სასიკვდილო ვაჭრობა
მარტორქის რქის ბიზნესის ბნელ სამყაროში – როგორ შეუძლია ორიოდე სამხრეთაფ-რიკელს ამ ცხოველის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს


სასიკვდილო ვაჭრობა
მარტორქის რქის ბიზნესის ბნელ სამყაროში – როგორ შეუძლია ორიოდე სამხრეთაფ-რიკელს ამ ცხოველის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს
სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნულ პარკში დღეს ველური მარტორქების ყველაზე დიდი პოპულაცია ბინადრობს. აქედან მანქანით ხუთი საათის სავალზე, პოლოკვანეში მსოფლიო მასშტაბით ძებნილი ცხოვრობს. ადამიანი, რომელიც მარტორქის რქით უკანონო ვაჭრობის გამო იძებნება, საფარის მილიონერი ოპერატორი და ყოფილი პოლიციელი დოუი გროენვალდია.
მე და ფოტოგრაფი ბრენტ სტირტონი გროენვალდთან შესახვედრად ორი ავტომობილით საუცხოო, მიხვეულ-მოხვეულ მთის ქედებზე მივიწევდით. დაღამდა. ვიღაცამ კუპრი დაღვარა მაგისტრალის ღერძულა ხაზზე და ცეცხლი წაუკიდა. ეს იყო კიდევ ერთი პროტესტი – გამოწვეული იმ რასობრივი და ეკონომიკური დაძაბულობით, რომელიც ისევ გიზგიზებს სამხრეთ აფრიკაში, აპარტეიდის დასრულებიდან ორი ათწლეულის შემდეგ. ცეცხლს გვერდი ავუარეთ და საგზაო საცობში მოვყევით. ერთ კილომეტრში სახელდახელოდ მოწყობილი ბლოკპოსტი მოჩანდა. გზის შუაგულში, რომელიც ცეცხლწაკიდებულ დივანს ჰგავდა, ცეცხლის ალი სამ მეტრამდე ადიოდა ჰაერში. დიდ ქვებს გზის ოთხივე ზოლი ჩაეხერგა. ბრენტი მანქანიდან გადავიდა და გზის გაწმენდას შეუდგა, ამხელა ქვებზე ვერ გადავიდოდით. მე კი ვათვალიერებდი, ვინმე ხომ არ იყო ჩასაფრებული. გზის გადაღმა უჩინარი ადამიანების მიერ ნასროლი ქვების წვიმაში მივიკვლევდით გზას.
ღამის გასათევად ნესტიან გზისპირა სასტუმროში გავჩერდით. გროენვალდის ინსტრუქციის მიხედვით, ავტოგასამართ სადგურზე მის კაცს, ლეონ ვან დერ მერვეს შევხვდით. შემდეგ ამ კაცმა ოცი წუთი ვრცელ, საგულდაგულოდ შემოღობილ მამულში გვატარა. ბოლოს მივაღწიეთ ქვის ორ ბოძზე დაყენებულ ჭიშკარს, რომელიც ელექტრონულად გაიღო. შესასვლელ გზაზე, დოინჯშემოყრილი დოუი გროენვალდი იდგა.
გროენვალდს პრახტიგში (ჰოლანდიურად „მშვენიერი“), თავის სანადირო მამულში, მარტორქების მიმართ გამოვლენილი სისასტიკის გამო, „პრახტიგის ყასაბი“ შეარქვეს. მისი და კიდევ 10 ადამიანის სახელზე 1872 უკანონო ქმედებაა დაფიქსირებული სამხრეთ აფრიკის საბრალდებო ოქმში. „გროენვალდის ბანდას“, როგორც მას სამხრეთაფრიკული მედია მოიხსენიებს, სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ: მარტორქების უკანონო ხოცვა, რქების უკანონოდ დაჭრა, რქებით ვაჭრობა, გამოძალვა, ფულის გათეთრება და სხვა მასთან დაკავშირებული დანაშაულებები. აშშ-ში გროენვალდსა და მის ძმას, ჟანმენს ბრალი წაუყენეს თორმეტამდე ამერიკელი მონადირე-კლიენტის მოტყუებით, პრახტიგში მარტორქების უკანონო ხოცვაში. აშშ-ის ხელისუფლებამ მათი ექსტრადირება მოითხოვა. ჩეხმა გამომძიებლებმა გროენვალდი მარტორქის რქის ტრეფიკინგის სინდიკატს დაუკავშირეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ვიეტნამში გემებით ჩატანილი რქები ჩეხი მონადირეების პრახტიგში დახოცილ მარტორქებს ეკუთვნოდათ. გროენვალდი უარყოფს, რომ იცოდა ამ ნადირობის ნამდვილი დანიშნულება. ოდესღაც მას ნადირობა აუკრძალეს ზიმბაბვეში და სამხრეთ აფრიკის პროფესიონალ მონადირეთა ასოციაციიდან გარიცხეს.
„მარტორქების ომი ნარკოტიკივითაა. აქ დიდი ფული ტრიალებს“. – ქსოლანი ფუნდა, კრუგერის პარკის რეინჯერი
ეს არის დოუი გროენვალდის, მარტორქის რქით უკანონო ვაჭრობაში ბრალდებულისა და ჯონ ჰიუმის, მსოფლიოში მარტორქების უდიდესი ფერმის მფლობელის ამბავი – ამბავი ორი ადამიანისა, რომლებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს და საერთო მიზანიც აქვთ: ბოლო მოუღონ სამხრეთ-აფრიკულ და საერთაშორისო აკრძალვებს მარტორქის რქით ვაჭრობაზე. გროენვალდი სწორედ იმ დროს დათანხმდა ჩვენთან შეხვედრას, როცა სამართლებრივ ბრძოლაშია ჩაბმული. ფსონი მაღალია: შესაძლოა, ის ათწლეულებით გამოამწყვდიონ ციხეში ან გაიხსნას სარკმელი მარტორქის რქით ლეგალური ვაჭრობისთვის სამხრეთ აფრიკაში – სარკმელი, რომელიც გზას გაუჭრიდა მსოფლიო ლეგალურ ვაჭრობას, რაც, ოპონენტთა თქმით, საბოლოოდ გაწირავდა მარტორქას.
მარტორქების კრიზისი
დედამიწაზე შემორჩენილი 29 500 მარტორქიდან, 70 პროცენტის სამკვიდრო სამხრეთ აფრიკაა. 1800-იან წლებამდე, როდესაც კონტინენტზე ევროპული გავლენა გაძლიერდა, აფრიკაში ასეული ათასი ინდივიდი ბინადრობდა. მარტორქა ორ კონტინენტზე გვხვდება და მისი ხუთი სახეობაა გავრცელებული: დაახლოებით 20 400 თეთრი მარტორქა; 5250 შავი მარტორქა; უფრო დიდი ზომის ინდური მარტორქა, სუმატრული და იავური. სამხრეთ აფრიკის მარტორქების კერძო მფლობელთა ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანაში არსებულ მარტორქებს შორის 6200 ინდივიდი კერძო მფლობელთა ხელშია და კომერციული მიზნებით გამოიყენება ფოტოსაფარისთვის, ლეგალურად სანადიროდ, რქების წარმოებისა და გასამრავლებლად.
