საგანძურზე მონადირეთა პრობლემა
ლონდონში მდინარე ტემზას ოდითგან ჩხრეკდნენ ენთუზიასტები ძვირფასი ნივთების საძიებლად. შემდეგ ეს ჰობი სოციალურმა მედიამ აიტაცა.
ზაფხულის ერთ დღეს, ცენტრალურ ლონდონში, 44 წლის ლუსი პილი მდინარე ტემზის სანაპიროზე ჩამავალ კიბეზე დაეშვა და ტალახის გროვასთან განერთხა. მდინარის წყლის დონე საგრძნობლად დაწეული იყო. ირგვლივ მიმოფანტული ნაგავი არც შეიმჩნია, და გულმოდგინედ დაათვალიერა გაშიშვლებული კალაპოტი და ფოთლის მსგავსი რამ შენიშნა ქვიშაში. ლუსიმ ის ფრთხილად გამოათავისუფლა ქვიშიდან და სიფრიფანა კერამიკული ნატეხი შერჩა. მას ნაცნობი შეგრძნება დაეუფლა, რომ უძველესი ისტორიის ნაწილი ეჭირა ხელში.
მოგვიანებით, ერთი არქეოლოგი დაადასტურებს პილის ეჭვს, რომ მან რომაული კერამიკის ფრაგმენტი იპოვა. „ძალიან თხელია, თუმცა როგორღაც გადაურჩა მდინარე ტემზაში 2000 წლით ჩამარხვას“, – თქვა პილმა გაკვირვებით.
მაგრამ მსგავს რელიკვიებზე უცებ დიდი ნადირობა გამოცხადდა. პილი ერთგვარი მოყვარული განძის მაძიებელია, ე.წ. mudlark, ანუ ტალახში მქექავი. თავდაპირველად ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ XVIII-XIX საუკუნეებში მცხოვრებ ღარიბ ლონდონელებს, რომლებიც გადაყრილ ნივთებს გასაყიდად დაეძებდნენ ტემზაში. ახლა ამ სახელმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა და აღნიშნავს სულ უფრო მზარდი რაოდენობის ენთუზიასტს, რომლებიც მდინარეთა ნაპირებზე არტეფაქტებს დაეძებენ მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საძიებო ველი ტემზაა, რომლის სანაპიროზე ადამიანები ათასობით წლის განმავლობაში სახლობდნენ. დაახლოებით 153-კილომეტრიანი მიმოქცევითი სანაპირო ზოლით, ტემზა უგრძესი არქეოლოგიური ველია ლონდონში.

საუკუნოვანი ნივთები ზოგჯერ ისე გამოიყურება, თითქოს გუშინ ჩაფლეს ტალახში. მდინარის შლამი ბლოკავს ჟანგბადს, რაც ხელს უშლის ლითონის ჟანგვას და ვერც ბაქტერიები შლიან ორგანულ მასალას. დღეში ორჯერ მიმოქცევითი ტალღები ახალ ნაგავსა და პოტენციურ საგანძურს გამორიყავს.
ათწლეულებია, რაც ტალახში მქექავებს ტემზის გასწვრივ „ნადირობის“ უფლებას ანიჭებს ლონდონის პორტის მმართველობა (PLA), რომელიც გარკვეული პერიოდულობით სამ წლამდე ნებართვებს გასცემდა ენთუზიასტების ვიწრო ჯგუფზე. მაგრამ პანდემიის პერიოდში მათი თემი მკვეთრად გაიზარდა და აღნიშნული ორგანო აიძულა, სრულიად შეეცვალა განაცხადების მიღების პროცესი. ახლახან მათ საზოგადოებას ამცნეს, რომ საშვების მაქსიმალური რაოდენობის ზღვარს აწესებენ და თითოეულის მოქმედების ვადა მხოლოდ ერთი წელი იქნება. მოზღვავებულ ინტერესთან გასამკლავებლად, აღნიშნულმა ორგანომ შექმნა მომლოდინეთა სია, რომელიც სწრაფად გაიზარდა 10 000 ადამიანამდე და დამატებითი მსურველებისთვის დაიხურა. მოქმედი ნებართვის მფლობელებს არ შეეძლოთ მომლოდინეთა სიაში მოხვედრა მანამდე, სანამ მათი საშვი ვადის ამოწურვას არ მიუახლოვდებოდა. ისინი შიშობენ, რომ მორიგი საშვის აღებას შესაძლოა წლები დასჭირდეს.
ამ გადაწყვეტილებამ პილს თავზარი დასცა. 2020 წლიდან მან გათხარა 50-ზე მეტი ნივთი, რომლებიც შესულია „პორტატიული სიძველეების სქემის“ არქეოლოგიურ მონაცემთა ბაზაში, სადაც ხვდება მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეთა მხრიდან აღმოჩენილი ნივთები და მას მართავს ბრიტანეთის მუზეუმი. „ახალი ცნობა რომ გავრცელდა, თავზარი დამეცა“, – თქვა პილმა.

