ვინ:
დავით თაბაგარი 22 წლის. ფოტოგრაფი თბილისიდან
სად:
სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდა
რა:
Canon 5d mark iv canon 70 200 II
ამბავი:
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. იქაურობა ყოველთვის აღაფრთოვანებს მნახველს და ხშირად ხვდება ფოტოგრაფების ობიექტივშიც.
ამ კადრის ავტორი დავით თაბაგარია, რომელიც ერთხელ უკვე გახდა yourshot საქართველოს რჩეული თემატურ კონკურსში: „სიცოცხლე შენ გარშემო“. ამჯერად მან სამცხის ჯადოსნური სილამაზე ზამთრის პეიზაჟით წარმოგვიდგინა. როგორც თვითონ ამბობს, მეგობართან ერთად სამცხეში იყო გადაღებებზე. შებინდებისას, თბილისისკენ რომ ბრუნდებოდნენ, წინ ეს სანახაობა გადაეშალათ – გაყინული „საღამოს ტბა“ და მასში მდებარე პატარა კუნძული, სადაც ადგილობრივებს ცეცხლი დაენთოთ და მღეროდნენ.
დავითმა დრო იხელთა და აღბეჭდა კადრი, რომელშიც ცეცხლის თბილი სტაფილოსფერი ზამთრის სილურჯეს ლამაზად ეხამება და იშვიათი სცენა იხატება, რომელიც თითქოს მაყურებელს სიცივისგან თავშესაფარ პატარა კუნძულს სთავაზობს.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge