შეკლტონის დაკარგული ხომალდის ძიებაში
ჩაძირულ ხომალდებზე მონადირეთა შეუპოვარმა გუნდმა ანტარქტიკის ყინულქვეშ „ენდიურანსს“ მიაკვლია და ამოხსნა ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო კვლევა-ძიების ისტორიაში.
შეკლტონის დაკარგული ხომალდის ძიებაში
ჩაძირულ ხომალდებზე მონადირეთა შეუპოვარმა გუნდმა ანტარქტიკის ყინულქვეშ „ენდიურანსს“ მიაკვლია და ამოხსნა ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო კვლევა-ძიების ისტორიაში.
უედელის ზღვა თავის საიდუმლოებებს მარტივად არ თმობს. ჯონ შირსმა და მენსან ბაუნდმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ – მათ უედელის წყლებში ჩამალული უდიდესი საგანძურის ძიებას მრავალი წელიწადი მოანდომეს.
ახლა კი, დაუნდობელი პოლარული ზღვით გარშემორტყმულნი, ზღვის ყინულზე იდგნენ და მზად იყვნენ, დამარცხება ეღიარებინათ.
მოსანადირებელი საგანძური სახელგანთქმული „ენდიურანსი“ (ინგლ. „გამძლეობა“) იყო, სამანძიანი ბარკენტინა, რომელსაც 1914 წელს ერნესტ შეკლტონი და მისი 27-კაციანი ეკიპაჟი ანტარქტიდისკენ მიჰყავდა, სანამ მას მოდრეიფე ყინული მოიმწყვდევდა და უედელის წყლები შთანთქავდა. ეს წარუმატებელი ექსპედიცია (შეკლტონს სანაპიროსთან ღუზის ჩაშვება და კონტინენტის ფეხით გადაკვეთა განეზრახა) თვითგადარჩენის საგად და პოლარული ექსპედიციების დიდებული ხანის ამსახველ ერთ-ერთ საუკეთესო ქრონიკად იქცა. შეკლტონი, როგორც დღეს უკვე ვიცით, უხომალდოდ დარჩენილ ეკიპაჟის წევრებს წინ გაუძღვა ქარბუქების, მოყინვისა და მარაგების ამოწურვის პირობებში. ყველანი გადარჩნენ და მათი ამბავი უამრავი წიგნისა და ფილმის შთაგონებად იქცა. თუმცა, სწორედ ჩაძირული ხომალდი გახდა მათი ეპიკური თავგადასავლის სიმბოლო.
შირსმა, 25 წლის განმავლობაში ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის (BAS) ვეტერანმა და ბაუნდმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ცნობილმა საზღვაო არქეოლოგმა, გემის საძიებო პირველი ექსპედიციისას ვერაფერს მიაკვლიეს. 2019 წელს ეს ნადირობა მათთვის მწარე გაკვეთილი იყო – თუმცა მან არსებითი ცოდნაც შესძინა, რომელიც ანტარქტიკის წყლებში დაბრუნებისას გამოიყენეს.
„ენდიურანსის“ ექსპედიციის მეთაურისგან განსხვავებით, ამ ორ მკვლევარს თანამედროვე ხელსაწყოები ჰქონდა: სატელიტები ყინულის საფარზე დასაკვირვებლად, ვერტმფრენები დიდი ტვირთამწეობით და გვერდითი სკანირების სონარით (ჰიდროლოკატორით) აღჭურვილი მოწინავე წყალქვეშა რობოტები. მათ განკარგულებაში იყო ასევე ფოლადის კორპუსის მქონე 134-მეტრიანი სამხრეთაფრიკული ყინულმჭრელი „აგულიას II“ და მისი გამოცდილი ეკიპაჟი. მიუხედავად ამისა, შირსი და ბაუნდი აღიარებდნენ, რომ დრო ეწურებოდათ, ზამთარი ახლოვდებოდა; იმავე მოდრეიფე ყინულს, რომელმაც „ენდიურანსი“ მოიმწყვდია, თავისუფლად შეეძლო „აგულიას II“-ც დაეტყვევებინა. ორივემ იცოდა, რომ ორ დღეში ყინულმჭრელს აქაურობისგან ნელ-ნელა თავი უნდა დაეღწია ან ადრე თუ გვიან მახეში გაებმებოდა.
