
საჭმლის კონტეინერებისგან დარჩენილი პლასტმასის შემცირება
გლობალურად 158 მილიონ ტონამდე პლასტმასის შეფუთვა მზადდება ყოველწლიურად
აქედან მხოლოდ 20% გადამუშავდება, დანარჩენი კი, რისი ჯეროვნად გადაყრაც ვერ ხერხდება, ჩვენს გარემოში ხვდება. ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერები და შეფუთვები საკვებს ტრანსპორტირებისას იცავს და შენახვის ვადას უხანგრძლივებს, მაგრამ რამდენად საჭიროა, ისინი ასობით წელი არ ნადგურდებოდეს? დიზაინერები და ინჟინრები ისეთ ალტერნატივებზე მუშაობენ, რომლებიც ბუნებისთვის ნაკლებად საზიანო იქნება.
მრავალჯერადი პლასტმასის შეფუთვები:
კონტეინერების ახალი მასალები და ფორმები პროტოტიპებიდან ბაზარზე გამოდის.
წაიღე, დააბრუნე
ნიუ-იორკის პრატის ინსტიტუტში გამართულ დიზაინერების კონკურსში სტუდენტებმა დაკეცილი შავი პლასტმასისგან წასაღები კონტეინერები დაამზადეს, რომელთა დაბრუნება, გაწმენდა და თავიდან გამოყენება უსასრულოდაა შესაძლებელი.
დანა-ჩანგალი და სხვა
მეორე გუნდმა მუყაოს გამოყენებით ყუთისმაგვარი საჭმლის კონტეინერი დაამზადა დასაკეცი კომბინირებული ჩანგლითა და კოვზით. ეს ყველაფერი კომპოსტირებადია.
ეკოიზოლაცია
შეფუთული საკვების სერვისები, რომლებიც სახლში დასამზადებელი საჭმლის ინგრედიენტებს აგზავნიან, 3,1-მილიარდდოლარიანი ბაზარია, რომლის ზრდასაც ექსპერტები სულ მცირე 2023 წლამდე ვარაუდობენ. ძნელად გადასამუშავებელი მასალების ნაცვლად, კომპლექტების ნაწილი საიზოლაციოდ სქელ ქაღალდსა და ClimaCell-ს იყენებს – ბიოტექნოლოგიით დამზადებულ ქაფს, რომლის დაშლაც ცელულოიდურ ბოჭკოებადაა შესაძლებელი.
კონტეინერები, რომლებიც არაა ნაჩვენები:
ზრდადი თასები
შვედური ინსტიტუტი დაპრესილ, ცელულოზაზე დამყარებულ კონტეინერებს ცდის. მაგალითისთვის: ცხელი წყლის დამატებისას დაკეცილი კონტეინერი სრულად კომპოსტირებად წვნიანის თასად გარდაიქმნება.
დასადნობი პაკეტები
აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებელმა სააგენტოებმა წყალში ხსნადი კაფსულები, რომლებიც სარეცხი საშუალებების შესაფუთად გამოიყენება, სურსათისთვისაც უსაფრთხოდ აღიარეს. ამჟამად საკვები დანამატები უკვე ასეთ პაკეტებში იფუთება, მომავალში შეიძლება ასე შეიფუთოს პასტა და სხვა საჭმელი, რომელიც ცხელი წყლით მზადდება.
გაიგე მეტი პლასტმასის ნარჩენებზე და აიღე ვალდებულება მათ შესამცირებლად აქ: natgeo.com/plasticpledge.