
საკრალური ადგილები
სამი მონოთეისტური რელიგია – იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი – ერთ საკითხზე უდავოდ თანხმდება: იერუსალიმი წმინდა ქალაქია. პარადოქსულად, ამ თანხმობაზეა აღმოცენებული მორწმუნეთა შორის უთანხმოება… მექისა და მედინის შემდეგ მუსლიმთა უწმინდესი სალოცავი, რომელსაც კლდის გუმბათის სახელით ვიცნობთ, შეიძლება ითქვას, ამ განხეთქილების ეპიცენტრში დგას – იერუსალიმის აკროპოლისში. მკვლევრებისთვის, რელიგიური კუთვნილების განურჩევლად, ეს დიდებული ნაგებობა, რომელიც ამ თვეში ჩვენი ჟურნალის გარეკანს ამშვენებს, ნამდვილი არქიტექტურული შედევრია და მას საძირკვლიდან გუმბათის დამაგვირგვინებელ ორნამენტამდე გაგაცნობთ.
სრულიად განსხვავებული სალოცავის აღწერით იწყება სტატია, რომელიც მოზამბიკის განსაკუთრებულ დაცულ ტერიტორიაზე მოგითხრობთ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ნიასის ნაკრძალში, სადაც მთავარი სიწმინდეა ბაობაბის ხე და საკრალური ცხოველი – ბაბუინი, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი თავის რჩენასა და ბუნების დაცვაზე თანაბრად ზრუნავს.
ბუნების დაცვა და ადამიანის გადარჩენა რომ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რეფრენად გასდევს ამ ნომრის კიდევ ორ ვრცელ სტატიას, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ, ზღაპრულ ლანდშაფტებში გამოგზაურებთ: ჩრდილოეთ ამერიკაში ათასწლოვანი ჭაობის კვიპაროსებსა და სამხრეთ ამერიკაში – გრანდიოზულ მყინვარებს შორის. ბუნების ამ ორ საოცრებას ის აერთიანებს, რომ ორივე ჩვენ თვალწინ გვეცლება ხელიდან. მიუხედავად იმისა, რომ სტატია სახელწოდებით „ყინულის ხმა“ შორეულ ჩილეს პატაგონიაზე მოგვითხრობს, ეს ამბავი ქართველი მკითხველისთვის შეიძლება მტკივნეულად ნაცნობი აღმოჩნდეს.