
შესვენება ჩაიხანაში
ყველაზე მძიმე სანახავი იყო გემის აფეთქება, რომლის დამრტყმელმა ტალღამ იქაურობას გადაუარა. „მეპატრონეებმა გემთსაჭრელი პარკები დალუქეს. შორიდან მაინც ვხედავდი, თავგანწირულ მუშებს მხრჩოლავი ნამსხვრევებიდან მეგობრების გვამების გამოტანას რომ ცდილობდნენ“
ყოველ ნაშუადღევს, ფოტოგრაფი მაიკ ჰეტუერი ბანგლადეშის გემთსაჭრელების ჩაიხანაში მიიჩქაროდა. იქ მუშები შესვენებაზე იკრიბებოდნენ. „მზის ოქროსფერი სხივები სულ რამდენიმე წუთით ეშვებოდა კედელზე“, – ამბობს მაიკი. მამაკაცები თითქოს თბებოდნენ მისი ყურებით. ტკბილი ჩაის სმას განგებ წელავდნენ სამუშაოზე დაბრუნებამდე – აცეტილენის სანთურებითა და შიშველი ხელებით ბებერ გემებს ჭრიდნენ.

„გემთსაჭრელ პარკებში ფოტოგრაფირებისას უდიდესი შთაბეჭდილება მასიური გემების დაშლის პროცესმა მოახდინა, – ამბობს ჰეტუერი, – მაგრამ მალე მივხვდი, მთავარი აქ ადამიანია, სიცოცხლეს სასწორზე რომ დებს ერთი-ორი დოლარის მისაღებად“. ჰეტუერი მუშებს ტანკერებისა და სატვირთო გემების ჩაბნელებულ ლაბირინთებში დაჰყვებოდა. მაგრამ ყველაზე მძიმე სანახავი იყო გემის აფეთქება, რომლის დამრტყმელმა ტალღამ იქაურობას გადაუარა. „მეპატრონეებმა გემთსაჭრელი პარკები დალუქეს. შორიდან მაინც ვხედავდი, თავგანწირულ მუშებს მხრჩოლავი ნამსხვრევებიდან მეგობრების გვამების გამოტანას რომ ცდილობდნენ“.