სად გაუჩინარდა ეს უთვალავი მწერი?
მწერები შემაშფოთებელი ტემპით ქრებიან. ჩვენი პლანეტა შესაძლოა დაიღუპოს


სად გაუჩინარდა ეს უთვალავი მწერი?
მწერები შემაშფოთებელი ტემპით ქრებიან. ჩვენი პლანეტა შესაძლოა დაიღუპოს
პეპლები უწყვეტ გუნდებად მოფრინავდნენ – ჯერ ათასობით, შემდეგ ათი და ასიათასობითაც. თავზე გადაფრენისას მზესავით ბრწყინავდნენ მჭახე ნარინჯისფერი ფრთებით. საოცარი, სუნთქვისშემკვრელი სანახაობა იყო.
ზაფხულის ერთ გაცისკროვნებულ დღეს კალიფორნიული ნიმფალიდების ღრუბელში გავეხვიე სიერა-ნევადაში. გვერდით მახლდა ბიოლოგი მეტ ფორისტერი ნევადის უნივერსიტეტიდან. ჩვენ ვლაშქრავდით კასლ-პიკს, ამ მთაზე განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ პეპლებს. ყოველ ზაფხულს მათ ორ კვირაში ერთხელ აღრიცხავდნენ თითქმის მთელი 45 წლის განმავლობაში. მონაცემთა უდიდესი ნაწილი შეაგროვა არტ შაპირომ, რომელიც ენთუზიაზმით სავსე ლეპიდოპტერისტია კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
უკანასკნელ ხანებში კი ფორისტერის გუნდმა კომპიუტერულად დაამუშავა მიღებული მონაცემები და ანალიზმა უჩვენა, რომ კასლ-პიკის პეპლების პოპულაცია იკლებდა 2011 წლიდან. 2775-მეტრიანი მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკზე ფორისტერი და მე სწორედ ამ საკითხზე ვმსჯელობდით: ნეტავ, რა განაპირობებდა ამგვარ ტენდენციას – ჩვენ ხომ ნარინჯისფერ ბურუსში ვიკვალავდით გზას.

გადაღებულია იარინას სადგურზე, გომატაონი
„ადამიანები ვერაფრით იჯერებენ, რომ მწერებს შავი დღეები უდგათ, თუმცა მესმის კიდეც ამ ხალხის“, – თქვა ფორისტერმა და ხელი გაიქნია პეპლების გუნდისკენ: „მწერები ხომ ასეთი სიუხვით გვხვდებიან, ამ ფონზე ეს მართლაც უცნაურია“.
მიღებული მოსაზრებით, ჩვენ ვცხოვრობთ ანთროპოცენში – გეოლოგიური ხანა, რომელშიც ადამიანი ბატონობს მთელ პლანეტაზე. თუმცა, არაერთი ასპექტით, სწორედ მწერები მართავენ დედამიწას. მეცნიერთა გაანგარიშებით, დაახლოებით 10 კვინტილიონი (ნონილიონი) მწერი დაფრინავს, ლივლივებს, დახოხავს, მარშირებს, თხრის თუ დაცურავს ყოველ მოცემულ წუთში. სახესხვაობის კუთხით, რიცხვები ასევე შთამბეჭდავია: ცხოველთა სახეობებში მწერები დაახლოებით 80 პროცენტსაც კი შეადგენენ. ისინი უნარჩუნებენ მსოფლიოს არსებულ სახეს: დამამტვერიანებელ მწერთა დაუხმარებლად, მოყვავილე მცენარეები გადაშენების გზას დაადგებოდნენ.
ედვარდ ო. უილსონის ცნობილი სიტყვებით, ადამიანი უცებ სრულიად რომ გაქრეს, დედამიწა „კვლავ დაუბრუნდება წონასწორობის ჯანსაღ მდგომარეობას, რაც 10 000 წლის წინ არსებობდა ბუნებაში“, მაგრამ „თუ მწერები გაუჩინარდებიან, მთელი ეკოსისტემა ქაოსში გაეხვევა“.
დღეს კი მწერთა პოპულაციები არაერთ ადგილას იკლებს და ეს მართლაც შემაშფოთებელია. მსგავსი სურათი გვხვდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და ველურ ბუნებაშიც.

გერმანიის 63 დაცულ ტერიტორიაზე კრეფელდის ენტომოლოგებმა მფრინავი მწერები ჯერ შეაგროვეს 1994 წლის აგვისტოში (მარცხნივ), ხოლო მოგვიანებით – იდენტური მეთოდით – 2016 წლის აგვისტოში (ეს ფოტო). მონაცემთა შედარებამ თავზარდამცემი შედეგი აჩვენა: მწერთა ბიომასის 76%-იანი კლება.
