შეუძლებელი არაფერია
ის კი არ ხარ, რასაც მიირთმევ, აკეთებ ან ფიქრობ – ხარ ის, რაც გწამს


შეუძლებელი არაფერია
ის კი არ ხარ, რასაც მიირთმევ, აკეთებ ან ფიქრობ – ხარ ის, რაც გწამს
პილიგრიმს ეჭვი ეპარებოდა, რომ მიტევების ტაძრამდე მიაღწევდა; მსუბუქი მოძრაობის დროსაც ტკივილით იტანჯებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ 110-კილომეტრიან გზაზე, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე გადის, რათა ალტიოტინგის შავი მადონას ხის ქანდაკება იხილოს.
ცოტა ხნით ადრე რიჩარდ მიოდლმა ქუსლი დაიზიანა. თუმცა 2003 წელს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ პირველად მიეღო მონაწილეობა პილიგრიმულ მსვლელობაში რეგენსბურგიდან ალტიოტინგში (გერმანია). თუ ტკივილი აუტანელი გახდებოდა, ყოველთვის შეეძლო რომელიმე, მანქანით მიმავალს დამგზავრებოდა. მაგრამ, ღრმად სწამდა, ქალწული მარიამი ტკივილს შეუმსუბუქებდა. ამიტომ, სვლას განაგრძობდა: „ალტიოტინგისკენ მიმავალ გზაზე ტკივილს თითქმის ვერ გრძნობ“, ამბობს ის.
ახლა მიოდლი 74 წლისაა. თბილი ღიმილი აქვს და ძარღვიანი ტანი. მისი შემხედვარე, იფიქრებ, გაქცეულ მარტორქას შეაჩერებსო. მას შემდეგ, რაც ფეხი მოურჩა, კიდევ 12-ჯერ მიიღო მონაწილეობა პილიგრიმულ მსვლელობაში და რწმენაც კიდევ უფრო განუმტკიცდა.
უამრავ ადამიანს სჯერა, რომ რწმენას დიდი ძალა აქვს. ეს გამაჯანსაღებელი ძალა ჩვენ ირგვლივ ტრიალებს, იქნება ეს ფლორიდაში, რელიგიურ შეკრებებზე სულიწმიდასთან შეხება თუ მდინარე განგაში განბანვა. კვლევები აჩვენებს, რომ ღვთისმსახურებაზე რეგულარულმა დასწრებამ, შესაძლოა, იმუნური სისტემა გააძლიეროს, არტერიული წნევა შეამციროს და სიცოცხლე გაგვიხანგრძლივოს.
რელიგიური რწმენა სულაც არ არის რწმენის ერთადერთი სახე, რომლის უნარიც, უკეთ გვაგრძნობინოს თავი, ამოუხსნელია. ალტიოტინგიდან 10 000 კილომეტრში კიდევ ერთმა ადამიანმა იგრძნო, რომ გამოჯანმრთელდა. ეს მედიცინის სასწაულს ჰგავდა.
მაიკ პაულეტიჩი პირველად 2004 წელს მიხვდა, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა: ბეისბოლის თამაშისას ვეღარ უმიზნებდა, მხარი სტკიოდა, ხელიც ოდნავ უკანკალებდა. ცოლმა კიდევ ერთი უცნაურობა შეამჩნია, საერთოდ აღარ იღიმებოდა.
42 წლის პაულეტიჩს პარკინსონის დაავადების საწყისი სტადია აღმოაჩნდა. ექიმის თქმით, ათ წელიწადში ვერ შეძლებდა სიარულს, დგომას და დამოუკიდებლად ჭამასაც კი.
პაულეტიჩის მდგომარეობა ისე არ გაუარესებულა, როგორც ექიმმა უწინასწარმეტყველა, მაგრამ წლების განმავლობაში ებრძოდა ავადმყოფობასა და დეპრესიას, რადგან მეტყველება და წერა სულ უფრო უჭირდა. შემდეგ, 2011 წელს მიმართა კომპანია „სერეგენს“, რომელიც გენური თერაპიის ახალ მეთოდს ცდიდა. პარკინსონი ნეირომედიატორ დოპამინის ქრონიკული კარგვის შედეგია. მაიმუნებში ნაჩვენები იყო, რომ პროტეინ ნეიროტურინის შეყვანამ, შესაძლოა, შეაჩეროს დაავადების პროგრესირება, დოპამინერგული ნეირონების დაცვისა და დაზიანებული ნეირონების აღდგენის გზით. „სერეგენის“ ექსპერიმენტული მკურნალობა გულისხმობდა პაციენტის თავის ტვინის თითოეულ ნახევარსფეროში, ქალაზე ორი ხვრელის გაკეთებას და პრეპარატის უშუალოდ სამიზნე უბნებში შეყვანას.
საავადმყოფოში შესვლისას უმცირესი სიგნალები, უმრავლესობა არაცნობიერი, რეაქციას იწვევს ჩვენს ორგანიზმში.
ოპერაციის შემდეგ პაულეტიჩი აშკარად გამოკეთდა. ექსპერიმენტის დაწყებამდე, მას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა გასამოძრავებლად; სამსახურში, ტექნოლოგიური განვითარების კომპანიაში მუდმივად უხსნიდა კლიენტებს, რომ მისი გაუგებარი მეტყველება სიმთვრალით არ იყო გამოწვეული. პროცედურის შემდეგ კანკალიც შეუწყდა, მოძრაობაც გაუუმჯობესდა და მეტყველებაც. მისი ექიმი კეთლინ პოსტონი გაოცებული იყო: პარკინსონის დაავადება არასდროს ყოფილა შექცევადი ადამიანებში; საუკეთესო მოლოდინი დაავადების პროგრესირების შენელება იყო და ისიც უკიდურესად იშვიათად.
2013 წლის აპრილში „სერეგენმა“ ექსპერიმენტის შედეგები გამოაცხადა: ნეიროტურინმა არ გაამართლა. არც იმ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესებულა, რომელთაც ამ პრეპარატით მკურნალობდნენ და არც იმ საკონტროლო ჯგუფის პაციენტების, რომლებზეც პლაცებო გამოიყენეს (მათ გაუკეთდათ ფიქტიური ოპერაცია, „ღრმულები“ თავზე, ისე რომ პაციენტებს ნამდვილი ოპერაცია ეგონათ).
პოსტონი დათრგუნვილი იყო, თუმცა, როდესაც მონაცემებს გადახედა გაოგნდა – მაიკ პაულეტიჩს რეალური ოპერაცია არ ჰქონდა გაკეთებული. მას პლაცებოთი მკურნალობდნენ.
გარკვეული აზრით, პაულეტიჩი და მიოდლი სპექტაკლის გმირები იყვნენ. ზოგადად, კარგი თეატრალური წარმოდგენა რეალობის შეგრძნებას გვიჩენს. ასეა სამკურნალო თეატრშიც; ის ჩვენს ტვინში მოლოდინების მძლავრ შეგრძნებებს იწვევს – ე. წ. „პლაცებოს ეფექტს“, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზეც. მეცნიერებმა ათწლეულებია იციან პლაცებოს ეფექტის შესახებ და მას სამედიცინო პრეპარატების გამოცდის დროს, კონტროლის სახით იყენებდნენ. დღეს პლაცებოს განიხილავენ, როგორც ნეიროქიმიურ მექანიზმებში გასახედ ფანჯარას, რომელიც გონებას სხეულთან, რწმენას კი შეგრძნებასთან აკავშირებს.
როგორ ხდება რწმენა ისეთი ძლიერმოქმედი, რომ განკურნება შეუძლია? დავუბრუნდეთ თეატრს: შთამაგონებელი პერფორმანსის უმნიშვნელოვანესი ნაწილია დეკორაცია და კოსტიუმები. პაულეტიჩის სიმპტომების გაუმჯობესებას ვერც მხოლოდ თავის ქალაში არსებულ ხვრელებს დავაბრალებთ და ვერც იმას, რაც ექიმებმა უთხრეს ოპერაციის შესახებ. ეს ალბათ, მთელი იმ სცენის შედეგი იყო, რომელიც მის თვალწინ გათამაშდა: თეთრხალათიანი ექიმები, ფონედოსკოპებით კისერზე, მედდები, ანალიზები, მოსაწყენი მუსიკა მოსაცდელში… ექიმები საავადმყოფოს ამ ატრიბუტებს მედიცინის თეატრს ეძახიან.
ეს სასცენო ხელოვნება მკურნალობის მრავალ ასპექტზე ახდენს გავლენას და, შესაძლოა, ქვეცნობიერზეც იმუშაოს. ძვირადღირებული პლაცებო უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე იაფი – საფირმო სახელწოდებით ნიშანდებულ კოლოფში შეფუთული პლაცებო უკეთ მოქმედებს, გენერიკული სახელწოდებით ნიშანდებულთან შედარებით. მაგრამ, როგორც ჩანს, ოპერაციის იმიტაცია ყველაზე მძლავრია.
ყველაზე საოცარი ის არის, რომ პლაცებომ მაშინაც შეიძლება იმოქმედოს, როდესაც პაციენტმა იცის, რას იღებს. ეს ფაქტი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარმა და მისმა ჯგუფმა 2010 წელს აღწერეს. პლაცებოს მიღებიდან 21 დღის შემდეგ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტები თავს შესამჩნევად უკეთ გრძნობდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც საერთოდ არაფერს იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ მან, ვინც გაუმჯობესებას აღნიშნავდა, წინასწარ იცოდა (და „მკურნალობის“ დროსაც ახსენებდნენ), რომ პლაცებოს აძლევდნენ.
ტვინის აქტივობის განცალკევებული ქსელი აქტიურდება, როდესაც პლაცებო ძლიერდება ჯგუფის წევრთა გავლენით.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ექიმისა და პაციენტის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება გადამწყვეტი ფაქტორი იყო რწმენის ფორმირებისთვის და რომ შედეგი წარმატებული იქნებოდა. პაციენტებს უთხრეს, რომ სწორად ჩატარებული კლინიკური ექსპერიმენტების დროს, პლაცებოს აბები სტიმულირებდნენ თვითაღდგენის არსებით პროცესებს. პაციენტებს მისცეს ინსტრუქცია, რომ დაეცვათ აბების მიღების წესი და არ გამოეტოვებინათ არც ერთი დოზა.
„პაციენტების მოლოდინების მართვა ძალიან ძნელია“, ამბობს კაპტჩუკი, რომელმაც თავისი ცხოვრება პლაცებოს ეფექტების შესწავლას მიუძღვნა. „ჩვენ ვცდილობთ მეტად ბუნდოვანი ფენომენის მეტად ბუნდოვანი განსაზღვრების გაზომვას. პლაცებოს ეფექტების დიდი ნაწილი კი არაცნობიერია“.
კარინ ჯენსენმა, კაპტჩუკის ყოფილმა კოლეგამ, რომელიც ახლა საკუთარ ლაბორატორიას უძღვება კაროლინსკას ინსტიტუტში (სტოკჰოლმი, შვედეთი), შეიმუშავა ექსპერიმენტი, რომლითაც უნდა დაედგინათ, შესაძლებელი იყო თუ არა საცდელ ობიექტში, ქვეცნობიერი სიგნალების გამოყენებით, პლაცებოს ეფექტის რეფლექსის გამოწვევა.
ექსპერიმენტის დროს, პირობითი რეფლექსის გამომუშავების ფაზაში, ცდის ობიექტებს აყურუბინებდნენ ეკრანზე მონაცვლე სახეებს. ექსპერიმენტში მონაწილეების ნახევარი ქვეცნობიერ სიგნალებს იღებდა: გამოსახულებები წამზე ნაკლები დროის განმავლობაში ჩნდებოდა ეკრანზე. ეს დრო არ არის საკმარისი სახეების ერთმანეთისგან გაცნობიერებულად გასარჩევად. ექსპერიმენტის მონაწილეთა მეორე ნაწილს კი საკმარისად ხანგრძლივად აყურებინებდნენ, რომ გაცნობიერებულად ამოეცნოთ ისინი.
პირველი ფაზის დროს, ვიზუალურ სიგნალებთან ერთად, ცდის ობიექტების ხელებზე ცვალებადი სითბური გამაღიზიანებლებით ზემოქმედებდნენ: უფრო მძლავრი სითბური გამაღიზიანებლით ზემოქმედება პირველი სახის ჩვენებასთან ერთად ხდებოდა, ნაკლების – მეორესთან. ექსპერიმენტის მომდევნო, სატესტო ფაზაში, ცდის ობიექტები, მათ შორის ისინიც, ვინც მხოლოდ სწრაფ ქვეცნობიერ სიგნალებს იღებდნენ, აღნიშნავდნენ მეტი ტკივილის შეგრძნებას პირველი სახის დანახვისას, მიუხედავად იმისა, რომ სითბური გამაღიზიანებელი იყო ზომიერი და ორივე სახის შემთხვევაში – ერთნაირი. ამგვარად, მათ გამოუმუშავდათ არაცნობიერი კავშირი ძლიერ ტკივილსა და პირველი სახის დანახვას შორის.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პლაცებოზე რეაქციის გამომუშავება შეიძლება ქვეცნობიერად მოხდეს. ჯენსენი აღნიშნავს, რომ როდესაც საავადმყოფოში მიდიხართ, წამოსული უმცირესი სიგნალები (რომელთა უმეტესობის აღქმა არაცნობიერად ხდება) ჩვენი ორგანიზმის რეაქციას ამავე გზით იწვევს. „განკურნების გარკვეული ნაწილი არაცნობიერია – რაღაც, რაც ინსტინქტურად ხდება“.
საავადმყოფოები მხოლოდ ერთი ჩვეული ადგილია ჩვენი რწმენის თეატრისთვის. არსებობს მკურნალობის ასობით ალტერნატიული მეთოდი, რომლებიც გვიჩენს მოლოდინებს. ასეთებია: ჰომეოპათია, აკუპუნქტურა, ტრადიციული ჩინური მედიცინა, ურინოთერაპია, ძროხის ნაკელის აბები, სახის მოვლა ადამიანის სისხლით, ვიტამინების ინექცია, ბგერითი მკურნალობა და მრავალი სხვა. ამ მეთოდების ეფექტიანობის მეცნიერული დასაბუთების დონე ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ჩვენ კი არ წარმოვიდგენთ, რომ არ გვტკივა, ტკივილის შემსუბუქების მოლოდინით, ჩვენ მივმართავთ თვითგანკურნებას.
რწმენა ბუნებრივია ადამიანისთვის. „ამის მიზეზი ნაწილობრივ ჩვენი რთულად მოწყობილი გონებაა“, ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ტანია ლურმანი, რომელმაც პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის შესწავლას მიუძღვნა.
მისი აზრით, რწმენაზე დაფუძნებული მკურნალობა არა მხოლოდ სარწმუნო მაგალითს მოითხოვს, არამედ, თავად პაციენტის ძალისხმევასაც, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და შეძლოს წარმოსახვის რეალობად ქცევა. ეს კი გამომუშავებული უნარებია რომლებზე დაკვირვებაც შესაძლებელია.“
ვიცოდი, რომ კატემაკოში (მექსიკის აღმოსავლეთი სანაპირო, შტატი ვერაკრუსი) ცხოვრობდნენ ექიმბაშები (brujos), რომლებიც რწმენით კურნავენ. ისინი უფრო თეატრალური ტიპის მკურნალები არიან და იყენებენ შამანური ტრადიციებისა და კათოლიციზმის ნაზავს, რომელსაც ათასი წლის წინაც მიმართავდნენ ქრისტიანები.
