ეს ნომერი კლიმატის ცვლილებას ეხება. იმედია, ყველას დააინტერესებს – ვისაც ადამიანის მიერ ხელშეწყობილი კლიმატის ცვლილების სჯერა, ვისაც არ სჯერა და მათაც, ვინც საკითხში ვერ გარკვეულა.
საფრთხე კი გვიახლოვდება. უბრალოდ, საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო კლიმატის ცვლილების გაეროს მთავრობათშორისი კომისიის დასკვნაში. ასობით მეცნიერი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულებში პლანეტის ზედაპირული ტემპერატურა, საშუალოდ, 0,85°C-ით გაიზარდა. წიაღისეული საწვავის გამოყენება, დიდი ალბათობით, დათბობის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. 0,85 შეიძლება მცირედ მოგეჩვენოთ. არადა, შეიძლება, ეს რიცხვი დასასრულის დასაწყისზე მიუთითებდეს. ბევრი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მეცნიერები ტყუიან აქტივისტების სასარგებლოდ. ესენი კი ტყუილებით თავისუფალ ვაჭრობას სპობენ. არ მაღელვებს ასობით მეცნიერის კონსპირაციაში დადანაშაულება. ეს, უბრალოდ, სასაცილოდ მეჩვენება. მაღელვებს ის, რომ საფრთხე რეალურია.
საკითხისადმი დამოკიდებულება მოქალაქეთა პოლიტიკური კუთვნილების ლაკმუსის ქაღალდად იქცა. როდესაც ამ საკითხზე ვკამათობთ, რეალურად ვკამათობთ იმაზე, თუ რომელ ბანაკს მივეკუთვნებით – მემარცხენეს თუ მემარჯვენეს.
ბოლო 50 წელში, საშუალოდ, 0,85°C-ით „გავთბით”. ფაქტი ჯიუტია: ეს CO2-ის ემისიის მკვეთრ ზრდას ემთხვევა.
არ მადარდებს, ვინ რა პლატფორმაზე დგას. მადარდებს ის, რომ შეუთანხმებლობა შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ კატასტროფა სახეზე არ გვექნება. თუმცა, სიტყვა „შეიძლება” შემთხვევით არ ვიხმარე… ისტორია უკვე იცნობს შემთხვევას, როდესაც სამყაროში იშვიათი „კონკორდატი” შედგა და ორივე მხარე გარემოსდაცვით საკითხზე შეთანხმდა.
80იან წლებში არავინ ელოდა, რომ მარგარეტ თეტჩერი, განათლებით ქიმიკოსი, მისთვის ჩვეული სკრუპულოზურობით შეისწავლიდა ოზონის შრის გათხელების საკითხს და, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, დაიჯერებდა მეცნიერების დასკვნებს. არავინ ელოდა, რომ თეტჩერი რეიგანს დაარწმუნებდა, ხელი მოეწერა გლობალური გარემოსდაცვითი შეთანხმებისთვის (ე. წ. „მონრეალის პროტოკოლი”), რომელიც ოზონდამშლელი ქიმიური ნაერთების უზარმაზარ ინდუსტრიას რეგულაციებით შეზღუდავდა. არადა, სწორედ ასე მოხდა. წლები გავიდა და პლანეტის სასიკვდილო საფრთხემ (ოზონის შრის გათხელებამ) ისე ჩაიარა, რომ დღეს არც კი გვახსოვს.
ეს იყო საღი აზრის პოლიტიკურ შეხედულებებზე გამარჯვების საყოველთაო ტრიუმფი. პლანეტა გადარჩა! იმედი მაქვს, კლიმატის ცვლილების პრობლემაც იმავე ბედს გაიზიარებს!