
საქართველო – ევოლუციის შესწავლის "მექა"
მეცნიერები გამოყოფენ 30-ზე მეტ სახეობას კავკასიის ეკორეგიონში, საიდანაც 15 საქართველოშიც ბინადრობს
კავკასიური კლდის ხვლიკები ქვეწარმავლების უაღრესად მრავალფეროვანი ჯგუფია. მეცნიერები გამოყოფენ 30-ზე მეტ სახეობას კავკასიის ეკორეგიონში, საიდანაც 15 საქართველოშიც ბინადრობს. ამ 15-დან ზოგი იმდენად უნიკალურია, რომ მათი არეალი ერთ რომელიმე ხეობას არ სცდება. არატროპიკული ქვეწარმავლების ასეთი მრავალფეროვნება მსოფლიოში მეტი არსად გვხვდება.
ილიას უნივერსიტეტის გენეტიკური ლაბორატორიის ბოლო სამი წლის კვლევები ადასტურებს, რომ ეს სახეობები ევოლუციურად ძალიან „ახალგაზრდები არიან“: მათი განცალკევება ბოლო გამყინვარებამ (ორიოდე მილიონი წლის წინ) გამოიწვია. საინტერესო-ა, რომ ისინი ჯერ კიდევ ადვილად ეჯვარებიან ერთმანეთს. ამიტომ, რიგი მეცნიერებისა დღემდე დავობს, შეიძლება თუ არა მათ ცალკე სახეობებად მოხსენიება. მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანზე ყველა თანხმდება – კავკასიური კლდის ხვლიკების ამ ჯგუფში სახეობათა წარმოქმნის პროცესი, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ჩვენ თვალწინ“ მიმდინარეობს, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა. “ეს საქართველოს, როგორც კავკასიის ეკორეგიონის ინტეგრულ ნაწილს, მსოფლიოს ნებისმიერი მეცნიერისთვის ევოლუციური პროცესის შეს-წავლის „მექა“ აქცევს“, – ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით თარხნიშვილი.