რვაფეხას საიდუმლოებანი
შენიღბვის ოსტატი, ხელიდან დასხლტომის სპეციალისტი,
თავდადებული მშობელი: რვაფეხა არაჩვეულებრივი არსებაა.
რვაფეხას საიდუმლოებანი
შენიღბვის ოსტატი, ხელიდან დასხლტომის სპეციალისტი, თავდადებული მშობელი: რვაფეხა არაჩვეულებრივი არსებაა.
ახლებური ხედვა
ახალი კვლევა ცვლის ჩვენს წარმოდგენას ამ ჭკვიანი, ადაპტირებადი თავფეხიანის შესახებ.
ტექსტი: რეიჩელ ფობარი
ფოტო: დევიდ ლიტშვაგერი
გაბერილი მანტიით, მოუსვენარი კიდურებითა და მელნის ღრუბლებით, რვაფეხა საუკუნეების განმავლობაში იყო ფოლკლორის შთაგონების წყარო – ზღვის ურჩხულ „კრაკენიდან“ ბოროტ ჯადოქარ „ურსულამდე“. სინამდვილეში კი ეს თავფეხიანი გონიერი, ცნობისმოყვარე და ხასიათით გამორჩეული არსებაა. ვუდს-ჰოულში (მასაჩუსეტსი, აშშ), როჯერ ჰენლონის ლაბორატორიაში და ნეაპოლის ფრიდრიხ II-ის სახელობის უნივერსიტეტის ანა დი კოსმოს ლაბორატორიაში (იტალია) ფოტოგრაფი დევიდ ლიტშვაგერი რამდენიმე კვირის განმავლობაში აღბეჭდავდა რვაფეხების კანის ფერის და ფაქტურის ცვლილებას, მათ მიერ საკვების შერჩევას თუ თავიანთი აკვარიუმის შესწავლას. შეიტყო, რომ მათი კანი სინათლის მიმართ მგრძნობიარეა. ასევე, გაიგო, რომ რვაფეხებს შეუძლიათ გემოს და „სუნის“ შეგრძნება ასობით მისაწოვრიანი რვა საცეცით. რვაფეხას დაახლოებით 300 სახეობის შესწავლა გვეხმარება ადამიანის ტვინის ევოლუციის საწყისების შეცნობასა და იმის წარმოდგენაში, თუ როგორი შეიძლება იყოს ინტელექტის უცხო ფორმები.
სწრაფი შენიღბვა ტვინი აგზავნის ნერვულ სიგნალებს კანის სპეციალური, პიგმენტებით სავსე პარკებისა და კუნთებისკენ. რვაფეხა მყისიერად იცვლის ფერს, მოხატულობას, ფაქტურას და ერწყმის გარემოს – მცენარეებს, ქვებსა თუ მარჯნებს.
უხვი შთამომავლობა ორმოცდაათამდე ახალგამოჩეკილი Octopus bimaculoides მენზურაში ცურავს. ჩვეულებრივ მდედრი 300 კვერცხს დებს და თითქმის ერთი თვე, სიკვდილამდე, უვლის. რვაფეხას ეს სახეობა ერთი წელი ცოცხლობს.
კარგი მხედველობა თავფეხიანების ფოტოკამერისებრი თვალები, ადამიანის მსგავსად, სინათლის ფოკუსირებას თვალის ბროლით ახდენს. Octopus bimaculoides-ის ლურჯი ლაქები ცრუ თვალებია მტაცებლების შესაშინებლად. ნამდვილი თვალები მათ ზემოთაა.
სადილის ამოცნობა მეცნიერებმა კიბორჩხალა გადამალეს, რათა დაედგინათ, იპოვიდა თუ არა რვაფეხა მსხვერპლს დანახვის გარეშე. მისაწოვრების რეცეპტორებით რვაფეხამ კიბორჩხალას მიაგნო და თაღიდან გამოათრია.
ძლიერი ხელის ტაქტიკა საცეცები იღუნება, იჭიმება, ტრიალდება და იკუმშება, რაც რვაფეხას გადაადგილებასა თუ მსხვერპლის დამორჩილებაში ეხმარება. კუნთების, ნერვებისა და მძლავრი მისაწოვრების კომბინაცია მოდელია რობოტული ხელების შესაქმნელად.
სასურველი ნადავლი რვაფეხები თევზით, მოლუსკებითა თუ კიბოსნაირებით იკვებებიან და საყვარელი საჭმელიც აქვთ. ორსაგდულიანი მოლუსკების ორი სახეობითა და ქაფშიით სავსე ყუთიდან ეს მდედრი რვაფეხა, Octopus vulgaris, ყოველთვის ქაფშიას ირჩევდა.
მეტად გამჭრიახი ასობით მილიონი ნეირონით, რვაფეხები რთულ ქცევებს ავლენენ: ხსნიან თავსატეხებს, გამოდიან ლაბირინთიდან და იქნებ სიზმრებსაც ხედავენ. თუმცა მათი გამჭრიახობა მეცნიერებისთვის ევოლუციურ საიდუმლოდ რჩება.
სწრაფი შენიღბვა ტვინი აგზავნის ნერვულ სიგნალებს კანის სპეციალური, პიგმენტებით სავსე პარკებისა და კუნთებისკენ. რვაფეხა მყისიერად იცვლის ფერს, მოხატულობას, ფაქტურას და ერწყმის გარემოს – მცენარეებს, ქვებსა თუ მარჯნებს.
უხვი შთამომავლობა ორმოცდაათამდე ახალგამოჩეკილი Octopus bimaculoides მენზურაში ცურავს. ჩვეულებრივ მდედრი 300 კვერცხს დებს და თითქმის ერთი თვე, სიკვდილამდე, უვლის. რვაფეხას ეს სახეობა ერთი წელი ცოცხლობს.
კარგი მხედველობა თავფეხიანების ფოტოკამერისებრი თვალები, ადამიანის მსგავსად, სინათლის ფოკუსირებას თვალის ბროლით ახდენს. Octopus bimaculoides-ის ლურჯი ლაქები ცრუ თვალებია მტაცებლების შესაშინებლად. ნამდვილი თვალები მათ ზემოთაა.
სადილის ამოცნობა მეცნიერებმა კიბორჩხალა გადამალეს, რათა დაედგინათ, იპოვიდა თუ არა რვაფეხა მსხვერპლს დანახვის გარეშე. მისაწოვრების რეცეპტორებით რვაფეხამ კიბორჩხალას მიაგნო და თაღიდან გამოათრია.
ძლიერი ხელის ტაქტიკა საცეცები იღუნება, იჭიმება, ტრიალდება და იკუმშება, რაც რვაფეხას გადაადგილებასა თუ მსხვერპლის დამორჩილებაში ეხმარება. კუნთების, ნერვებისა და მძლავრი მისაწოვრების კომბინაცია მოდელია რობოტული ხელების შესაქმნელად.
სასურველი ნადავლი რვაფეხები თევზით, მოლუსკებითა თუ კიბოსნაირებით იკვებებიან და საყვარელი საჭმელიც აქვთ. ორსაგდულიანი მოლუსკების ორი სახეობითა და ქაფშიით სავსე ყუთიდან ეს მდედრი რვაფეხა, Octopus vulgaris, ყოველთვის ქაფშიას ირჩევდა.
მეტად გამჭრიახი ასობით მილიონი ნეირონით, რვაფეხები რთულ ქცევებს ავლენენ: ხსნიან თავსატეხებს, გამოდიან ლაბირინთიდან და იქნებ სიზმრებსაც ხედავენ. თუმცა მათი გამჭრიახობა მეცნიერებისთვის ევოლუციურ საიდუმლოდ რჩება.
წყალქვეშა საოცრება
ნაწყვეტით თავისი წიგნიდან „რვაფეხას საიდუმლოებანი“, ცხოველების მოყვარული ავტორი ახლოს გაგაცნობთ ამ „უცნაურ, ლამაზ, ცნობისმოყვარე არსებას“.
ტექსტი: საი მონტგომერი
ათენას მსგავსი მანამდე არავინ მენახა.
