სახიფათო ცხოვრება
სიღარიბით, ძალადობითა და კულტურული ტრადიციებით მთელ მსოფლიოში მილიონობით გოგონა იჩაგრება, მაგრამ ზოგიერთის იმედი განათლებაა


სახიფათო ცხოვრება
სიღარიბით, ძალადობითა და კულტურული ტრადიციებით მთელ მსოფლიოში მილიონობით გოგონა იჩაგრება, მაგრამ ზოგიერთის იმედი განათლებაა
იყო გოგონა სიერა-ლეონეში… ამაზე უარეს ადგილს ვერსად იპოვით.
ამ ქვეყანაში გოგონას მხოლოდ დაბადებაც კი უამრავ წინააღმდეგობასთან ასოცირდება. აქ მისი სხეული მეტად ფასობს, ვიდრე გონება. სიერა-ლეონეში ქალთა უმრავლესობამ (UNICEF-ის მონაცემებით 90%) გამოიარა წინადაცვეთის პროცედურა, რომელიც მათი ზრდასრულობაში გადასვლის აუცილებელი წინაპირობაა. ამის გარეშე, გოგონა სასურველ სარძლოდ არ ჩაითვლება. ამ ღრმად ფესვგადგმული ტრადიციით ქვეყანა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გოგონათა სექსუალობის გაკონტროლებასაც ცდილობს; თითქმის ნახევარი თხოვდება 18 წლამდე, ბევრი კიდევ უფრო ადრეულ ასაკში ორსულდება – ხშირად, პირველი მენსტრუალური ციკლიდან დაახლოებით 2-3 თვეში. უამრავია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი; გაუპატიურება, თითქმის, ყოველთვის დაუსჯელი რჩება. 2013 წელს სიერა-ლეონეში 15-დან 19 წლამდე გოგონების მეოთხედზე მეტი ორსული ან უკვე დედა იყო. მსოფლიოში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ეს ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია; ბევრი მშობიარობისას იღუპება – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო სააგენტოთა შეფასების თანახმად, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. თავის მხრივ, ქალთა წინადაცვეთა, მშობიარობის დროს გართულებების რისკსაც საკმაოდ ზრდის. ყველაფერს ამას დაამატეთ, რომ გოგონებს უწევთ ცხოვრება დასავლეთ აფრიკის იმ ქვეყანაში (მოსახლეობა 6 მილიონი), რომელიც ჯერ ათწლიანმა სასტიკმა სამოქალაქო ომმა გააჩანაგა, ცოტა ხნის წინ კი ებოლამაც გადაუარა.
„თუკი პროვინციებში გახვალთ, ნახავთ 13-15 წლის გათხოვილ გოგონებს, ბავშვებით ხელში“, ამბობს მეანი ენი მაფინდა. ის დედაქალაქ ფრიტაუნში, „ცისარტყელის ცენტრში“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ გოგონებს ეხმარება.
ამბობს, რომ ცენტრის უამრავი პაციენტის ასაკი 12-15 წელია.
სარას ფრიტაუნში შევხვდი, 14 წლისა ბევრად უფრო პატარა გეგონებოდათ, არადა, უკვე 6 თვის ორსული იყო. მითხრა, რომ მეზობლის ბიჭმა გააუპატიურა, რომელმაც შემდეგ, უმალ დატოვა ქალაქი. დედამისმა გაიგო მისი ორსულობა და მაშინვე სახლიდან გამოაგდო. ახლა სარა (მის გვარს არ ვამხელთ) იმ, როგორც თავად უწოდებს, თავდამსხმელის დედასთან ცხოვრობს. მოძალადის დედა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც შეიფარა; სიერა-ლეონეში ქალი, ჩვეულებრივ, ქმრის ოჯახში რჩება. სარას ევალება ნებისმიერი საოჯახო საქმე: საჭმლის მომზადება, დალაგება, დარეცხვა… ამბობს, რომ თუ ძალიან დაღლილია და სამუშაოს კარგად ვერ ასრულებს, ბიჭის დედა სცემს.
