
საჩინო
ძველ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ღვინის აღმართის ბოლოდან დარეჯან დედოფლის სასახლე გადმოჰყურებს ქალაქს.
ერეკლე მეფის მეუღლის, დარეჯან დედოფლისთვის საზაფხულო რეზიდენცია XVIII საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. ქვის გალავნით შემოსაზღვრული სასახლის ტერიტორიაზე მოქცეული იყო წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის სამეფო კარის ეკლესიაც.
დარეჯან დედოფლის სასახლეს სხვაგვარად „საჩინოს“ უწოდებენ, რადგან ის კარგად ჩანდა ძველი ტფილისის ყველა უბნიდან. სასახლე აგებულია ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებზე, რომლის კედლები, კოშკები და ბურჯები ამოყვანილია რიყის ქვისა და ქართული აგურის შერეული წყობით. სასახლის კოშკის ზედა ნაწილს მრგვალი, ხისრიკულებიანი აივანი აგვირგვინებს, რომლიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთებისა და დარეჯან დედოფლის სანქტ-პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, დარეჯანის სასახლე და ეკლესია საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ შეიძინა. მისი ხელშეწყობით აქ სასულიერო პირთა შვილებისთვის სემინარია და სამრევლო სკოლები დაარსდა. მოგვიანებით ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტრად ეკურთხა.
საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. არაერთხელ გადაკეთდა სასახლის კომპლექსიც. სხვადასხვა პერიოდში მონასტერმა სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვა შეიძინა: XX საუკუნის 70-იან წლებში იქ 26 კომისრის რაიონული მუზეუმი იყო, ერთხანს კი ერთი მსახიობის თეატრმა დაიდო ბინა. 1980-იან წლებში ჩატარებული რესტავრაციის დროს დარეჯანის სასახლე გვიანდელი მინაშენებისგან გაიწმინდა და ძველებური იერსახე დაუბრუნდა. დღეს აქ ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერია განთავსებული.