საჩუქარი ყველაზე საჭირო დროს
რთულ დავალებაზე მუშაობისას ფოტოგრაფმა შეიტყო სამწუხარო ამბავი, რამაც უიმედობის შეგრძნება გაუჩინა. შემდეგ გამოჩნდა პაპი ფრანცისკე.
საუკეთესო ფოტოებს არ იღებ – გჩუქნიან. ეს ფოტოც ასე მომევლინა 2014 წლის შობის დღეს სიქსტეს კაპელაში – თითქოს სასწაულებრივად ჩამოეშვა მიქელანჯელოს „ადამის შექმნის“ ფრესკიდან.
რომის პაპი ფრანცისკე წინა წელს აირჩიეს. ერთობ მოულოდნელად ეს მოკრძალებული, ხანში შესული ადამიანი, რომლის წარმოდგენითაც ეკლესია უნდა ყოფილიყო „ღარიბი და ღარიბებისთვის“, საერთაშორისო პოპულარობამ მოიცვა და ყველა მოწინავე საინფორმაციო სააგენტო მასზე ნადირობდა. პაპის ფოტოს გადასაღებად სიის თავში არავინ მომიაზრებდა. მართალია, იმ დროს რომში ვცხოვრობდი, მაგრამ ვატიკანსა და პაპზე ბევრი არაფერი ვიცოდი. თუმცა, National Geographic-ის ოფისში ვიზიტის დროს, რედაქტორთან საუბრისას პაპი ვახსენე დაუფიქრებლად. ჩემდა გასაოცრად, რედაქტორმა სწორედ მე დამავალა პაპ ფრანცისკეს შესახებ ამბის გაშუქება. უცებ თავი ძაღლად წარმოვიდგინე, რომელიც მანქანას ედევნება, მაგრამ მიახლოებისას უკვე აღარ იცის, როგორ მოიქცეს.
ვატიკანში ორიენტირება უნდა მესწავლა. ჟურნალისტები უამრავ შუამდგომლობას აგზავნიან წმინდა საყდრის პრესსამსახურში, რათა პაპის სანახავად შეუშვან. ეს ურთულესი პროცესია. ჩვეულებრივ, ფოტოგრაფებს ახლოს არ უშვებენ. უამრავი ადამიანის ჩართულობის შემდეგ, როგორც იქნა, ნებართვა მივიღე, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა ერთთვიან პროცესში.
მე ვატიკანის კორესპონდენტებთან განმაწესეს. ასეთ შემთხვევაში მეც იმავე კადრებს თუ მოვიხელთებდი, რასაც ყველა სხვა ფოტოგრაფი იღებდა. შემდეგ National Geographic-ის რედაქტორებმა გადაწყვიტეს, აღნიშნული სტატია ჟურნალის გარეკანზეც გაეშვათ, რაც ბევრად მეტს მოითხოვდა ჩემგან. თითქოს, ჩემი ცოდვებისთვის ვისჯებოდი.
მხსნელად მომევლინა პაპის პირადი ფოტოგრაფი – მუდამ ენერგიული, მოკრძალებული, ფრანჩესკო სფორცა. იგი დამთანხმდა, რომ საკუთარი ფრთის ქვეშ შემიფარებდა და პაპთან ახლოს მიმიყვანდა. მიღებული ნებართვა მალევე გამოვცადე და მოურიდებლად ავუყევი წმინდა პეტრეს ტაძრის საფეხურებს, პირდაპირ რომის პაპის მხარეს, როდესაც იგი გულმხურვალე მნახველებს ესალმებოდა. თითქოს ვერავინ მამჩნევდა. პაპ ფრანცისკეს დაცვის წევრებმა თავაზიანად გამატარეს, მიუხედავად ირგვლივ შემოკრებილი აუარებელი ხალხისა. ეს ადამიანები ურთულეს სამუშაოს ასრულებენ, მათ უნდა დაიცვან მსოფლიო ლიდერი, რომელსაც არ სურს, ვინმემ დაიცვას.