როგორ უნდა გაუმკლავდეს ამდენ დაბრკოლებას სარას მსგავსი გოგონა სიერა-ლეონეში? როგორ უნდა გახდეს წარმატებული?
ამ ღარიბი ქვეყნის მთავრობა დიდად არ იწუხებს თავს გოგონათა უფლებების დასაცავად. მათ კი დაბადებიდანვე მიღებული ამ სოციალური მდგომარეობიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა რჩებათ – განათლება. შესაძლოა, სწორედ სკოლა აღმოჩნდეს მათი უკანასკნელი იმედი და თავშესაფარი. სიერა-ლეონეში განათლების მიღება ძვირია, მაგრამ საშუალო სკოლის დიპლომით შეიძლება მეტ-ნაკლები ეკონომიკური დამოუკიდებლობა და საკუთარი ცხოვრების მოწყობის შესაძლებლობა მოიპოვო, საბოლოოდ კი უნივერსიტეტისკენ გაგეხსნას გზა და კვალიფიციური სამუშაოც მოიძიო.
თუმცა, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2008-2012 წლების პერიოდში, სამიდან მხოლოდ ერთი გოგონა დადიოდა საშუალო სკოლაში. მთავარი დაბრკოლება ორსულობა იყო. 2015 წელს სიერა-ლეონეს განათლების სამინისტრომ აკრძალა ორსულების სკოლაში სიარული. ამგვარი პოლიტიკის გატარებით მთავრობას სურდა, რომ გოგონებს თავიანთ თანატოლებზე არ მოეხდინათ გავლენა და ამასთანავე, „დაეცვათ“ ისინი მოსალოდნელი შეურაცხყოფისგან.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას „დაუფიქრებელ, დრომოჭმულ და არასწორ პოლიტიკას“ უწოდებს ამინატა ფორნა, რომელმაც 2003 წელს პატარა სკოლა გახსნა ერთ სოფელში. „თუ დაორსულდები, გაგრიყავენ“, ამბობს ელიზაბეთ დაინკე, სასკოლო ასაკის ორსულებსა და დედებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ცენტრის კოორდინატორი (პროგრამის მხარდამჭერი – UNICEF). „მეგონა, შერცხვებოდათ სკოლაში დაბრუნების, მაგრამ მათთვის ბედნიერებაა აქ ყოფნა“, – სიამაყით ამბობს დაინკე. თვითონ 17 წლისა დაორსულდა და მამამ სახლიდან გამოაგდო. ჯერ წლისაც არ იყო მისი გოგონა, როცა საკვების უკმარისობის გამო დაიღუპა. ახლა დაინკე 35 წლისაა და თავის მოსწავლეებს ურჩევს, უკან მოიტოვონ დაკარგული წლები და შეუპოვრად იარონ წინ.
გოგონათა ერთ-ერთი ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მერი კპოსოვა ამბობს, რომ ძალიან ბევრი, ბავშვის გაჩენის შემდეგ, სკოლაში აღარც დაბრუნებულა. 2016 წლის აგვისტოში ორსულ გოგონათა ცენტრები დაიხურა. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა; UNICEF-ი ამ პროგრამებს ერთგვარ „ხიდს“ უწოდებდა. ებოლას კრიზისის დროს კი ქვეყანაში 9 თვით დაიხურა სკოლები. ამგვარ ცენტრებში დაახლოებით 14 000 ფეხმძიმე გოგონა ან ახალბედა დედაა დარეგისტრირებული. ამიტომ დაინკე შიშობს, რომ აწი კიდევ უფრო მეტი გოგონა აღმოჩნდება ქუჩაში.