ახალმა წესებმა გული გაუტეხა გამოცდილ ტალახში მქექავებს, თუმცა ამას შეიძლება სხვა შედეგებიც მოჰყვეს. დრო გადამწყვეტია ტემზიდან არტეფაქტების ამოღებისას. როდესაც მდინარე რამეს გაათავისუფლებს დამცავი შლამიდან, ნივთი უკვე დაუცველია და ის შეიძლება დაიჟანგოს ან დაიშალოს. ხშირად, გამოცდილი თვალი სჭირდება რელიკვიის პოვნას მანამდე, სანამ ის სამარადისოდ განადგურდება. „ამდენი პროფესიონალი არქეოლოგი არსადაა, რომ მთელი სანაპირო ზოლი მოვიცვათ“, – ამბობს კეიტ სამნელი, ლონდონის მუზეუმის არქეოლოგიის კურატორი. „ტალახში მქექავები კი ამ ნაპრალს ავსებენ. ისინი არიან თავისი საქმის მცოდნეები და ყოველი მოქცევისას სანაპიროზე ჩნდებიან“.
პრობლემა ნაწილობრივ განაპირობა ტალახში ქექვის საუკუნოვანი პრაქტიკის ვირუსულმა გავრცელებამ. მისი ახალშეძენილი პოპულარობის შემოქმედებს შორის დგანან კლერ მადი და მისი პარტნიორი, ლორენს პეიჯი. ბევრი ლონდონელის მსგავსად, ამ წყვილმაც COVID-19-ის „ლოკდაუნის“ პერიოდში გააცნობიერა, რომ ტემზა ისტორიულ საგანძურს შეიცავდა. 2020 წლის ზაფხულში მათ განაცხადი შეიტანეს ტალახში არტეფაქტების ძიების ნებართვაზე და მცირე ხანში დადებითი პასუხიც მიიღეს. ისინი თვეში რამდენჯერმე სეირნობდნენ ტემზის სანაპიროზე და თავიანთ მონაპოვრებს, რეგენტობის პერიოდის ოქროს სამკაულებსა თუ შუასაუკუნოვან ბალთებს, Instagram-ზე აზიარებდნენ.
მომდევნო წელს მადმა დაიწყო „გამოცნობანას“ ტიპის ვიდეორგოლების სოციალურ ქსელში ატვირთვა. იგი აჩვენებდა მდინარის კალაპოტის გარკვეულ უბნებს და მაყურებელს თავად უნდა აღმოეჩინა, რომელ წერტილში იმალებოდა საგანძური. ამ ვიდეოებს ათიათასობით მაყურებელი ჰყავდა.
სხვა სოციალური აქტივისტებიც ასევე აზიარებდნენ სანაპირო ზოლზე გადამხდარ საკუთარ თავგადასავლებს და ერთ დროს ნიშურმა ჰობიმ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. „ჩვენ ეს მიმართულება იმდენად პოპულარული გავხადეთ, რომ საკუთარ თავსაც მივაყენეთ ზიანი“, – თქვა პეიჯმა. ნებართვის მქონე მაძებართა რიცხვი გაორმაგდა 2019-დან 2022 წლამდე და 5000 ადამიანს მიაღწია. ასეთი მოზღვავებით შეშფოთებულმა PLA-მ 2022 წელს დროებით შეაჩერა ახალი განაცხადების მიღება. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მათ ჩაატარეს კვლევა, თუ რა რაოდენობაზე მეტი ტალახში მქექავი დაარღვევდა მდინარის ფაქიზ სტრუქტურას. მათი თქმით, აღნიშნული კვლევა მიუთითებდა მაქსიმუმ 4000 საშვის მფლობელზე ნებისმიერ ერთ კონკრეტულ პერიოდში.
ტალახში ქექვის არსი „ნადირობის ხალისი და აღმოჩენის მღელვარებაა“. – ლარა მაიკლემი
2024 წელს PLA-მ კვლავ დაიწყო ნებართვების გაცემა – მაგრამ, ალბათ, ბევრ გამოცდილ ტალახში მქექავს მოუწევს გაჩერება, როდესაც მათი საშვის ვადა ამოიწურება. „ჩვენ სამართლიანობას ვეცადეთ“, – ამბობს პიპა ბარბერი, PLA-ს თანამშრომელი, რომელიც ზედამხედველობს ნებართვების პროგრამას. „შემოვიღეთ მომლოდინეთა სია, რომ ნებართვის მიმღები უსასრულოდ არ ფლობდეს მას და სხვასაც ჰქონდეს შანსი“. რის თავიდან არიდებასაც PLA ცდილობს, გვიხსნის იგი, „არის 15 000 ადამიანი, რომელიც სანაპიროზე დაიარება და ტემზას სრულიად აცარიელებს არტეფაქტებისგან“.
