საქართველოს მღვიმეების უცნობი ბინადრები

ფოტო: Cloud Studio
მღვიმის ეკოსისტემები ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილია დედამიწაზე. მღვიმური ცხოველების უამრავი სახეობა ენდემურია და მათ პოპულაციებს დიდი ყურადღება სჭირდება კონსერვაციის კუთხით. სწორედ მღვიმის ბინადრებს იკვლევს ბიოლოგი შალვა ბარჯაძე, რომელიც ხელმძღვანელობს უხერხემლოთა სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული 14 წლის განმავლობაში იგი აქტიურად შეისწავლიდა დასავლეთ საქართველოს მღვიმეებს და მან ბოლოფეხიანებისა თუ მთიბავების არაერთი ახალი სახეობაც აღმოაჩინა.
დასავლეთ საქართველოს კარსტული მასივები შესაძლოა წარმოადგენდეს მიწისქვეშა ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებს, თუმცა აქამდე ბიოლოგიურად შესწავლილია მღვიმეების მხოლოდ 12% და, ამგვარად, შალვა ბარჯაძე თვლის, რომ სრულიად დასაშვებია მეცნიერებისთვის უცნობი კიდევ მრავალი სახეობის აღმოჩენა. ამჟამად იგი ხელმძღვანელობს „საქართველოს მიწისქვეშა ბიომრავალფეროვნების გამოვლენის“ პროექტს, რომლის მიზანია მღვიმეებში მობინადრე უხერხემლო ცხოველთა ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიისა და ევოლუციის შესწავლა. ამ პროექტის ფარგლებში საერთაშორისო მეცნიერთა გუნდი 30 მღვიმეს გამოიკვლევს რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთსა და სამეგრელოში. მღვიმის ბინადართა გამოსაკვლევად ისინი მღვიმეშივე მიმართავენ თანამედროვე მოლეკულურ ანალიზს, დნმ-ბარკოდინგს, რომელიც ეყრდნობა ნანოფორული სეკვენირების ტექნიკას. აღნიშნული მეთოდი მეცნიერებს დაეხმარება სახეობების იდენტიფიცირებასა და კავკასიის მღვიმური ცხოველების დნმ-ის ბარკოდ-ბიბლიოთეკის შექმნაში. მეცნიერები შეაგროვებენ იშვიათ უხერხემლო ცხოველთა მორფოლოგიურ-მოლეკულურ მონაცემებს და მათი გავრცელების შესახებ ინფორმაციას, რის საფუძველზეც შეაფასებენ სახეობათა კონსერვაციულ სტატუსს.
ეს პროექტი დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან მღვიმის ეკოსისტემები უაღრესად მყიფეა, გარე საფრთხეები კი – ვიზიტორთა ჭარბი ნაკადი თუ მიწისქვეშა წყლების დაბინძურება – სულ უფრო მზარდი.