სიერა-ლეონეში ხშირად ამბობენ, რომ მათი ქვეყნის იარების მთავარი მიზეზი მეამბოხეებსა და მთავრობას შორის დაწყებული სამოქალაქო ომი იყო. 1991 წლიდან, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ათასობით გოგონა და ქალი გააუპატიურეს. ათობით ათასი ადამიანი დახოცეს და 2 მილიონზე მეტი მამაკაცი იქცა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად. ბოლოს ქვეყანას ებოლამ გადაუარა და თითქმის 2 წელიწადში 4000-მდე სიცოცხლე შეიწირა. ეპიდემიამ დააზარალა მრავალი ოჯახი და დააობლა გოგონები, რომელთაც სრულიად მარტოს მოუწიათ უმცროს და-ძმებზე ზრუნვა. ქვეყანა წვალებით მიდის დემოკრატიისკენ, თუმცა გოგონებისა და ქალების ჩაგვრა მაინც ჯიუტად გრძელდება.
„სიერა-ლეონეში არ ადარდებთ ახალგაზრდა ქალის სხეული, სიცოცხლე, სული“, ამბობს ფრიტაუნში ქალთა უფლებადამცველი ფატუ ვური. ის საზღვარგარეთ გაიზარდა და შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში: „სახელმწიფო პოლიტიკა საერთოდ არ ითვალისწინებს ახალგაზრდა ქალთა უფლებებს“.
მე კარგა ხანი დავყავი დასავლეთ აფრიკაში და მისი უდიდესი ნაწილი მოვინახულე. ვიყავი ნიგერიაში, განაში, სენეგალსა და კოტ-დ’ივუარში, მაგრამ ყველაზე მეტად, სწორედ, სიერა-ლეონემ შემძრა. ის ღარიბი და ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელიც სასტიკად გზღუდავს. მაგრამ გავიცანი გოგონები, რომლებიც ამ საოცრად მშფოთვარე ქვეყანაში მაინც პოულობენ უმძიმესი დაბრკოლებების დაძლევის გზებს.
კაბალა, სიერა-ლეონე. 19 წლის ელიზაბეთი და 13 წლის რებეკა ცეკვავენ ბონდოს რიტუალზე. უხუცესების თქმით, ეს რიტუალი წინადაცვეთასაც მოიცავს და გოგონებს ქორწინებისთვის ამზადებს. ასევე, მიზნად ისახავს ქალების სექსუალურობის შეზღუდვას. ფიზიკურად თუ ემოციურად კი ძალზე მტკივნეულია. ქალების უმრავლესობა ამ პროცედურას გადის.
დელი. 9 წლის არტი ყვავილებს ყიდის ქუჩაში, სრულიად მარტო. ამით ის სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშაა. მსოფლიოში მილიონობით ბავშვი არ დადის სკოლაში, მუშაობს და საკუთარ ოჯახს ეხმარება.
სიერა-ლეონე. სოფელ მასანგაში გოგონები ბონდოს ალტერნატიულ ცერემონიაში მონაწილეობენ, აქ მათი ქალური ცხოვრება წინადაცვეთის გარეშე იწყება.
სიერა-ლეონე. მოზარდი გოგონა ისვენებს. ის სამკაულებს ყიდის მანგე-ბურეში. მდინარესთან ბიჭებთან ერთად ჩამომჯდარა. გოგონები იქ ტანსაცმელს რეცხავენ, ბიჭები კი – თევზაობენ. გოგონები, რომლებიც არ დადიან სკოლაში და ქუჩაში მუშაობენ, განსაკუთრებით დაუცველნი არიან ძალადობის წინაშე.
ბანდუნგი, ინდონეზია. 2006 წელს სკოლის შენობაში ჩატარებულ მასობრივ ცერემონიაზე გოგონას წინადაცვეთას უტარებენ. UNICEF-ის თანახმად, 30-მდე ქვეყანაშია მსგავსი პრაქტიკა და 200 მილიონამდე გოგონამ და ქალმა გაიარა პროცედურა, რომელიც არცთუ ჰიგიენურად მიმდინარეობს.
სიერა-ლეონე. აქ გარიგებით ქორწინება ჩვეული მოვლენაა. 17 წლის ბეიბი და 48 წლის კლოდ სეიბურეები, ებოლას დროს დაქორწინდნენ. ბეიბიმ საკეისრო კვეთით იმშობიარა.
ბონდოს ალტერნატიული ცერემონია არ მოიცავს სასქესო ორგანოს დასახიჩრებას. აქ მასანგის თემის გოგონებს უფასო განათლებას აძლევს შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია.