მარტორქის რქა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წანაზარდია ეგზოტიკურ ბაზარზე, სადაც ბევრ უცნაურ საქონელს ნახავთ: სპილოს ძვალი, ვეფხვის პენისი თუ ჟირაფის კუდი. სხვა მრავალი სახეობის რქისგან განსხვავებით – მათ შორის მსხვილფეხა საქონლის – მარტორქის რქა არ არის ძვლოვანი ქსოვილი. მის შემადგენლობაშია კერატინი – ცილა, რომელსაც შეიცავს ჩვენი თმა და ფრჩხილები. თუ რქას რაღაც ნაწილს მოვჭრით, ის ისევ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მარტორქის რქის გაყიდვა არალეგალურია, სამხრეთ აფრიკაში, ნებართვის შემთხვევაში, შესაძლებელია რქის მოჭრა. ყოველ ერთ ან ორ წელიწადში სამხრეთაფრიკელი მარტორქის ფერმერები ისრებით აძინებენ თავიანთ ცხოველებს, თითოეულ მარტორქას აჭრიან ორ კილოგრამამდე რქას და ინახავენ ბანკის საცავებსა თუ სხვა უსაფრთხო ადგილებში იმ იმედით, რომ ოდესმე მისი გაყიდვა დაკანონდება.
სწრაფად მზარდი უკანონო ვაჭრობა, ძირითადად, ვიეტნამსა და ჩინეთს ამარაგებს, სადაც მარტორქის რქას ფქვავენ და ყველაფრის სამკურნალოდ ყლაპავენ, დაწყებული კიბოთი, დამთავრებული ზღვის გველის ნაკბენითა და ნაბახუსევით. წლების განმავლობაში დასავლურ მედიაში გავრცელებული მცდარი წარმოდგენების წყალობით, ბოლო ხანებში ხალხი მარტორქის რქას ასევე იყენებს, როგორც აფროდიზიაკს. გროენვალდის თქმით, სამხრეთ აფრიკის შავ ბაზარზე თეთრი მარტორქის ერთი კილოგრამი რქა 6500 დოლარამდე ღირს, თუმცა აზიურ შავ ბაზარზე მისი ფასი ხუთჯერ და ათჯერ მეტია, ხოლო საცალო ფასები, შესაძლოა, ასტრონომიულ ნიშნულამდეც ავიდეს. ერთმა მამრმა მარტორქამ 10 კგ რქით, შესაძლოა, ახალი ცხოვრება შეუქმნას მოზამბიკელ ბრაკონიერს, თუკი ის კალაშნიკოვით ხელში კრუგერის ეროვნული პარკის საზღვარზე გაძვრება. თუმცა, ალბათ, ამ ბრაკონიერს ის გამოიყენებს, ვინც იარაღი მისცა. თავად შეიძლება დაიღუპოს კიდეც. 2010-2015 წლებში ხელისუფლებამ 500 მოზამბიკელი ბრაკონიერი დახოცა კრუგერის პარკში.
ბოლო ათ წელიწადში მარტორქაზე ბრაკონიერობა კატასტროფულად გაიზარდა. 2007 წელს სამხრეთ აფრიკამ მხოლოდ 13 მარტორქის დაკარგვის შესახებ განაცხადა. 2008 წელს – 83-ის, შარშან კი – 1175-ის. კრუგერის პარკში, დაახლოებით 9000 მარტორქის საბინადროში, ყოველდღე ორ-სამს ხოცავენ. ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ აფრიკით არ შემოიფარგლება. აპრილში ბრაკონიერებმა დიდი ინდური მარტორქა ავტომატური იარაღით მოკლეს ინდოეთში, კაზირანგის ეროვნულ პარკში; სულ რამდენიმე საათში, რაც კემბრიჯის ჰერცოგი და მისი მეუღლე პარკს კონსერვაციის პოპულარიზაციის მიზნით სტუმრობდნენ. დაჭრილი მარტორქები არ ბღავიან. ისინი ტირიან! დედა, რომელსაც ესროლეს, ტკივილისგან ტირის და ზოგჯერ ინსტინქტურად უხმობს შეშინებულ ნაშიერს. ბრაკონიერები ტყვიას ზოგავენ და პატარა მარტორქას მაჩეტეთი ხერხემალს უპობენ, შემდეგ კი მისი რქებიც მიაქვთ.
ფრონტის წინა ხაზზე მყოფთათვის მარტორქების დაცვა აღარ არის მხოლოდ კონსერვაციის პრობლემა. „ეს ომია“, ამბობს კრუგერის პარკის უფროსი რეინჯერი, ქსოლანი ნიკოლუს ფუნდა. მარტორქებზე ბრაკონიერობის ყველაზე მეტი შემთხვევა ამ პარკშია. „ეს ჩვენი იმედგაცრუებაა. მარტორქების ომი ნარკოტიკივითაა. აქ დიდი ფული და მექრთამეობა ტრიალებს. მართლმსაჯულების მთელი სისტემა კორუფციულია. ჩვენ ვაგებთ საქმეებს სასამართლოში. გარშემორტყმულნი ვართ პოლიციის განყოფილებებით, რომლებსაც არც კი აღვიქვამთ პოლიციად. სამართალდამცავები ბრაკონიერებთან თანამშრომლობენ“.
ბრძოლა იოჰანესბურგში
1977 წელს მარტორქის რქით საერთაშორისო ვაჭრობა აიკრძალა „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციით. ეს შეთანხმება ველური ბუნების წარმომადგენლებით გლობალურ ვაჭრობას არეგულირებს. თუმცა აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე და გააჩნია გამონაკლისი, რომელიც რქით უკანონო მოვაჭრეებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს: კონვენციის მიხედვით, ლეგალურია რქის ან ნადავლის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია ნებადართული სპორტული ნადირობისას მოკლული თეთრი მარტორქისგან. 2003 წლიდან ვიეტნამელმა მარტორქის რქით უკანონოდ მოვაჭრეებმა დაიწყეს ჩაწერა სამხრეთაფრიკელ სანადირო აღჭურვილობის მომწოდებლებთან, რათა მარტორქები რქების მოსაპოვებლად დაეხოცათ, მოგვიანებით კი ლაოსში ბაზირებულმა სინდიკატმა მეძავებიც კი დაიქირავა ფსევდომონადირეების როლის სათამაშოდ. ამ სინდიკატებს რქა ლაოსის შავ ბაზარზე გაჰქონდათ.
მტაცებლური ნადირობის საპასუხოდ, სამხრეთ აფრიკამ გაამკაცრა ნადირობის წესები, მონადირეებს წელიწადში ერთი მარტორქის მოკვლის ნებართვა მისცა, ისიც სახელმწიფო მოხელის თანდასწრებით. ვიეტნამელ მონადირეებს კი ნადირობა აუკრძალა. თითოეულ მონადირებულ მარტორქის რქაში უნდა მოთავსებულიყო მიკროჩიპი და მისი დნმ-ის ნიმუში დაფიქსირებულიყო მარტორქის დნმ-ის ინდექსების სისტემაში, პრეტორიის უნივერსიტეტის ვეტერინარული გენეტიკის ლაბორატორიაში.
