
სამეფო ოქრო
ცოტა ხნის წინ არტეფაქტების შესწავლისა და აღდგენის გერმანულ-ეგვიპტურმა პროექტმა ყურადღება მიაქცია ამ დიდი ხნის დავიწყებულ ნივთებს
ტუტანხამონის საგანძურში ორი განსაკუთრებით მდიდრულად მორთული ეტლია. აკლდამის აღმოჩენიდან მალე (1922 წ.) ეტლები კაიროს მუზეუმში გამოფინეს, მაგრამ ოქროს ფოლგით მორთული მათი ტყავის ნაჭრები საცავში გადაიტანეს.
ცოტა ხნის წინ არტეფაქტების შესწავლისა და აღდგენის გერმანულ-ეგვიპტურმა პროექტმა ყურადღება მიაქცია ამ დიდი ხნის დავიწყებულ ნივთებს. ექსპერტებს ოქროზე დატანილი რელიეფური სცენები გამოცანად ექცათ.
ამ ფრაგმენტზე ძაღლი და მითიური ფრთოსანი არსებაა, რომელიც თავს ესხმის გარეული თხის მაგვარ ცხოველს. „ეს მოტივი ეგვიპტისათვის უცხოა“, – ამბობს პროექტის თანამშრომელი, ლითონების ექსპერტი კრისტიან ეკმანი. ის კოლეგებთან ერთად ვარაუდობს, რომ ხელოვნების ეს ნიმუში სირიაში დაამზადეს, სადაც მსგავსი სტილი იყო გავრცელებული. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ თვით ეგვიპტეშიც დაემზადებინათ უცხოეთიდან შემოტანილი დიზაინით.