ფორბესგანჯი, ინდოეთი. რინკი კუმარი (წინა პლანზე) და არტი კუმარი გაკვეთილებს შორის დროის შუალედში ისვენებენ. სკოლას მთავრობა აფინანსებს და საქველმოქმედო ფონდი (Apne Aap) მართავს. აქ, ახლომდებარე სოფლებიდან წამოსული, ასამდე მზრუნველობამოკლებული გოგონა სწავლობს.
კაბალა, სიერა-ლეონე. 19 წლის ელიზაბეთი და 13 წლის რებეკა ცეკვავენ ბონდოს რიტუალზე. უხუცესების თქმით, ეს რიტუალი წინადაცვეთასაც მოიცავს და გოგონებს ქორწინებისთვის ამზადებს. ასევე, მიზნად ისახავს ქალების სექსუალურობის შეზღუდვას. ფიზიკურად თუ ემოციურად კი ძალზე მტკივნეულია. ქალების უმრავლესობა ამ პროცედურას გადის.
დელი. 9 წლის არტი ყვავილებს ყიდის ქუჩაში, სრულიად მარტო. ამით ის სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშაა. მსოფლიოში მილიონობით ბავშვი არ დადის სკოლაში, მუშაობს და საკუთარ ოჯახს ეხმარება.
სიერა-ლეონე. სოფელ მასანგაში გოგონები ბონდოს ალტერნატიულ ცერემონიაში მონაწილეობენ, აქ მათი ქალური ცხოვრება წინადაცვეთის გარეშე იწყება.
სიერა-ლეონე. მოზარდი გოგონა ისვენებს. ის სამკაულებს ყიდის მანგე-ბურეში. მდინარესთან ბიჭებთან ერთად ჩამომჯდარა. გოგონები იქ ტანსაცმელს რეცხავენ, ბიჭები კი – თევზაობენ. გოგონები, რომლებიც არ დადიან სკოლაში და ქუჩაში მუშაობენ, განსაკუთრებით დაუცველნი არიან ძალადობის წინაშე.
ბანდუნგი, ინდონეზია. 2006 წელს სკოლის შენობაში ჩატარებულ მასობრივ ცერემონიაზე გოგონას წინადაცვეთას უტარებენ. UNICEF-ის თანახმად, 30-მდე ქვეყანაშია მსგავსი პრაქტიკა და 200 მილიონამდე გოგონამ და ქალმა გაიარა პროცედურა, რომელიც არცთუ ჰიგიენურად მიმდინარეობს.
სიერა-ლეონე. აქ გარიგებით ქორწინება ჩვეული მოვლენაა. 17 წლის ბეიბი და 48 წლის კლოდ სეიბურეები, ებოლას დროს დაქორწინდნენ. ბეიბიმ საკეისრო კვეთით იმშობიარა.
ბონდოს ალტერნატიული ცერემონია არ მოიცავს სასქესო ორგანოს დასახიჩრებას. აქ მასანგის თემის გოგონებს უფასო განათლებას აძლევს შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია.
ფორბესგანჯი, ინდოეთი. რინკი კუმარი (წინა პლანზე) და არტი კუმარი გაკვეთილებს შორის დროის შუალედში ისვენებენ. სკოლას მთავრობა აფინანსებს და საქველმოქმედო ფონდი (Apne Aap) მართავს. აქ, ახლომდებარე სოფლებიდან წამოსული, ასამდე მზრუნველობამოკლებული გოგონა სწავლობს.
რეჯინა მოსეტაი ფრიტაუნის ერთ-ერთი სკოლის ბიბლიოთეკაში ზის. რეჯინა 17 წლის დედაა, ძველებურად ვეღარ იცლის სამეცადინოდ. ახლა ქალიშვილზე, პატარა ამინატაზე ზრუნავს. სწავლა მხოლოდ ჩვილის კვებასა და საფენების გამოცვლას შორის, დროის პატარა შუალედებში უნდა მოახერხოს.
