საჩივრების კორიანტელი
„მსოფლიოში ყველაზე ძველი საჩივრის წერილი“ ინტერნეტსენსაცია გახდა. აი, რა ამბავს მოგვითხრობს ეს უძველესი თიხის ფილა.
დაახლოებით 3700 წლის წინ ერთმა უკმაყოფილო მოვაჭრემ, სახელად ნანი, წარუმატებელი გარიგების გამო, სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერ თანამემამულეს, ბაბილონელ ვაჭარ ეა-ნასირს, ჩივილებით სავსე წერილი გაუშანშალა.
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა უძველეს ქალაქ ურში (თანამედროვე ერაყი) მოხდა, თიხის ფილაზე ამოკვეთილი საჩივარი ახლაც ეხმიანება თანამედროვე მომხმარებლებს. ის მოიცავს ბრალდებებს საეჭვო ფინანსური გარიგებების, უხარისხო პროდუქტის და მომსახურების დაბალი დონის შესახებ. არტეფაქტი გინესის მსოფლიო რეკორდების რიცხვში მოხვდა, როგორც საჩივრის ყველაზე ძველი წერილი, ნანის 4000 წლის წინანდელი უკმაყოფილება კი ინტერნეტსივრცეში უთვალავი კომიქსის, მიმისა და შედარების შთაგონების წყარო გახდა.
„მე თქვენ ცუდ დღეში ჩაგაგდებთ!“
თიხის ფილა, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში ინახება, ერთი საუკუნის წინ ურშია აღმოჩენილი. არქეოლოგ სერ ლეონარდ ვულის ხელმძღვანელობით წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიწაში დამარხული, სავარაუდოდ, ეა-ნასირის სახლი იპოვეს. იქვე იყო პატარა თიხის ფილებზე ლურსმული დამწერლობით ამოკვეთილი საქმიანი დოკუმენტები. მათ შორის, ნანის, ხელის გულის ზომის წერილი აქადურ ენაზე.

ნანის მიერ ნაკარნახევი წერილი მიწასთან ასწორებს ეა-ნასირს მაღალი ხარისხის სპილენძის ზოდების შეპირებისთვის და შეთანხმების შეუსრულებლობისთვის. ნანი ჩივის, რომ ვაჭარმა დაბალი ხარისხის სპილენძი გაუგზავნა, მას და მის შიკრიკს უპატივცემულოდ მოექცა და ფულიც გამოართვა. როდესაც ნანის შიკრიკი შეედავა ეა-ნასირს, მან უპასუხა: „თუ წაღება გინდა, წაიღე! თუ არ გინდა, წადი!“
ნანი განრისხებულია მოვაჭრეზე სპილენძის ხარისხის და მისი შიკრიკის შეურაცხყოფის გამო. „არ მივიღებ თქვენგან სპილენძს, რომელიც მაღალი ხარისხის არ იქნება“, – ამბობს იგი ბრაზით. მოგვიანებით ნანი იმუქრება: „რადგან თქვენ აბუჩად ამიგდეთ, მე თქვენ ცუდ დღეში ჩაგაგდებთ!“
ავადსახსენებელი ვაჭარი
როგორც აღმოჩნდა, ნანი არ ყოფილა ეა-ნასირის ერთადერთი უკმაყოფილო მომხმარებელი. ბრიტანეთის მუზეუმს დამატებითი სამხილები აქვს ვაჭრის არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ. სხვა თიხის ფილაზე ვინმე, სახელად იმგურ-სინი, აფრთხილებს ეა-ნასირს: „ნიგა-ნანას კარგი სპილენძი გაუგზავნე… ხარისხიანი სპილენძი მიეცი, თუ არ გინდა, რომ გავბრაზდე!“ როგორც ჩანს, სპილენძის ბარონს ცუდი რეპუტაცია ჰქონია ურში. კიდევ ერთ წერილში მოვაჭრე, სახელად ნარ-ამი, მოითხოვს: მიეცი (იგმილ-სინს, ნარ-ამის შიკრიკს) საუკეთესო სპილენძი! ვიმედოვნებ, რომ შენს ხელთ არსებული სპილენძი ჯერ არ ამოწურულა“.
ეა-ნასირის მომსახურების სტაბილურად დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, სამართლიანი იქნება, მას ბოლო სიტყვა მივცეთ. საოცარია, რომ მრავალი მოწინააღმდეგის მყოლი ბაბილონელის ხელით დაწერილი წერილიც შემოგვრჩა. როგორც მოსალოდნელი იყო, სპილენძთან დაკავშირებული დრამა იქაც ტრიალებს. ეა-ნასირი აფრთხილებს ადამიანს, სახელად სუმუმ-ლიბსის და მესპილენძეს, რომ მათთან ორი ადამიანი მივა დაკარგული ლითონის საძებნელად და არ გაცხარდნენ. „არ გააკრიტიკოთ“, – ურჩევს ეა-ნასირი. „არ ინერვიულოთ…“, კარგი რჩევაა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არასანდო ვაჭრისგან.