დავალებაზე მუშაობისას მამაჩემის ჯანმრთელობა უარესდებოდა. კიბო, რომელიც რემისიის ფაზაში იყო, ახლა კვლავ გააქტიურდა. საქმის მიტოვება არ არის მარტივი, თუმცა ამ შემთხვევაში ალტერნატივა ბევრად უარესი იყო.
ვცდილობდი ყურადღება არ მიმეპყრო, მაგრამ რაღაც მომენტში ძალიან გვიან მივხვდი, რომ ეპისკოპოსების წრეში ვიდექი. ისინი პაპს ესალმებოდნენ „პიეტას“ გვერდით. შეუმჩნევლად ვეღარსად გავძვრებოდი. როდესაც პაპი ჩემი მიმართულებით წამოვიდა, მე თავი მოვაჩვენე, თითქოს ფოტოაპარატს ვამოწმებდი. თავი რომ ავწიე, ფრანცისკე ჩემ წინ იდგა, ხელგამოწვდილი, წარბაწეული და მიცდიდა, როდის შევამჩნევდი. სტატუსი და თანამდებობა მას არასოდეს აფიქრებდა.
ჩემი მივლინება დასასრულს უახლოვდებოდა, მე კი ჯერ ისევ მაკლდა ჟურნალის გარეკანისთვის შესაფერისი ფრანცისკეს ფოტო. რედაქტორი უკვე ალტერნატიულ კადრებს ეძებდა სხვა ფოტოგრაფთა ნამუშევრებში. გარეკანზე სხვა ავტორის ფოტოს გამოჩენა ჩემს მარცხად ჩაითვლებოდა. უკანასკნელ ფსონს ვდებდი მოახლოებული შობის სადღესასწაულო ცერემონიაზე.
მუშაობის პროცესში მამაჩემის ჯანმრთელობა უარესდებოდა. კიბო, რომელიც რემისიის ფაზაში იყო, ახლა კვლავ გააქტიურდა. კიდევ ერთ შობას ის ვეღარ მოესწრებოდა.
საქმის მიტოვება არ არის მარტივი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ალტერნატივა ბევრად უარესი იყო. ერთ-ერთი მესის დროს წმინდა პეტრეს ტაძრის ჭერიდან ჩამოშვებულ ფიცარნაგზე ჩამოვჯექი და ხან ფოტოებს ვიღებდი, ხან კი მობილურში ავიაბილეთებს ვეძებდი მშობლიურ ინდიანაში გასაფრენად. შემდეგ ჩემმა დამ დამირეკა. მამა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მითხრა მან და დაამატა ხაზგასმით: „მამამ გადმოგცა, რომ დავალება არ ჩააფლავო“. მეც გადავწყვიტე, კიდევ რამდენიმე დღით დავრჩენილიყავი.
შობას რომის პაპმა მიმართა მრავალრიცხოვან სამწყსოს. მე სწორედ ამ სცენის იმედი მქონდა გარეკანის ფოტოს გადასაღებად, თუმცა სფორცამ ცუდი ამბები მომიტანა: აივანზე ჩემი ადგილი აღარ დარჩა. გეგმა ჩამეშალა.
მაგრამ მე კიდევ მივიღე ბოლო შანსი. აქოშინებულმა სფორცამ ყურმოკრული ამბები შემატყობინა: „ის სიქსტეს კაპელაში მიდის“. მეც გავყევი.
იქ პაპი სულ რამდენიმე წუთით გაჩერდა და მიქელანჯელოს შედევრს ახედა წამიერ სიჩუმეში. სფორცამ, ჩემმა მფარველმა ანგელოზმა, ჩამჩურჩულა: „აი, შენი გარეკანი“. მეც ჩავაჩხაკუნე.
ინდიანაშიც დროულად ჩავასწარი.
დეივ იოდერის სტატია გამოქვეყნდა 2015 წლის აგვისტოს ნომერში, გარეკანზე პაპის ფოტოთი. National Geographic-ის მკვლევარ იოდერის გადაღებულია ასევე ALMA-ს რადიოტელესკოპების მასივი ჩილეში და დაკარგული ქალაქი ჰონდურასში.