გადაღებულია კრეფელდის ენტომოლოგიურ საზოგადოებაში
კრეფელდის ენტომოლოგიური საზოგადოება (გერმანია) მწერთა კოლექციებს ინახავს ყოფილი სკოლის შენობაში. საკლასო ოთახებში წინათ თუ ბავშვები ონავრობდნენ, ახლა იქ მკვდარი მწერები დაცურავენ ეთილის სპირტით გავსებულ კოლბებში.
„კოლბებს არ ვითვლით, რადგან მათი რიცხვი ყოველკვირეულად იცვლება“, – მითხრა მარტინ სორგმა, რომელიც ამ კოლექციის უფროსი კურატორია. მარტინი ვარაუდობს, რომ იქ „რამდენიმე ათეული ათასი კოლბაა“.
ამ კოლექციის შეგროვება დაიწყო 1980-იანი წლების ბოლოს. სორგსა და მის კოლეგებს აინტერესებდათ, თუ როგორ მისდიოდათ მწერებს ცხოვრება გერმანიის სხვადასხვა ტიპის დაცულ ტერიტორიაზე. მონაცემების ასაღებად მათ მოაწყვეს მახეები, რომლებიც სალაშქრო კარავს წააგავს და „მალეზის ხაფანგს“ უწოდებენ (გამომგონებლის, ენტომოლოგ რენე მალეზის პატივსაცემად). ვინც კი შიგნით „ფეხს შედგამდა“, ვეღარავინ უსხლტებოდა ხაფანგს – ბუზები, კრაზანები, ბინდისა და დღის პეპლები, ფუტკრები თუ ბადეფრთიანები. საბოლოოდ კი მთელი ეს ნადავლი კოლბებში ხვდებოდა.
ჯერ ერთი წერტილი დაფარეს, შემდეგ – მეორე… თანდათან კვლევამ მოიცვა 63 დაცული ტერიტორია. ასე გავიდა 20 წელიწადზე მეტი და აი, 2013 წელს, ენტომოლოგები იმ ორ ადგილს მიუბრუნდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ 1989 წელს აღწერეს. რაც ახლა ხაფანგში დახვდათ, მხოლოდ ნამცეცი იყო 24 წლის წინანდელ ბიომასასთან შედარებით. 2014 წელს კიდევ ერთხელ შეამოწმეს ეს ადგილები და, მათთან ერთად, ათზე მეტი სხვა ლოკაციიდანაც განმეორებით აიღეს ნიმუშები. სადაც კი მივიდნენ, ყველგან მსგავსი სურათი იხილეს.
აღებული მონაცემების გასაანალიზებლად კრეფელდის საზოგადოებამ სხვა ენტომოლოგები და სტატისტიკოსები დაიხმარა. მათი საბოლოო დასკვნის საფუძველზე კი დადგინდა, რომ გერმანიის დაცულ ტერიტორიებზე მფრინავ მწერთა ბიომასა კოლოსალურად – 76 პროცენტით შემცირდა 1989-2016 წლებში.

გამოქვეყნდა თუ არა ეს ანგარიში, მაშინვე აჭრელდა მთელი მსოფლიოს ახალი ამბები. ერთ დროს უჩინარი კრეფელდის ენტომოლოგიური საზოგადოება პირდაპირ „წალეკეს“, ყველა მათგან ითხოვდა სამეცნიერო თუ მედიაინფორმაციას – და ასეა დღემდე. „ბოლოც არ უჩანს“, – ამოიოხრა სორგმა.
ამ ცნობამ დარაზმა მთელი მსოფლიოს ენტომოლოგები, რომ დეტალურად შეესწავლათ მწერებზე არსებული ჩანაწერები და მათი კოლექციები. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, გამოქვეყნებული ნაშრომები ტენდენციურობას უჩვენებს; მათი თქმით, იმ კვლევებს უფრო ფართოდ აშუქებენ, რომლებშიც დრამატული ცვლილებებია ასახული, ხოლო ნაკლებ საგანგაშო დასკვნებს ასევე ნაკლებადაც ბეჭდავენ. როგორც უნდა იყოს, ზემოხსენებულმა ინფორმაციამ მთელი სამეცნიერო საზოგადოება გამოაფხიზლა. ნიუ-ჰემფშირის დაცულ ტყეზე მომუშავე მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ხოჭოების პოპულაცია 80%-ზე მეტით შემცირდა 1970-იანი წლებიდან. ხოლო მათი სახეობრივი მრავალფეროვნება 40%-ით დაეცა.
ნიდერლანდებში პეპლების მდგომარეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მათი რაოდენობა თითქმის 85 პროცენტით შემცირდა XIX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული, ხოლო აშშ-ის შუა-დასავლეთ რეგიონში ჩატარებული კვლევით, ერთდღიურების პოპულაციამ ნახევარზე მეტითაც კი იკლო მხოლოდ 2012 წლიდან. გერმანიაში მეცნიერთა სხვა გუნდმაც კრეფელდის მსგავსი ტენდენცია გამოავლინა. მათ შეისწავლეს ერთმანეთისგან დიდ მანძილზე დაშორებული სამი დაცული ტერიტორია, მონაცემებს იღებდნენ ასობით სხვადასხვა წერტილიდან და ამ პროცესს ციკლურად იმეორებდნენ, ბოლოს კი დაასკვნეს, რომ ბალახნარსა და ტყიან ზონებში მწერთა სახეობების რაოდენობა 30 პროცენტზე მეტით დაეცა 2008-2017 წლებში.
„ეს მართლაც შემაშფოთებელია“, – აცხადებს მკვლევარი ვოლფგანგ ვაისერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მაგრამ დღეს „მსგავს სურათს გვიხატავს სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა“.
ხალხს ალბათ ხიბლავს პეპელა და სძულს კოღო, მაგრამ მთავარი ამბავი ის გახლავთ, რომ მწერთა უმრავლესობას ჩვენ მცირე ყურადღებასაც არ ვაქცევთ. ასეთი დამოკიდებულება ბევრად უფრო მეტს გვეუბნება ორფეხა არსებების ბუნებაზე, ვიდრე დედამიწის ექვსფეხა ბინადრებზე.
მწერები ცალსახად ყველაზე უფრო ნაირგვაროვანი არსებები არიან მთელ პლანეტაზე. ისეთი სიუხვით გვხვდებიან, მეცნიერები დღემდე ვერ გარკვეულან, თუ რამდენი სახეობაა მსოფლიოში. აქამდე მოხერხდა მილიონამდე მწერის სახელდება, მაგრამ ზოგადად ყველა თანხმდება, რომ ბევრად უფრო მეტი – უახლესი კვლევებით, 4 მილიონამდე სახეობა – ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. მაგალითად, პარაზიტოიდი კრაზანის მხოლოდ ამ კონკრეტულ ოჯახში (Ichneumonidae) 100 000 სახეობამდე ერთიანდება, ეს რიცხვი კი აღემატება ჩვენთვის ცნობილი თევზის, რეპტილიის, ძუძუმწოვრის, ამფიბიისა და ფრინველის ყველა სახეობას ერთად აღებულს. Ichneumonidae-ს მხოლოდ არსებობაც საკმარისია, რომ სამყაროში სიცოცხლის შექმნის ბიბლიური თეორია უკუვაგდოთ – უმტკიცებდა ერთხელ დარვინი თავის მეგობარს – რადგან „გულმოწყალე და ყოვლისშემძლე ღმერთი არაფრით მოავლენდა ასეთ საძაგელ, მკვლელ პარაზიტს“ ზემოხსენებული სიმრავლით.
მწერები გვხვდებიან ხმელეთის, პრაქტიკულად, ყველა ტიპის ჰაბიტატში, მათ შორის, ექსტრემალური ბუნებრივი პირობებით გამორჩეულ ზონებშიც. მეგაზაფხულენი აღუწერიათ ზღვის დონიდან 5600 მეტრზე ჰიმალაის მთებში, ქერცლოვანა კი – დედამიწის ზედაპირიდან 900 მეტრ სიღრმემდე დაშვებულ გამოქვაბულებში. ორფრთიანი ბზუალასებრი (Ephydra thermophila) ცხოვრობს იელოუსტოუნის მდუღარე წყაროთა ნაპირებზე, ხოლო უფრთო ხრიალა (Belgica Antarctica) ერთგვარი „ანტიფრიზის“ გელით პოხავს თავის კვერცხებს ყინვაში გადასარჩენად. მძინარა ტენდიპედიასებრი ბინადრობს აფრიკის სემიარიდულ რეგიონებში; ინტენსიური გვალვისას ამ ბუზის ლარვები ერთგვარ ანაბიოზის მდგომარეობაში შედიან და „გამოფხიზლებას“ 15 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი ახერხებენ.
რა განაპირობებს მწერების უსაზღვრო სახესხვაობას? დაუსახელებიათ არაერთი მიზეზი, მათ შორის, ყველაზე მარტივად გასააზრებელი – მწერები მოდიან უხსოვარი დროიდან. ხმელეთზე დასახლდნენ 400 მილიონი წლის წინ და, ამ მხრივ, თვით დინოზავრებიც კი 200 მილიონი წლით უკან ჩამოიტოვეს. ასეთი ხანგრძლივი ისტორიის დახმარებით მათ მიეცათ უზღვავი დრო სახეობრივი მრავალფეროვნებისთვის.
