
სახიფათო ფრენები
ვერ გეტყვით, რომ რისკებს აქტიურად ვეძებ. მაგრამ არც გავურბივარ. რისკზე წასვლა ნიშნავს, რომ შეიძლება, რაღაც არ გამოგივიდეს
ჩონ შექარჯოღლი ორნითოლოგია. მისი საქმიანობაა ფრინველთა გადაშენების პროცესის დოკუმენტირება და პრევენცია. აშშ-ის პროფესორი მშობლიურ თურქეთში კონსერვაციონისტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. ერთდროულად რამდენიმე დავალებისთვის თავის გართმევა დიდ რისკთანაა დაკავშირებული.
რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ? ვინ იყო თქვენი შთაგონების წყარო?
ბუნება ყოველთვის მიტაცებდა. როცა სხვები ფეხბურთს თამაშობდნენ, მე სახლში ცხოველები მომყავდა. დედამ ბავშვთა ფსიქიატრთან მიმიყვანა! ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება ჩემი უსაყვარლესი მამაა. რთულ ეკონომიკურ პერიოდში, მან ბუღალტრის საქმე მიატოვა და თურქეთში პირველი მოდელ-თვითმფრინავების კომპანია შექმნა.
რა ფიზიკური ხიფათი ახლავს თან თქვენს სამუშაოს?
ყოფითით დაწყებული, ეგზოტიკურით დამთავრებული. ფრინველების კვლევის დროს ალასკაზე გრიზლი დამესხა თავს, ტანზანიაში კი – სპილო. უგანდაში გველგესლასთან მქონდა პრობლემები. სამხედროებსა და ტერორისტებს ჯაშუში ვეგონე, კოსტა-რიკაში ბრბო მაჩეტეებით გამომეკიდა… გულწრფელად რომ გითხრათ, ადამიანების უფრო მეშინია, ვიდრე ველური ბუნების.
როცა თურქეთში გარემოს დამცველი ხარ, ეს პოლიტიკურად რთულია?
დიახ, როცა ვაკრიტიკებ იმ ინსტიტუციებს, რომლებიც კვლევებისთვის ლიცენზიებს მაძლევენ. სახელმწიფო ლაპარაკობს კონსერვაციაზე, თუმცა მისი პრიორიტეტი ბუნებისგან სარგებლის მიღებაა. ტყის მასივებს აღადგენს და თან ძველ ტყეებს ჩეხავს. მდინარეებს ჯებირში აქცევენ. ვცდილობ, ერთი ასეთი ჯებირის აშენება შევაჩერო, რომელიც მდინარე არაქსის იმ ჭარბტენიან ტერიტორიებს გაანადგურებს, სადაც თურქეთის ფრინველთა სახეობების ნახევარი ბინადრობს.
თუმცა, თუ ბევრ რამეს ვიტყვი, დავისჯები, ერთი შეხედვით, ოფიციალური, კანონიერი მიზეზების საფუძველზე. სამაგიეროს გადახდა თურქეთში ხშირად არაპირდაპირ სახეს ატარებს.
ადვოკატირება თქვენს აკადემიურ კარიერას ხომ არ უშლის ხელს?
ზოგი აკადემიკოსი ამას ხელშემშლელად მიიჩნევს. ჯერ-ჯერობით, ჩემი სკოლა – იუტის უნივერსიტეტი ამ საკითხს ძალიან გაგებით ეკიდება, მაგრამ ოქროს შუალედისა ოქროს შუალედის დაცვა საჭიროა.
არასდროს გაშინებთ ყველა ის რისკი, რომელიც თქვენ წინაშე იჩენს თავს?
ვერ გეტყვით, რომ რისკებს აქტიურად ვეძებ. მაგრამ არც გავურბივარ. რისკზე წასვლა ნიშნავს, რომ შეიძლება, რაღაც არ გამოგივიდეს. თუმცა, რაღაც თუ არ გამოგივა, ეს ნიშნავს, რომ სულ თუ არაფერი, ცადე მაინც. ცდა კი ყველაფერია, რაც შემიძლია, გავაკეთო. თუ ბოლოს არაფერი გამომივა, ეს ბრძოლით მოხდება.