
შეჯახება სპორტულ დარბაზში
ადამიანებს ზუსტად უნდა გააგებინო, რა გინდა და რა ამბის მოყოლას აპირებ. როდესაც ისინი მიხვდებიან, რომ საქმის არსი გესმით, ადვილად მოძებნით ვინმეს, ვინც თქვენს დახმარებას მოისურვებს
კინშასაში ფოტოჟურნალისტ პასკალ მაიტრუს შუბლში მუშტი უთავაზეს. ეს შემთხვევით მოხდა: ქალები კრივში ვარჯიშობდნენ, ის კი ძალიან ახლოს მივიდა. ბევრი იცინეს. ეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაძაბული მივლინების მხიარული მოგონებაა. კინშასაში კრიმინალი და სიღარიბეა გამეფებული, მაგრამ აქაურებს ხელოვნება და სპორტი არ დავიწყებიათ. ეს კრივის ცნობილი კლუბია: 1974 წელს აქ მუჰამედ ალი და ჯორჯ ფორმანი შეხვდნენ. ეს ორთაბრძოლა ცნობილია სახელით „შეჯახება ჯუნგლებში“.
ობიექტივს მიღმა
კინშასაში ყოფნა უსაფრთხო არ არის. როგორ იცავდით თავს?
პასკალ მაიტრუ: ქალაქი შთამბეჭდავი და მოუწესრიგებელია, მაგრამ აქ განსაკუთრებით საშიში არაფერია, ისეთივე საშიშია, როგორც თითქმის ყველა დიდი ქალაქი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მიზნით, იმ ადამიანებთან უნდა იყოთ, ვინც გარემოს კარგად იცნობს და ადგილობრივებთან სიტუაციის გარკვევაშიც დაგეხმარებათ. იმაზეც ვიზრუნე, რომ პოლიციას და ინფორმაციის სამინისტროს სცოდნოდათ, რას ვაკეთებდი და ჩემი უსაფრთხოებისთვის ხელი შეეწყოთ. როცა ერთ ადგილას რამდენჯერმე გიწევს ჩასვლა, იქაურები უკვე გიცნობენ და მუშაობის საშუალებასაც გაძლევენ.
როგორ ახერხებდით ხალხის ნდობის მოპოვებას?
საკმაოდ რთულია, თუმცა მარტივი ხერხებიც არსებობს. ადამიანებს ზუსტად უნდა გააგებინო, რა გინდა და რა ამბის მოყოლას აპირებ. როდესაც ისინი მიხვდებიან, რომ საქმის არსი გესმით, ადვილად მოძებნით ვინმეს, ვინც თქვენს დახმარებას მოისურვებს.
ძნელი იყო ფოტოების ღიად გადაღება? თქვენ ხომ კანის ფერით გამოირჩეოდით?
სტატიის წერის დროს აქ სამჯერ ვიმოგზაურე. ამ ხნის განმავლობაში ქუჩაში თეთრკანიანი არავინ შემხვედრია. არანაირი დისკრიმინაცია არ მიგრძვნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ძნელია შეუმჩნეველი დარჩეს თეთრკანიანი, რომელიც სურათებს იღებს. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდებოდი, გარშემო მყოფნი რომ არ დაინტერესებულიყვნენ, თუ რას ვაკეთებდი. ამ სამუშაომ დრო და მოთმინება მოითხოვა.