სანაოსნო საოცრება, 44 მეტრი სიგრძის „ენდიურანსი“ ნორვეგიული სოჭის მასიური კოჭებისგან ააგეს, მკვრივი რკინის ხე გადააკრეს და ბოლოს 2 მეტრი სისქის მუხის კილით სრულყვეს. ხომალდის შეძენის შემდეგ შეკლტონმა ის გადააკეთა, რათა ექსპედიციის ტვირთისა და ეკიპაჟისთვის ადგილი გამოეთავისუფლებინა, სადგომები დაამატა რამდენიმე ათეული მარხილის ძაღლისთვის და კიჩოზე გემს სახელი შეუცვალა. ეს იმ ეპოქის ერთ-ერთ უძლიერეს ხის გემად ითვლებოდა, მაგრამ გათვლილი იყო მხოლოდ არქტიკის ყინულოვან სანაპიროებამდე სამოგზაუროდ. ანტარქტიკის მოდრეიფე ყინულში ცხრა თვის განმავლობაში გაჭედილ „ენდიურანსს“ ყინულის ზეწოლის შედეგად მოსწყდა ვერტიკალური საჭე და ახტერშტევენი, ხომალდზე ხვრელები გაჩნდა და წყალმა შიგნით შეაღწია.
1915 წლის 21 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, მცურავ ყინულზე დაბანაკებული ეკიპაჟის წევრები თავზარდაცემულები შეჰყურებდნენ, თუ როგორ აიწია კიჩო ჰაერში და გემი თავისი ყინულოვანი საფლავისკენ ჩაეშვა.
უედელის ზღვის ყინულის ქვეშ ძიებასთან დაკავშირებული უზარმაზარი ხარჯები და ტექნიკური გამოწვევები, ფაქტობრივად, წარმოუდგენელს ხდიდა შეკლტონის ბარკენტინის პოვნას, თუმცა ეს ყველაფერი 2018 წელს შეიცვალა, როდესაც „ფლოტილიის ფონდმა“, ნიდერლანდებში დაარსებულმა საზღვაო ტერიტორიების დაცვის ორგანიზაციამ, განაცხადა, რომ „ენდიურანსის“ პირველ საძიებო მისიას დააფინანსებდა. შირსი ექსპედიციის ხელმძღვანელად დაინიშნა და ბაუნდი კვლევა-ძიების დირექტორად, მისია კი 2019 წლის პირველ თვეებში უნდა დაწყებულიყო.

ფოტო: ფრენკ ჰარლი, სკოტის სახელობის პოლარული კვლევის ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი/GETTY IMAGES
უახლესი წყალქვეშა აპარატების გამოყენებითაც კი, რომლებითაც მათ საზღვაო რობოტექნიკის კომპანია Ocean Infinity ამარაგებდა, ეკიპაჟი დიდი გაჭირვებით მიიწევდა უედელის ზღვაში – დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილას. მცურავი ყინულების განლაგების, ასევე მოდრეიფე ყინულის მიმართულებისა და სიჩქარის მონიტორინგი ჯერაც ნახევრად მეცნიერული სამუშაო და ნახევრად მარჩიელობა იყო, ძიების დაწყებისთვის ზღვის ფსკერის სათანადო არეალის განსასაზღვრად კი საუკუნის წინანდელ კოორდინატებს უნდა დაყრდნობოდნენ.
სანამ საძიებო ზონას მიაღწევდნენ, ტექნიკური ხარვეზების გამოც შეფერხდნენ. ღრმა წყლებში მათი დისტანციური მართვის აპარატის (ROV) პირველი შემოწმებისას ელექტრომოწყობილობების კაფსული აფეთქდა. გუნდმა თითქმის მთელი კვირა ამაოდ გაატარა აეროდრომზე სათადარიგო ნაწილების მოლოდინში. მათ ლოდინი შეწყვიტეს და საძიებო ველისკენ გაეშურნენ, სადაც მხოლოდ ორჯერ ჩაყვინთვის დრო ჰქონდათ თავიანთი წყალქვეშა მეძებრით – უახლესი ავტონომიური წყალქვეშა აპარატით (AUV), სახელწოდებით „ჰუგინ 6000“. მან ბრწყინვალედ დაიწყო მუშაობა, 11 წინასწარ დაპროგრამებული ზოლიდან 7 დაფარა, რომლებიც იმ საძიებო ველში ექცეოდა, სადაც, ბაუნდის რწმენით, „ენდიურანსი“ განისვენებდა. შემდეგ კი ეს 6 მილიონი დოლარის ღირებულების რობოტი უკვალოდ გაუჩინარდა, უძვირფასესი მონაცემებიც თან წაიღო და გუნდის წარმატების შანსიც გაიყოლა. შირსმა, ბაუნდმა და მთელმა ეკიპაჟმა თავიანთი მარცხი აღიარეს.

ფოტო: ისტორიისა და ხელოვნების კოლექცია, ALAMY STOCK PHOTO
2020 წლის აგვისტოში შირსს დაურეკა დონალდ ლამონტმა, ფოლკლენდის კუნძულების ყოფილმა გუბერნატორმა, რომელიც იმ დროს დიდ ბრიტანეთში დაარსებული ორგანიზაციის, ფოლკლენდის საზღვაო მემკვიდრეობის დაცვის ფონდის თავმჯდომარე იყო. შირსის გასაკვირად, ლამონტმა აცნობა, რომ მის ორგანიზაციას კიდევ ერთი მისიის დაფინანსება შეეძლო. შირსმა და ბაუნდმა გააცნობიერეს, რომ მიდგომა უნდა შეეცვალათ. ფონდმა ამ პროცესში ექსპედიციის დამხმარე ხელმძღვანელად და წყალქვეშა პროექტების მენეჯერად ნიკო ვენსანი ჩართო.
როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ წყალქვეშა ინჟინერს, ვენსანს წვლილი მიუძღვის ასობით ჩაძირული გემისა და თვითმფრინავის მიკვლევაში წყალქვეშა ექსპერტთა გუნდებთან ერთად.
მას შემდეგ, რაც ვენსანს ექსპედიციის წევრობა შესთავაზეს, მან, თავის გუნდთან ერთად საგულდაგულოდ დაამუშავა 2019 წლის ექსპედიციის დეტალური ანგარიში, რომელიც მათმა კოლეგამ კლერ სემიუელ-მარტინმა შეადგინა. ერთი რამ უსათუო იყო: გუნდს სხვანაირი წყალქვეშა აპარატი უნდა გამოეყენებინა.
„„ჰუგინ 6000“ ყველაზე ეფექტური [წყალქვეშა] აპარატია მსოფლიოში“, – ამბობს ვენსანი, მაგრამ ის ამ ექსტრემალურ ყინვაში სამუშაოდ შესაფერისი არ იყო.
მომდევნო ექსპედიციისთვის Ocean Infinity-მ შეარჩია ორი Saab Sabertooth-ი, შედარებით პატარა აპარატები, რომლებიც გემს კევლარში გახვეული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაუკავშირდებოდა. წყალქვეშა ექსპედიციის გუნდი შვედეთში Saab-ის საცდელ სადგურს ეწვია Sabertooth-ების შესამოწმებლად, სადაც ვენსანის ყურადღება ჯალამბრების სისტემამ მიიქცია, რომელსაც აპარატების ჩასაშვებად და სუსტ კაბელზე ზეწოლის შესამსუბუქებლად გამოიყენებდნენ. მაგრამ სადგურზე მან ბრეზენტის ქვეშ ძველი ჯალამბარიც შენიშნა, რომელსაც ფინეთის საზღვაო ფლოტი აღარ იყენებდა. ის 20 წლის, მაგრამ ნაცადი და სანდო იყო და ინჟინრებს მისი გაწმენდა და გამოგზავნა სთხოვა, როგორც „სათადარიგოს სათადარიგო“.

ფოტო: RGS-IBG
მეორე საკითხი იმას ეხებოდა, თუ სად ჩაუშვებდა ექსპედიცია Sabertooth-ებს. შირსმა საძიებო ველის გადახედვა მოითხოვა. ამისთვის მათ ისტორიული გამოცდილება მოიშველიეს და ხელახლა გააანალიზეს „ენდიურანსის“ კაპიტნის, ფრენკ უორსლისა და გემის ფიზიკოსის, რეჯინალდ ჯეიმსის ჩანაწერები.
მიუხედავად იმისა, რომ „ენდიურანსის“ კაპიტანმა ჩაძირვამდე ხომალდის უკანასკნელი ადგილმდებარეობის ზედმიწევნითი კოორდინატები დაგვიტოვა, ეს სინამდვილეში მხოლოდ სავარაუდო გაანგარიშებები იყო, ამბობს ფრენკ რიდი, საზღვაოსნო ასტრონომიის ექსპერტი, რომელსაც აღნიშნული კოორდინატები უნდა შეემოწმებინა. მოდრეიფე ყინული, რომელშიც ხომალდი გაიჭედა, დღეში დაახლოებით 7,5 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა და უედელის წრიული დინება მას ჩრდილოეთით გადააადგილებდა. მაგრამ „ენდიურანსს“ ჩაძირვამდე ორი დღით ადრე ძლიერმა ჩრდილოეთის ქარებმა კვლავ სამხრეთისკენ შეუცვალეს გეზი – როდესაც უორსლი მზეს ვერ ხედავდა. მან „ენდიურანსის“ უკანასკნელი პოზიციის კოორდინატები გემის ჩაძირვიდან მეორე დღეს ყინულზე გაშლილი ბანაკიდან, დაახლოებით 2,5-კილომეტრიანი დისტანციიდან აიღო. უორსლი გრძედის გაზომვისას ასევე ხომალდის ქრონომეტრებს ეყრდნობოდა, რომელთაგან გემის ჩაძირვის დროს გამართულად მხოლოდ ერთი მათგანი თუ ფუნქციონირებდა, რის გამოც პოტენციურად რამდენიმეკილომეტრიან ცდომილებას ვიღებთ.

ფოტო: ფოლკლენდის საზღვაო მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (ჩაძირული გემის სონარული გამოსახულება)
თუმცა, უორსლი ამ პროცესში თავის ჩვეულ სანავიგაციო საქმიანობას გასცდა, ამბობს რიდი. ჯეიმსის რჩევით, მათ ქრონომეტრის უზუსტობა ოკულტაციებით გამოასწორეს, რისთვისაც გემის პატარა ტელესკოპს იყენებდნენ ზუსტი დროის დასადგენად, როდესაც ჩვენთვის ნაცნობი ვარსკვლავები მთვარის მიღმა გაუჩინარდებოდნენ.
„ეს რთული და საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო იყო. შესაძლოა ორი ან სამი საათი დასჭირვებოდათ, რომ ოკულტაცია შეენიშნათ და მისგან დრო განესაზღვრათ“, – ამბობს რიდი. მაგრამ დროის ნაკლებობას ისინი არ უჩიოდნენ. რიდმა მათი ჩანაწერების ანალიზით გამოთვალა, რომ ხომალდის რეალური ადგილმდებარეობა უორსლის გაანგარიშებული წერტილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხუთიოდე კილომეტრში უნდა ყოფილიყო. ვენსანის გუნდმა რიდის ანგარიში გამოიყენა საბოლოო, 28 კმ სიგრძისა და 15 კმ სიგანის საძიებო ველის მოსახაზად.
