
საქართველოს ძველი მეგობარი | ნილ მაკფარლეინი
ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთადერთი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი რუსთაველის ფონდია
მომიყევით, თუ როგორ დაინტერესდით საქართველოთი.
საქართველოში პირველად 1990 წელს მოვხვდი. საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიასა და ამერიკელ მკვლევართა საბჭოს გაცვლითი პროგრამა ჰქონდა, რომლის თემა საერთაშორისო უსაფრთხოება იყო. პროგრამაში ახალგაზრდა მეცნიერები იყვნენ ჩართულნი. მაშინ მეც ახალგაზრდა მეცნიერი ვიყავი და ერთ-ერთი შეხვედრა სწორედ თბილისში იყო. მე საბჭოთა საგარეო პოლიტიკას ვსწავლობდი, მაგრამ საქართველოში ჯერ 1990 და შემდეგ 1991 წელს ჩამოსვლამ მიმახვედრა, რომ საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად უკვე უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, ასე რომ, მისი საგარეო პოლიტიკის კვლევას აზრი დაეკარგა. მას შემდეგ ჩემი დაკვირვებისა და შესწავლის საგანი საქართველოს აკადემიური ცხოვრების გარდაქმნისა და ადაპტაციის პროცესია ამერიკასთან ცვალებადი ურთიერთობების ფონზე.
უფრო კონკრეტულად?
მაგალითად, სოციალური მეცნიერებები საბჭოთა კავშირის აკადემიური ცხოვრების ძლიერი მხარე ნამდვილად არ იყო. საინტერესოა, როგორ ახერხებს საქართველო საბჭოთა აკადემიური ცხოვრების ადაპტაციას სოციალური მეცნიერებების დარგში, როგორ შეგვყავს ის თანამედროვე დიალოგში სოციალური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თქვენი მოღვაწეობაც ამას უკავშირდებოდა?
დიახ, 4 წლის განმავლობაში თსუ-ს მოწვეული პროფესორი ვიყავი და სადოქტორო პროგრამას ვუძღვებოდი. მის ფარგლებში ძალიან ახლოს ვთანამშრომლობდი სოციალური მეცნიერებების ცენტრთან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი მარინე ჩიტაშვილი გახლდათ. როდესაც იგი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორად დაინიშნა, იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ფონდს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო ეყოლებოდა, რათა კვლევის დაფინანსებისა და წარმოების საერთაშორისო პერსპექტივა გახსნილიყო. და აი, უკვე 4 წელია, რაც ეს საბჭო ფუნქციონირებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ფონდი ცდილობს, საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების აღდგენაა. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რამდენადაც ჩვენ ეს შეგვიძლია.
რამდენად აქტიურად მონაწილეობთ საბჭოს ცხოვრებაში, ალბათ საკმაოდ ბევრ დროს ითხოვს.
დიახ, ნამდვილად, მაგრამ მე მოხარული ვარ მისი წევრობისა, ახლა საბჭოს მდივნის ფუნქციასაც ვითავსებ. რაც ყველაზე მთავარია, საბჭოს თითოეული წევრი, ყველა უცხოელი წევრი აქტიურადაა ჩართული მის საქმიანობაში და ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში მეცნიერების სწორი მიმართულებით განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ, ქართველ კოლეგებს იმის შესახებაც გავუზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამა თუ იმ სამეცნიერო პროექტის ფორმირება ისე, რომ კვლევიდან მიღებული მაქსიმალური სარგებელი საქართველოში დარჩეს.
რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს პროცესი?
ვფიქრობ, ჯერ მაინც ყველაფერი განვითარების ფაზაშია. არის მეცნიერების გარკვეული დარგები საქართველოში, რომლებიც საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგია და დღემდე ძალიან მაღალი დონისაა, მაგალითად, ფიზიკა – თეორიული ფიზიკა, მათემატიკა. თუმცა, ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც საქართველო შეეჯახა ამ მიმართულებით, ისაა, რომ უფროსი თაობის ბევრმა, მართლაც განსაკუთრებულმა მეცნიერმა დატოვა ქვეყანა. ასე რომ, გაჩნდა ნაპრალი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ფონდი ცდილობს, საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების აღდგენაა. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რამდენადაც ჩვენ ეს შეგვიძლია. ამაში მხოლოდ ფინანსურ ხელშეწყობას არ ვგულისხმობ, რადგან ფონდს საკმაოდ ლიმიტირებული სახსრები აქვს. ჩვენ იმასაც ვცდილობთ, რომ გავახსენოთ ჩვენს მეცნიერებს, თუ ვინ არიან ისინი როგორც ქართველნი. თანამედროვე ქიმიის ლაბორატორიის ან ინფორმატიკის სისტემის მოწყობას საკმაოდ დიდი ფული სჭირდება, საქართველოში კი ხშირად არ არის ამის საშუალება. ამიტომ ვცდილობთ, შევქმნათ ადამიანური კაპიტალი.