მაგრამ კატემაკოში რომ, ვერც ცეცხლი ვიპოვე და არც გამოქვაბული დამხვედრია. ექიმბაშის მოსაცდელი აღმოჩნდა მრგვალი პატარა საცხოვრებელი ოთახი, სადაც სადეზინფექციო საშუალების სუნი იდგა. თაროებზე პლასტმასის ამულეტები და მინის კრისტალები იყო გამწკრივებული. სავარძლებში მსხდომი ათამდე ადამიანი ჟურნალებს კითხულობდა ან ფეხბურთს უყურებდა ტელევიზორში. კაცი შემომეგება, მოხდენილი ულვაშებითა და უხვად გელწასმული მოკლე თმით.
მე მარტივი რიტუალისთვის – „ლიმპიასთვის“ – ჩემი სულის განსაწმენდად მივედი. ექიმბაშმა ხელი სტაცა კვერცხს, აიღო რეჰანის რამდენიმე ღერო და პლასტმასის ორი შესასხურებელი ბოთლი, რომელიც, მისი სიტყვებით, სავსე იყო შურის შემაკავებელი, ცუდი ენერგიისგან გამწმენდი და დოვლათის მომტანი სითხით. ყველაფერი მოწესრიგებული და სუფთა იყო. ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ, ჩემს სულზე ზრუნვა დაიწყო. მასხურებდა მძაფრი სურნელის ზეთებს და სხეულზე კვერცხს მიგორებდა. შემდეგ კვერცხი გატეხა, შიგთავსი ჭიქაში ჩაუშვა და შესწავლას შეუდგა.
ჩემთვის ეს ყველაფერი ნაცნობი იყო, მექსიკაში პოპულარული რიტუალია. მაგრამ გამაკვირვა თეატრის არარსებობამ. ეს უფრო კლინიკურ მანიპულაციას ჰგავდა, ვიდრე რიტუალურს. ექიმბაშმა მკითხა, ხომ არ ვუჩიოდი მუხლებსა და წელს (არადა, არ ვუჩივი) და მაცნობა: კვერცხი აჩვენებს, რომ რამდენიმე ხანში აგტკივდება. როგორც რადიოლოგი კითხულობს სურათს რენტგენის სხივებზე, მანაც ყურადღება მიაპყრო კვერცხის ცილის რამდენიმე ბუშტულას: ეს იყო ნიშანი, რომ რომელიღაც ჩემი ახლობელი ავადმყოფობას მისურვებდა. იმედგაცრუებული წამოვედი, თითქოს რაღაც დამაკლდა. სად იყო აქ თეატრი?
ქუჩაში გამოვედი და გავიაზრე, რაც ხდებოდა: მოლოდინები იცვლება – ახალი თაობისთვის მედიცინა ნორმად იქცა. ფურთხება და ქათმის ბუმბულების ქნევა დამაჯერებელი აღარ არის. კატემაკოს ექიმბაშების უმეტესობაც დროს აჰყვა; თეთრი ხალათი და ანტისეპტიკური ხსნარი მისტიციზმთან შეაზავა, რათა თანამედროვე პაციენტების იმედები გაემართლებინა. ერთი სიტყვით, მედიცინის ახალ თეატრს მოერგო.
მერსედი (კალიფორნია). შამანი ვა მენი სახლში უტარებს სამკურნალო რიტუალს მამაკაცს, რომელიც დაკრძალვის დროს შეუძლოდ გახდა. ახლა ცდილობენ, რომ მისი სული მიცვალებულმა ქვესკნელში არ წაიღოს. სანაცვლოდ კი მსხვერპლად შეწირული ღორის სულს სთავაზობენ.
18 წლის მაქსიმილიან კლემენტი (მარცხნივ) და 21 წლის ბენედიქტ ბრაუნი ქალწულ მარიამის ქანდაკებას მიაბრძანებენ პილიგრიმობის დროს გერმანიაში, ალტიოტინგის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ჯანმრთელობის რიტუალებს შუა საუკუნეებიდან ატარებენ.
სიენა, იტალია. წმინდა ეკატერინეს ტაძარი, სადაც წმინდანის მუმიფიცირებული თავი ინახება, კათოლიკე პილიგრიმებს იზიდავს.
სანტუარიო მადონა დელ-ამბროს (მონტეფორტინო, იტალია) ტაძრის სამლოცველო ოთახი სავსეა შემოწირული სურათებით. ისინი განკურნების იმედის ნიშნად დატოვეს. კვლევებმა აჩვენა, რომ რელიგიურ მსახურებაზე რეგულარულმა დასწრებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჯანმრთელობა.
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია გვიჩვენებს, რომ პარკინსონით დაავადებული პაციენტის ტვინში დოპამინის დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა გამოიყოფოდა, როდესაც მას პრეპარატ L-დოპას აძლევდნენ და როდესაც იგივე პაციენტი ინერტულ აბს, ანუ პლაცებოს იღებდა. სარა ლიდსტოუნი
მაიკ პაულეტიჩს სჯეროდა, რომ ნამდვილი ოპერაცია გაუკეთეს პარკინსონის დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად. სინამდვილეში მას ფიქტიური ოპერაცია ჩაუტარეს – მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იგრძნო.
სანამ რასელ პრაისი ფხიზელია, მას ქალაში მიკროელექტროდს უდგამენ (ჩანს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, მომდევნო ფოტო), რომელიც ტვინის ღრმა სტიმულაციას იწვევს იმ უბნებში, სადაც პარკინსონის დაავადება დამაუძლურებელ სიმპტომებს წარმოშობს. პრაისის მეუღლე ამბობს, რომ მისი მეტყველება გაუმჯობესდა, კანკალი შემცირდა და თავს სულ სხვა ადამიანად გრძნობს.