ამასთან, მწერებს შესწევთ უნარი – აითვისონ უამრავი სხვადასხვა ტიპის ეკოლოგიური ნიში. მწერები იმდენად პაწაწინები არიან, რომ ერთ ხეზე მათი ასობით სახეობა შეიძლება ცხოვრობდეს; ზოგი ქერქს „ბურღავს“, ზოგიც ფოთლებს ღრღნის, კიდევ სხვები – ფესვებით იკვებებიან. „რესურსების გაყოფით“ მწერები ახერხებენ, რომ არაერთმა სახეობამ გაინაწილოს მეტ-ნაკლებად ერთი საბინადრო სივრცე.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მოცემულობა: თუ მწერების ისტორიას ჩავხედავთ, სახეობათა გადაშენების ტემპი დაბალია ყველა პერიოდში. რამდენიმე წლის წინ მეცნიერები ჩაუღრმავდნენ ხოჭოს უდიდესი ქვერიგის – Polyphaga-ს პალეონტოლოგიურ ქრონიკებს. შედეგად მათ აღმოაჩინეს, რომ ამ ჯგუფში ერთი ოჯახიც კი არ გადაშენებულა მთელი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში – გადაურჩნენ მასობრივი ამოწყდომის მოვლენასაც, რომელიც ცარცულ პერიოდში აღინიშნა 66 მილიონი წლის წინ. ხოლო ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, კიდევ უფრო ავისმომასწავებელ ელფერს სძენს მწერთა შემცირების დღევანდელ ტენდენციას.

ყოველ შემოდგომაზე ათასობით მკვლევარი იკრიბება ამერიკის ენტომოლოგიური საზოგადოების სიმპოზიუმზე. დამსწრეთა უპრეცედენტო სიმრავლით გამოირჩეოდა 2019 წელს ჩატარებული შეხვედრა თემაზე: „მწერების შემცირება ანთროპოცენში“.
სიტყვით გამომსვლელები ერთიმეორის მიყოლებით წარადგენდნენ სამწუხარო მტკიცებულებებს. სორგმა განიხილა კრეფელდის კვლევები, ფორისტერმა – პეპლების პოპულაციური კლება სიერა-ნევადაში; ტოკე თომას ჰეიემ (ორჰუსის უნივერსიტეტი, დანია) აღნიშნა ბუზების შემცირება ჩრდილო-აღმოსავლეთ გრენლანდიის მინდვრებზე, ხოლო ენტომოლოგმა მეი ბერენბაუმმა ილაპარაკა „დამამტვერიანებელთა გლობალურ კრიზისზე“.
ეს კონფერენცია ენტომოლოგ დევიდ ვაგნერის ორგანიზებით გაიმართა. როდესაც მისი სიტყვის ჯერი დადგა, ვაგნერმა ერთ „თავსატეხზე“ მიუთითა დამსწრეებს. „აქ ყველა გამომსვლელი თანხმდება, რომ მწერებს მართლაც მძიმე დრო დაუდგათ, თუმცა მიზეზის დასახელებისას კონსენსუსს ვერაფრით ვაღწევთ“, – აღნიშნავდა იგი. ზოგი კლიმატის ცვლილებას ადანაშაულებდა, ზოგიც აგროტექნიკასა თუ მწერთა ჰაბიტატების ფრაგმენტაციას. „საკმაოდ უცნაურია! ამ პრობლემას უამრავი მეცნიერი აკვირდება და ზუსტად მაინც ვერ გამოვკვეთეთ კონკრეტული სტრესორები“, – დასძინა ვაგნერმა.
სიმპოზიუმი დასრულდა. რამდენიმე კვირაში ვაგნერს შევხვდი ამერიკის ბუნებისმეტყველების მუზეუმში (ნიუ-იორკი). იქ მწერების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია ინახება. საილუსტრაციოდ ვაგნერმა გამოაღო ერთ-ერთი სათავსი და მიჩვენა ბაზის გვარის (Bombus) წარმომადგენლები. მაგალითად, პატაგონიური ბაზი (Bombus dahlbomii), ერთ-ერთი უდიდესი ფუტკარი პლანეტაზე, რომლის პოპულაციაც მკვეთრადაა შემცირებული ჩილესა და არგენტინაში.
სხვა უჯრას ავსებდნენ წითური ბაზები (Bombus affinis), რომელთაც ზურგზე აღნიშნული მოწითალო ლაქა გამოარჩევთ. მათი რიცხვი იმდენად შემცირდა აშშ-ში, რომ გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობის სტატუსი მიენიჭა.
„დღეს ვეღარც კი წააწყდებით სადმე“, – თქვა ვაგნერმა. შემდეგ კი განაგრძო, რომ მათი გასაჭირის მიზეზად ბაზის გვარში შემავალი ერთი სხვა სახეობა – ჯუჯა პარაზიტი ბაზი (Bombus bohemicus) შეიძლებოდა დაგვესახელებინა. ის იჭრება თავის მონათესავე სახეობათა ბუდეებში, უჭამს ლარვებს და მათ ადგილას საკუთარ შთამომავლობას „აბინავებს“. თუმცა, დღეს ეს პარაზიტი სახეობაც ასევე ხელიდან გვეცლება“, – თქვა მან.