რა გზით ცდილობთ ამას?
ფონდს უკვე რამდენიმე წელია აქვს გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობის პროგრამა. ეს ძირითადად იმას ნიშნავს, რომ იღებ ძირითად კვლევას და აქცევ იმად, უხეშად რომ ვთქვათ, რისი გაყიდვაც შეიძლება. ჩვენ ვცდილობთ, მოვიძიოთ პარტნიორები ამ მიმართულებით და თანაინვესტირებაზე დავითანხმოთ, მაგალითად, ჩვენ თუ დავაფინანსებთ გამოყენებითი კვლევის 30 პროცენტს და ისინი დანარჩენ 70-ს, საბოლოო ჯამში მოგებულნი დარჩებიან და იმის საშუალებაც ექნებათ, რომ ნახონ, რამდენად მუშაობს ესა თუ ის მიმართულება. თუმცა, ეს გრძელვადიანი პროცესია, რადგან საბჭოთა მეცნიერების ტრადიციაში არ არსებობდა კერძო სექტორთან თანამშრომლობის კულტურა: მაშინ არც კერძო სექტორი არსებობდა. ხალხი მეცნიერებაში მხოლოდ იმ სიამოვნებისთვის მიდიოდა, რასაც კვლევა ანიჭებდა.
როგორია კერძო სექტორთან ურთიერთობის დასავლური პრაქტიკა?
ოქსფორდის უნივერსიტეტში, მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი 6 სხვადასხვა კერძო კომპანიასთან თანამშრომლობს წლის განმავლობაში და ჩვენ საზიარო მფლობელობა გვაქვს. თუ პროექტი გაამართლებს, ჩვენ ჩვენს წილს ვყიდით, რადგან ნამდვილად არ გვინდა, რომ შემდეგი მაიკროსოფტი ვიყოთ. ჩვენ ხომ უნივერსიტეტი ვართ, მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი გაქვს საშუალება, განავითარო და განახორციელო იდეები და შემდეგ გაავრცელო ბაზარზე და გაყიდო ის, ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ დღეს ქართული კერძო სექტორის შესაძლებლობები, რომ რეალურად დააფინანსოს მეცნიერება, ჯერ კიდევ საკმაოდ მწირია, თანაც მისი პრიორიტეტი მაინც უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ინვესტიციაა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება კერძო სექტორის წარმომადგენლები აქ მეცნიერების პოტენციალს ვერ ხედავენ?
არა, უბრალოდ მგონია, რომ ასე უფრო ადვილია.
დიახ, და მოგებასაც ბევრად მალე იღებ.
რა თქმა უნდა. ბრუნვა ბევრად მალე იწყება და, ასევე, რისკიც ბევრად ნაკლებია. ჩვენ თუ, მაგალითად, ნევროლოგიური სკანერის შექმნა გვინდა, რამაც შეიძლება შეცვალოს ტვინის დაავადებების მკურნალობის გზა, ძალიან ბევრი ფული დაგვჭირდება საწყის ეტაპზე და შემდეგ ძალიან დიდი დრო, სანამ პროექტი დასრულდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში გაწეული ინვესტიციის სასარგებლო პროგრესი თვალნათელი არ არის. უძრავი ქონება კი იყიდე – გაყიდე… ყველაფერი მარტივია.
ვცდილობთ, ქართველ კოლეგებს იმის შესახებაც გავუზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამა თუ იმ სამეცნიერო პროექტის ფორმირება ისე, რომ კვლევიდან მიღებული მაქსიმალური სარგებელი საქართველოში დარჩეს.
ალბათ, ინვესტორის და საზოგადოების ორმხრივ დამოკიდებულებასაც აქვს მნიშვნელობა. დასავლეთში ერთგვარ პრესტიჟადაც ითვლება მეცნიერებისა და კულტურის ხელშეწყობა. საზოგადოებაც სულ სხვაგვარად აფასებს ასეთ ადამიანებს.
რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ ადამიანებთან მისვლის რამდენიმე გზა არსებობს. ერთი არის, რომ შესთავაზო ისეთი რამ, რაც მეტ მოგებას მოუტანს. მეორე კი მთლიანად რეპუტაციას ემყარება. მაგალითად, ჩვენ გვყავს ერთი ადამიანი ოქსფორდში, ვინც საკმაოდ დიდი ფული იშოვა ყოფილ საბჭოთა კავშირში, შემდეგ ინგლისში ჩამოვიდა და მოისურვა, რომ ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების წევრი გამხდარიყო. მას ძალიან ბევრი ფული აქვს. მან საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია ოქსფორდს, სამაგიეროდ კი პრაქტიკულად არაფერი მოუთხოვია ჩვენგან. ეს საქციელი მხოლოდ საზოგადოებაში ადგილის მოპოვებაში ეხმარება. ვფიქრობ, რომ მისნაირი ხალხი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ასეთი კულტურა არის საქართველოში. ამის განვითარებას დრო დასჭირდება.
