სანაპირო კავშირი
დანიის კეთილდღეობის საიდუმლო საკუთარ სანაპიროებთან
ისტორიულ კავშირში შეიძლება იმალებოდეს.


სანაპირო კავშირი
დანიის კეთილდღეობის საიდუმლო საკუთარ სანაპიროებთან ისტორიულ კავშირში შეიძლება იმალებოდეს.
დანიის სამეფოში ზღვასთან მუდამ ახლოს იმყოფებით. გარდა იუტლანდიის საზღვრისა გერმანიასთან, დანია სრულადაა გარშემორტყმული წყლით და 8750-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი (დანიურად – kystland) აქვს.
„ეს ხელსაყრელი იყო ვიკინგების საზოგადოებისთვის, რადგან ნაოსნობა მათთვის გადაადგილების უმნიშვნელოვანესი საშუალება იყო“, – ამბობს რიკე იოჰანსენი, როსკილეში არსებული ვიკინგური გემების მუზეუმის კურატორი. „ხმელეთი ადამიანებს განაცალკევებდა; ზღვა – აკავშირებდა“.
სანამ 406 კუნძულისგან შემდგარი დანია აგრარულ სახელმწიფოდ იქცეოდა, თევზჭერა საარსებო წყარო იყო. თუმცა დღეს, იოჰანსენის თქმით, დანიელებისთვის წყალი დასვენებასთან ასოცირდება: `ჩვენ ზღვას სათანადოდ ვერ ვაფასებთ; ბევრი ჩვენგანისთვის წყლის ყურება ყოველდღიურობის ნაწილია“.
დანია გამყინვარების პერიოდის მყინვარებით და ყინულოვანი დინებებით წარმოქმნილი დაბლობია. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 170 მეტრის სიმაღლეზეა, რის გამოც ქვეყანა ხშირადაა წყალდიდობების და შტორმების მსხვერპლი. 2100 წლისათვის მოსალოდნელი ზღვის დონის ერთმეტრიანი მატება ისტორიულ ძეგლებს უქმნის საფრთხეს.
ზღვიდან თავდაპირველად 200 მეტრში აშენებულ 120 წლის შუქურას, რუბიერგ კნუდეს, 2019 წელს ადგილი შეუცვალეს, რადგან ნაპირის ეროზიამ ეს დისტანცია 6 მეტრამდე შეამცირა. დაბლობების დასაცავად სანაპირო ზოლის გასწვრივ ბალახით დაფარული ჯებირები მოეწყო. დაჩქარებული ეროზიის შესაფერხებლად ნაპირს და დიუნებს სხვა ადგილებიდან მოტანილი ქვიშით ამაგრებენ.
ორმეტრიანი ტალღებით და სერფინგის კულტურით გამორჩეულ კლიტმიოლერს „ცივი ჰავაი“ შეარქვეს. „წყლის შიშისა და მისი პატივისცემის ძლიერი ისტორია გვაქვს“, – ამბობს ნიჩბით სერფინგის მსოფლიო ჩემპიონი კასპერ სტაინფათი. „დასავლეთ სანაპიროს მცხოვრებლებს ერთი გამოთქმა გვაქვს, რომ „ქარის პირისპირ დავიბადეთ“, თუმცა ეს გვაძლიერებს“.

იუტლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში, სკაგენთან ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვები ერთმანეთს ხვდებიან. დანიაში ყველაზე დიდი თევზმჭერთა დასახლება სკაგენი ცნობილია თავისი მოძრავი დიუნებით და განსაკუთრებული განათებით, რომელიც შთაგონების წყაროა მრავალი თაობის ხელოვანთათვის. „სკაგენში ჩრდილებიც კი ნათელია“, – აღნიშნავს მხატვარი ნილს პოპლენსი.
დანიის აღმოსავლეთ სანაპირო, სადაც მე ვცხოვრობ, მეტად დაცულია. შეფარული ზღვის ყურეები და ფიორდები მშვიდი დროსტარებისთვის გამოდგება. რბილი, ქვიშიანი სანაპიროები ნუდისტებს იზიდავს; წყლიდან ახალამოსულს, კიბეზე 80 წელს გადაცილებული კაცი შიშველი შემეგება.
ბორნჰოლმში მაღალი კლასის სამზარეულოს დააგემოვნებთ და ისეთ წვრილმარცვლოვან ქვიშაზე წამოწვებით, რომელიც ქვიშის საათების დასამზადებლად გამოიყენებოდა.
ცენტრალური კუნძულის, ფიუნის სამხრეთით, დანიის ქორწინების კუნძულად ცნობილი პატარა ფოტოგენური ერე მდებარეობს.
ზაფხულში, როდესაც 11 საათამდე არ ბინდდება, დანიელები სამსახურის შემდეგ წყლის სპორტით ირთობენ თავს. „აქ არასოდეს იწყენ“, – ამბობს ნავთმშენებელი სერენ ნილსენი როსკილედან. „შეგიძლია დაივიწყო შენი ტელეფონი, „მოუცლელობა“ და, უბრალოდ, ბუნებით ისიამოვნო“.
წუწაობა და ცოცვა ღულკობინის სანაპიროზე
წუწაობა და ცოცვა ღულკობინის სანაპიროზე
მცურავი კოპენჰაგენის ნავსადგურთან
დანიის უდიდესი ქვიშის სათამაშო მოედანი, რობიერგ-მილი
ბორნჰოლმზე, Sanctuary Rocks-ზე მდგომი მეგობრები
წუწაობა და ცოცვა ღულკობინის სანაპიროზე
წუწაობა და ცოცვა ღულკობინის სანაპიროზე
მცურავი კოპენჰაგენის ნავსადგურთან
დანიის უდიდესი ქვიშის სათამაშო მოედანი, რობიერგ-მილი
ბორნჰოლმზე, Sanctuary Rocks-ზე მდგომი მეგობრები
ბუნებრივია, რომ დანიას ბევრი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად მოიხსენიებს „ლურჯი ზონების“ ავტორის, დენ ბიუტნერის ჩათვლით.
დანიაში 1300 თითქმის ხელუხლებელი პლაჟი და მხოლოდ 5,8 მილიონი მოსახლეა; ამიტომ პლაჟზე მარტო ყოფნა უჩვეულო არაა. დამსვენებლებს ხელს უწყობენ ზღვის პირას აშენებული ღამის გასათევი ნაგებობებით და შეშის მარაგებით. თანაც, მიდიების სიუხვის გამო, უფასო სადილით უზრუნველყოფილი იქნებით. მხოლოდ ტაფა და ცოტაოდენი ვიკინგური სულისკვეთება დაგჭირდებათ. „აქ ნამდვილად სკანდინავიური ენერგია სუფევს, – ამბობს სტაინფათი, – ვიკინგური სიმტკიცით იმსჭვალები. სანაპიროზე ხმელეთი და ოკეანე მუდამ უმოწყალოდ ებრძვიან ერთმანეთს. ბუნების ეს ძალები შთამაგონებენ და სიცოცხლით მავსებენ“.
ჰელენ რასელი ავტორია წიგნების: „დანიურად ცხოვრების წელიწადი“ და „ბედნიერების ატლასი“.