საფრთხის შემცველი ვაჭრობა
ველური მცენარეები ყოველდღიური მოხმარების არაერთ პროდუქტში გამოიყენება, ხშირად – ადამიანების და გარემოს დაზიანების ხარჯზე. მომხმარებლებს ამის შეცვლა შეუძლიათ.
საფრთხის შემცველი ვაჭრობა
ველური მცენარეები ყოველდღიური მოხმარების არაერთ პროდუქტში გამოიყენება, ხშირად – ადამიანების და გარემოს დაზიანების ხარჯზე. მომხმარებლებს ამის შეცვლა შეუძლიათ.
ტკბილეული, ჩაი, ლოსიონები – დიდი ალბათობით, ყოველი მათგანი შეიცავს ველურ მცენარეებს. ნატურალური ინგრედიენტები მომხმარებლისთვის სასარგებლოა, თუმცა ამ მცენარეების მოპოვების გზა შეიძლება აზიანებდეს ეკოსისტემებს და ვნებდეს მუშაკებს. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ბოლოდროინდელი ანგარიშის მიხედვით, სამკურნალო მცენარეების ექსპერტებმა გამოააშკარავეს ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებული რისკები. მათ შორისაა ბრაზილიური კაკლის ხე, საკმლის ხე, ყვითელფესვა, სენეგალური აკაცია და ძირტკბილა.
საყოფაცხოვრებო პროდუქტების ეტიკეტებზე მცენარეული დერივატები „ინგრედიენტების ჩამონათვალში ჩაკარგული“ და ხშირად შეუმჩნეველია, ამბობს ანგარიშის მთავარი ავტორი კეიტლინ შინდლერი. ამასთან, არც ინფორმაციაა დატანილი, თუ რა ფორმით მოხდა მათი მიღება ან დამუშავება.
ჭარბი მოპოვების, დაავადებების, ინვაზიური მავნებლების, კლიმატის ცვლილებისა და ჰაბიტატის დაკარგვის გამო ამ მცენარეებიდან მრავალს გადაშენება ემუქრება. თანაც, მათი შეგროვება შეიძლება ბავშვთა შრომაზე, მშრომელთა უფლებების დარღვევასა და თანამედროვე ტიპის მონობაზეც კი იყოს დაფუძნებული. 20 000-ზე მეტი სამკურნალო ან სურნელოვანი მცენარის გადაშენების საფრთხის სტატუსი არასოდეს შეფასებულა. შესაბამისად, არავინ იცის, რამდენად მდგრადია მათი გამოყენება.
ამავდროულად, ველური მცენარეებით ვაჭრობა ყვავის. აშშ-ში მომხმარებლებმა 2021 წელს 12,3 მილიარდი დოლარი დახარჯეს მცენარეულ საკვებ დანამატებში. ძირტკბილა COVID-19-ის საწინააღმდეგო მცენარეულ მედიკამენტებში გამოიყენება, ხოლო ჩილეს ენდემური საპნის ხის ქერქი COVID-19 -ის ერთ-ერთი ვაქცინის შემადგენლობაშია.
ველურ მცენარეებს ადგილობრივები საუკუნეებია იყენებენ, თუმცა დღეს გლობალური მოთხოვნა მათ საფრთხეში აგდებს, უცხოელმა მომხმარებლებმა კი ხშირად ამ მცენარეების წარმომავლობის შესახებ არაფერი იციან. ამის გამო პროდუქტის ყიდვა უნდა შეწყვიტონ? – არა, ამბობს შინდლერი, „რადგან ეს ინგრედიენტები უამრავი ადამიანის საარსებო წყაროა“. ცვლილებებისთვის ინფორმირებულობაა აუცილებელი. მომხმარებლების მხრიდან პირველი ნაბიჯია „გაიგონ, რომ მათ მიერ ნაყიდ პროდუქტში ველური მცენარის ინგრედიენტია“, – ამბობს იგი. ზოგადად, უფრო უსაფრთხოა ადგილობრივი და, თუ შესაძლებელია, ძვირადღირებული პროდუქტების შეძენა.
მომხმარებლებს შეუძლიათ ყურადღება მიაქციონ ნატურალურობისა თუ სამართლიანი ვაჭრობის სერტიფიკატებს. არაერთი პროგრამა აფასებს ველურ მცენარეთა მომარაგების ჯაჭვების მდგრადობას და დასაქმების პირობებს. ორგანიზაციები, როგორიცაა FairWild, ადგენენ ადამიანურ თუ გარემოსდაცვით რისკებს და მომარაგების საუკეთესო გზებს გვირჩევენ. სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში შინდლერი მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ მოსთხოვონ კომპანიებს მათი მიღება და ეთიკურად მუშაობა. „სანამ ბიზნესკომპანიები მომხმარებლებისგან მეტ ზეწოლას არ იგრძნობენ, ცვლილებებს ვერ დავინახავთ“, – ამბობს იგი.
„ისტორიულად, სამკურნალო მცენარეების ინდუსტრია საიდუმლოებით იყო მოცული“, – ამბობს ენ არმბრეხტი, Sustainable Herbs Program-ის დირექტორი. როდესაც მან ამ სფეროში დაიწყო მუშაობა, „საზოგადოებაში აქტიურად განიხილავდნენ საკვების წარმომავლობას, თუმცა არავინ ინტერესდებოდა, საიდან მოიპოვებოდა მათ ჩაიში არსებული გვირილა“. კომპანიებს არ სურთ შიდაკორპორაციული ინფორმაციის გასაჯაროება, მომხმარებლები კი კითხვებს არ სვამენ.
კომპანიების ვებგვერდებზე არსებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ დასვან კითხვები: იყენებთ ნატურალურ და სამართლიან ვაჭრობაზე დაფუძნებულ ინგრედიენტებს? ამოწმებთ იმ ადგილებს, სადაც თქვენი პროდუქციის ინგრედიენტები იზრდება? რას აკეთებთ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად? კომპანიები, რომლებიც არ ინტერესდებიან თავიანთი ინგრედიენტების წყაროებით, მომხმარებლების მოთხოვნის შედეგად შეცვლიან თავიანთ მიდგომებს, ამბობს არმბრეხტი.

ლუკას პეტრინი, NGM-ის თანამშრომელი. წყარო: WILDCHECK 2020, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები