საუკუნეების ქალაქი ხელახლა აეღორძინებინათ. მათთვის ასევე დიდ ცდუნებად იქცა ახალგაზრდა ინდუსტრიული ქალაქის შოთა რუსთაველთან დაკავშირება. მეტიც, ქალაქის მეტალურგიულ პროფილს გამოძახილი უძველეს ქართველურ ტომებთან, ხალიბებთან მოუნახეს. ამ ფორმით საბჭოთა სისტემა საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციას ახდენდა და კონტროლს ამყარებდა ქვეყნის წარსულზეც. შემთხვევითი არ უნდა იყოს ქალაქის დაბადების თარიღად 19 იანვრის, ნათლისღების დღის, არჩევაც. ამ გზით რელიგიური დღესასწაულის სეკულარულ გააზრებას ვხვდებით, როდესაც რუსთავის ნათლიად ცხოვრების ახალ გზაზე უკვე კომუნისტური სისტემა გვევლინება.
კომუნისტებმა რუსთავის საპრეზენტაციოდ ორი მძლავრი ნარატივი გადაამუშავეს, პირობითად, ნაციონალური და ინტერნაციონალური. ნაციონალური ნარატივის მიხედვით, ის იყო მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქი. ინტერნაციონალური ნარატივის თანახმად კი ქალაქის წარსულის აღდგენა შესაძლებელი გახდა საბჭოთა მოძმე ხალხის თანადგომით. ამ ნარატივების საილუსტრაციოდ კომუნისტებმა ჯერ კიდევ დაუსახლებელ ქალაქში, 1951 წელს, მუზეუმი გახსნეს. მუზეუმის ორ სართულზე წარმოდგენილი იყო რუსთავის წარსული და მომავალი. ექსპოზიცია პირველ სართულზე მოგვითხრობდა ქალაქის არქეოლოგიურ ისტორიას, მეორე სართულზე კი მისი გაგრძელება, სოციალისტური, ხალხთა მეგობრობის ქალაქი იყო წარმოდგენილი.
მიწისზედა და მიწისქვეშა რუსთავის რეკონსტრუქცია პარალელურად მიმდინარეობდა. რუსთავი საბჭოთა პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილად, მისთვის ერთგვარ ლაბორატორიად იქცა, რომლის კვალი დღესაც სახიერი და ხელშესახებია ქალაქში.
თეა ქამუშაძე, ანთროპოლოგიის დოქტორი, ამჟამად იკვლევს პანდემიის გავლენას ქართულ საზოგადოებაზე პოსტპანდემიურ პერიოდში. რუსთავის ურბანული სახის ფორმირებაზე გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. ოცნებობს, რუსთავში გაიხსნას საქართველოს საბჭოთა ყოველდღიურობის მუზეუმი.