გადაღებულია იანაიაკუს ბიოლოგიურ კვლევით სადგურში
„როგორ ფიქრობთ, რა უნდა იწვევდეს მწერთა შემცირებას?“ – შევეკითხე ვაგნერს. „გარკვეულ ეტაპზე, – თქვა მან, – ცალსახა პასუხს ვხედავდით: ბუნებრივია, ჩვენ ველოდებით სახეობრივ კლებას, როდესაც პლანეტაზე უკვე 7 მილიარდი ადამიანია“. გამოკვება, ჩაცმა, დაბინავება თუ ტრანსპორტირება – აღნიშნული პროცესებისას ადამიანები ძირეულად გარდაქმნიან დედამიწას, ჩეხენ ტყეებს, ხნავენ ბალახნარს, თესენ მონოკულტურებს, აფრქვევენ დამაბინძურებლებს. თითოეული ეს ქმედება სტრესში აგდებს მწერებსა და, ზოგადად, ცხოველებს, რომელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის პოპულაცია მცირდება.
„ჩვენ ვიცით, რომ დადგება ბიომრავალფეროვნების კრიზისი,“ – თქვა ვაგნერმა.
მაგრამ, რაც ასე გვაბნევს, მწერთა გადაშენების ტემპია. ამ კლასში ბევრად სწრაფი კლებითი პროცესია ცხოველთა ნებისმიერ სხვა ჯგუფთან შედარებით. რატომ? ერთი შესაძლო პასუხი პესტიციდებია; აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების სამიზნე მხოლოდ მავნებელი სახეობებია, მაგრამ პესტიციდებმა „არ იციან“ ცუდი და კარგი მწერის გარჩევა, ვინ ანადგურებს და ვინ დამტვერავს სამეურნეო კულტურებს. თუმცა, მეორე მხრივ, ზოგიერთ ადგილას, სადაც მკვეთრი შემცირება აღინიშნა – მაგალითად, უაიტ-მაუნტინი ნიუ-ჰემფშირში – პესტიციდების გამოყენება მინიმალურია. და აი, კვლავ ჩნდება თავსატეხი.

„პირველად ჩვენს ისტორიაში, – ამბობს ვაგნერი, – ვფიქრობ, ადამიანები მართლაც ღელავენ ეკოსისტემის ფუნქციონირებასა და ყველა იმ სიკეთეზე, რასაც მწერები აწვდიან პლანეტას“.
მწერები ასრულებენ უთვალავ ფუნქციას, მათ უმრავლესობას კი ვერც ვამჩნევთ. მოყვავილე მცენარეთა დაახლოებით სამ მეოთხედს მწერები დამტვერავენ. ნაყოფმსხმოიარე კულტურების უმრავლესობაც, ვაშლი თუ საზამთრო, მწერების დამტვერვით ცოცხლობს.
მწერები საკვანძო როლს თამაშობენ თესლის გაფანტვა-გაბნევაშიც. არაერთი მცენარის თესლია „აღჭურვილი“ პატარა გამონაზარდით, რომელიც ცხიმებითაა გაჯერებული. მოვლენ ჭიანჭველები, წააცუნცულებენ თესლს, მიირთმევენ მხოლოდ ამ გამონაზარდს – თანათესლს, თავად „ბირთვს“ კი გასაღივებლად უტოვებენ ბუნებას.
მწერებით, თავის მხრივ, იკვებება მტკნარი წყლის თევზი და თითქმის ყველა ტიპის ხმელეთის ცხოველი – რეპტილიები, ძუძუმწოვრები თუ ფრინველები.
ფრინველები ომნივორებად (ყველაფრისმჭამელი) ყალიბდებიან ზრდასრულ ასაკში, თუმცა ზრდის პროცესში ხშირად იკვებებიან მხოლოდ მწერებით. განსაკუთრებით უმძიმთ იმ სახეობებს, რომელთა რაციონის დიდ წილს მწერები შეადგენენ.
ამასთან, მწერები გვევლინებიან რედუცენტებად (მკვდარ ორგანულ ნივთიერებათა მინერალურ შენაერთებად გარდამქმნელი მიკროორგანიზმი) და სწორედ მათი დამსახურებით ბრუნავს სიცოცხლის ბორბალი. ფუნდურა ჭამს ექსკრემენტებს და, ამგვარად, საკვებ ნივთიერებებს კვლავ ნიადაგში აბრუნებს, ტერმიტები კი ხის მერქანს მიირთმევენ და იმავე პროცესს უწყობენ ხელს. რომ არა მწერები, მკვდარი ორგანული მასა – ადამიანის ჩათვლით – „დახვავდებოდა“ დედამიწაზე. კალიფორიდებს შეუძლიათ ცხედრის 60 პროცენტი შთანთქან, სულ რაღაც ერთ კვირაში.
