
შავი ფონიდან ამოძერწილი სამყარო
მისი თითოეული პერსონაჟი განსულიერებულია – ცხოველებიც კი ადამიანებივით გიყურებენ, თითქოს საკუთარ განცდებს თვალებით გიყვებიანო
„ცხოვრებაში ყველაფერს ორი მხარე აქვს: კეთილი და ბოროტი. აი, თეთრი ძროხა არის სინაზის, სიმშვიდის და სიყვარულის სიმბოლო… თეთრი ფერი სიყვარულის ფერია, შავი ხარი ჩხუბობს, ღრიალებს, ომია“ – წერს გასტონ ბუაჩიძე 1981 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ფიროსმანი, ანუ ირმის გასეირნება“. ასეთ ფერებში ხედავდა სამყაროს თითქოს ერთი ჩვეულებრივი კაცი , რომელიც მის მრავალფეროვნებას არაჩვეულებრივად აღიქვამდა. ამბობენ, ძირითადად მუშამბაზე წერდაო. ხშირად, შავად დაფარულ ზედაპირზე აცოცხლებდა ნაირ-ნაირ ამბებსა თუ პერსონაჟებს. მისი თითოეული პერსონაჟი განსულიერებულია – ცხოველებიც კი ადამიანებივით გიყურებენ, თითქოს საკუთარ განცდებს თვალებით გიყვებიანო. “ელდორადოსთან“ წამოწოლილი ორთაჭალის ტურფებიც ვერ გაცდუნებენ, რადგან “შავი ცხოვრების ფონზე“ ასახულებს უდიდესი სიყვარულითა და მოკრძალებით მხრებთან ჩიტები დაასვა და თეთრ ზეწარში გაახვია – ცოდვები შეუნდო… სწორედ შავი ფონიდან სულ რამდენიმე ფერისა და ნახევარტონის ზედდებით ამოძერწა წითელკაბიანი მეთევზე, მის უკან არსებული სივრცეც აჩვენა და მდინარის დინების ილუზიაც შექმნა… მისი დროსა და სივრცეში განსხეულებული სიუჟეტების მიმართ გულგრილი ნამდვილად ვერავინ რჩება – უბრალო და გენიალურია ნიკო ფიროსმანი.