სამეფო კედლის რუკა
საქართველოს ევროპული ისტორია
ფრანგი ნიკოლა დე ფერი XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარტოგრაფი იყო. იგი საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ისა და ესპანეთის მეფის, ფილიპე V-ის ოფიციალური კარტოგრაფის წოდებას ატარებდა.
სიცოცხლის განმავლობაში დე ფერმა ექვსასზე მეტი რუკა შექმნა, მათ შორის კონტინენტების, ცალკეული რეგიონების, იმპერიების, ქალაქების, ასევე, მსოფლიოს მცირე და დიდი ზომის კედლის რუკები. მის არაერთ რუკაზე შეიძლება Georgie-ის, ანუ საქართველოს ნახვა განურჩევლად იმისა, ევროპის რუკა იქნება ეს, აზიის, მსოფლიოს, რეგიონული მნიშვნელობის, თუ იმპერიების.
საქართველოსთან დაკავშირებით დე ფერის რუკებიდან, პირველ რიგში, მსოფლიოს, ევროპისა და აზიის დიდი კედლის რუკები უნდა გამოვარჩიოთ, რომლებიც 1695, 1696, 1723 და 1730 წლებში დაიბეჭდა პარიზში. იმის გამო, რომ ნაბეჭდი მასალა დიდი ზომის კედლის რუკებს წარმოადგენდა, ეს რუკები არ შესულა დე ფერის ატლასებსა და გეოგრაფიის წიგნებში. შედეგად, რუკები წლების განმავლობაში მცირე ტირაჟით, ძირითადად, სამეფო კარისა და არისტოკრატიისთვის იბეჭდებოდა და ისინი დღემდე დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
ნიკოლა დე ფერის მსოფლიოს დიდ კედლის რუკაზე საქართველო აღნიშნულია, როგორც – Georgie, ევროპის და აზიის ამავე ფორმატის რუკებზე კი, Georgie-სთან ერთად, გამოყენებულია Gurgistan. კონტინენტების რუკებზე გვხვდება: გურია (Guriel), იმერეთი (Immirette), სამეგრელო (Mingrelie), აფხაზეთი (Abaza), სამცხე-საათაბაგო (Baratralu), ქართლი (Carduel). ევროპის რუკაზე ასევე აღნიშნულია სვანეთი (Scuani) და კახეთი (Zacheti). დასახლებული პუნქტებიდან მსოფლიოს რუკაზე დატანილია ქუთაისი (Cotatis), გორი (Cory) და თბილისი (Teflis). ევროპის და აზიის რუკებზე კარგად იკითხება: გონიო (Chiunia), ქუთაისი (Cotatis), სკანდა (Scanda), გორი (Kori/Cori), თბილისი (Teflis) და ძეგამი (Zagen). საქართველოს ნაწილში ევროპის რუკაზე, ქუთაისთან ახლოს, აღნიშნულია Coni, რაც, სავარაუდოდ, ხონის აღნიშვნა უნდა იყოს.
საფრანგეთისა და ესპანეთის მეფეების ამ სამეფო კარტოგრაფის მიერ ევროპის დიდ კედლის რუკაზე დატანილი ცნობები საქართველოსთან დაკავშირებით გვხვდება 1711 წელს დე ფერის მიერ პარიზში დაბეჭდილ სხვა რუკაზეც, რომელიც თითქმის სრულად მოიცავს თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპას პოლონეთის, უკრაინის და საქართველოს ჩათვლით.
დე ფერის კედლის რუკებიდან ყველაზე საყურადღებოა 1696 წელს დაბეჭდილი აზიის დიდი რუკა, უფრო სწორად, რუკის ირგვლივ არსებული ილუსტრაციები, რომელთაგან სამი საქართველოს უკავშირდება. კერძოდ, ერთ ილუსტრაციაზე ასახულია ყურძნის კრეფა იმერეთში, მეორეზე – ტყვეთა შესყიდვა სამეგრელოში, ხოლო მესამე ჩანახატზე გამოსახულია ქართველების იერუსალიმში შესვლის სცენა. საქართველოსთან დაკავშირებულ ამ ჩანახატზე კარგად ჩანს, რომ ქართველები იერუსალიმში გაშლილი დროშით შედიან, რომელიც ფრიალებს და ზედ წმინდა გიორგია გამოსახული.
ფრანგი კარტოგრაფის, ნიკოლა დე ფერის არაერთ რუკაზე გვხვდება საქართველო, განურჩევლად იმისა, ევროპის რუკაა, აზიის, მსოფლიოს თუ იმპერიების.
შედარებით პატარა ზომის რუკებიდან აღსანიშნავია 1716 და 1717 წლებში პარიზში გამოცემულ წიგნში შეტანილი ევროპის და აზიის რუკები. ორივე მათგანზე გვხვდება წარწერა: Georgie ou Gurgistan. აზიის რუკაზე დატანილია ქალაქები ქუთაისი (Cotatis) და თბილისი (Tiflis).
რაც შეეხება სტატიაში წარმოდგენილ რუკას, ეს 1714 წელს პარიზში დაბეჭდილი მსოფლიოს რუკაა, რომელსაც მარცხენა ზედა კუთხეში, რუკის ლეგენდაში მოთავსებული სახელწოდება ახლავს თან. რუკის მარჯვენა ზედა მეოთხედში, შავ და კასპიის ზღვებს შორის, მხოლოდ ერთი ქვეყნის აღნიშვნაა – Georgie.
1714 წელს პარიზში დაბეჭდილი ამ მსოფლიოს რუკის მიზანს თითოეული ქვეყნის დეტალურად აღწერა არ წარმოადგენდა. ეს იყო კარტოგრაფიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის მსოფლიოს ახალი, ზოგადი სახის პოლიტიკური რუკის შეთავაზება. ამიტომაც არის, რომ რუკაზე დატანილი ქვეყნების უმრავლესობაში ერთი-ორი ქალაქია აღნიშნული, მაგალითად: პორტუგალიაში – ლისაბონი, ესპანეთში – მადრიდი და ტოლედო, საფრანგეთში – პარიზი, თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე – ჰამბურგი, ეგვიპტეში – კაირო, სპარსეთში – ისპაანი, ჩინეთში – პეკინი, ხოლო საქართველოში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე მხოლოდ ერთი ქალაქი, ქუთაისია აღნიშნული.
საუკუნეების განმავლობაში ევროპაში მოღვაწე მრავალ კარტოგრაფს შორის, ნიკოლა დე ფერი ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ევროპელი კარტოგრაფია, რომელმაც რუკაზე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მასთან დაკავშირებული ილუსტრაციებიც დაიტანა.