ეს ყველაფერი ახალბედებზეც მოქმედებს. ჯენი რიჯუელმა ნებართვა 2022 წელს მიიღო და ყოველ კვირას ჩხრეკდა სანაპირო ზოლს, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში მის საშვს ვადა ამოეწურა. ჯენის თქმით, საშვის დაკარგვა იგივეა, „ფრინველებზე დამკვირვებელს რომ ჭოგრიტი წაართვათ“. ერთი მხრივ, იგი გაგებით ხვდება PLA-ს რთულ გადაწყვეტილებას, თუმცა, მეორე მხრივ, ვერ იჯერებს, რომ თავისი საქმიანობით რამეს აზიანებდა.
ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ გამოცდილი ტალახში მქექავი ტემზის არქეოლოგიის ხერხემალია და არა მისი ტვირთი. წელიწადში ეს ხალხი აღმოაჩენს იმდენად მნიშვნელოვან 700-მდე არტეფაქტს, რომ ისინი რეგისტრირდება „პორტატიულ სიძველეთა სქემის“ მონაცემთა ბაზაში. ამჟამად ლონდონის დოკლენდსის მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია ტალახში მქექავთა ნაპოვნი 350-ზე მეტი ნივთი, მათ შორის, ვიკინგების პერიოდის ხანჯალი და რომაული სამაგიდო თამაშის ფრაგმენტი.
მიმდინარე წლის დასაწყისში PLA-მ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო: შეზღუდული რაოდენობის განახლებადი ნებართვები ყველა გამოცდილი ტალახში მქექავისთვის. ეს ახალი წესი სივრცეს უთავისუფლებს ვეტერანებს, რომელთაც, სხვა კრიტერიუმთა დაკმაყოფილებასთან ერთად, რეკორდული რაოდენობის მნიშვნელოვანი არტეფაქტი უპოვიათ და „წვლილი შეაქვთ ლონდონის საგანმანათლებლო, კულტურულ და ისტორიულ ცხოვრებაში“, – როგორც განაცხადა PLA-მ.

გამონაკლისის სახით, მსგავსი ნებართვები გასცეს ზოგიერთ ტალახში მქექავ „ინფლუენსერზეც“, რადგანაც აქტიური სოციალური მედია გარკვეულწილად საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება. პეიჯმა და მადმა თავიანთი მონაპოვრები დროებით სკოლებსა თუ მუზეუმებს გადასცეს და მათაც შეუთვალეს, რომ, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს ნებართვის განსაახლებლად. პილი ნაკლებად ელის შეღავათს, რადგან თავისი აღმოჩენები აქტიურად არ წარუდგენია საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. იგი გულგატეხილია, რადგან ტალახში ქექვა მისთვის მხოლოდ ჰობი კი არა, ერთგვარი თერაპიაცაა. ტვინის სიმსივნის სამკურნალო სხივური თერაპიის შემდეგ მარცხენა თვალში მხედველობა უქვეითდებოდა. „ტალახში ქექვას რეაბილიტაციის კუთხით მივმართე, – განმარტავს იგი, – როგორც ტვინისა და თვალების გავარჯიშება კონცენტრაციისა თუ ფოკუსის აღსადგენად“.
ბარბერის თქმით, მას ესმის ტალახში მქექავთა იმედგაცრუება ნებართვების დაკარგვით, მაგრამ სხვებსაც ხომ უნდა მიეცეთ შანსი. იგი გულწრფელად სთავაზობდა ყოფილ ტალახში მქექავებს, რომ მოენახულებინათ სანაპირო ზოლზე აღმოჩენილი საგანძურის გამოფენა. „იქ მთელი ინფორმაციაა აღმოჩენილ ნივთებზე“, – თქვა მან. „არ არის აუცილებელი ფიზიკურად სანაპიროზე გასვლა და ძიება“.
მაგრამ ლარა მაიკლემი, გამოცდილი ტალახში მქექავი, ამგვარ ჩანაცვლებას ვერაფრით ეთანხმება. „უმრავლესობა ჩვენგანი გეტყვით, რომ მუზეუმში მისვლა სრულიად სხვა შეგრძნებაა და ნამდვილად ვერ დაგიკმაყოფილებთ წყურვილს“, – თქვა მან. ტალახში ქექვის არსი „ნადირობის ხალისი და აღმოჩენის თანმხლები მღელვარებაა“.
ლარამ, რომელიც ლონდონის დოკერებისა და გემთმშენებლების ოჯახიდანაა, განგვიმარტა, რომ ტალახში ქექვა მისთვის გზაა წინაპრებთან კავშირის დასამყარებლად. „როდესაც 500 წლის ფეხსაცმელს ამოაძრობთ ტალახიდან, ჯერ კიდევ რომ ატყვია მეპატრონის თითების კვალი, ეს ჩემთვის დროში მოგზაურობას ჰგავს“, – ამბობს იგი, რომლის ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი ფეხსაცმელებისა და ლანჩების კოლექციაა 1300-იანი წლებიდან. „ეს ყველაფერი ტანში ჟრუანტელს მგვრის“