საჰაერო ბილიკები
ფოტოგრაფი ცაზე ფრინველთა უჩინარი ნაკვალევის აღბეჭდვას ახერხებს
საჰაერო ბილიკები
ფოტოგრაფი ცაზე ფრინველთა უჩინარი ნაკვალევის აღბეჭდვას ახერხებს
ფრინველები ცაზე კვალს რომ ტოვებდნენ, როგორი იქნებოდა? ბარსელონაში მცხოვრები ფოტოგრაფი ჩავი ბოუ წარმოიდგენდა ხოლმე, რომ როგორც გველი ტოვებს ქვიშაზე გასრიალებისას დაკლაკნილ კვალს, ჰაერში მონავარდე ფრინველსაც უნდა დაეტოვებინა რამე ანაბეჭდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ფრინველები ფრენისას კვალს არ ტოვებენ – ყოველ შემთხვევაში, შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევს. 38 წლის ბოუმ უკანასკნელი ხუთი წელი იმ მოუხელთებელი ორნამენტების აღბეჭდვის მცდელობას მიუძღვნა, რომლებსაც ფრინველები გადაადგილების დროს ხატავენ, ან, თვითონ როგორც ამბობს – „უჩინარის გამოჩენას“.
ის ისეთი ფოტოგრაფიული ხერხების კვლევას შეუდგა, რომლებიც საშუალებას მისცემდა, ბუნების სიყვარული გამოეხატა და ფრინველების სილამაზე ჯერ არნახულად გამოემჟღავნებინა.
საბოლოოდ მან ვიდეოკამერით მუშაობა არჩია. მოძრავი ფრინველების გადაღების შემდეგ ბოუ ცალკეულ ფენებს ერთიან გამოსახულებად ამონტაჟებს. ამ პროცესს იგი ფირის გამჟღავნებას ამსგავსებს: წინასწარ არასოდეს იცის, როგორი იქნება საბოლოო შედეგი. ერთი ჯადოსნური წამია, ამბობს იგი, როდესაც ფანტასტიკური და სიურრეალისტური გამოსახულება იწყებს გამომჟღავნებას.
ამ პროექტის დაწყებამდე, რომელსაც ბოუ „ორნითოგრაფიას“ უწოდებს, მან ბარსელონაში გეოლოგიასა და ფოტოგრაფიაში მიიღო სამეცნიერო ხარისხი. იგი ამბობს, რომ ამჟამინდელი საქმიანობით მისი საყვარელი საქმისა და პროფესიის კომბინირებაა შესაძლებელი. „ის ტექნიკურიცაა, რთულიც, მხატვრულიც და ბუნებრივიც. ესაა კავშირი ფოტოგრაფიასა და ბუნებას შორის, სწორედ ის, რასაც ვეძებდი“.