2022 წელს „აგულიას II“-მ უედელის ზღვაში შეცურა და Sabertooth-იც ყინულოვან წყლებს მიაპობდა „ნადირობის“ დასაწყებად.
უცებ აპარატის მთავარი განგაშის სიგნალი გაისმა. AUV-ის ექვსი ძრავიდან ერთ-ერთი მწყობრიდან გამოვიდა და წყალქვეშა აპარატის მანევრირების უნარს აფერხებდა. ის კვლავ ამოიყვანეს, ძრავა ჩაანაცვლეს, აკუმულატორები დატენეს. მომდევნო დღეს Sabertooth-მა კვლავ ჩაყვინთა. აკუმულატორებმა, რომლებსაც ცხრა საათი უნდა ემუშავა, ხუთი საათი გაძლო. ახალი ჯალამბარი AUV-ის ტროსზე ზედმეტად დიდ დაწოლას ახდენდა, შემდეგ კი ჯალამბარმა სულ შეწყვიტა მუშაობა. ეკიპაჟმა სათადარიგო ჯალამბარი გამოიტანა, მაგრამ კვლავ მსგავსი პრობლემები წარმოიშვა.
საბოლოოდ, ჟან კრისტოფ კაილენმა, საფრანგეთის საზღვაო ფლოტის ყოფილმა კაპიტანმა და ვენსანის გუნდის საზღვაო ოპერაციების მენეჯერმა, ძველი ფინური ჯალამბრის გამოტანის ინიციატივა გამოთქვა. ამ იდეამ გაამართლა, ჯალამბარმა ტროსზე ზეწოლა შეამცირა და AUV-ის აკუმულატორის მუშაობის დროც გაახანგრძლივა.

მიუხედავად იმისა, რომ ვენსანს ინტუიციამ არ უმტყუნა, ტრიუმფი ხანმოკლე აღმოჩნდა. მომდევნო 17 დღე ზღვის ფსკერს უნაყოფოდ ჩხრეკდნენ. თებერვალს მარტი ჩაენაცვლა. ამინდი სწრაფად გაუარესდა. „აგულიას II“-ის უკანა გემბანზე დაფიქსირებული ქარისა და ტემპერატურის მაჩვენებელი მოყინვისა და ჰიპოთერმიის საფრთხეს ზრდიდა. შემდეგ მასიური მცურავი ყინული შემოიჭრა და საძიებო ველის მესამედი დაფარა.
5 მარტისთვის გემზე სასოწარკვეთა ისადგურებდა. გუნდმა საძიებო ველის 81% დაფარა და მხოლოდ ანძის რამდენიმე ნაწილი და ქვანახშირის ნატეხი იპოვა. ვენსანი თავის კაბინაში იყო და წერილობით ანგარიშში განმარტავდა, რომ ჩაძირული ხომალდი ჯერ არ აღმოუჩენიათ. ზღვის ყინულზე გადასული შირსი და ბაუნდი კი განიხილავდნენ, როგორ ემცნოთ ეს ამბავი დამფინანსებლებისა და ათასობით სკოლის მოსწავლისთვის, რომლებიც ექსპედიციას ინტერნეტში საგანმანათლებლო პროგრამა Reach the World-ის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს. მაგრამ შირსს, ექსპედიციის დინჯ ხელმძღვანელს, ყინულზე სიარულისას უცნაური გრძნობა დაეუფლა. იგი ბაუნდს მიუბრუნდა და უთხრა: „იცი რა, მენსან, დღეს კარგი დღე გვექნება. მგონი ის ჩვენ ფეხქვეშ უნდა იყოს“.
