სამეფო ბილიკები
საუკუნოვანი ბილიკები, რომელთაგან ზოგიერთით მხოლოდ დიდგვაროვნები სარგებლობდნენ, ჰავაის კუნძულების წარსულში გვახედებს.
ჰავაიური ლეგენდის თანახმად, ქალღმერთი ჰიიაკა მტვრიანი ბილიკით ჩამოდის ჰავაის დიდი კუნძულის ქარპირა სანაპიროზე დებთან, მათ შორის ვულკანების ქალღმერთ პელესთან, შესახვედრად.
აქ, პუნას რაიონში მდებარე შორეულ სანაპიროზე, ჰიიაკამ შეასრულა ის ცეკვა, რომელსაც ზოგიერთი პირველ ჰულად მიიჩნევს.
ჰაენა-ბიჩისკენ მიმავალი ბილიკი დღემდე ხელუხლებელია. 4,6 კმ სიგრძის ბილიკს უსწორმასწორო და კლდოვან სანაპიროზე გავყავართ.
ძველად ეს ბილიკი მეთევზეთა სოფლებს აკავშირებდა. XIX საუკუნის შუა წლებში, როდესაც კუნძულზე ცხენები და ურმები მომრავლდა, გზა მოასწორეს და გააფართოვეს.
დროთა განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა კუნძულის სიღრმეში გადასახლდა, ზღვისპირა სოფლები დაიცალა და ბილიკიც მივიწყებას მიეცა. დღეს ცოტას თუ ახსოვს პუნას ბილიკის კულტურული მნიშვნელობა. „თითქოს ერთი ჩვეულებრივი ბილიკია“, – ამბობს ჯექსონ ბაუერი, „ნა-ალა-ჰელეს“ თანამშრომელი, რომლის ორგანიზაცია ბილიკების მოვლასთან დაკავშირებულ საჯარო რესურსებს მართავს, – „მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ საცალფეხო გზაზე ჰიიაკა დააბიჯებდა“.
1892 წელს დედოფალმა ლილიუოკალანმა ერთ-ერთი უკანასკნელი კანონპროექტი დაამტკიცა – გზატკეცილების აქტი. კანონპროექტის თანახმად, ჰავაის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ბილიკი ან შარაგზა, მათ შორის კერძო საკუთრებაზე გამავალიც, სახელმწიფოს ეკუთვნოდა. აქედან გამომდინარე, ბილიკები, რომლებსაც ძველი ჰავაიელები იყენებდნენ, საზოგადოების საერთო საკუთრებას წარმოადგენდა.
გზატკეცილების აქტის დამტკიცება მნიშვნელოვან პერიოდს მოჰყვა: 1848 წელს მეფე კამეჰამეჰა III-მ დიდი მაჰელე გამოაცხადა, ფეოდალური წყობა გააუქმა და 1,6 მილიონ ჰექტარზე კერძო მიწათმფლობელობა შემოიღო. აღნიშნული აქტი მკვიდრ მოსახლეობას კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილების მონახულების გარანტიას აძლევდა. ეს ყველაფერი მოხდა მანამდე, სანამ ჰავაი ამერიკის ტერიტორიად და შტატად გამოცხადდებოდა.

ფოტო: ჰავაის სახელმწიფო არქივი
დედოფლის შორსმჭვრეტელობის წყალობით დღეს ჰავაის შტატში ასობით კილომეტრის სიგრძის საჯარო ბილიკებია, რომლებიც ტყეებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისკენ მიგვიძღვის. მრავალი მათგანი ახლა უკვე გზატკეცილია, ზოგიერთი კი მივიწყებული ბილიკია, რომელსაც სალაშქრო გზამკვლევებშიც ვერ იპოვით, მაგრამ ესეც მათი მიმზიდველობის ნაწილია.
ამ საფეხმავლო ბილიკების და გზების იდენტიფიცირება ნა-ალა-ჰელეს პროგრამის ნაწილია. პროექტის თანამშრომლები ძველისძველ ბილიკებს XIX საუკუნის რუკებზე პოულობენ და მათ აღდგენასა და შენარჩუნებას ცდილობენ. მაგალითისთვის ალა-კაჰაკაის ეროვნული ისტორიული ბილიკიც გამოდგება: ეს 280 კმ-იანი ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს თემებს, ტაძრებსა თუ სათევზაო ადგილებს.
„ამ უძველესი ბილიკების უმეტესობა ათას წელზე მეტს ითვლის – და ხალხი მათ დღემდე იყენებს. ეს საოცარი რამაა, – ამბობს ბაუერი, – ამ გზებს დიდი ისტორია აქვთ და ვცდილობთ ისინი მივიწყებას არ მიეცეს“.
როცა ჩემი ექვსი წლის ვაჟი და მე ოაჰუს კუნძულზე, კაენა-პოინტის სახელმწიფო პარკის სანაპიროზე ვლაშქრობთ, ძველი ჰავაიელების ნაკვალევს გავდივართ. აქ ჰავაის კუნძულთა ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი სანაპირო დიუნების ეკოსისტემაა.
დაახლოებით 2000 ზღვის ფრინველისთვის, მათ შორის შავზურგა ალბატროსის და სოლისკუდა ქარიშხალასთვის, კაენა-პოინტი გამრავლების ადგილია. აქ ისეთი არსებები ბინადრობენ, როგორებიც არიან: დიდი ფრეგატი, წითელკუდა ფაეტონი და გადაშენების პირას მყოფი ჰავაიური სელაპი-მონაზონი.
ბილიკის გარშემო სანაპირო მცენარეები ხარობს: პლაჟის ნაუპაკა თუ ნაიო, იგივე ცრუ სანდალოზი. გზად შეიძლება ოჯახს ჩავუაროთ, რომელიც კლდოვანი სანაპიროს ნაპრალში მოიზე თევზაობს. ქორჭილასნაირთა წარმომადენელ მოის, მოტკბო გემოსა და მკვრივი ტექსტურის გამო, ხშირად მხოლოდ სამეფო ოჯახს მიართმევდნენ.
აქაურობას ლეინა-ა-კაუჰანე ეწოდება, სულთა გადასახტომი ადგილი, სადაც ახალგარდაცვლილთა სულები თავიანთ წინაპრებს უერთდებიან.
„აქ სეირნობისას თითქოს ვიღაცის საფლავზე მიდიხარ. იმავე ბილიკზე მიაბიჯებ, რომელსაც სულები გადიან, რათა მარადიულ სამყოფელს შეუერთდნენ“, – ამბობს ჰულას ოსტატი ლააკეა პერი.
„ამ ბილიკების გაყოლებაზე ადამიანები ცხოვრობდნენ და იხოცებოდნენ. მოსავალს იღებდნენ და ოკეანეში შედიოდნენ. ყველაფერს აქ აკეთებდნენ, – ამბობს ბაუერი, – თუ სადმე ბილიკია, ესე იგი იქვე უამრავი რამაა, რის დაცვაც ღირს. ეს ბილიკები საიდუმლოებისკენ მიგვიძღვის“.

წყარო: მიწისა და ბუნებრივი რესურსების ჰავაის დეპარტამენტი; ბუნების პარკის სამსახური; GREEN MARBLE
ოაჰუზე დაბადებული და გაზრდილი კეტრინ ტოთ ფოქსი მოგზაურობის და კულინარიის თემებზე წერს, იგი გულანთებული მოლაშქრე და ჟურნალ Hawai‘i-ს რედაქტორია.