მაინც, რა იქნებოდა თქვენი ზოგადი კომენტარი, სწორი გზით მივდივართ?
ოჰ, რა თქმა უნდა.
რა როლი აკისრია რუსთაველის ფონდს და მის საბჭოს ამ ყველაფერში, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ფონდის არსებობა?
სასიცოცხლოდ – ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მაგალითად, ავიღოთ თუნდაც საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამა. ალბათ, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ერთადერთი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა ჩვენ ვართ – საბჭო ან ფონდი. ამ მიმართულებით კვლევები უბრალოდ ვერ ჩატარდებოდა, რომ არა ფონდი. სახელმწიფო ბიუჯეტში ამის სახსრები არ არის, ასე რომ, თუკი გადახედავთ იმ მეცნიერთა სიას, რომლებიც საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებით არიან დაკავებულნი, ნახავთ, რომ თითოეულ მათგანს რუსთაველის ფონდი აფინანსებს, რომ თავიანთი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა განახორციელონ. ასევე ის, რაც, მაგალითად, ფიზიკასა და საინჟინრო მეცნიერებებში ხდება, საკმაოდ დიდად არის ხელშეწყობილი ჩვენი ბიუჯეტით რუსთაველის ფონდის მიერ. თუმცა, ეს ყველაფერი სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად კეთდება. საქმე ისაა, რა იქნება მომავალში.
მეც სწორედ ეს მინდოდა მეკითხა. ცოტა ხნის წინ ნაპრალი ახსენეთ. რა ბერკეტი აქვს რუსთაველის ფონდს იმისთვის, რომ მის მიერ დაფინანსებული მეცნიერები საქართველოში დაბრუნდნენ და საკუთარი ცოდნა თავიანთი მიმართულების აქ განვითარებას მოახმარონ?
საინტერესო კითხვაა…
ამერიკული ფონდები, მაგალითად, კონტრაქტში პირობად დებენ, რომ პროგრამის დამთავრების შემდეგ შენს ქვეყანაში უნდა დაბრუნდე და მინიმუმ ორი წელი დარჩე. ყოველი შემთხვევისთვის, ამერიკაში ვეღარ შეხვალ.
ასეა, მაგრამ რეალურად ამის საშუალებას ამერიკის საიმიგრაციო კანონი იძლევა. ეს მათი სავიზო პოლიტიკიდან გამომდინარეობს. თუკი კვლევითი პროგრამით მიდიხარ, ვიზის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა დაბრუნდე სამშობლოში. შეიძლება ვიზა გაგიგრძელონ კიდევაც, მაგრამ პროგრამას როგორც კი დაასრულებ, უნდა დაბრუნდე. ასე რომ, ეს უკვე კანონის საკითხია, საქართველოში კი მსგავსი რეგულაცია არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა.
მგონი, ახალი კანონის შემუშავების დროა.
დიახ, კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა…
კარგი, დაბოლოს, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთ-ერთი ძლიერი კათედრა ოქსფორდის უნივერსიტეტშია. წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 100 წლის წინ დიდი ბრიტანეთი საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკაში და ოქსფორდის უნივერსიტეტიც უამრავ საარქივო მასალას ინახავს ამ წლების შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველ მეცნიერებს ხელი მიუწვდებათ ამ მასალაზე. რამდენად საჭიროა ეს, ზოგადად, ქვეყნისთვის, რომ სწორად გავიაზროთ ჩვენი წარსული და განვსაზღვროთ ახლანდელი პრიორიტეტები?
ეს ძალიან საინტერესო და საჭიროა. როდესაც ფონდმა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამა ჩამოაყალიბა, მაშინ ვფიქრობდით, რომ მეტი შესაძლებლობა უნდა მიგვეცა პოსტსადოქტორო მკვლევრებისთვის საქართველოს გარეთ, რომ მათ წვდომა ჰქონოდათ ისეთ მნიშვნელოვან მასალებთან, როგორიცაა, მაგალითად, უორდროპების არქივი. ამიტომაც შევთავაზე ოქსფორდის უნივერსიტეტს, რომ შეექმნათ სპეციალური პროგრამა და ისინიც დამთანხმდნენ. მაშინ მეგონა, რომ ეს მხოლოდ საქართველოსთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ის სინამდვილეში ორივე ქვეყნისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩვენთვისაც უზარმაზარი საქმე გაკეთდა, რადგან, თუნდაც, იგივე უორდროპების კოლექცია, აქამდე შეუსწავლელი იყო. ასე რომ, ქართველი მეცნიერები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ოქსფორდში და თანამშრომლობა ნამდვილად ორმხრივია, რაც ძალიან გვახარებს.