შუადღის 4 საათს რომ ოდნავ გადასცდა, ვენსანს რაციით კაილენი დაუკავშირდა. იგი გადასცემდა შეტყობინებას Sabertooth-ის პილოტ რობი მაკგანიგლისგან, რომელიც საოპერაციო მოდულიდან მართავდა წყალქვეშა აპარატს. კაილენმა აცნობა ვენსანს, რომ მათ სონარით სიგნალი მიიღეს. ძალიან დიდი იმპულსი. ვენსანი უკანა გემბანისკენ გაექანა და მაკგანიგლს უთხრა, რომ AUV 180 გრადუსით მოეტრიალებინა. გამოსახულება, რომელიც მონიტორზე აისახა, როგორც ვენსანი იხსენებს, სულისშემძვრელი იყო: ხომალდის ანძები და ზედა გემბანი გამოჩნდა.
„ნიკო, წყლის ზედაპირზე უნდა დავბრუნდეთ“, – თქვა მაკგანიგლმა. – „აკუმულატორი ძალიან მალე დაიცლება“.
„არა, არა, არა, არა, არა!“ – თქვა ვენსანმა. – „კამერით ხის კორპუსი მინდა დავინახო. სანამ ხეს არ დავინახავთ, მინიშნებები გვექნება, მაგრამ მტკიცებულება – არა“.
მაკგანიგლმა უხალისოდ მოატრიალა Sabertooth-ი კიდევ ერთი დაკვირვებისთვის და შუქი და ვიდეოკამერა ჩართო. შირსის, ბაუნდის და ვენსანის მრავალწლიანი გეგმების, სამზადისისა და ყველა დროის ორი უდიდესი არასამთავრობო ანტარქტიკული ექსპედიციის ბედი იმაზე იყო დამოკიდებული, რასაც ცოტა ხანში იხილავდნენ.
უფსკრულის სიბნელიდან ეკრანზე მთელი საუკუნის დამტევი საოცრება, ისტორია და ლეგენდა გამოჩნდა. „ენდიურანსის“ მარცხენა ბორტი წყვდიადიდან გამოკრთა. ამ ისტორიულ მომენტში ვენსანი აღტაცებას ვერ მალავდა. შემდეგ ეკრანი ჩაბნელდა.
დრო გადიოდა და მათ 48 საათი ჰქონდათ, რომ Sabertooth-ის ჰიდროლოკატორი ზემაღალი გარჩევადობის მქონე კამერით და ლაზერული სკანერით ჩაენაცვლებინათ. ვენსანმა ყველას დაავალა, რომ ამ აღმოჩენის შესახებ საოპერაციო მოდულის მიღმა სიტყვა არ დასცდენოდათ. თავად დამშვიდდა და ტელეფონში მაღალი რეზოლუციის სონარის გამოსახულებით ბოგაზე ავიდა.

შირსი და ბაუნდი, რომლებიც ამ დროს ყინულზე იყვნენ, გემისკენ ბრუნდებოდნენ. როგორც კი გემბანზე გადააბიჯეს, ხომალდის მეგაფონიდან მოესმათ: „შირსი და ბაუნდი ბოგაზე. შირსი და ბაუნდი ბოგაზე“.
ისინი იქით გაექანნენ, სადაც მხოლოდ ვენსანი შერჩათ უაღრესად მოღუშული სახით.
„რა? რა მოხდა?“ – იკითხა შირსმა.
ვენსანი წამოდგა, გაიღიმა და მას ტელეფონით სონარის გამოსახულება აჩვენა. „ბატონებო, ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ „ენდიურანსი“!“
შირსი განცვიფრდა. ინგლისელებისთვის დამახასიათებელი თავშეკავებულობა დაივიწყა და ვენსანს ჩაეხუტა. მამაკაცები საოპერაციო მოდულში დაბრუნდნენ, რათა ვიდეომასალისთვის გადაეხედათ და მოგვიანებით უკანა გემბანზე გადაინაცვლეს, რომ Sabertooth-ის ზედაპირზე ამოყვანას დასწრებოდნენ. როდესაც აპარატი საბოლოოდ ჯალამბრით ამოწიეს ბორტზე, ყიჟინის ხმა ექოებად მოეფინა ყინულს.
მარცხნივ: „აგულიას II“-ის კაშკაშა განათების ქვეშ წყალქვეშა ოპერაციების გუნდს ბორტზე ამოაქვს Saab Sabertooth-ის AUV, რომელსაც „ელი“ შეარქვეს. მათ ზღვის ფსკერის 300 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გამოიკვლიეს, სანამ „ენდიურანსს“ შენიშნავდნენ.
მარჯვნივ: 2022 წლის ექსპედიციის წევრები (მარცხნიდან), საზღვაო ოპერაციების მენეჯერი ჟან კრისტოფ კაილენი, ექსპედიციის დამხმარე ხელმძღვანელი ნიკო ვენსანი, კვლევა-ძიების დირექტორი მენსან ბაუნდი და ექსპედიციის ხელმძღვანელი ჯონ შირსი „ელის“ მიერ გადაღებულ „ენდიურანსის“ გამოსახულებებს ადარებენ ფრენკ ჰარლის ფოტოებს 1914-1916 წლების მოგზაურობიდან.
წვრთნისას, როდესაც აპარატს საცდელად უშვებდნენ წყალში, AUV-ის ამოყვანას და სონარის კამერით ჩანაცვლებას 36 საათი მიჰქონდა, იმ დღეს კი წყალქვეშა ეკიპაჟმა ეს 13 საათში მოახერხა. სხარტმა მოქმედებამ მათ ორჯერ ჩაყვინთვის საშუალება მისცა და ჩაძირული გემის შესასწავლად უკვე რვა საათი ჰქონდათ. შედეგად მიღებული გამოსახულებები იმდენად დეტალური იყო, მკვლევრებმა გემბანზე სასიგნალო პისტოლეტის ამოცნობაც შეძლეს.
ბაუნდი ვარაუდობდა, რომ ჩაძირული ხომალდი კარგ მდგომარეობაში იქნებოდა, თუმცა ეკრანზე გამოსახულ იდეალურ კონდიციაში მყოფ გემს არაფრით ელოდა. ერთ მომენტში ტყავის ჩექმები დაინახეს, რომელიც, სავარაუდოდ, ფრენკ უაილდს, შეკლტონის მარჯვენა ხელს ეკუთვნოდა. შემდეგ მათ ყურადღება სამ ხვრელზე შეაჩერეს, რომლებიც ხომალდის დურგალმა ჰენრი „ჩიპი“ მაკნიშმა და ფოტოგრაფმა ფრენკ ჰარლიმ გემბანში ამოჭრეს, რათა გემის ჩაძირვამდე რამდენიმე ტონა მარაგი გამოეზიდათ – საზრდო, რომელმაც ეკიპაჟის წევრები სიკვდილს გადაარჩინა.
„უბრალოდ გამაოგნებელი იყო, – თქვა ბაუნდმა ხომალდზე, – უთუოდ ჩემი ცხოვრების მწვერვალია“. სამხრეთ აფრიკაში მშობლიური ნავსადგურისკენ მიმავალ გზაზე, „აგულიას II“-ს სპეციალური ნებართვა მიანიჭეს, გზად კიდევ ერთ ადგილას შეყოვნებულიყო – დღეს უკვე მიტოვებულ ვეშაპსარეწ სადგურზე გრიუტვიკენში, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე, სადაც 1922 წელს შეკლტონი თავის უკანასკნელ ექსპედიციაში ინფარქტით გარდაცვალების შემდეგ დაასაფლავეს. არავის გამოჰპარვია, რომ „ენდიურანსს“ იმ დღიდან თითქმის ასი წლის თავზე მიაკვლიეს, როდესაც დიდებული პოლარული მკვლევარი და მოგზაური დაიკრძალა.