წარმოუდგენელია, როგორ უნდა გამოსახო მთელი ეს „ღვაწლი“ რამე ფულადი ღირებულებით, თუმცა, ორი ენტომოლოგი მაინც შეეცადა 2006 წელს. შეფასების კრიტერიუმად აირჩიეს „მწერების მომსახურების“ 4 კატეგორია: ექსკრემენტების დამარხვა, მავნებლების კონტროლი, დამტვერვა, ცხოველთა საკვები წყარო“. შედეგად მიღებული ციფრი გაუტოლდა 57 მილიარდ დოლარს წელიწადში, თანაც ეს კვლევა მხოლოდ აშშ-ს უჩვენებდა.

გადაღებულია ლა-სელვას კვლევით სადგურზე
ლა-სელვას კვლევით სადგურს სულ რაღაც 55 კილომეტრი აშორებს სან-ხოსესგან, თუმცა, იქ მოსახვედრად თქვენ ორი საათი უნდა იმგზავროთ კოსტა-რიკის დედაქალაქიდან და ციცაბო სერპანტინებიანი უღელტეხილი გადაიაროთ.
ამ კვლევით სადგურზე შთამბეჭდავ ღამის გასართობს გვთავაზობდა ერთი მომცრო პავილიონი თავისი თეთრი ქსოვილითა და ულტრაიისფერი განათებით, რომელიც უთვალავ მწერს იზიდავდა. აქ ისეთი ურიცხვი რაოდენობით იყრიდნენ თავს, რომ ვიზიტორები მზის ამოსვლამდეც კი რჩებოდნენ ხოლმე მათ საცქერლად. თუმცა, გასული 20 წლის განმავლობაში ეს ჯადოსნური „დასი“ თანდათან გაუჩინარდა.
„აქ რომ პირველად ჩამოვედი, პავილიონი მართლაც სიცოცხლით დუღდა, – ამბობს ეკოლოგი ლი დაიერი. – დღეს მხოლოდ ერთ-ორ მწერს თუ წააწყდებით სადმე“.
ლა-სელვას სადგურზე დაიერი მუშაობს 1991 წლიდან. იგი იკვლევს, თუ როგორ ზემოქმედებენ მწერები მასპინძელ მცენარეებზე და, ამასთანავე, ერთმანეთზე. უამრავი მწერი ცხოვრობს სხვა მწერის „ხარჯზე“. მაგალითად, პარაზიტული კრაზანების უმრავლესობა კვერცხებს დებს მუხლუხების სხეულში და მასპინძლის ორგანიზმს გადააქცევს ერთგვარ „ცოცხალ საკუჭნაოდ“: დროთა განმავლობაში კრაზანის ლარვები შიგნიდან იწყებენ მუხლუხების გამოხრას. სხვა მწერები, ჰიპერპარაზიტოიდები, თავიანთ კვერცხებს დებენ თავად პარაზიტოიდების სხეულზე ან მის შიგნით. ისეთი მწერებიც კი არსებობენ, თვითონ ჰიპერპარაზიტოიდებზეც რომ პარაზიტობენ.
სტუდენტებისა თუ მოხალისეთა დახმარებით, დაიერი აგროვებდა მუხლუხებს, შემდეგ კი აკვირდებოდა მათი ზრდის პროცესს, ნეტავ, ვინ გამოყოფდა თავს – ზოგჯერ ჩნდებოდნენ ბინდის პეპლები, სხვა შემთხვევებში კი – პარაზიტოიდები. მას არ უძებნია მწერთა კლების მტკიცებულებები. თუმცა, ფაქტები თავად ამოტივტივდა. დანიელე სალსიდო, დაიერის ერთ-ერთი მაგისტრანტი, უკანასკნელი 20 წლის მონაცემებში იქექებოდა და, უცებ, ასეთი რამ აღმოაჩინა: 1997 წლიდან მოყოლებული, ლა-სელვას მუხლუხების სახეობრივი მრავალფეროვნება 40%-ით შემცირდა; ხოლო პარაზიტოიდებმა კიდევ უფრო მკვეთრი კლება აჩვენეს – დაახლოებით 55%-იანი ვარდნა.
მუხლუხების არაერთი სახეობა იკვებება სასოფლო-სამეურნეო კულტურებით. ამ „მავნებლების“ რიცხვს კი სწორედ პარაზიტოიდები აკონტროლებენ და, ბუნებრივია, მათი პოპულაციური კლება პირდაპირ უნდა აისახოს მოსავლის გაჩანაგებაზე. მუხლუხებსა და პარაზიტოიდებს შორის გაწყვეტილი ურთიერთკავშირები ერთ საკითხზეც დაგვაფიქრებს: დღეს შესაძლოა კიდევ არაერთი კვებითი ჯაჭვი იშლებოდეს და ეს იმ ფონზე, როდესაც ადამიანებს ჯერ არც კი გამოგვივლენია ამ ჯვარედინი კავშირების უმრავლესი ფორმა.

ჩირიკაუას მთებში (არიზონა) დადგმული სინათლის ხაფანგები იზიდავს მეტწილად სფინქსისებრებს (Hyles lineata) და მწვანე კუსებურებს. აქ დაიერის გუნდს არ აღუნიშნავს მუხლუხების შემცირება, მაგრამ, გასულ წლებში, როგორც იგი ამბობს, მახეში ბევრად მეტი და იშვიათი მწერი ებმებოდა.