რეჯინას ნუშისებრი თვალის ჭრილი აქვს და ოვალური სახე. როცა რაიმეზე ფიქრობს, ზემოთ იმზირება ხოლმე. გაიზარდა ლოუ-კოსტზე, მუშათა რაიონში, რომლის ვიწრო ქუჩები მუდამ ხალხითაა გადაჭედილი და ელექტროტექნიკის, ქსოვილისა და სურსათის მაღაზიებია ჩამწკრივებული. ცხოვრობდა დედასთან და და-ძმასთან ერთად სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდნენ მისი ბაბუა, ბიძა, ბიძაშვილები და ოჯახის სხვა წევრები, სულ 11 ადამიანი.
ის დაორსულდა და სკოლიდან გამოაგდეს, რაც მისთვის „მართლაც მტკივნეული“ აღმოჩნდა, სკოლაში ყველაფერი უყვარდა. არასდროს ეგონა, რომ სიერა-ლეონეს ერთ-ერთ რიგით ორსულ თინეიჯერად გადაიქცეოდა. შემდეგ, 2014 წელს ფრიტაუნს ებოლამ შემოუტია და მთავრობამ სკოლები დახურა. სწორედ მაშინ დაორსულდა თავისი შეყვარებულის, ალჰასანისგან. იმ დროს ალჰასანი კოლეჯის ბოლო კურსზე სწავლობდა. „ებოლას დროს ბევრი გოგონა დაორსულდა. სკოლა არ იყო და ჩვენც ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა“.
„ვგრძნობდი, რომ ყველას იმედი გავუცრუე და მრცხვენოდა. სკოლაში ზოგი ფიქრობდა, რომ ჩვენ მათთვის ცუდი მაგალითი ვიყავით“. გაზაფხულზე სახლში აღმოჩნდა გამომწყვდეული, არანაირი საქმე… მეგობრებსაც ვერ ხვდებოდა, ისინი სკოლაში დადიოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ დეიდამ მოუთხრო ახალ ცენტრებზე, სადაც არასრულწლოვან ორსულ გოგონებსა და ახალბედა დედებს საშუალებას აძლევდნენ სასწავლო პროგრამას დასწეოდნენ და საბოლოოდ, სკოლაშიც დაბრუნებულიყვნენ. რეჯინამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ მისულიყო ერთ-ერთ ასეთ ცენტრში და ყველა ნაცნობ ორსულ თუ უკვე ახალბედა დედასაც შეატყობინა ეს ამბავი.
სასწავლო პროგრამიდან ბევრი რამ უკვე იცოდა, მაგრამ მაინც ძალიან სიამოვნებდა კვლავ საკლასო ოთახში ყოფნა – ხის მერხი, წიგნები, „ნოუთბუკი“… მერე რა, რომ ახლა მისი სხეული ბავშვს ატარებდა, გონება ხომ ისევ მუშაობდა? ეს იყო მთავარი.
„მხოლოდ იქ ყოფნაც მაბედნიერებდა, უსაქმოდ აღარ ვიჯექი სახლში“. სამი თვე იარა ცენტრში. ის პირველი წლის პროგრამაში სხვადასხვა დროს ჩართულ 180 გოგონას შორის იყო. 2015 წლის დეკემბერში ამინატა შეეძინა და უკვე ერთ თვეში სკოლასაც დაუბრუნდა. ახლა რეჯინა ყველა მეგობარს არიგებს, ფრთხილად იყვნენ ბიჭებთან, მისი ბედი რომ არ გაიზიარონ.
აღარც „გამოგდებულის“ სტატუსი თრგუნავს. „არ მინდა, ჩემმა შვილმაც იგივე გზა განვლოს, მისთვის უკეთესი მომავალი მსურს“, ამბობს რეჯინა. ახლა ის ცხოვრობს შეყვარებულთან ერთად, რომელმაც ბიზნესის მართვის დიპლომი აიღო. დედა და ბებია კი ამინატას მოვლაში ეხმარებიან; იცის, რომ ოჯახის კეთილდღეობისთვის სწავლის დასრულება არსებითია. მუშაობა ისეთ ორგანიზაციაში უნდა, რომელიც ბავშვებს, განსაკუთრებით გოგონებს დაეხმარება.