4K გარჩევადობის 25 000 ფოტოსგან შედგენილმა კომპოზიტმა „ენდიურანსის“ 3D გამოსახულება მოგვცა. ყინულოვანმა, ჟანგბადის დაბალი შემცველობის წყალმა გემი დაუზიანებლად შეინახა. ფოლკლენდის საზღვაო მემკვიდრეობის დაცვის ფონდი
უფროსი მეცნიერი ჯეიმს უორდი, ხომალდის მესამე ოფიცერი ალფრედ ჩიტემი და გემის ქირურგი ალექსანდერ მაკლინი „ენდიურანსის“ სამზარეულოს ხეხავენ.
ლინოლეუმის იატაკის ნაშთები ზემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ.
უაილდს ეცვა სხვებისგან გამორჩეული ბალთიანი ტყავის ჩექმები, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა „ენდიურანსის“ გემბანზე იყოს.
ფრენკ უაილდი, შეკლტონის უაღრესად ერთგული თანაშემწე, ეკიპაჟის იმ ექვს წევრს შორის იყო, რომელთაც მარხილის ძაღლების მეთვალყურეობა ევალებოდათ.
მცურავი ყინულების შეჯახებით წარმოქმნილი ზღვის ყინულის ბორცვები იმ ინტენსიურ ზეწოლაზე მოწმობს, რომელმაც, საბოლოოდ, „ენდიურანსი“ გაჭყლიტა. ჰარლიმ ბლიცის მეშვეობით ანტარქტიკული ზამთრის წყვდიადში ეს აჩრდილისებრი კადრი აღბეჭდა. RGS-IBG
4K გარჩევადობის 25 000 ფოტოსგან შედგენილმა კომპოზიტმა „ენდიურანსის“ 3D გამოსახულება მოგვცა. ყინულოვანმა, ჟანგბადის დაბალი შემცველობის წყალმა გემი დაუზიანებლად შეინახა. ფოლკლენდის საზღვაო მემკვიდრეობის დაცვის ფონდი
უფროსი მეცნიერი ჯეიმს უორდი, ხომალდის მესამე ოფიცერი ალფრედ ჩიტემი და გემის ქირურგი ალექსანდერ მაკლინი „ენდიურანსის“ სამზარეულოს ხეხავენ.
ლინოლეუმის იატაკის ნაშთები ზემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ.
უაილდს ეცვა სხვებისგან გამორჩეული ბალთიანი ტყავის ჩექმები, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა „ენდიურანსის“ გემბანზე იყოს.
ფრენკ უაილდი, შეკლტონის უაღრესად ერთგული თანაშემწე, ეკიპაჟის იმ ექვს წევრს შორის იყო, რომელთაც მარხილის ძაღლების მეთვალყურეობა ევალებოდათ.
მცურავი ყინულების შეჯახებით წარმოქმნილი ზღვის ყინულის ბორცვები იმ ინტენსიურ ზეწოლაზე მოწმობს, რომელმაც, საბოლოოდ, „ენდიურანსი“ გაჭყლიტა. ჰარლიმ ბლიცის მეშვეობით ანტარქტიკული ზამთრის წყვდიადში ეს აჩრდილისებრი კადრი აღბეჭდა. RGS-IBG
ექსპედიციის გუნდმა პატივი მიაგო საფლავს, ისევე როგორც გემის ეკიპაჟის დიდმა ნაწილმა – საერთაშორისო მეზღვაურების მრავალენოვანმა ჯგუფმა. ექსპედიციის ხელმძღვანელებმა ორიოდე სიტყვა წარმოთქვეს და კონკრეტულად შირსმა გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „ვფიქრობ, შეკლტონი აცნობიერებდა, რომ წარმატების მისაღწევად, მარტო ვერაფერს გახდები“, – ამბობს შირსი.
შეუდრეკელი გუნდის მიერ გაღებული დიდი ძალისხმევის შედეგად შეკლტონის ხომალდის აღმოჩენით სათანადო პატივს მივაგებთ იმ კაცს, ვინც ყველაფერი იღონა თავისიანების სამშვიდობოს გამოსაყვანად – და რომლის ოჯახის დევიზიც კი ასე ჟღერდა: „Fortitudine Vincimus, გამძლეობით ვიმარჯვებთ“.

სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში