
საიდუმლო იარაღი სარდაფიდან
National Geographic-ის ფოტოგრაფების მიერ იდეალური კადრის დაჭერა ხშირად მოწყობილობების ინჟინრის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული.
ტომ ო’ბრაიენი National Geographic-ის სათავო ოფისის სარდაფის სიღრმეში მდებარე მის ლაბორატორიაში დიდ დროს ატარებს ეულად, სამუშაო მაგიდებისა და დიდი დანადგარების გარემოცვაში. დანადგარებზე დენის დარტყმისა თუ კიდურების დაკარგვის გამაფრთხილებელი აბრებია, მაგიდებსა და თაროებზე კი – უამრავი ფოტოაპარატი.
აქ რაც ხდება, მხოლოდ ტომმა უწყის. იდუმალი ჩხირკედელაობით ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმების პერსონაჟ „ქიუს“ წააგავს, თუმცა მის შემთხვევაში `გაჯეტების“ მიზანი არა ჯაშუშების დახმარება, არამედ ფოტოგრაფების აღჭურვაა, რათა სამყაროს ღირსშესანიშნაობების ჩვენთვის გაზიარება შეძლონ.
ო’ბრაიენი ჩაფიქრებულ გადაღებებს ფოტოგრაფებთან ერთად განიხილავს და შემდეგ იდეების ხორცშესხმაზე გადადის – წარმოსახვის უნარის, კვლევის, 3D კომპიუტერული დიზაინის, სწრაფი პროტოტიპირებისა თუ სხვა შემოქმედებითი ხერხების გამოყენებით.

ფოტო: რონან დონოვანი
„თუკი რამეს წარმოიდგენთ, ო’ბრაიენი მას სისრულეშიც მოიყვანს“, – ამბობს პიტერ გვინი პოდკასტში „National Geographic-ში ყურმოკრული ამბები“. ინჟინრები 100 წელიწადზე მეტია ჩვენი ჟურნალისთვის სპეციალურად მორგებულ ფოტოაპარატებსა და ვიზუალური თხრობის დამხმარე სხვა მოწყობილობებს ქმნიან.
ჟაკ კუსტოს მაგალითი ავიღოთ: 1950-იან წლებში მან ოკეანე მაყურებელს სულ სხვა თვალით დაანახა. „კოსმოსური რბოლის“ ხანაში კუსტოს „შიდა კოსმოსი“ – დედამიწის ოკეანეები უფრო მეტად აინტერესებდა. დამხმარედ ო’ბრაიენის ერთ-ერთი წინამორბედი, ჰაროლდ ეჯერტონი აიყვანა. იმდროინდელი ფოტოაპარატები და სანათები ზღვის სიღრმის სიბნელესა და წნევას ვერ უმკლავდებოდა, თუმცა ეჯერტონმა სტრობოსკოპული ნათურების შესახებ ცოდნის დახმარებით განათების ახალი ტიპის ისეთი სისტემა და კამერები გამოიგონა, რომლებიც მაღალი ხარისხის წყალქვეშა ფოტოების გადაღების საშუალებას იძლეოდა.
შედეგად მიიღეს ფოტო და ვიდეომასალა, რომლის მსგავსიც იქამდე არავის ენახა; აღნუსხეს ზღვის სიღრმის ამსახველი კადრები, რომლებიც მყვინთავებისთვისაც კი მიუწვდომელი იყო. კუსტომ შეძლო, ჩვეულებრივი ადამიანების მრავალ თაობას აღმოეჩინა წყალქვეშა სამყარო და გაეაზრებინა მისი დაცვის აუცილებლობა. ინჟინრის გარეშე ასეთი შედეგის მიღება შეუძლებელი იქნებოდა.


სიღრმეებისთვის ნათლის მოფენა: 1950-იან წლებში ფოტოინჟინერმა ჰაროლდ ეჯერტონმა განათებისა და გადაღების ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავა, რითაც ოკეანეთა მკვლევარ ჟაკ კუსტომ (მარცხნივ) შეძლო, ზღვის სიღრმე სატელევიზიო ეკრანებზე გამოეტანა და კონსერვაციის ინტერესი გაეღვივებინა. National Geographic Society-ს დისტანციური გამოსახულების ლაბორატორიაში გრეგ მარშალის მიერ შექმნილი „ცხოველკამერა“ (მარჯვნივ) დისტანციური კამერაა, რომელიც ცხოველის სხეულზე უსაფრთხოდ მაგრდება და მისი თვალით გვაჩვენებს სამყაროს.
ფოტო: ლუის მარდენი (კუსტო); ბრაიან სკერი (ზვიგენი)
ო’ბრაიენსა და მის წინამორბედებს ათასნაირ, ურთულეს პროექტზე უმუშავიათ. ამის მაგალითებია მაღალი სიჩქარის კამერების გამოყენება გეპარდის სირბილის ბიომექანიკის შესასწავლად, მაჩუ-პიქჩუს დირიჟაბლით გადაღება თუ გასროლილი ტყვიის ჰაერში გადაადგილების ასახვა. მათვე შეიმუშავეს სხვადასხვა ტიპის ფოტოხაფანგები – მოწყობილობები, რომლებიც ხანგრძლივად მაგრდება შეუმჩნეველ ადგილებში, ველური ცხოველების მოძრაობისას ავტომატურად ირთვება და ფოტოგრაფებს აძლევს იმგვარი ქცევების ასახვის საშუალებას, რომელთა აღბეჭდვა ადამიანის თანდასწრებით ძნელი ან, სულაც, შეუძლებელი იქნებოდა.
ო’ბრაიენის და ფოტოგრაფ რონან დონოვანის თანამშრომლობის ნაყოფია „მგელგამძლე“ ფოტოხაფანგი, რომელიც ხარვერძის ლეშში მოათავსეს და მონადიმე არქტიკის მგლების გადაღება შეძლეს. ხოლო როცა დონოვანმა თახვების მიერ ზამთარში საკვების შენახვის პროცესის გადაღება განიზრახა, ო’ბრაიენს უნდა შეექმნა კამერა, რომელიც, ერთი მხრივ, წყალსა და ძლიერ ყინვებს გაუძლებდა და, ამასთანავე, სქელ ყინულში ამოჭრილ ხვრელში ჩაეშვებოდა, რათა მის ქვეშ მოფუსფუსე თახვების ჯერ არნახული კადრები დაეფიქსირებინა.
ო’ბრაიენის სამყაროში არარეალური ახირება არ არსებობს. „სახალისო პროცესია – წინასწარ ვერაფრით წარმოიდგენ, ფოტოგრაფი ან ჟურნალისტი რა გიჟური იდეით მოგადგება“, – ამბობს იგი.
– ადაპტირებულია პოდკასტის „National Geographic-ში ყურმოკრული ამბების“ მეექვსე სეზონის მეექვსე ეპიზოდიდან. დამატებითი ცნობები – ლი მიტნიკი.
მიუწვდომელი კადრის დაპროექტება


ფოტო: ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი
კომპლექსური მოწყობილობები ფოტოგრაფებს ეხმარება კამერების ისეთ ადგილას განთავსებაში, სადაც თვითონ ვერ ჩასაფრდებიან.
მფრთხალი ფრინველი:
ჩრდილოეთ ამერიკის დაბლობის მკვიდრი სალბის როჭოს შესახებ სტატიისთვის ფოტოგრაფ ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსს მათი შეწყვილების რიტუალის გადაღება სურდა (ზემოთ მარცხნივ). სირთულე აქ ის იყო, რომ თუ როჭოს სიახლოვეში ადამიანი ეგულება, ის არ ტიხტიხებს. ჰამილტონ ჯეიმსმა ინჟინერ ტომ ო’ბრაიენს სთხოვა, შეექმნა დისტანციური მართვის მატარებელი ფრინველის ფიტულში დამალული კამერით (ზემოთ მარჯვნივ). ამ მოწყობილობას იგი „მფრთხალ ფრინველმატარებლად“ მოიხსენიებს.


ფოტო: ჯიმი ჩინი (მარცხნივ); ჩეინ ლემპე (მარჯვნივ)
თავბრუდამხვევი გამოწვევა:
ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის „თავისუფალი სოლო“ გადასაღებად, რომელიც ალექს ჰონოლდის მიერ იოსემიტის პარკში ელ-კაპიტანის კლდოვან ფერდზე თოკების გარეშე ასვლას ასახავს, ო’ბრაიენმა სამი დისტანციური გადამღები მოწყობილობა ააწყო. შედეგად ფოტოგრაფმა ჯიმი ჩინმა მოახერხა, ასვლის განსაკუთრებულად რთული მონაკვეთი ისე გადაეღო, რომ ჰონოლდს ყურადღების გაფანტვის საშიშროება არ შექმნოდა.