სადაც ნაყინი მეფობს
ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში წყლის ნაკლებობით შეწუხებული ფერმერები შემოსავლის ახალ წყაროებს იგონებენ.
შაჰრუქ შაჰის ბავშვობაში ინდოეთის პატარა, მტვრიანი ქალაქი განგაპური დიდად არაფრით გამოირჩეოდა. ის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო ცენტრი იყო. შაჰის ოჯახიც სიმინდსა და ხორბალს ზრდიდა დაახლოებით ერთ ჰექტარ მიწაზე, თუმცა ცენტრალურ რაჯასტანში, ინდოეთის უდიდეს და ერთ-ერთ ყველაზე მშრალ შტატში, ფერმერობა ყოველთვის ძნელი იყო, დროთა განმავლობაში კი უფრო გართულდა ფრაგმენტული წვიმის სეზონებით, გვალვების გახშირებით და სარწყავი წყლის ნაკლებობით.
2014 წელს, უნალექო ზაფხულის თვეებში, როდესაც შაჰი თინეიჯერი იყო, მისმა მამამ გადაწყვიტა, ფერმერობისთვის თავი დაენებებინა და დაეწყო საქმე, რომელმაც განგაპური ცნობილი გახადა: ნაყინი.

უფრო ზუსტად, განგაპური გახდა სანაყინე ფურგონების წარმოების კერა. ქალაქის მთავარი მაგისტრალის თითქმის 1,5 კმ-იან ზოლზე ჩამწკრივებულია სახელოსნო ფარეხები. იქ აწყობენ და აფორმებენ უჟანგავი ფოლადის კორპუსებს, რომლებიც მაგრდება მინისატვირთო მანქანებზე. ეს მანქანები, სახელად „ტემპო“, აბრებითა და შუქდიოდური ნათურებითაა გაფორმებული, ხოლო ეს პატარა ქალაქი, დაახლოებით 21 000 მცხოვრებით, სავსეა სტამბებით და მაცივრების, სადღვები მანქანების, სიროფებისა და ნაყინის კოვზების გზისპირა მაღაზიებით. ყველა მათგანი ტემპოს მფლობელებს ემსახურება.
საკვები ურიკების წარმოების მოკრძალებული ინდუსტრია განგაპურში დიდი ხანია არსებობს, თუმცა ნაყინის ტემპოებზე მოთხოვნა კლიმატის ცვლილებამ გაზარდა, რეგიონულმა წყლის კრიზისმა კი უბიძგა რაჯასტანელ ფერმერებს ალტერნატიული შემოსავალი მოეძებნათ.
მარცხნივ: 19 წლის შანკარ სინგჰ რაუატი (მარცხენა ფოტო) განგაპურში ნაყინის გაყიდვით დღეში 7000 რუპიას (დაახლ., 80 დოლარი) გამოიმუშავებს. ეს ბევრად აღემატება ფერმერების ტიპურ შემოსავალს. დიდ ქალაქში მეტს გაყიდდა, თუმცა ოჯახთან ახლოს ყოფნა ურჩევნია. მარჯვნივ: მყიდველები ნაყინის რიგში დგანან პუშკარის აქლემების ფესტივალზე. „იკითხეთ, სად დამზადდა ნებისმიერი ტემპო მთელ ინდოეთში და ყველა გეტყვით – განგაპურში“, – ამბობს ტუშარ ვაიშნავი, რომელიც განგაპურის შესახებ გვერდს მართავს Instagram-ზე.
„ოთხიდან ექვს თვემდე შრომით ერთი წლის სამყოფს გამოვიმუშავებთ“, – ამბობს შაჰი, რომელმაც ნაყინის გაყიდვა მამის ტემპოდან დაიწყო. ახლა 30 წლისაა და უკვე თავის სანაყინე ფურგონს ფლობს და ყოველ ზაფხულს განგაპურიდან 80 კილომეტრში მდებარე სხვა სოფელში მუშაობს. იგი ნაყინის ბევრ გამყიდველს იცნობს, რომლებიც ათასობით კილომეტრის დაშორებითაც მიდიან სამუშაოდ და არჩევენ დატვირთულ გზაჯვარედინებს, სადაც დესერტის მყიდველი საშუალო და შეძლებული კლასის წარმომადგენლები მომრავლდნენ.
ეს საზაფხულო მიგრაცია სარფიანი აღმოჩნდა განგაპურისთვის, სადაც ნაყინის მომავალი გამყიდველები მთელი ინდოეთიდან ჩამოდიან თავიანთი ტემპოების ასაწყობად.

ბაბა რაიჩანდი, რომელმაც განგაპურის ტემპოს სახელოსნოებზე YouTube-ის მარკეტინგული ვიდეოების გადაღება თავის საქმიანობად აქცია, ამბობს, რომ ქალაქში უკვე 200-ზე მეტი ასეთი სახელოსნოა. აქ პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ნეპალიდან ჩამოსულ მომხმარებელსაც კი ემსახურებიან. შაჰი ვარაუდობს, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განგაპურში 400 000-დან 500 000-მდე ნაყინის ტემპო აეწყო. აქედან 80 თავად აწარმოა მას შემდეგ, რაც სახელოსნო გახსნა 4 წლის წინ. ამ სუბკონტინენტის ნაყინისადმი სიყვარულს საზღვარი თუ აქვს, აშიშ სუვალკა მას ვერ ხედავს.

ისიც განგაპურის ფერმერული ოჯახიდანაა და ახლა უდაიპურში, სამხრეთ რაჯასტანის ნახევარმილიონიან ქალაქში ცხოვრობს. 24 წლის ასაკში ის სამი ტემპოს მფლობელია და პატარა გუნდი ჰყავს დასაქმებული. „მოსახლეობა იზრდება, – ამბობს სუვალკა, – დესერტი ყველა მათგანს სურს“