ქალა, რომელშიც მიკროელექტროდია ჩადგმული (კომპიუტერული ტომოგრაფია).
პერუ. აშანინკას ხალხი სამკურნალო რიტუალებზე მოხარშული ბალახების ორთქლს იყენებს. ამ რიტუალს მირცილა პინტალო ასრულებს. მას შემდეგ, რაც პაციენტი ორთქლს შეისუნთქავს, მირცილა ფოთლებზე მკითხაობას დაიწყებს, რომ დაადგინოს, განიკურნა თუ არა პაციენტი და, შესაძლოა, მას სხვა ბალახებიც გამოუწეროს.
პერუელი მკურნალის, ენრიკე ფლორეს ავგუსტინის ხალათი მოხატულია იმ სიმღერების ტექსტით, რომლებსაც ის სამკურნალო რიტუალებისას ასრულებს.
სტენფორდის უნივერსიტეტში მკვლევრები ატარებენ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულებით ტკივილის შემცირების ექსპერიმენტს.
პლაცებოს ექსპერტმა ლუანა კოლოკამ (მერილენდის უნივერსიტეტი) აღმოაჩინა, როგორ აღვიქვამთ სხვების ტკივილს. ამ ექსპერიმენტში ცდის ობიექტები მიაჩვიეს სითბური გამღიზიანებლის უფრო ძლიერად აღქმას, როდესაც პარალელურად ტანჯვის გამომხატველ პორტრეტს უჩვენებდნენ. ამის შემდეგ, ისინი კვლავ ძლიერად აღიქვამდნენ, როდესაც გამღიზია-ნებელი ზომიერი იყო. მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრამაზე ჩანს, როგორ პასუხობს ტვინი შეწყვილებულ გამაღიზიანებლებს.
ჯონს ბენალი, ნავაჰოს რეზერვაციის შამანი (არიზონა) თავისი პაციენტის სხეულსა და გონებას მკურნალობს, რათა ტკივილი და სტრესი შეუმსუბუქოს. ის ჰოგანშიც (ნავაჰოს ტომის საცხოვ-რისი) მუშაობს, საავადმყოფოებშიც და მოხუცთა თავშესაფრებშიც.
მერსედი (კალიფორნია). შამანი ვა მენი სახლში უტარებს სამკურნალო რიტუალს მამაკაცს, რომელიც დაკრძალვის დროს შეუძლოდ გახდა. ახლა ცდილობენ, რომ მისი სული მიცვალებულმა ქვესკნელში არ წაიღოს. სანაცვლოდ კი მსხვერპლად შეწირული ღორის სულს სთავაზობენ.
18 წლის მაქსიმილიან კლემენტი (მარცხნივ) და 21 წლის ბენედიქტ ბრაუნი ქალწულ მარიამის ქანდაკებას მიაბრძანებენ პილიგრიმობის დროს გერმანიაში, ალტიოტინგის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ჯანმრთელობის რიტუალებს შუა საუკუნეებიდან ატარებენ.
სიენა, იტალია. წმინდა ეკატერინეს ტაძარი, სადაც წმინდანის მუმიფიცირებული თავი ინახება, კათოლიკე პილიგრიმებს იზიდავს.
სანტუარიო მადონა დელ-ამბროს (მონტეფორტინო, იტალია) ტაძრის სამლოცველო ოთახი სავსეა შემოწირული სურათებით. ისინი განკურნების იმედის ნიშნად დატოვეს. კვლევებმა აჩვენა, რომ რელიგიურ მსახურებაზე რეგულარულმა დასწრებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჯანმრთელობა.
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია გვიჩვენებს, რომ პარკინსონით დაავადებული პაციენტის ტვინში დოპამინის დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა გამოიყოფოდა, როდესაც მას პრეპარატ L-დოპას აძლევდნენ და როდესაც იგივე პაციენტი ინერტულ აბს, ანუ პლაცებოს იღებდა. სარა ლიდსტოუნი
მაიკ პაულეტიჩს სჯეროდა, რომ ნამდვილი ოპერაცია გაუკეთეს პარკინსონის დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად. სინამდვილეში მას ფიქტიური ოპერაცია ჩაუტარეს – მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იგრძნო.
სანამ რასელ პრაისი ფხიზელია, მას ქალაში მიკროელექტროდს უდგამენ (ჩანს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, მომდევნო ფოტო), რომელიც ტვინის ღრმა სტიმულაციას იწვევს იმ უბნებში, სადაც პარკინსონის დაავადება დამაუძლურებელ სიმპტომებს წარმოშობს. პრაისის მეუღლე ამბობს, რომ მისი მეტყველება გაუმჯობესდა, კანკალი შემცირდა და თავს სულ სხვა ადამიანად გრძნობს.
ქალა, რომელშიც მიკროელექტროდია ჩადგმული (კომპიუტერული ტომოგრაფია).
პერუ. აშანინკას ხალხი სამკურნალო რიტუალებზე მოხარშული ბალახების ორთქლს იყენებს. ამ რიტუალს მირცილა პინტალო ასრულებს. მას შემდეგ, რაც პაციენტი ორთქლს შეისუნთქავს, მირცილა ფოთლებზე მკითხაობას დაიწყებს, რომ დაადგინოს, განიკურნა თუ არა პაციენტი და, შესაძლოა, მას სხვა ბალახებიც გამოუწეროს.
პერუელი მკურნალის, ენრიკე ფლორეს ავგუსტინის ხალათი მოხატულია იმ სიმღერების ტექსტით, რომლებსაც ის სამკურნალო რიტუალებისას ასრულებს.
სტენფორდის უნივერსიტეტში მკვლევრები ატარებენ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულებით ტკივილის შემცირების ექსპერიმენტს.
პლაცებოს ექსპერტმა ლუანა კოლოკამ (მერილენდის უნივერსიტეტი) აღმოაჩინა, როგორ აღვიქვამთ სხვების ტკივილს. ამ ექსპერიმენტში ცდის ობიექტები მიაჩვიეს სითბური გამღიზიანებლის უფრო ძლიერად აღქმას, როდესაც პარალელურად ტანჯვის გამომხატველ პორტრეტს უჩვენებდნენ. ამის შემდეგ, ისინი კვლავ ძლიერად აღიქვამდნენ, როდესაც გამღიზია-ნებელი ზომიერი იყო. მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრამაზე ჩანს, როგორ პასუხობს ტვინი შეწყვილებულ გამაღიზიანებლებს.
ჯონს ბენალი, ნავაჰოს რეზერვაციის შამანი (არიზონა) თავისი პაციენტის სხეულსა და გონებას მკურნალობს, რათა ტკივილი და სტრესი შეუმსუბუქოს. ის ჰოგანშიც (ნავაჰოს ტომის საცხოვ-რისი) მუშაობს, საავადმყოფოებშიც და მოხუცთა თავშესაფრებშიც.
არ დავმალავ და, თავი მართლაც ოდნავ უკეთ ვიგრძენი.
როგორ მუშაობს მედიცინის თეატრი სინამდვილეში? როგორ კურნავს რწმენა?
როგორც ჯენსენმა აჩვენა, თავსატეხის ერთი ნაწილი მოიცავს პირობითი რეფლექსის გამომუშავებას. გავიხსენოთ პავლოვის ძაღლი, რომელსაც ყოველთვის გამოეყოფოდა ნერწყვი, როდესაც ზარის ხმა ესმოდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ პავლოვმა ცხოველს ასწავლა საკვების ხმასთან დაკავშირება.
ტკივილზე პლაცებოს ეფექტით განპირობებული პირობითი რეფლექსის რეაქცია გამოიხატება ტვინის ქიმიური ნივთიერებების – ენდორფინების ან ოპიუმის მსგავსი ტკივილგამაყუჩებლების (რომლებიც ორგანიზმში სინთეზირდება) გამოყოფაში. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში სან-ფრანცისკოში ორმა ნეირობიოლოგმა, რომლებსაც აინტერესებდათ, როგორ აკონტროლებენ ეს შინაგანი ოპიოიდები ტკივილს, აღმოჩენა გააკეთა.
პირველად მკვლევრებმა შეადარეს პლაცებოს ჯგუფის პასუხი სხვა ჯგუფის პასუხთან, რომელიც იღებდა ნალოქსონს – ოპიოიდების გაუტკივარების ეფექტის ჩამხშობ პრეპარატს. ცდის არც ერთ ობიექტს არ მიუღია და არც ელოდა ტკივილგამაყუჩებლის მიღებას – და ყველა მათგანი თავს ცუდად გრძნობდა. შემდეგ მეცნიერებმა შეცვალეს ექსპერიმენტის სქემა და პაციენტებს უთხრეს, რომ ზოგი მიიღებდა მორფინს, ზოგი – პლაცებოს, ზოგი კი ნალოქსონს. მაგრამ, არავინ, მათ შორის მკვლევრებმაც არ იცოდნენ, თუ რომელი პაციენტი რა ნივთიერებას მიიღებდა. ამ შემთხვევაში ზოგიერთი პაციენტი თავს უკეთ გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ მორფინი არ ჰქონდა მიღებული. მოლოდინმა გამოიწვია ენდორფინების გამოყოფა მათ ორგანიზმში, ენდორფინებმა კი შეამცირა ტკივილი. მაგრამ, როგორც კი მათ მისცეს ნალოქსონი, ისევ გაუჩნდათ ტკივილის შეგრძნება. პრეპარატმა შეაჩერა ენდორფინების გამოყოფა, რომელიც პლაცებოს პასუხის შედეგად გამოიყო.
„ტკივილის შემსუბუქების მოლოდინის გარეშე, პლაცებოს ეფექტს ვერ მიიღებთ“, ამბობს ჰოვარდ ფილდსი, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი და ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
ამ ექსპერიმენტიდან მოყოლებული, ორგანიზმის მიერ გამომუშავებული სხვა ნივთიერებების გამოყოფაზე რწმენის გავლენის შესასწავლად, იყენებდნენ პირობითი რეფლექსის გამომუშავებას. თუმცა, 21-ე საუკუნის დასაწყისამდე, მეცნიერები არ დაკვირვებიან ამ ნივთიერებების ტვინზე გავლენას. ტორ ვეიჯერი, მაშინ მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ცდის ობიექტებს ტვინის სკანერში ატარებდა, ყოველ მათგანს ორივე მაჯაზე კრემს უსვამდა და ამაგრებდა ელექტროდებს, რომელთა საშუალებით ტკივილს ან სითბურ დარტყმებს აყენებდა. მან ცდის ობიექტებს უთხრა, რომ ამ კრემებიდან ერთ-ერთი ტკივილგამაყუჩებელი იყო. თუმცა ყველა კრემი ფაქტობრივად ერთნაირი იყო და არც ერთს გააჩნდა ტკივილის შემცირების უნარი. პირობითი რეფლექსების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, ცდის ობიექტები ნაკლებ ტკივილს გრძნობდნენ „ტკივილგამაყუჩებელი“ კრემით დაფარულ მაჯაზე; ბოლო ცდაზე ძლიერი დარტყმები მსუბუქ დარტყმებზე მტკივნეულად არ აღიქმებოდა. ეს პლაცებოს ტიპური პასუხია.
ყველაზე საინტერესო ის არის, რაც ტვინის ტომოგრამამ აჩვენა. ჩვეულებრივი ტკივილის შეგრძნებები ტრავმის მიღებისას იწყება და წამზე ბევრად ნაკლებ დროში ვრცელდება ზევით, ზურგის ტვინის გავლით თავის ტვინის იმ უბნებისკენ, რომლებიც ტკივილს აღიქვამს. პლაცებოს პასუხი თავის ტვინში იწყება და საწინააღმდეგო მიმართულებით ვრცელდება. ტკივილის შემსუბუქების მოლოდინი პრეფრონტალური ქერქიდან სიგნალებს აგზავნის ტვინის სხვა ნაწილში, სადაც წარმოიქმნება და გამოიყოფა ოპიოიდები, რომლებიც ზურგის ტვინისკენ ვრცელდება. ჩვენ კი არ წარმოვიდგენთ, რომ არ გვტკივა, არამედ თვითგანკურნებას მივმართავთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ველოდებით ტკივილის შემსუბუქებას, რაც უკვე გამომუშავებული გვაქვს.
„ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ“, ამბობს ვეიჯერი. ის ახლა ბოულდერში კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი და ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორია.
რწმენისა და განცდის რეცეპტი თავის გზას პოულობს ლაბორატორიის მიღმაც და კლინიკურ პრაქტიკაშიც. ექიმი კრისტოფერ სპევაკი ტკივილისა და წამალდამოკიდებულობის სპეციალისტია უოლტერ რიდის სამხედრო-სამედიცინო ეროვნულ ცენტრში (ბეთესტა, მერილენდი).
როგორ მუშაობს მედიცინის თეატრი სინამდვილეში? როგორ კურნავს ძლიერი რწმენა ადამიანებს?
პაციენტებთან პირველი შეხვედრისას, სპევაკი მათ ტრავმების ან ავადმყოფობის ისტორიის შესახებ არ უსვამს კითხვებს. ეს ინფორმაცია მას საქაღალდეში აქვს. ნაცვლად ამისა, ის პაციენტებს საკუთარ ამბებს აყოლებს, საიდანაც შეიძლება შეიტყოს, რომ კონკრეტულ პიროვნებას საკუთარ ეზოში მდგარი ევკალიპტი უყვარდა, ვიღაც კი პიტნის კამფეტებზე გიჟდებოდა. საბოლოოდ, თუ სპევაკი ოპიოიდ ტკივილგამაყუჩებელს გამოწერს, ყოველ ჯერზე, პრეპარატთან ერთად, პაციენტს მისცემს ევკალიპტის ზეთს – დასაყნოსად ან პიტნის კამფეტს მისართმევად – სპევაკმა იცის, რომ ნებისმიერ სტიმულს რეზონანსი ექნება. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ჯენსენის სწრაფად გაელვებადი სახეების ან ვეიჯერის კანის კრემის (თუნდაც პავლოვის ზარის) შემთხვევაში, პაციენტები იწყებენ შეგრძნებების წამლებთან დაკავშირებას. გარკვეული დროის შემდეგ, სპევაკი ამცირებს წამლის დოზას და პაციენტს ბგერების ან სურნელის ანაბარად ტოვებს. საჭირო წამლების მისაღებად, პაციენტის ტვინი შეიძლება „შიდა აფთიაქზე“ გადაერთოს.
ორი წლის წინ, ლეონ კობანი, ტორ ვეიჯერის ლაბორატორიის თანამშრომელი პლაცებოს ახალ კვლევას ჩაუდგა სათავეში. მეცნიერებმა კარგად იცოდნენ, რა როლს თამაშობს პირობითი რეფლექსები და თეატრი მოლოდინების გამყარებაში. მათ სურდათ შეემოწმებინათ, თუ რა გავლენას ახდენს ტკივილის შეგრძნებაზე მესამე ელემენტი: რწმენის მქონე სხვა ადამიანები.
ისევე როგორც პლაცებოს ეფექტის ბევრ წინა ექსპერიმენტში, მკვლევრები იწვევდნენ წვის შეგრძნებას საცდელი ობიექტების ხელებში და თხოვდნენ მათ შეეფასებინათ, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს შეგრძნება. მაგრამ ამ ჯერზე მათ დამატებითი ცვლადი შემოიტანეს. მოხალისეები უცქერდნენ ეკრანს და ხედავდნენ სიმბოლოებიან ჩანაწერებს, რომლებიც წარმოადგენდა მათი წინამორბედი მონაწილეების მიერ საკუთარ თავზე განცდილი ტკივილის შეფასებას. ერთი და იმავე გამაღიზიანებლის შემთხვევაში, ცდის ობიექტები აღნიშნავდნენ უფრო მძაფრი ან სუსტი ტკივილის შეგრძნებას, იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციას იღებდნენ ისინი წინამორბედის მიერ განცდილ შეგრძნებებზე.
