სამურაის სული
თანამედროვე პორტრეტებში ასახული წარსულის მშვენიერება და
გარდასულ დროთა მეომრების მიმართ პატივისცემა.


სამურაის სული
თანამედროვე პორტრეტებში ასახული წარსულის მშვენიერება და გარდასულ დროთა მეომრების მიმართ პატივისცემა.
საკუთარი, იაპონური იდენტობის კვლევისას ფოტოგრაფმა ხელახლა აღმოაჩინა წარსული აწმყოში.
მრავალი წლის განმავლობაში საზღვარგარეთისკენ მიმართული ობიექტივი რიოტარო ჰორიუჩიმ მშობლიური იაპონიისკენ მიაბრუნა იმის გამოსარკვევად, თუ რას მოიცავდა იაპონური (და, კერძოდ, მისი, როგორც იაპონელის) იდენტობა, ის ჩაეძია „მაცურის“ – სათემო დღესასწაულს, რომელსაც უძველესი დროიდან ზეიმობენ ქვეყნის ყველა რეგიონში.


(მარცხნივ) მივა ჰოსოკავა კავალერისტის – „კიბას“ – აღკაზმულობითაა წარმოდგენილი. ფესტივალის მსვლელობისას ის მონაწილეთა ცხენებზე ზრუნავს, რაშიც მას ცხენსაშენში მუშაობის გამოცდილება ეხმარება.
(მარჯვნივ) ერთ დროს საჯარო სამსახურში დასაქმებული იუკიო იმადა „სამურაი-ტაიშოს“ – ასეულის მეთაურს – განასახიერებს. მეტოქეების დასაშინებლად მის მუზარადზე გამოსახულია ონი – საშიში არსება იაპონური ფოლკლორიდან.
როდესაც ფუკუშიმას პრეფექტურაში სომა-ნომაოის ფესტივალზე ცხენზე ამხედრებული, აბჯარასხმული სამურაების შთამომავლების და ენთუზიასტების ასპარეზობას დაესწრო, გაოცებული დარჩა მათი ძალითა და ოსტატობით.
ფესტივალს, რომელიც ათას წელზე მეტია იმართება, სომას ბატონმა ჩაუყარა საფუძველი; ის მიზნად ისახავდა სამხედრო წვრთნა ჩაეტარებინა მისთვის თავდადებული სამურაებისთვის. ფესტივალის თანამედროვე მონაწილეები შთაგონებულნი არიან სამურაების დისციპლინით, ღირსებითა და ერთგულებით – იმ თვისებებით, რომლებიც მათ ცხოვრების უკუღმართობებთან გამკლავებაში დახმარებია; მაგალითად, 2011 წელს, როდესაც ფუკუშიმას გამანადგურებელი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა თავს და ბირთვული კატასტროფა გამოიწვია.


(მარცხნივ) მეიარაღე კაცუნაო კამოს პროფესიამ შეუწყო ხელი, რომ სათანადოდ გამოწყობილიყო როლისთვის. ის განასახიერებს „გუნჯას“ – შტაბის უფროსის თანაშემწე სამურაის. აწ გარდაცვლილი კამო ფესტივალის საორგანიზაციო საქმეებსაც განაგებდა.
(მარჯვნივ) იუიჩი ტაკაჰაში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, თუმცა, როგორც ფესტივალის „ოსაკინორი“, ის სამურაების კავალერიის მსვლელობას და მარშრუტის უსაფრთხოებას ზედამხედველობს. მისი ეს აბჯარი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება.
ფესტივალის მონაწილეების მონათხრობმა და მათი მრწამსის სიმტკიცის დანახვამ ჰორიუჩის უბიძგა წამოეწყო ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეეცდებოდა ფოტოზე აღებეჭდა მათი პიროვნული ხასიათი და იდენტობა სამურაის როლში. სამურაების თაყვანისმცემელთათვის წარსული აწმყოს განსაზღვრავს. ფესტივალის ისტორიის განმავლობაში მონაწილეები ფეხს უწყობდნენ დროს, თუმცა არ წყვეტდნენ კავშირს სამურაებთან. ამ პორტრეტების წყალობით, ჰორიუჩიმაც მიაგნო საკუთარ თავს – ისიც იცვლება დროისა და ადგილის შესაბამისად, მაგრამ ინარჩუნებს ტრადიციულ სულისკვეთებას.

გეილ ცუკიიამა არაერთი ბესტსელერის ავტორია. მის რომანებს შორის აღსანიშნავია: „სამურაის ბაღი“, „აბრეშუმის ქალები“ და „ჰაერის ფერი“.