„თუ განათლებას მივიღებ, ოჯახზეც ვიზრუნებ და თავსაც მივხედავ“, მეუბნება ის.
სალმატუ ფოფანა ფრიტაუნის გარეუბანში ცხოვრობს, მჭიდროდ დასახლებულ გორაკზე. 17 წლისაა. ის დამოუკიდებლობას უკვე მიეჩვია. ორი წლის წინ დედამისსა და მამინაცვალს (მისი ბიოლოგიური მამა მალარიით გარდაიცვალა 2011 წელს) ებოლა შეეყარათ.
ექთანმა დედამ ქმარს ვერ უშველა, ის საავადმყოფოში მიმავალ მანქანაში გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში დედაც ცუდად გახდა და ერთ თვეში დაიღუპა.
შემდეგ სალმატუსაც შემოუტია თავის ტკივილებმა და ციებამ. ასე დაეწყოთ დეიდას, ბიძას, უფროს და-ძმას, ბაბუასა და რამდენიმე ბიძაშვილსაც.
სამკურნალო ცენტრში ყველას ებოლა დაუდგინეს, მხოლოდ ის და მისი სამი ბიძაშვილი გადარჩნენ.
2014 წლის დეკემბრის დასაწყისში დეიდებთან, ბიძებთან და ბიძაშვილებთან გადავიდა საცხოვრებლად. ისინი ერთ დიდ სახლში ცხოვრობდნენ. მარტში სკოლას დაუბრუნდა, თან ეშინოდა, ებოლას გამო არ გაერიყათ მეგობრებს. მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.
წარსულზე ფიქრი ასევდიანებს. ასეთ დროს მეგობრები მის გამხიარულებას ცდილობენ. „ფეისბუკზე“ და „უოტსაპზე“ სასაცილო ვიდეოებს უყურებს, ცოტა რომ გახალისდეს. თუ დიდხანს სძინავს, თავს უკეთ გრძნობს. ესწრება ფსიქოლოგიური დახმარების კურსებს, სადაც საკუთარ წუხილზე ღიად ლაპარაკობს. მითხრა, ამ წუთში ყველაზე მეტად წლის გამოსაშვები გამოცდები მანერვიულებსო. „წარსულში არ უნდა ჩაიძირო. რაც გაქვს, იმით უნდა იყო ბედნიერი და მომავალზე ორიენტირდე“.
სალმატუს საყვარელი საგანი ისტორიაა; მოსწონს საკუთარ ხალხსა და ქვეყანაზე ამბების მოსმენა და ჟურნალისტობა უნდა. ჰყავს შეყვარებული, რომელმაც ეს-ესაა დაასრულა საშუალო სკოლა, მაგრამ სალმატუ არ მისცემს მას უფლებას, თავისი ნების საწინააღმდეგო რამ აკეთებინოს. სურს, კვლავ იმღეროს და მეგობრებთან ერთად ისეირნოს პლაჟზე.
დედა ოჯახს შეეწირა. როგორ შეიძლება სწავლისთვის თავის დანებება? დედა ხომ მისით იამაყებდა?
კადიატუ კამარა ბიურეში დაიბადა. ეს სოფელი ატლანტის ოკეანის პირასაა. ერთ მუჭად შეკრულ თემში გაიზარდა. ჰყავს მასზე უფროსი და და ოთხი ძმა. მშობლები აგროვებდნენ ქვანახშირს, ყიდდნენ და ასე არჩენდნენ ოჯახს. კადიატუ სულ პატარა იყო, მამა რომ გარდაეცვალა და ოჯახის მდგომარეობაც კიდევ უფრო დამძიმდა. ახლა დედა ძალიან წვალობს, რომ ორი შვილის, კადიატუსა და მისი უფროსი ძმის გაგზავნა მაინც მოახერხოს სკოლაში.