50-იან წლებში ჩატარებული ცდების სერიამ, რომელიც ეშის ექსპერიმენტების სახელითაა ცნობილი, აჩვენა, რომ ცდის ობიექტები ხშირად ისეთ პასუხებს იძლევიან, რომლებიც იციან, რომ არასწორია და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ დაეთანხმონ ჯგუფს. კობანი და ვეიჯერი გააოცა სოციუმის ზემოქმედების ძალამ: პირობითი რეფლექსების ფორმირების შემდეგ, შედეგი მოსალოდნელზე გაცილებით დიდი იყო. ტომოგრამით ჩატარებული კვლევები გვაფიქრებინებს, რომ არსებობს ტვინის განცალკევებული, დამატებითი ქსელი, რომელიც აქტიურდება მაშინ, როდესაც პლაცებოს ჩვეულებრივი ეფექტი ძლიერდება ჯგუფის წევრთა გავლენით. კობანი კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ სოციალურ ინფორმაციას უფრო ძლიერად შეუძლია შეცვალოს ტკივილის განცდა, ვიდრე პირობით რეფლექსებსა და ქვეცნობიერ სიგნალებს.
„ინფორმაციას, რომელსაც ჩვენი სოციალური კავშირებიდან ვიღებთ, ძალიან დიდი გავლენა აქვს, არა მხოლოდ, ემოციურ განცდებზე, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ასპექტებზე, როგორიცაა ტკივილი და ტკივილის მოხსნა“, ამბობს კობანი. „ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ამ გავლენებისა და მათი გამოყენების შესწავლას“.
სოციალური ჯგუფის გავლენა დაგვეხმარება ავხსნათ, თუ რატომ შეიძლება იყოს რელიგია, როგორც კარლ მარქსი ამბობდა, „ხალხის ოპიუმი“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ის ეხება საკუთარი რწმენებისა და მოლოდინების მარაგზე ჩვენივე წვდომის უნარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარშემორტყმული ვართ სხვა მორწმუნეებით, რომლებიც იმავეს აკეთებენ.
არსად უფრო აშკარა არ არის ჯგუფური რწმენის ძალა, როგორც რელიგიურ პილიგრიმობაში.
2016 წელს, მაისის ერთ სუსხიან ბავარიულ დილას პილიგრიმ რიჩარდ მიოდლს გადავეყარე ალტიოტინგისკენ მიმავალ გზაზე. პირველად აქ განკურნების შემთხვევა დოკუმენტურად დაფიქსირდა 1489 წელს. ამბობდნენ, დამხრჩვალ ბიჭუნას სასწაულებრივად დაუბრუნდა სიცოცხლეო. ალტიოტინგის შავი მადონა წელიწადში დაახლოებით მილიონ მნახველს იზიდავს.
შევუერთდი ჯგუფს, რომელმაც დღის სამ საათზე, სამხრის შემდეგ განაგრძო მსვლელობა. შესვენებისას მიირთმევდნენ და ხალისით ლაქლაქებდნენ, ელოდნენ სიგნალს, რომ წვიმაში გზას გასდგომოდნენ. მოგზაურობა, ცოტა არ იყოს, მაშფოთებდა, რადგან სამი თვის წინ კოჭზე ოპერაცია გავიკეთე. თუმცა ამ ჟრიამულში ჩემი ტკივილი სადღაც გამქრალიყო.
„ყველას აქვს აქ მოსვლის საკუთარი მიზეზი, თუმცა ერთმანეთისთვისაც მოდიან აქ“, ამბობს მარკუს ბრუნერი, მხიარული მღვდელი, რომელსაც პილიგრიმობის 27-წლიანი სტაჟი აქვს. „ჯგუფს მიჰყავხარ და თქვენც მიგყავთ ჯგუფი, ყველას ერთმანეთი მიგყავთ“.
მიტევების ტაძარში, შიგნით თუ გარეთ, გამოეფინათ შემოწირული სურათები, რომლებიც ასახავდნენ ასობით წლის განმავლობაში მომხდარ სასწაულებს. სურათებზე ნახავდით ყველა იმ სნეულებას, რომელთა წარმოდგენაც კი შეიძლება. საუკუნეების განმავლობაში კედლებზე მიეყუდებინათ მრევლისა და პილიგრიმების მიერ დატოვებული ყავარჯნები და ხელჯოხები, მათი პატრონები ტანჯვისგან შავი მადონას წყალობით გათავისუფლდნენ. განკურნების იმედი ნამდვილად არ შესუსტებულა.
„აქ სხვანაირი აზროვნებაა“, თქვა თომას ზაუნერმა, ფსიქოთერაპევტმა და დიაკონმა, რომელიც ალტიოტინგში იმიტომ გადმოვიდა საცხოვრებლად, რომ განვითარების შეფერხების მქონე შვილისთვის შესაფერისი საზოგადოება ეპოვა. „როგორც ჩანს, ლოცვა ნამდვილად ჭრის“.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.