საბერძნეთის ღმერთები
ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ღმერთები განაგებდნენ, როგორც ზეციურ სამეფოში, ისევე, მათ სამკვიდროსა და ქვესკნელში


საბერძნეთის ღმერთები
ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ღმერთები განაგებდნენ, როგორც ზეციურ სამეფოში, ისევე, მათ სამკვიდროსა და ქვესკნელში
ძველი საბერძნეთის სამყაროს ღმერთების კრებულის სათავეში იდგნენ უზენაესი ოლიმპოელები – ზევსი, ჰერა, აპოლონი, პოსეიდონი, ათენა და სხვა გამორჩეული მითოსური ფიგურები. ოლიმპოს მკვიდრი დიდებული ღმერთების გარდა, არსებობდა ადგილობრივი ღვთაებებისა და გმირების მადიდებელი ასობით კულტი.
ძველი ბერძენიც იმავეს ავედრებდა თავის ღმერთებს, რასაც თანამედროვე ადამიანი: ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, დოვლათსა და უსაფრთხო ზღვაოსნობას; მიჰქონდათ ძღვენი, შესაწირი და ამით ცდილობდნენ მათი ცხოვრების წარმმართველ ღვთაებებთან ერთიანობას.
მაგრამ რა ელოდათ სიკვდილის შემდეგ? პასუხს ზევსისა და პოსეიდონის ძმასთან, ქვესკნელის ღმერთთან – ჰადესთან ეძებდნენ. ნისლიან უკუნში გახვეული, საზარელი მდინარე სტიქსით გამოყოფილი ჰადესის „უხილავი“ სამფლობელო, ჰომეროსის სიტყვებით, „დამანგრეველი საშინელების” ადგილი იყო, სადაც გარდაცვალების შემდეგ მიდიოდნენ უბრალო მოკვდავნი და გმირებიც კი.
დროთა განმავლობაში, საბერძნეთში გავრცელდა რელიგიის ახალი ფორმები და კულტები. სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა უკვე აღარ აღიქმებოდა პირქუშ ბედისწერად, ის უფრო სულის ძიებად იქცა. სწორედ ამ მისტიკური კულტის ღვთაებები უნდა გაძღოლოდნენ ადამიანს იმქვეყნიური ცხოვრების გზაზე. შთამბეჭდავი მისტერიები კარგად დადგმულ თეატრალურ წარმოდგენებს ჰგავდა. როგორც წესი, უზენაესი ღმერთებისადმი მიძღვნილი რიტუალები კუნძულ სამოთრაკეზე, ღამით იმართებოდა; ხალხი ანთებული ჩირაღდნებით მიიკვლევდა გზას. მისტერიები კი დღემდე ამოუხსნელია.
მე-4 საუკუნისთვის (ძვ. წ.) გაჩნდა ახალი კულტები, რომლებისთვისაც ადამიანის განწმენდის ერთადერთი გზა თანდაყოლილი ბოროტებისგან გათავისუფლება იყო. გაჩნდა ახალი რელიგიების მიღების მზაობა და როცა ხმელთაშუაზღვისპირეთში ქრისტიანობა შემოვიდა, თან მოიტანა ერთი ღმერთის თაყვანისცემა და ძველი ბუნდოვანი წარმოდგენების ახალი ხედვაც: ადამიანური ცოდვების განწმენდა მისტიკური რიტუალებით, განსხვავებული ხვედრი მორწმუნეთა თუ ურწმუნოთათვის და წმინდა ტექსტების პატივისცემა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.