კადიატუ 19 წლისაა, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ძალიან უნდა დამოუკიდებლობა. ცდილობს იპოვოს პირადი სივრცე, რომელზეც იტყვის: „ეს ჩემია!” ოთხი წლის წინ პლაჟზე სერფერების კლუბი გაიხსნა და იქაურობა სოფლის ახალგაზრდა ბიჭებით გაივსო. ამ სპორტმა კადიატუც მაშინვე მიიზიდა.
ოკეანე კადიატუს თერაპიაა, წყალი ამშვიდებს, თითქოს ყველაფრისგან ათავისუფლებს.
„სერფინგის დროს თითქოს სხვა ქვეყნებში ვმოგზაურობ“, ამბობს ის.
სიერა-ლეონეში სულ რამდენიმე სერფერი გოგონაა. ის ბევრ ორსულ გოგონას იცნობს, სკოლა რომ მიატოვა ან ასაკოვან მამაკაცთან ერთად აღმოჩნდა სახლში. მაგრამ კადიატუმ გადაწყვიტა, რომ ასე არასდროს იცხოვრებდა. სკოლაში ხშირად არიგებდნენ გოგონებს, ადრეულ ასაკში თავი შეეკავებინათ სექსისგან, ის კი ამ რჩევებს ითვალისწინებდა. სწორედ სერფინგი ეხმარება კადიატუს მობილიზებაში და განსხვავებული ცხოვრების სტილის გაცნობაში.
„სიერა-ლეონეში მშობლები იშვიათად ახერხებენ სკოლის გადასახადის დაფარვას. შემოსავალი არ ყოფნით. ამიტომაც, გოგონებიც შედარებით შეძლებულ ბიჭებთან დადიან“, ამბობს კადიატუ. ბიჭებს კი, შესაძლოა, მხოლოდ სექსი აინტერესებთ, მაგრამ თუ გოგონა დაორსულდება, იოლად მიატოვებენ. ხოლო გოგონები ქუჩაში ხვდებიან. აქ ეს ჩვეულებრივი ისტორიაა.
დედამისს ყოველთვის უჭირდა ოჯახის შენახვა, მაგრამ მიზანდასახული კადიატუ თავად ახერხებს საკმარისი ფულის გამომუშავებას და ამისთვის ბიჭი არ სჭირდება. პლაჟის რესტორნის სამ-ზარეულოში იპოვა სამსახური, ხანდახან სანაპიროზეც ყიდის ტკბილეულს. დილას ექვსზე დგება, შესაფერის ტალღას ელოდება და შვიდ საათამდე სერფერობს, შემდეგ სკოლაში გარბის, საღამოს შინ მობრუნებული კი, მეცადინეობს და სადილის მომზადებასაც ასწრებს. ოჯახსაც ეხმარება, ფულს დედასაც უტოვებს.
კადიატუს თავად უნდა სერფინგის დაფების დამზადება. ოდესმე მაღაზიის გახსნასაც აპირებს, სადაც თავის ხელნაკეთ „სერფბორდებს“ გაყიდის. მიზანი კი სერფინგის სკოლის გახსნაა. მინდა, სხვა გოგონებსაც ვასწავლოო, ამბობს ის.
კადიატუ კვირაში რამდენჯერმე გადის წყალში, განსაკუთრებით, წვიმიან სეზონზე, როცა ტალღის სიმაღლე თითქმის ორ მეტრს აღწევს. მუდმივად ვარჯიშობს საკუთარი ტექნიკის დასახვეწად. სჯერა, რომ თუ საკმარისად დაოსტატდება, პროფესიული კარიერაც გამოუვა. ექიმობა და ბუღალტერიაც იზიდავს, თუმცა არაა დარწმუნებული, რომ კოლეჯში ჩაბარებას შეძლებს. ზოგჯერ მასწავლებლები უგულისყუროდ ატარებენ გაკვეთილებს, მას კი ოდნავ უჭირს კითხვა.
„თუ ამ სპორტს გავყვები, ვფიქრობ, რომ ერთ დღესაც ვინმე მოვა კლუბში, შემამჩნევს და ამიყვანს. სპონსორს თუ ვიპოვი, მე ყოველთვის შევძლებ ოჯახის მხარდაჭერას“.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.