გადაღებულია სამხრეთ-დასავლეთის კვლევით სადგურზე, ამერიკის ბუნებისმეტყველების მუზეუმი
გრძელვადიან მონაცემთა უმეტესობა მიღებულია ზომიერი სარტყლის (ევროპა ან აშშ) მწერებზე დაკვირვებით, მაგრამ მწერთა სრული წარმომადგენლობის დაახლოებით 80 პროცენტი ბინადრობს ტროპიკებში. სწორედ ეს ფაქტორი მატებს მნიშვნელობას (პოტენციურად) დაიერისა და სალსიდოს აღმოჩენებს. ლა-სელვას გარს არტყია სასოფლო-სამეურნეო მიწები, რაც თავისთავად განაპირობებს ჰაბიტატის ფრაგმენტაციასა თუ პესტიციდების გამოყენებას, თუმცა დაიერი ფიქრობს, რომ მწერების შემცირება, პირველ რიგში, მაინც კლიმატის ცვლილებას უნდა მიეწეროს. უფრო კონკრეტულად, იგი მიგვითითებს ამინდის ექსტრემალურ გამოვლინებებსა და მათი ინტენსიურობის ზრდაზე. მწერის უამრავი სახეობა „მართლაც მტკივნეულად რეაგირებს ამ ანომალიურ მეტეოპირობებზე, განსაკუთრებით კი ტროპიკებში, – ამბობს იგი, – ისინი ხომ მიუჩვეველნი არიან ძლიერ კლიმატურ რყევებს“.
დენ ჯენზენი და უინი ჰოლუოქსი იკვლევენ ტროპიკული ზონების ეკოლოგიას. ისინი წელიწადში ექვს თვეს ატარებენ ქალაქ ლიბერიაში (კოსტა-რიკა). თავიანთ სახლს უზიარებენ ველური ბუნების ყველა იმ წარმომადგენელს, რომელიც კი იქ დაბინავებას მოისურვებს, ფრინებსა თუ ცხვირფოთოლასებრებს.
გარემომცველი ლანდშაფტი მკვეთრად განსხვავდება ლა-სელვასგან – ტროპიკულ მშრალ ტყეს ანაცვლებს მთის ჭარბტენიანი ტყე და არა – დაბლობის ტროპიკული ტყე. თუმცა, მწერები აქაც მკვეთრად შემცირდნენ.
ჯენზენი და ჰოლუოქსიც თანხმდებიან, რომ მთავარი დამნაშავე კლიმატის ცვლილებაა. ახლა ჯენზენი 81 წლისაა. პირველად იგი 1963 წელს ჩამოსულა კოსტა-რიკაში. მისი თქმით, იმ ადრეულ წლებში მშრალი სეზონი 4 თვე გრძელდებოდა, „დღეს კი სახეზეა 6-თვიანი მშრალი სეზონი, შესაბამისად, ყველა არსებას, რომელიც 4-თვიან მშრალ სეზონზეა ადაპტირებული, ახლა უწევს დამატებით 2 თვესთან გამკლავება. მათ ეწურებათ საკვები, კარგავენ ორიენტაციას, მთელი სამყარო თავზე ენგრევათ“.

გადაღებულია ტენესის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ საველე სადგურზე
რა შეიძლება გაკეთდეს ამ ავისმომასწავებელი ტენდენციის შესაქცევად? გარკვეული აზრით, ეს თავისთავად დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. თუ მთავარი ფაქტორი კლიმატის ცვლილებაა, მაშინ, ალბათ, მხოლოდ გლობალური მოქმედებით შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას, ვთქვათ, შევამცირებთ სათბურის აირების მსოფლიო ემისიებს. თუ პესტიციდები ან ჰაბიტატის დაკარგვაა მთავარი დამნაშავე, რეგიონულ და ლოკალურ დონეზე მოქმედებაც დიდად შეცვლიდა სურათს.
დამამტვერიანებელ მწერთა დასაცავად ევროკავშირმა აკრძალა ნეონიკოტინოიდის პესტიციდების უმრავლესობა. ეს ქიმიური ნივთიერება დასახელდა მწერებისა და ფრინველთა პოპულაციური კლების მიზეზად. შარშან შემოდგომაზე გერმანიის მთავრობამ მიიღო „სამოქმედო პროგრამა მწერების დასაცავად“, რომელიც მოითხოვს მწერთა ჰაბიტატების აღდგენას, ინსექტიციდების აკრძალვას კონკრეტულ ზონებში და გლიფოსატის სრულიად ამოღებას (კვლევების თანახმად, აღნიშნული ჰერბიციდი საფრთხეს უქმნის მწერებისთვის სასიცოცხლო მცენარეებს და შესაძლოა შლიდეს იმუნურ სისტემასაც).
ახლახან 50-მა მეცნიერმა წარმოადგინა ერთობლივი „გზამკვლევი გეგმა“ მწერების გადასარჩენად. მათი საკონსერვაციო რეკომენდაციები ითვალისწინებდა შემდეგს: აგრესიული ნაბიჯების გადადგმა სათბურის აირების შესამცირებლად, უფრო მეტი ბუნებრივი ზონის შენარჩუნება, რაც თავშესაფარს გაუზრდიდა მწერებს, და მკაცრი კონტროლი ინვაზიურ სახეობებთან მიმართებით. ზემოხსენებული ჯგუფი მოგვიწოდებდა ასევე სინთეტიკური პესტიციდებისა და სასუქების შემცირებისკენ.

„ჩვენ უამრავი სასარგებლო რამის გაკეთება შეგვიძლია მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ვაგნერმა. „ვუშველოთ რამით კლიმატს, ეს პირველი ამოცანაა ჩემს სიაში. თუ ჩვენ შევამცირებთ პესტიციდების გამოყენებას მათი „კოსმეტიკური“ დანიშნულებით, მაგალითად, გაზონების მოსავლელად, პლანეტა მოგებული დარჩება ნებისმიერ შემთხვევაში“.
მსოფლიოში სულ ერთი-ორი ორგანიზაციაა, რომელიც კონკრეტულად უხერხემლო ცხოველთა კონსერვაციაზე მუშაობს. ასეთია, მაგალითად, პორტლენდში (ორეგონი) დაფუძნებული Xerces Society. ერთ დღეს დავემგზავრე მის დირექტორ სკოტ ბლექს და კალიფორნიის ველისკენ გავწიეთ. მანქანის მართვისას ბლექმა გაიხსენა თავისი პირველი სიყვარული – მუსტანგი, რომელიც თინეიჯერობისას შეიძინა 1979 წელს. თურმე, ყოველ წუთს მისი რეცხვა უწევდა ზედ მიკრული მკვდარი მწერების მოსაშორებლად. „ახლა ათასში ერთხელ თუ დავინახავ ჩემს მანქანაზე მიკრულ მწერს“, – მეუბნებოდა იგი – „ეს იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ თავისი სახელიც კი მოუფიქრეს – „საქარე მინის ეფექტი“.
გზად რომ ჩავუარეთ კილომეტრებზე ჩამწკრივებულ ნარგავებს, ბლექმა თავი გააქნია სინანულის ნიშნად. „წინათ ამ ვაკეზე გაშენებულ ფერმებს კიდეზე მიუყვებოდა სარეველა მცენარეთა რიგები, სადაც თავშესაფარს პოულობდნენ მწერები, დღეს კი მათ თხრიან გზისპირებზე, – მეუბნება იგი, – რასაც მე ვხედავ, ჰაბიტატის ნაკლებობაა“.
როგორც იქნა, მივაღწიეთ ბიქსლერის მეურნეობას. ამ 520 ჰექტარზე გაშლილ მიწაზე ნუშსა და ლურჯ მოცვს აშენებენ, რამდენიმე წლის წინ კი მეპატრონეებმა გადაწყვიტეს Xerces-თან ეთანამშრომლათ. მათ მოაწყვეს „ცოცხალი ღობეები“ და ნაწილობრივ კვლავ აღადგინეს ბუნებრივი ჰაბიტატი, რომელიც გასულ 50 წელიწადში სრულიად დაარღვია ინტენსიურმა სოფლის მეურნეობამ. ვუდსის ვარდისა თუ ანწლის მსგავს მაღალ ბუჩქებს ანაცვლებდა უფრო მომცრო თეთრი სალბი და დასავლური ვერბენა. ზაფხული იწურებოდა; ცხელი, მტვრიანი დღე იდგა და მცენარეთა უმეტესობაც მწყურვალი ჩანდა. თუმცა, ბუჩქებში მაინც ბზუოდნენ მეგაქილიდებისა თუ ჰალიქტიდების ოჯახთა წარმომადგენელი ფუტკრები. „თუ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ, ისინიც მოდიან“, – მეუბნება ბლექი.
„ამ პლანეტის ქსოვილს ქმნიან მცენარეები და მწერები, – აგრძელებდა იგი. – ჩვენ კი სულ ვაქუცმაცებთ მას, ახლა კვლავ უნდა მოვქსოვოთ როგორმე“.
ელიზაბეთ კოლბერტი ავტორია წიგნისა: „მეექვსე გადაშენება“. იგი ხშირად წერს ჩვენი ჟურნალისთვის. ფოტოგრაფი დევიდ ლიტშვაგერი ფოკუსირდება ბუნების ფარულ სილამაზეზე. ჯეისონ ბიტელი ჩავიდა კოსტა-რიკაში, რომ ინფორმაცია შეეგროვებინა ამ სტატიისთვის. მან დაწერა ფუტკრებზე 2019 წლის მარტის ნომერში.