ზრდასრული იყო, მაგრამ სიმაღლით სულ რაღაც ერთ მეტრს აღწევდა. თვრამეტიოდე კილოგრამს იწონიდა და მრავალი სხვა თვალსაზრისითაც არ იყო ჩვეულებრივი. შეეძლო ფერის და ფორმის შეცვლა, გემოს შეგრძნება კანით, შხამის გამოშვება, მელნის გაფრქვევა, თავის გვერდზე მოთავსებული სიფონის გამოყენებით წყლის გაშხეფება და აქეთ-იქით გადაადგილება, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მოშვებული, უძვლო სხეულით ფორთოხლის ზომის ხვრელში გაძრომის უნარზე. თავი ტანის ზევით არ ჰქონდა. ეს ადგილი ე.წ. მანტიას ეკავა, რომელიც სასუნთქ, საჭმლის მომნელებელ და რეპროდუქციულ ორგანოებს შეიცავს. თავი იქ იყო, სადაც წესით ტორსი უნდა ყოფილიყო, პირი კი სულაც – იღლიაში.
ათენა წყნაროკეანური გიგანტური რვაფეხა გახლდათ – Enteroctopus dofleini.
ჩვენ ერთმანეთს ბოსტონში, ახალი ინგლისის აკვარიუმში შევხვდით, როდესაც მთავარმა მეაკვარიუმემ სკოტ დაუდმა აკვარიუმს მძიმე სახურავი ახადა. ტაბურეტზე შევდექი და წყლისკენ დავიხარე. დაწინწკლულმა ყავისფერმა რვაფეხამ „თხევადი“ სხეული კლდოვანი ბუნაგიდან გადმოღვარა და აღელვებისგან კაშკაშა წითელი გახდა. ვერცხლისფრად მოელვარე ერთი თვალით ჩემს მზერას ეძებდა, რვა „ხელი“ კი წყლის ზედაპირისკენ გამოტყორცნა ჩემს დასახვედრად. სკოტის ნებართვით ხელები მკლავამდე მარილიან, ცივ წყალში ჩავყავი და ნება მივეცი რბილი, ცნობისმოყვარე თეთრი მისაწოვრებით ჩემს კანს შემოხვეოდა. შეხებით ის ფიზიკურადაც მეცნობოდა და გემოსაც მისინჯავდა.
ათენა არა მხოლოდ მიესალმა ჩემს იქ ყოფნას, თავზე შეხების ნებაც კი დამრთო. მანამდე ამის უფლება არცერთი სტუმრისთვის არ მიუცია. გარკვეული დრო ერთად დავყავით. გემო გამისინჯა. მე ხელი გადავუსვი. ფერი ისევ იცვალა. როდესაც შევეხე, გათეთრდა. როგორც შემდეგ გავიგე, რვაფეხა ამ ფერის მიღებისას თავს მშვიდად გრძნობს.
ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ათენა ისევე დაინტერესდა ჩემით, როგორც მე მისით.
საუკუნეების განმავლობაში დასავლური ლიტერატურა რვაფეხებს ოკეანის დემონებად გვიხატავდა. „არ არსებობს სხვა ცხოველი, რომელიც უფრო სასტიკად კლავს ადამიანს წყალში. გარს ეხვევა, მისაწოვრებით შთანთქავს და ნაწილებად შლის“, – წერდა რომაელი ფილოსოფოსი და მხედართმთავარი პლინიუს უფროსი დაახლოებით ახ.წ. 77 წელს. ისინი წარმოუდგენლად განსხვავდებიან ჩვენგან. ზოგიერთი სახეობა ძალიან დიდი იზრდება და მათ უზარმაზარი ძალის გამოვლენა შეუძლიათ (წყნაროკეანურ გიგანტურ რვაფეხას ერთი მისაწოვრით 16 კგ-მდე წონის აწევა შეუძლია, ამ სახეობას კი 1600-ზე მეტი მისაწოვარი აქვს). ეს ყველაფერი აშინებს და აბნევს ადამიანს.
თუმცა მე ათენას განსხვავებულობამ მომაჯადოვა. თითქმის ყველა ძირითადი კლასიფიკაციის მიხედვით, ის და მე ერთმანეთის სრულიად საპირისპირონი ვიყავით. ის პირველადპირიანი გახლდათ, რომელსაც ემბრიონის ფაზაში თავდაპირველად პირი უვითარდება, მე კი მეორეულპირიანი ვიყავი – განვითარება უკანა ნაწილიდან დავიწყე. ის უხერხემლო, უძვლო არსება იყო, მე კი ხერხემლიანი ცხოველი ვარ, ძვლოვანი ჩონჩხით. ის წყალში ცხოვრობდა, მე – ხმელეთზე.
და მაინც, მოულოდნელმა მსგავსებამაც გამაოგნა. კლასიფიკაციაში არსებული უფსკრულის მიუხედავად, შესაძლებელი ჩანდა, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო. იქნებ დავმეგობრებულიყავით კიდეც.
Macroctopus maorum-ს თვალი უჭირავს საყვარელ საკვებზე – კიბორჩხალებზე, ომარებსა და მიდიებზე. პარალელურად მტაცებლებსაც ზვერავს. კასპა ბლიუიტი
Wunderpus photogenicus-ს შეუძლია სხეულის დეფორმირებით სხვა არსებებს, მათ შორის შხამიან ლომთევზას მიბაძოს. დევიდ ლიტშვაგერი
რვაფეხას უმეტესი სახეობა საკვებს ღამით ეძებს, თუმცა Octopus cyanea მსხვერპლს მზის სინათლეზე მოიხელთებს. რომ არ გამოჩნდეს, კანის ფაქტურას და ფერს იცვლის და გარემოს ერწყმის. დევიდ ლიტშვაგერი
Amphioctopus marginatus , რომელსაც ქოქოსის რვაფეხას უწოდებენ, არა მხოლოდ ქოქოსის ნაჭუჭს აფარებს თავს, არამედ ზღვის ნიჟარებსა და სხვა დეტრიტსაც. გრეგ ლეკიორი
Macroctopus maorum-ს თვალი უჭირავს საყვარელ საკვებზე – კიბორჩხალებზე, ომარებსა და მიდიებზე. პარალელურად მტაცებლებსაც ზვერავს. კასპა ბლიუიტი
Wunderpus photogenicus-ს შეუძლია სხეულის დეფორმირებით სხვა არსებებს, მათ შორის შხამიან ლომთევზას მიბაძოს. დევიდ ლიტშვაგერი
რვაფეხას უმეტესი სახეობა საკვებს ღამით ეძებს, თუმცა Octopus cyanea მსხვერპლს მზის სინათლეზე მოიხელთებს. რომ არ გამოჩნდეს, კანის ფაქტურას და ფერს იცვლის და გარემოს ერწყმის. დევიდ ლიტშვაგერი
Amphioctopus marginatus , რომელსაც ქოქოსის რვაფეხას უწოდებენ, არა მხოლოდ ქოქოსის ნაჭუჭს აფარებს თავს, არამედ ზღვის ნიჟარებსა და სხვა დეტრიტსაც. გრეგ ლეკიორი
შემდეგ ათენამ აკვარიუმში ჩათრევა დამიწყო.
ჰიდროსტატიკური კუნთებით აღჭურვილ ამ ზომის რვაფეხას, ზოგიერთი გათვლით, თავის წონაზე 100-ჯერ მეტი შეუძლია დაძლიოს. ეს 1800 კგ-ს ნიშნავს, მე კი 57 კგ-ს ვიწონი, თუმცა ვიმეორებ, რომ არ მეშინოდა. მისგან ბოროტ განზრახვას ვერ ვგრძნობდი. მისი მიზიდულობა დაჟინებული, თუმცა ალერსიანი იყო. არ ვღელავდი, რომ ჩემი შეჭმა უნდოდა. კარგად ვიცოდი, რომ იღლიაში მდებარე მისი ნისკარტი და იქვე საშხამე ჯირკვლები შორს იყო საცეცების იმ ნაწილებისგან, რომლებიც მე მექაჩებოდა. მისი მოზიდვა საფრთხეს არ წარმოადგენდა. ეს გახლდათ მიპატიჟება, რომლის მიღების პატივიც მე მერგო.
ასე ჩამითრია ამ უცნაურმა, მშვენიერმა და ცნობისმოყვარე არსებამ თავის სამყაროში, რომელსაც მისი სიკვდილის შემდეგაც მრავალი წლის განმავლობაში ვიკვლევდი და დღემდე ვიკვლევ. რვაფეხები, სამწუხაროდ, დიდხანს არ ცოცხლობენ. წყნაროკეანური გიგანტების სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ სამიდან ხუთ წლამდეა, ათენა კი, როდესაც შევხვდი, რვაფეხას კვალობაზე უკვე ხნიერი იყო, თუმცა მომდევნო სამი წლის განმავლობაში მისი მემკვიდრეებიც საკმაოდ კარგად გავიცანი – ოქტავია, კალი და კარმა. მათ ყოველ კვირას ვსტუმრობდი, ვაჭმევდი, ვეფერებოდი და ვეთამაშებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა რვაფეხა მხიარული და გონიერი იყო, ყოველმა მათგანმა ინდივიდუალურობა გამოავლინა. როდესაც 2015 წელს გამოცემულ წიგნში პირველად დავწერე რვაფეხებთან ჩემი მეგობრობის შესახებ, სათაურმა „რვაფეხას სული“ ზოგიერთი მკითხველი ჩააფიქრა. როგორ შეიძლება რვაფეხას სული ჰქონდეს? ის ხომ მოლუსკია, უტვინო მიდიების ნათესავი. რა თქმა უნდა, ზოგიერთი აცხადებდა, რომ იმ აზრის შემოთავაზება, თითქოს რვაფეხას შეიძლება ჰქონდეს სული, პიროვნული თვისებები, აზრები, მოგონებები ან ემოციები, მხოლოდ იმის შედეგია, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ „ადამიანური“ გრძნობები მივაწეროთ სხვა ცოცხალ არსებებს.
მაგრამ მეცნიერებს სულ უფრო მოძველებულად მიაჩნიათ მოსაზრება, რომ ცხოველები რობოტები არიან, აზრებისა და გრძნობების გარეშე. ჯეინ გუდოლმა აღმოაჩინა, რომ შიმპანზეები საკმარისად საზრიანები არიან იმისთვის, რომ ხელსაწყოები დაამზადონ და საკმარისად ინდივიდუალურები, რომ საკუთარი სახელები დაიმსახურონ. ამან შეცვალა შეხედულება, რომ მხოლოდ ადამიანებს აქვთ კომპლექსური გონება. მას შემდეგ მეცნიერებამ უამრავი მტკიცებულება მოაგროვა იმის შესახებ, რომ ცხოველები და, ალბათ, განსაკუთრებით რვაფეხები, აზროვნებენ, გრძნობენ და იაზრებენ. ეს არსებები ავლენენ განვითარებული ინტელექტისკენ მიმავალ ჩვენგან სრულიად განსხვავებულ გზას. თუ ამ გზას გავყვებით, კიდევ უფრო შორს წავალთ და შეიძლება მეტ საიდუმლოს ავხადოთ ფარდა, მათ შორის, სხვა არსებებთან საზიარო გამოცდილებას, თუ რას ნიშნავს იაზროვნო, შეიგრძნო და შეიმეცნო.
National Geographic-ის წიგნი „რვაფეხას საიდუმლოებანი“ [ინგლისურ ენაზე] სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა.
ცვლილების ტალღები
საუბარი საზღვაო ბიოლოგ ალექს შნელთან, რომელიც ყველა ცხოველის მიმართ ჰუმანური მოპყრობის მომხრეა

ალექს მასტარდი, NPL/MINDEN PICTURES
რვაფეხა არ არის დაცული აშშ-ის ცხოველთა კეთილდღეობის აქტით, რადგან არ აქვს ხერხემალი. National Geographic-ის მკვლევარი ალექს შნელი პასუხობს კითხვებს, თუ როგორ აღვიქვამთ ოკეანის ამ მომაჯადოებელ ბინადრებს (ინტერვიუ შემოკლებული და რედაქტირებულია სიცხადისათვის).
რვაფეხა გონიერია. ამიტომ გვაღელვებს მათი ბედი უფრო მეტად?
ადამიანი უფრო მეტად თანაუგრძნობს მონათესავე ცხოველებს, როგორებიც არიან ორანგუტანი, გორილა და დათვი. რაც უფრო ვშორდებით ჩვენთან დაკავშირებულ სახეობებს, თანაგრძნობაც იკლებს, თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ ცხოველებზე მეტი ინფორმაციის მიღებამ შეიძლება აღქმა შეგვიცვალოს.
ინტელექტის ნიშნები, რომლებიც ოდესღაც ცალსახად ადამიანის მახასიათებლად ითვლებოდა, ამჟამად შორეულ სახეობებშიც გვხვდება. რვაფეხა ცნობისმოყვარეა, შეუძლია პრობლემების გადაჭრა, ხელსაწყოების გამოყენება და სწრაფად დასწავლა. რაც უფრო მეტს ვიგებთ მის შესახებ, მით უფრო უფერულდება განსხვავებულობის განცდა, რაც შეიძლება კონსერვაციის წინაპირობაც გახდეს.
ითვლება, რომ ხერხემლით განისაზღვრება, გრძნობს თუ არა ცხოველი ტკივილს. შეიგრძნობს თუ არა რვაფეხა ტკივილს?
ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ტკივილის შეგრძნების უნარს მგრძნობელობას ვუწოდებთ. ჩვენ გამოვიკვლიეთ ცხოველთა მგრძნობელობა ნერვული და ქცევითი მარკერების მეშვეობით: აქვს თუ არა ცხოველს ნერვული სისტემა, რომელიც მგრძნობელობას განაპირობებს? არის თუ არა ცხოველთა ქცევები თანხვედრაში მგრძნობელობასთან? ცდილობენ თუ არა ისინი ტკივილის შემსუბუქებას? ეს არის ოქროს სტანდარტი.
მგრძნობელობა სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობების განცდის უნარია. კომპლექსური კოგნიტიური უნარების არმქონე ცხოველსაც კი შეიძლება ჰქონდეს შეგრძნების უნარი. თავფეხიანების 170 კვლევის გაანალიზებით რვაფეხას მგრძნობელობის მძლავრი მტკიცებულებები აღმოვაჩინეთ. ისინი მგრძნობელობის რვიდან შვიდ კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ. ამ აღმოჩენების საფუძველზე დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა რვაფეხას უკვე მგრძნობიარე არსებად განიხილავს.
ასი წლის წინანდელი საყოველთაოდ მიღებული მოსაზრებით, ცხოველები აზროვნებას და გრძნობებს მოკლებული რობოტები არიან. ახლა უფრო განვითარებული მეცნიერება და მეტი ცოდნა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ ასი წლის შემდეგ ისევ მოვიხედავთ უკან და ცხოველების მიმართ ჩვენი ახლანდელი მოპყრობა შეგვაძრწუნებს.
როგორ მოვიქცეთ უკეთ?
საკამათო თემაა რვაფეხას მოშენება მეურნეობაში. მოსაშენებლად ახალი სახეობის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული სახეობა მეურნეობაში არსებულ პირობებს უნდა ერგებოდეს. რვაფეხას სახეობების უმეტესობა ერთად შეკრებისას მიდრეკილია სტრესის, კანიბალიზმისა და თვითდასახიჩრებისკენ.
რვაფეხას მეურნეობისთვის არ არსებობს ჰუმანური დაკვლის მეთოდები. ლაბორატორიაში ასეთი მეთოდები შეიმუშავეს, მაგრამ ეს ცილას საკვებად უვარგისს გახდის. ველურ ბუნებაში დაჭერილ რვაფეხას ნავებზე ახრჩობენ. როცა ერთ მილიონ რვაფეხას ახრჩობ, საუბარი რვაფეხას საკვებად გამოყენებაზე კი აღარაა, არამედ იმაზე, ღირს თუ არა მისი მასობრივი წარმოება. უფრო ლმობიერი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად მეცნიერებს უნდა მოვუსმინოთ, ამჟამად კი მეცნიერება აცხადებს, რომ რვაფეხას მასობრივად მოშენების ეთიკური გზა არ არსებობს. ეს ინდუსტრია ვერ განვითარდება დამფინანსებლების, სუპერმარკეტების და, საბოლოოდ, მომხმარებლების ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე. – ნატაშა დეილი