ამის მიუხედავად, მარტორქის რქით უკანონო ვაჭრობა არ წყდებოდა. იყო კიდევ ერთი სუსტი წერტილი მარტორქის რქით ვაჭრობის საერთაშორისო აკრძალვაში, რაც CITES-ს კონვენციამ ვერ გაითვალისწინა: მარტორქის რქის გაყიდვა სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ლეგალური იყო. მაგრამ 2008 წელს გარემოს დაცვისა და ტურიზმის მინისტრმა მართინუს ვან შოლკვიკმა ამ პოლიტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა – „მარტორქის რქით არალეგალური ვაჭრობის ზრდის შესამცირებლად“ და „ბრაკონიერობის შესაჩერებლად“. 2009 წლის თებერვალში ძალაში შევიდა აკრძალვა მარტორქის რქით შიდა ვაჭრობაზეც. გროენვალდი მარტივად ხსნის, თუ რატომ არ ახდენს სამხრეთ აფრიკა რქის გაყიდვის ლეგალიზაციას: „სადღაც მთავრობაში მაღალჩინოსნები უნდა იყვნენ ამ საქმეში ჩართული. გესმით, რას ვამბობ?“
გროენვალდიც და ჯონ ჰიუმიც ამბობენ, რომ მარტორქების გამრავლება და შემდეგ მათი რქების ლეგალურად გაყიდვა ბრაკონიერობას შეამცირებს. თუმცა, ამას არ ეთანხმება ანტილეგალიზაციის მთავარი დაწესებულების – „სამხრეთ აფრიკელი მოქალაქეები ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ დირექტორი ელისონ თომსონი. „ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს უკვე უჭირთ გაუძლონ მძიმე ზეწოლას. 2015 წელს ათასამდე დაპატიმრებას სულ რაღაც 61 სასჯელი მოჰყვა. დამატებითი წნეხი ლეგალური ვაჭრობის მონიტორინგზე, კანონის აღსრულებას თითქმის შეუძლებელს გახდის, რაც საშუალებას მისცემს კრიმინალურ სინდიკატებს ისევ უკანონოდ და მეტი რქით ივაჭრონ არალეგალურ საერთაშორისო ბაზარზე“.
გროენვალდის აზრით, სულაც არ ხარ ბრაკონიერი, თუ იმას კლავ, რაც შენია.
დაპირისპირება მარტორქის რქის ირგვლივ კრიზისს მიაღწევს, როცა სექტემბერში CITES-ის შეხვედრას (სამ წელიწადში ერთხელ იმართება) იოჰანესბურგი უმასპინძლებს. 1997 წელს სამხრეთ აფრიკამ კონვენციის მხარეებს შესთავაზა მოეხსნათ აკრძალვა მარტორქის რქით საერთაშორისო ვაჭრობაზე, რადგან თვლიდა, რომ ქვეყნისსამართლებრივი სისტემა უზრუნველყოფდა კონტროლირებად ვაჭრობას – აკრძალვის გაუქმება კი „დაწევდა ფასებს შავ ბაზარზე და შეამცირებდა აქტიურობას“. თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა.
ისტორიამ აჩვენა, რომ ვაჭრობის აკრძალვის მოხსნას, დანაშაულისა და კორუფციის ადეკვატური კონტროლის გარეშე, შეიძლება, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. 2007 წელს CITES-ის მონაწილეებმა შეაჩერეს საერთაშორისო აკრძალვა სპილოს ძვლით ვაჭრობაზე და უფლება მიანიჭეს ოთხ ქვეყანას – ბოტსვანას, ნამიბიას, სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეს – 115 ტონა გაეყიდა ჩინეთსა და იაპონიაში. დიდი რაოდენობის საქონლის დაბალ ფასად გაყიდვა, რომელიც მომდევნო წელს დაიწყო, მიზნად ისახავდა აზიის სპილოს ძვლის ბაზრის წალეკვას და, შედეგად, არალეგალური მოვაჭრეების იქიდან გამოძევებას. მაგრამ ამან ნიშანი მისცა, რომ სპილოს ძვლის ბაზრები ისევ ღია იყო, რამაც სპილოებზე უპრეცედენტო ბრაკონიერობა გამოიწვია მთელ აფრიკაში – წელიწადში 30 000 სპილოზე მეტს ხოცავდნენ მხოლოდ 2010-2012 წლებში. ეს დღესაც გრძელდება.
„შემთხვევითი არაა, რომ მარტორქის რქისა და სპილოს ძვლის ფასები გაიზარდა დაახლოებით იმ დროს, როცა CITES-მა საუბარი დაიწყო სპილოს ძვლის ლეგალიზაციაზე“, ამბობს აშშ-ის ველური ბუნების კანონდამცველთა სამსახურის უფროსი ჩიფ უილიამ ვუდი აშშ-ის თევზის რესურსებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურიდან.
ზოგი ფიქრობს, რომ სამხრეთ აფრიკა, მსხვილი ფერმერული ინდუსტრიის ზეწოლით, კვლავ მოითხოვს CITES-ის აკრძალვის გაუქმებას მარტორქის რქის საერთაშორისო ვაჭრობაზე – მიუხედავად იმ უხერხულობისა, რომ შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა ასეთ წინააღმდეგობრივ გეგმას წარადგენს. „ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთეთ (ბრაკონიერობის შესაჩერებლად) და ყოველდღე ერთი და იმავეს კეთებას შედეგი არ მოაქვს, – განუცხადა სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის მინისტრმა ედნა მოლევამ გაზეთ Mail & Guardian-ს 2013 წელს CITES-ის შეხვედრაზე ბანგკოკში. ამის ნაცვლად, 2016 წლის მაისში სამხრეთ აფრიკამ განაცხადა, რომ არ მოითხოვდა აკრძალვის გაუქმებას. ამ დროიდან სულ ცოტა ხანში კი სვაზილენდმა შემოიტანა წინადადება აკრძალვის მოხსნის თაობაზე.
ხოცვა-ჟლეტა პრახტიგში
დოუი გროენვალდი გრძელი სასადილო მაგიდისკენ მიგვიძღვის, ქვის უზარმაზარი ბუხრის წინ, მისი მარტორქის საშენი რანჩოს, მატაკის მთავარ შენობაში. მისი ორი საკუთრებიდან ეს უფრო პატარა, 750-ჰექტრიანი მამულია პრახტიგიდან სამხრეთით, 200 კილომეტრში. გარეთ ორი ვერტმფრენი ბზინავს, იქვეა არაბული ცხენების საჯინიბო და მრავალი ჰექტარი ძვირადღირებული ეგზოტიკური სანადირო ადგილები, რომელთაც მასპინძელი მოგვიანებით გვაჩვენებს. მათ შორისაა მარტორქებზე სანადირო ტერიტორიაც. შენობაში შავი ტყავის დივნებითა და ფიტულებით სავსე ორი დიდი ოთახია.
ის მაგიდასთან ჯდება და მოსამსახურე ენდრიუს მისთვის ბატკნის კანჭი მოაქვს – „სკოპ“, გვიხსნის და მარცხენა ხელით მარჯვენა მკლავზე გაპობის ამსახველ მოძრაობას აკეთებს. მე და ბრენტი გამომშრალ საქონლის ხორცსა („ბილტონგი“) და კოკა-კოლას ვარჩევთ.
გროენვალდმა მატაკაზე საქმიანობა 2012 წელს დაიწყო, დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ, მაგრამ არც პრახტიგში შეშვებია ნადირობას. მან ახალი ბიზნესი წამოიწყო, „ველური აფრიკის სანადირო საფარი“, რომელმაც ჩაანაცვლა თავდაპირველი – „აფრიკის სათავგადასავლო საფარი“. „ორი წლის წინ აქ ამერიკელი პოლიტიკოსი იყო; მან არც კი იცის, რომ ეს ჩემი სახლია“, ამბობს თავმომწონედ. გროენვალდი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ აფრიკისა თუ აშშ-ის სასამართლოებში გაიმარჯვებს და ამის საფუძველიც აქვს: სამხრეთ აფრიკაში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამოქალაქო სარჩელით გაიყინა, რომელიც მისმა მეზობელმა, სამონადირეო მეურნეობის მფლობელმა იოჰან კრუგერმა შეიტანა. სარჩელის მიხედვით, სამხრეთ აფრიკის მიერ მარტორქის რქით ვაჭრობის აკრძალვა, ისევე როგრც მარტორქებთან დაკავშირებული ის ბრალდებები, რომლებიც გროენვალდს წაუყენეს, არაკონსტიტუციურია.
„სასამართლო დოკუმენტებში იოჰან კრუგერის სახელი წერია“, მეუბნება გროენვალდი. მაგრამ კრუგერი არაა გარეული იმ დანაშაულებებში, რომლებშიც გროენვალდია ბრალდებული. გროენვალდის თქმით, კრუგერი არ არის რეალური მოსარჩელე, არც ის პიროვნებაა, რომ ამ საქმის იურიდიული ხარჯები იკისროს. „ეს მე ვარ“, ამატებს მრავალმნიშვნელოვნად. კრუგერმა უპასუხოდ დატოვა National Geographic, კონტაქტი არ შედგა. თუმცა შეგვიძლია გროენვალდს დავუჯეროთ; ის და კრუგერი ერთად იყვნენ კამეჩების ბიზნესში: ერთად ნადირობდნენ; კრუგერის ფოტო გამოჩნდა გროენვალდის სანადირო ბროშურებში და ორივეს ერთი ადვოკატი ემსახურება.
სამხრეთ აფრიკაში გროენვალდის წინააღმდეგ ბრალდებები 2010 წლის სექტემბერში პრახტიგის რეიდს მოჰყვა, რომელიც პრიორიტეტულ დანაშაულთა გამოძიების სამხრეთ აფრიკის დირექტორატმა, პოლიციის ელიტურმა დანაყოფმა „შავარდნები“ მოაწყო. მარკუს ჰოფმაიერი, სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკების ვეტერინარული სამსახურის მენეჯერი, რომელიც კრუგერის ეროვნულ პარკს ხელმძღვანელობს, კრიმინალისტ ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებიც იმ დღეს მიიყვანეს გროენვალდის მარტორქების დასაძინებლად, ქსოვილებისა და სისხლის სინჯების ასაღებად. მისმა გუნდმა 29 ცოცხალი მარტორქა მოიხელთა და 26 – ისრით დააძინა.
ჰოფმაიერმა ფიცის ქვეშ წარმოადგინა წერილობითი ჩვენებები, სადაც აღწერდა პრახტიგში ნანახს: „ჩვენ მიერ დაძინებულ ყველა მარტორქას ეტყობოდა, რომ უწინ რქები მოუძვრიათ, ზოგს ზრდის წერტილამდეც კი. ზოგიერთ მარტორქას რქა აშკარად ბენზოხერხით ან რაღაც მსგავსით ჰქონდა მოჭრილი“.
ამ ადამიანებმა აღიარეს მარტორქაზე ბრაკონიერობა სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნულ პარკში. მათ ბრალს ველური ბუნების კონსერვაციის ახალი კანონის მიხედვით წაუყენებენ, რაც 12-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
უსაფრთხოების სამსახურის გუნდის წევრს („ანტი-ბრაკონიერთა“ სვირინგს გვიჩვენებს) მარტორქის რქა უჭირავს ხელში ჯონ ჰიუმის მარტორქების რანჩოზე, რომელიც უდიდესია მთელ მსოფლიოში (კლერკსდორფი, სამხრეთ აფრიკა). ჰიუმის 1300 მარტორქას ყოველ 20 თვეში ერთხელ აჭრიან რქებს, რომლებიც ხელახლა ეზრდებათ.
სამხრეთ აფრიკელ სამონადირეო რანჩოს მეპატრონე დოუი გროენვალდს 1739 ბრალი აქვს წაყენებული მარტორქის რქის უკანონო ვაჭრობასა და მარტორქებზე ბრაკონიერობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აშშ მისი და მისი ძმის ექსტრადიციას ცდილობს.
მოზამბიკი. კრუგერის ეროვნულ პარკთან ადგილობრივი პოლიცია, მეტყევე-ოფიცრები, მესაზღვრეები და რეინჯერები ერთობლივად, საერთაშორისო ანტიბრაკონიერული ფონდის მხარდაჭერით, აპატიმრებენ მამაკაცს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ბრაკონიერთათვის იარაღისა და ტრანსპორტის მიმწოდებლად თვლიდნენ.
ვეტერინარი იოჰან მარაისი ახალი სამკურნალო საშუალების გამოსაცდელად ემზადება. ამ მდედრს ადამიანის ქირურგიაში გამოყენებული ელასტიკური ლენტით უნდა დაუხუროს, რქის მოკვეთით გაჩენილი, ღია ჭრილობა – 2015 წელს ბრაკონიერების ჩადენილი სისასტიკის კვალი.
„ლულას“ ბრაკონიერებმა მოუკლეს დედა კრუგერის ეროვნულ პარკში. ახლა ის მარტორქების თავშესაფარში ცხოვრობს, მპუმალანგის პროვინციაში. ჭრილობები აფთრებმა მიაყენეს. მომვლელი დოროთა ლადოჟი ახალნაოპერაციებ პატარა მარტორქას ეხუტება.
პორტ-ელიზაბეთის სიახლოვეს სამონადირეო რანჩოს მფლობელმა ვერ შეძლო მაღალი ფასის გადახდა ბრაკონიერებისგან თავისი მარტორქების დასაცავად და ეს მარტორქა გაყიდა. თვალებახვეულსა და ყურებში ტამპონგაჩრილ ცხოველს ვეტერინარი მის ახალ საბინადრომდე აცილებს.
ამ მარტორქებს რქები დააჭრეს ჯონ ჰიუმის რანჩოში. სპილოს ძვლისგან განსხვავებით, სწორად მოჭრის შემთხვევაში, მარტორქის რქა ხელახლა იზრდება. ჰიუმს 4,5 ტონა მარაგი აქვს. რამაც, შესაძლოა, 45 მილიონი დოლარი მოუტანოს.
ამ მარტორქებს რქები დააჭრეს ჯონ ჰიუმის რანჩოში. სპილოს ძვლისგან განსხვავებით, სწორად მოჭრის შემთხვევაში, მარტორქის რქა ხელახლა იზრდება. ჰიუმს 4,5 ტონა მარაგი აქვს. რამაც, შესაძლოა, 45 მილიონი დოლარი მოუტანოს.
ამ ადამიანებმა აღიარეს მარტორქაზე ბრაკონიერობა სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნულ პარკში. მათ ბრალს ველური ბუნების კონსერვაციის ახალი კანონის მიხედვით წაუყენებენ, რაც 12-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
უსაფრთხოების სამსახურის გუნდის წევრს („ანტი-ბრაკონიერთა“ სვირინგს გვიჩვენებს) მარტორქის რქა უჭირავს ხელში ჯონ ჰიუმის მარტორქების რანჩოზე, რომელიც უდიდესია მთელ მსოფლიოში (კლერკსდორფი, სამხრეთ აფრიკა). ჰიუმის 1300 მარტორქას ყოველ 20 თვეში ერთხელ აჭრიან რქებს, რომლებიც ხელახლა ეზრდებათ.
სამხრეთ აფრიკელ სამონადირეო რანჩოს მეპატრონე დოუი გროენვალდს 1739 ბრალი აქვს წაყენებული მარტორქის რქის უკანონო ვაჭრობასა და მარტორქებზე ბრაკონიერობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აშშ მისი და მისი ძმის ექსტრადიციას ცდილობს.
მოზამბიკი. კრუგერის ეროვნულ პარკთან ადგილობრივი პოლიცია, მეტყევე-ოფიცრები, მესაზღვრეები და რეინჯერები ერთობლივად, საერთაშორისო ანტიბრაკონიერული ფონდის მხარდაჭერით, აპატიმრებენ მამაკაცს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ბრაკონიერთათვის იარაღისა და ტრანსპორტის მიმწოდებლად თვლიდნენ.
ვეტერინარი იოჰან მარაისი ახალი სამკურნალო საშუალების გამოსაცდელად ემზადება. ამ მდედრს ადამიანის ქირურგიაში გამოყენებული ელასტიკური ლენტით უნდა დაუხუროს, რქის მოკვეთით გაჩენილი, ღია ჭრილობა – 2015 წელს ბრაკონიერების ჩადენილი სისასტიკის კვალი.
„ლულას“ ბრაკონიერებმა მოუკლეს დედა კრუგერის ეროვნულ პარკში. ახლა ის მარტორქების თავშესაფარში ცხოვრობს, მპუმალანგის პროვინციაში. ჭრილობები აფთრებმა მიაყენეს. მომვლელი დოროთა ლადოჟი ახალნაოპერაციებ პატარა მარტორქას ეხუტება.
პორტ-ელიზაბეთის სიახლოვეს სამონადირეო რანჩოს მფლობელმა ვერ შეძლო მაღალი ფასის გადახდა ბრაკონიერებისგან თავისი მარტორქების დასაცავად და ეს მარტორქა გაყიდა. თვალებახვეულსა და ყურებში ტამპონგაჩრილ ცხოველს ვეტერინარი მის ახალ საბინადრომდე აცილებს.
ამ მარტორქებს რქები დააჭრეს ჯონ ჰიუმის რანჩოში. სპილოს ძვლისგან განსხვავებით, სწორად მოჭრის შემთხვევაში, მარტორქის რქა ხელახლა იზრდება. ჰიუმს 4,5 ტონა მარაგი აქვს. რამაც, შესაძლოა, 45 მილიონი დოლარი მოუტანოს.
ამ მარტორქებს რქები დააჭრეს ჯონ ჰიუმის რანჩოში. სპილოს ძვლისგან განსხვავებით, სწორად მოჭრის შემთხვევაში, მარტორქის რქა ხელახლა იზრდება. ჰიუმს 4,5 ტონა მარაგი აქვს. რამაც, შესაძლოა, 45 მილიონი დოლარი მოუტანოს.
რქის მოჭრამ ზრდის წერტილთან ძალიან ახლოს, შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს და, ვეტერინართა თქმით, მტკივნეული იყოს. ჰოფმაიერი ვარაუდობდა, რომ ზოგი რქა მოაშორეს „დანის ჩარჭობით და რქის მიმაგრების ადგილის გამოცალკევებით ქალას ფუძისგან ან ძლიერი დარტყმის საშუალებით რქის ფუძისგან მოგლეჯით“.
გროენვალდის თქმით, ჩინელებს „არ უყვართ პატარა ნატეხები“, ამიტომ თავის მარტორქებს რქებს ქალიდან სულ რაღაც რვა სანტიმეტრის დაშორებით აჭრის.
გამომძიებლებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ადგილი დამწვარი მარტორქების ლეშებისა და ქალის ნარჩენებით. იპოვეს ცხრამეტი ქალა, რქა ყველას მომძვრალი ჰქონდა. ექვსი წლის შემდეგ, ჰოფმაიერს მუდმივად თან სდევს ეს კადრი. „ჩემთვის ყველაზე სულისშემძვრელი იყო ორმო, დახოცილი მარტორქებით. ალბათ ის სასჯელს გადაურჩება. ჩემთვის ეს არის ვერდიქტი, თუ რამდენად არაეფექტურია ჩვენი სისტემა“.
ეს ყველაფერი ჰოფმაიერს საშინლად სტკივა. გროენვალდის მამულში მან იცნო მარტორქები, რომელთა დაჭერაშიც ეხმარებოდა კრუგერის ეროვნული პარკის თანამშრომლებს. გროენვალდმა საუკეთესო ფასები შემოგვთავაზა. ჩვენი სატენდერო კანონმდებლობის შესაბამისად, ეს არ იყო კრიმინალი და ამიტომ არ შეგვეძლო არ მიგვეყიდაო. ველური ფაუნის კერძო სექტორზე გაყიდვა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ პარკმა სპეციალური საკონსერვაციო პროექტების ხარჯები გადაიხადოს. მართალია, ზოგიერთ მარტორქას საფარის მომწყობებზე ყიდიან სანადიროდ, მათ გამრავლების შანსიც აქვთ, რაც საერთო ჯამში რიცხოვნობას ზრდის. მართლაც, მეტწილად სანადირო მიზნით გამრავლებას მიეწერება თითქმის გადაშენების პირას მისული თეთრი მარტორქების გადარჩენა მე-20 საუკუნის მიჯნაზე.
„დიდი დრო სჭირდება პოპულაციის აღდგენას, დიდი დრო სჭირდება ადამიანების მიმართ ნდობის აღდგენასაც. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საქმის მონაწილე ვარ? მე დავიჭირე ის ცხოველი და ჩავსვი იმ ყუთში“, – ამბობს ჰოფმაიერი და ზოგად სურათზე აკეთებს აქცენტს – ცხოველებზე, რომლებსაც სხვა ადგილებში გადასვლაში დაეხმარა. „ვიტყოდი, რომ მათი 75 პროცენტი ჯერ ისევ ცოცხალია და მრავლდება. მხოლოდ ეს მიადვილებს ამ სიტუაციასთან შეგუებას“.
გროენვალდი, რომელმაც 30 მარტორქაზე მეტი იყიდა კრუგერის პარკისგან, ამბობს რომ პარკმა მას ბრალი თითოეული ზრდასრული მამრის რქისთვის წაუყენა: „მათ კი სურდათ, რომ ადამიანებს ენადირათ მარტორქებზე“.
პრახტიგში სასიკვდილოდ დაჭრილი მარტორქების 39 ლეში გროენვალდმა ადგილობრივ ყასაბს მიჰყიდა.
მან კარგად იცის, ვინ ყიდულობს სამხრეთ აფრიკის მარტორქების რქებს. ორი საჩვენებელი თითით თვალების კუთხეებს იქაჩავს და ამბობს: „ეს ადამიანები სულ მირეკავდნენ. რქა უნდათ. კიდევ რქა… რქა… ვერ მიიღებენ ჩემგან? სხვაგან იშოვიან!“
„ჩინელები თუ ვიეტნამელები?“ – ეკითხება ბრენტი.
„ორივე. ასეთი თვალები თუ აქვთ, მარტორქის რქაც უნდათ“.
ოპერაცია „ჯოგი“
2011 წლის ივნისში აშშ-ის თევზის რესურსებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურმა ელექტრონული წერილი მიიღო სამხრეთ აფრიკის „შავარდნების“ პოლკოვნიკ იოჰან ჯუსტისგან. ის დახმარებას ითხოვდა, რათა გამოეკითხათ რამდენიმე ამერიკელი, რომლებიც გროენვალდთან ერთად ნადირობდნენ სამხრეთ აფრიკაში. ეს დავალება სამსახურის პასუხისმგებელმა აგენტმა, დევიდ ჰაბარდმა მიიღო სან-ანტონიოში (ტეხასი).
ჰაბარდი იცნობდა გროენვალდს. ის მის დაპატიმრებაში მონაწილეობდა აშშ-ში უნებართვოდ მოკლული ლეოპარდის ფიტულის ჩატანისთვის. ლეოპარდი 2006 წელს გროენვალდის კლიენტმა, ტეხასელმა სანტექნიკოსმა გლენ დევიმ მოკლა. მაგრამ იმ დროს გროენვალდს არ ჰქონდა ლეოპარდზე ნადირობის უფლება. მისი გვარი მხოლოდ 2008 წელს დაფიქსირდა ნებართვის მომთხოვნელთა სიაში. სამსახურის აგენტებმა გროენვალდი 2010 წლის იანვარში დააპატიმრეს, როდესაც ის თავის ძმასთან, ჟანმენთან იყო სტუმრად (რომელიც მათი სამონადირეო კომპანიის გაყიდვების ოპერაციებს უძღვებოდა აშშ-ში. ამის შემდეგ ჟანმენი სამხრეთ აფრიკაში დაბრუნდა. გროენვალდმა აღიარა დანაშაული, მიესაჯა რვადღიანი პატიმრობა, კლიენტისთვის 7500 აშშ დოლარის დაბრუნება და 30 000 აშშ დოლარი ჯარიმა.
„როგორ შეუძლიათ ბრალი დამდონ ლეოპარდისთვის, რომელიც ჩემს სახლში მოვკალი? – ამბობს ჯერ კიდევ აღშფოთებული გროენვალდი. „მე ის არ მომიპარავს, არ მომიკლავს სხვის მეურნეობაში. ის ჩემია“.
2008 წელს, ლეოპარდი უკვე ლეგალურად მოკლესო, ამბობს ის. მიუხედავად იმისა, რომ მისი კომპანიის 2006-2007 წლების ბროშურაში, მე-13 გვერდზე ტეხასელი სანტექნიკოსის ფოტოა, სწორედ იმ უკანონოდ მოკლული ლეოპარდით ხელში.
ხუთი წლის შემდეგ, 2011 წელს, ჰაბარდი დარწმუნებული იყო, რომ გროენვალდი ისევ აგრძელებდა ცხოველებით უკანონო ვაჭრობას. ათამდე ამერიკელმა, რომლებმაც ნადირობისთვის გროენვალდის კომპანიას მიმართეს, ჰაბარდს უამბეს, რომ თავიდან სულაც არ აპირებდნენ მარტორქაზე ნადირობას. მაგრამ პრახტიგში ჩასულებს, გროენვალდმა „პრობლემური“ მარტორქის შესახებ შეატყობინა, რომელიც აუცილებლად უნდა მოეკლათ. შემდეგ საშუალოდ 10 000 აშშ დოლარი გამოართვა – მარტორქაზე ლეგალური ნადირობის ფასის უმნიშვნელო ნაწილი. ნადავლთან ფოტოების გადაღების ნებაც დართო. მაგრამ შინ მხოლოდ ფოტოები გამოატანეს, რქები გროენვალდმა დაიტოვა.
ჰაბარდის ახალი საქმე – ოპერაცია „თავზე ხელაღებული“, გადაიქცა ოპერაციად „ჯოგი“ – საერთაშორისო მარტორქის რქის უკანონო ვაჭრობის გამოძიებად, რომელიც თევზის რესურსებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურმა წამოიწყო 2011 წელს. ოპერაცია „ჯოგი“ ახლაც მიმდინარეობს და სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოძიებაა, რომლის სამიზნეებიც იყვნენ ანტიკვარიატის გამყიდველები, აუქციონის სახლები, ირლანდიელ მძარცველთა ბანდა „რათკეილ-როვერსი“ – პაბლო ესკობარის მედელინის კარტელის ყოფილი მოკავშირე და სხვები, რომლებიც ჩართული იყვნენ მარტორქის რქის ტრეფიკინგში შეერთებულ შტატებში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, ოპერაცია „ჯოგის“ შედეგებია: 30 ბრალდებული, პატიმრობის 405 თვე და 75 მილიონი დოლარის ჩამორთმეული ქონება.
ოპერაცია „ჯოგი“, სხვა სამიზნეებისგან განსხვავებით, რომლებიც ძველი ან ანტიკვარული რქებით ვაჭრობდნენ, ძმებ გროენვალდებს მარტორქების მოკვლაში სდებს ბრალს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ძმები დაადანაშაულა მარტორქებზე 11 არალეგალურ ნადირობაში სამხრეთ აფრიკის კანონების მიხედვით, აშშ-ის „ლეისის აქტის“ დარღვევაში, რაც დანაშაულად მიიჩნევს ნებისმიერი ამერიკული თუ უცხოური კონსერვაციული კანონის დარღვევას. 2015 წლის 4 აპრილს სამინისტრო დაუკავშირდა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას და მათი ექსტრადიცია მოითხოვა. „ეს აშშ-ის თევზჭერისა და ველური ბუნების სამსახურის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, ამბობს ჩიფ ვუდი.
მაგრამ, როგორც ჩანს, გროენვალდი ამჯერადაც გადაურჩება პასუხისგებას. „თავიდან ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სამხრეთ აფრიკასთან“, ამბობს ჰაბარდი და იხსენებს ექსტრადირების მოსამზადებელ ერთობლივ მუშაობას სამხრეთაფრიკელ პროკურორებთან. შემდეგ, რაღაც მიზეზით, ოფიციალური კონტაქტი სამხრეთ აფრიკის მთავრობასა და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შორის შესუსტდა. ჰაბარდის ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი კრუგერის სასამართლო პროცესია („საქმე სასამართლოშია განსახილველად“ და სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა პროკურატურამ უარი უთხრა National Geographic-ს ინტერვიუზე). როგორც ჩანს, სასამართლო პროცესმა ასევე ჩიხში შეიყვანა გროენვალდის დიდი ხნის მოკავშირის, საფარის ოპერატორისა და მარტორქების მოკვლაში ბრალდებულის, ჰუგო რასის, სამართლებრივი დევნა, რომლის კლიენტ მონადირეებში შედიოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ვაჟები ერიკი და დონალდ ტრამპ-უმცროსი. რასს ადანაშაულებენ მარტორქის ბრაკონიერთა და რქით მოვაჭრეთა 10-კაციანი სინდიკატის ხელმძღვანელობაში, რომლის წევრებიც მარტორქებს ხოცავდნენ ისრის სასროლი თოფებით და ამ დროს იყენებდნენ ეთორფინის ჰიდროქლორიდის სასიკვდილო დოზებს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც M99, სინთეზური ნარკოტიკი, რომე-ლიც მორფინზე 80 000-ჯერ ძლიერია.
„კამეჩი ჩემი ცხოველია“
გროენვალდის ელვარე „ტოიოტა-ჰაილუქსის“ პიკაპში ვძვრები, მოდიფიცირებული ჰალოგენის ფარებითა და მდიდრული, რბილი უკანა სავარძლებით ველური ბუნების დასათვალერებლად. ექსკურსიაზე მივდივართ მის მამულში, სადაც მარტორქებს ამრავლებენ.
სამხრეთაფრიკელი სამონადირეო რანჩოს მფლობელები პრაქტიკულად ყველაფერს ამრავლებენ, რის მოსანადირებლადაც საფარის კლიენტი ფულს იხდის. 2013 წელს კამეჩი „მისტერი“ სარეკორდო ფასად, 4,1 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდეს საინვესტიციო ჯგუფს იოჰან რუპერტის ხელმძღვანელობით, რომელიც ფუფუნების საგნების მსოფლიოში მეორე უდიდეს კონგლომე-რატს, Compagnie Financière Richemont SA-ს აკონტროლებს. 2014 წელს პრეზიდენტის მოადგილემ, კირილ რამაფოზამ სამი თეთრგვერდა იმპალა გაყიდა, როგორც საჯიშე საქონელი 2,5 მილიონ დოლარად, ხოლო წელს ინვესტორმა 2,8 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა მეოთხედი წილისთვის კამეჩში (სახელად „ჰორიზონტი“), რომლის ღირებულებამ 11,2 მილიონი დოლარი შეადგინა.
გროენვალდი ამრავლებს კამეჩს, იმპალას, მარტორქას, შავ ანტილოპასა და ანტილოპა გნუს, აგრეთვე არაბულ ცხენს. მის ანტილოპებს პოლივინილქლორიდის თეთრი მილები აქვთ ჩამოცმული მასიურ, ელეგანტურად მოღუნულ რქებზე. ის ასევე აშენებს მაღალმოთხოვნადი გენეტიკისა და შეფერილობის მქონე „ფერადოვან“ ცხოველებს, როგორიცაა ოქროსფერი გნუ, იმპალას მუქზურგიანი შეფერილობის ინდივიდი და შავი იმპალა. მათი რეცესიული გენები უჩვეულო შეფერილობას იძლევიან. აფრიკელ პროფესიონალ მონადირეთა ასოციაციის მოსაზრებით, რომელიც „ფერად ვარიანტებზე ნადირობას“ არაეთიკურად მიიჩნევს, ეს პრაქტიკა ველურ პოპულაციებს საფრთხის წინაშე აყენებს.
კამეჩი აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ძუძუმწოვარია, თუმცა გროენვალდი არხეინად დააქროლებს მანქანას „თავისიანებს“ შორის. „კამეჩი ჩემი ცხოველია“, ამბობს ის ალერსიანად. ღილაკს ხელს აჭერს და კიდევ ერთი მესრიანი ჭიშკარი იღება. ჩვენ უზარმაზარი მამრი კამეჩების გუნდს ვუახლოვდებით. „აი, ეს დაახლოებით 6 მილიონი რენდი ღირს“ – 400 000 აშშ დოლარი, მეორე – 675 000 აშშ დოლარი. შეტევაზე გადმოსვლის მაგივრად, ეს ვეება არსებები „ბედნიერი“ ცხვრებივით დარბიან.
რქაზე მოთხოვნა ძირს უთხრის წარმატებულ კონსერვაციას აფრიკაში. შესაძლოა, მალე მარტორქების შობადობა ჩამორჩეს ბრაკონიერობით გამოწვეულ დანაკარგებს.
ამ ცხოველის ფასზე გაკეთებული აქცენტი იმის მინიშნება იყო, რის მიხვედრასაც ამდენ ხანს ვცდილობდი: გროენვალდისა და ბევრი სხვა სამხრეთ აფრიკელისთვის, სულაც არ ხარ ბრაკონიერი, თუ იმას კლავ, რაც შენია. ამ წარმოდგენის ფესვები ქვეყნის ფერმერობის ძველ კანონებშია, რომელიც ველურ ბუნებას ნებისმიერის საკუთრებად აქცევს, ვისაც მისი შემოღობვა შეუძლია. „ყველამ იცის, რომ ბრაკონიერი არ ვარ“, მეუბნება გროენვალდი. „ვთვლი, რომ ისეთი ცხოველი, როგორიცაა მარტორქა, ჩემი უნდა იყოს. შემიძლია ისე მოვექცე, როგორც მინდა, როგორც ყველა სხვა ცხოველს – ანტილოპა კუდუსა თუ კამეჩს. თუ ვყიდულობ, ის მე მეკუთვნის. თუ მარტორქის მოკვლა გსურთ, ეს ჩემი მარტორქაა; ის ჩემს ფერმაშია. თუ მინდა, რომ მას ესროლოთ, შეგიძლიათ ესროლოთ“.
ყველაფერი ის, რაც გროენვალდისთვის კანონიერია, ერთ შეკითხვამდე დადის: როდის არის მარტორქა ჩემი?
მარტორქების მეფე
ჯონ ჰიუმი მსოფლიოში ყველაზე მეტი მარტორქის მფლობელია. ის მათ 1995 წლიდან ამრავლებს და დღეს 1300 ინდივიდი ჰყავს. თარსი რიცხვია, მეუბნება, როდესაც კლერკსდორფში, იოჰანესბურგიდან დაახლოებით 150 კილომეტრი სამხრეთ-დასავლეთით, მარტორქების რანჩოში, თავის კაბინეტში სამუშაო მაგიდასთან ჯდება. იღბლიანობისთვის კიდევ ერთზეც არ იტყოდა უარს, ამიტომ ინტერნეტში ეძებს ინფორმაციას, კვლავ ხომ არ დაიბადა ერთი პატარა მარტორქა.
გავიგე გითქვამთ, რომ ეშმაკისგანაც ვიყიდი მარტორქებს, თუ ეს მათ გადაარჩენსო, ვუთხარი მე.
„თუ ჩემს სიას ჩახედავთ, ნახავთ, რომ უამრავი მარტორქა ვიყიდე გროენვალდისგან, ალბათ 100-ზე მეტი. ამას არ უარვყოფ, არაფერი მაქვს დასამალი. მათგან ბევრი ალბათ დღეს მკვდარი იქნებოდა“ (ჰიუმი არ იყო გარეული იმ დანაშაულებში, რომელთაც გროენვალდს მიაწერდნენ).
სამხრეთ აფრიკაში, კერძო მფლობელობაში მყოფი მარტორქების დაახლოებით მეხუთედი ჰიუმის საკუთრებაა. მისი თქმით, მარტორქას განსაკუთრებულ ცხოველად ნაწილობრივ ისიც აქცევს, რომ მორჩილია და გამრავლებაც ადვილია. ამბობს, ეს მსხვილფეხა საქონლის რანჩოა, აქ სპილოებს ვერ შეინახავთო. ყოველ კვირას 10-15 მარტორქას აძინებენ, ეხმარებიან, როდესაც ბორძიკობენ, აჭრიან რქებს, შემდეგ ესვრიან გამაღვიძებელს, რქებს კი შეიარაღებული დაცვით გზავნიან უსაფრთხო ადგილზე. თითოეული მარტორქა წელიწადში 2 კილოგრამამდე რქას იძლევა. რქის მოჭრა დაახლოებით ყოველ 20 თვეში ერთხელ ხდება. ჰიუმი წლებია ამითაა დაკავებული. მისი გამოთვლით, 4,5 ტონა რქა აქვს მოგროვილი. იმედი აქვს, რქების ლეგალურად გაყიდვასაც შეძლებს, კილოგრამს 10 000 დოლარად. ეს კი დაახლოებით 45 მილიონი აშშ დოლარია.
მიუხედავად იმისა, რომ მარტორქის რქის გაყიდვა უკანონოა, ცოცხალი მარტორქების ბიზნესი არ არის უკანონო და ჰიუმიც ვიეტნამში მათი ექსპორტითაა დაკავებული. შარშან შემოდგომაზე მან მოლაპარაკებები გამართა 100 მარტორქის მიყიდვის თაობაზე კომპანია Vinpearl-თან, რომელიც ვიეტნამის უმდიდრეს ადამიანს, ფამ ნატ ვუნგს ეკუთვნის. სამხრეთ აფრიკელისთვის რანჩოს მარტორქების ექსპორტი მთავრობისგან ნებადართულია. თუმცა არც ისე ნათელია, თუ რა ელით მარტორქებს. ჰიუმის რანჩოს მენეჯერი ამბობს, რომ თითოეულ ველურ მარტორქას დაახლოებით 400 ჰექტარი ფართობი ესაჭიროება, თუმცა ჰიუმს აქვს ტყვეობაში გამრავლების ნებართვა, რაც საშუალებას აძლევს, რომ ერთი მარტორქა სამ ჰექტარ ფართობზე შეინახოს, თუკი დამატებითი საკვებით უზრუნველყოფს. Vinpearl-ის საფარის პარკმა, რომელიც ფუ კუოკის კუნძულზე მდებარე ხუთვარსკვლავიანი კურორტის შემადგენლობაშია, ტაილანდის ყურეში, ტერიტორიის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გამოყო მარტორქების გასამრავლებლად.
2015 წლის 7 დეკემბერს, Vinpearl-ის წარმომადგენელი, სამხრეთ აფრიკაში ვიეტნამის ელჩის თანხლებით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას შეხვდა, რათა დაეჩქარებინათ ჰიუმის საექსპორტო განაცხადის დამტკიცება. წერილში სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტმა განაცხადა: „Vinpearl-ს განზრახული აქვს სულ ცოტა, 100 მარტორქის იმპორტირება. ისინი განთავსდებიან 15 ჰა ფართობის შემოღობილ ტერიტორიაზე. Vinpearl მიზნად ისახავს, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტორქა ჰყავდეს საფარის ზოოპარკში და სურს მათი გამრავლება“. მთავრობამ უარი თქვა ჰიუმის განაცხადზე.
შვიდი თვით ადრე, ჰიუმმა ინიციატივა გამოიჩინა 2009 წლის შიდა აკრძალვის მოხსნაზე, მარტორქის რქით ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე, როდესაც იგი იოჰან კრუგერის თანამოსარჩელე გახდა. ეს ის სარჩელია, რომელზეც გროენვალდი ამბობს, მის უკან რეალურად მე ვდგავარო. ჰიუმი მარტივი ფორმალობის იმედზე იყო: მისი თქმით, მთავრობამ კარგად ვერ აუხსნა საზოგადოებას საქმის არსი და ისე შემოიღო აკრძალვა. ეს კი იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მორატორიუმის გამოცხადებამდე კონსულტაცია არ გაუვლია მსოფლიოს მთავარ მარტორქების რანჩოს მეპატრონესთან – პირადად მასთან.
ჰიუმის საქმე 2015 წლის 22 სექტემბერს, მარტორქის საერთაშორისო დღეს განიხილეს. მან საქმე მოიგო (კარგი ამბავი გროენვალდისთვის) და სასამართლო გადაწყვეტილებამ ორ აპელაციასაც გაუძლო, მაგრამ მთავრობამ საბოლოო აპელაცია წარმოადგინა. ჯერჯერობით აკრძალვა ძალაში რჩება.
ამასობაში გროენვალდიც და ჰიუმიც მარტორქის რქის გასაყიდად ემზადებიან. გროენვალდი მეუბნება, რომ გასულ წელს, სასამართლოში მოგებიდან მოკლე ხანში, აზიელთა რვაკაციანი ჯგუფი მიიყვანა ჰიუმის მარტორქის რქების მარაგის დასათვალიერებლად. „ეს იგივეა, ხუთი-ექვსი წლის ბავშვები სათამაშოების მაღაზიაში შეიყვანო“, ამბობს გროენვალდი.
მაგრამ, შიდა აკრძალვის მოხსნა მარტორქის „ბოსების“ ბრძოლის მხოლოდ 50%-ია. სამხრეთ აფრიკაში მარტორქის რქის ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ მათ საერთაშორისო აკრძალვის მოხსნაც სჭირდებათ. ეს კი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ვიეტნამსა და ჩინეთს ოფიციალურად არ გამოუხატავთ ინტერესი მარტორქის რქის ვაჭრობის ლეგალიზაციაზე. ჰიუმის ადვოკატი, იზაკ დიუ ტოიტი, მეუბნება, რომ ექსტრემალურ პირობებში კანონმორჩილი ადამიანები შესაძლოა გრძნობდნენ, რომ მათ არ აქვთ სხვა არჩევანი კანონის დარღვევის გარდა – როგორც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. მარტორქის კერძო რანჩოს მფლობელებმა, რომელთაც აკრძალული აქვთ თავიანთი ცხოველების რქების გაყიდვა და რომელთა მომსახურე პერსონალი და ცხოველები ბრაკონიერებისგან მომავალი საფრთხის წინაშე არიან, შეიძლება რქებით ვაჭრობა არჩიონ. მას აპარტეიდთან შედარება მოჰყავს: „შავკანიანებს უწევდათ კანონის დარღვევა იმის საჩვენებლად, რომ ის უკანონო იყო“.
„ვის აინტერესებს, რაში სჭირდებათ რქები?“, – ამბობს გროენვალდი. „თუ მისი არალეგალურად გატანა უნდათ ქვეყნიდან, მათი პრობლემაა“.
ჰიუმს არ აღელვებს, რომ მარტორქის რქას პანაცეად მიიჩნევენ, როდესაც საქმე სერიოზულ დაავადებებს ეხება. „მე არ მრცხვენია იმის გამო, რომ მარტორქის რქას, რომელიც ხელმისაწვდომად ვაქციე მსოფლიოსთვის, ვინმე კიბოიანი გადაყლაპავს და მაინც მოკვდება. ის მათ ვერ უშველის. მე ართრიტი მაქვს. სულ ცოტა, ექვს წყეულ წამალს ვიღებ და მგონი, არც ერთი მშველის“.
ჯერჯერობით, ის, რაც აქამდე დოუი გროენვალდის სასარგებლოდ მუშაობდა, სამხრეთ აფრი-კის სამართლებრივი სისტემა იყო. როცა საქმე მარტორქის რქამდე მივა, იმედი აქვს, რომ ის კიდევ ცოტას დაეხმარება – „და თუ ლეგალიზაცია მოხდა, მსურს, მე ვიყო მთავარი გამყიდველი!“
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.