დიუნკერკელი მეწარმის შვილი ჟაკ-ფრანსუა გამბა საქართველოს პირველად 1819-1824 წლებში სტუმრობდა, 1821 წლიდან კი თბილისში საფრანგეთის კონსულის თანამდებობა ეჭირა. ეს ის დრო იყო, როდესაც საფრანგეთს, რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოს გავლით, დიდი სავაჭრო და ეკონომიკური გეგმები ჰქონდა აღმოსავლეთში. ამიერკავკასიაში დროებით დაწესებული შეღავათიანი ვაჭრობისა და ტრანზიტის პირობებში, გამბამ დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა, რის გამოც, მოგვიანებით, საფრანგეთის წინაშე დამსახურებისთვის საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა.
კონსულად მუშაობის და საქართველოს სხვადასხვა მხარეში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ პარიზში დროებით დაბრუნებულმა კონსულმა 1826 წელს მოგზაურობის ჩანაწერების ორტომეული გამოაქვეყნა, რომლის შინაარსიც ქართველი მკითხველის დიდი ნაწილისათვის კარგად უნდა იყოს ცნობილი. მზია მგალობლიშვილის მიერ შესრულებული პირველი ტომის თარგმანი ჯერ კიდევ 1987 წელს დაიბეჭდა, ხოლო მეორე ტომი 2021 წელს გახდა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ახლა გამბას უაღრესად საინტერესო ჩანაწერების მნიშვნელობაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ, თუმცა ჩანაწერების მიღმა არის კიდევ რაღაც, რაც ჟაკ-ფრანსუა გამბას მოგზაურობას უკავშირდება და ფრიად საინტერესო წყაროს წარმოადგენს ჩვენთვის.

ზემოთ ნახსენები ორტომეულის გარდა, არსებობს გამბას კავკასიაში მოგზაურობასთან დაკავშირებული ატლასი, რომელშიც შედის სამოცი დიდი ფორმატის გრავიურა და ერთი რუკა. გრავიურების დიდი ნაწილი ფერადია და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სამოცი გრავიურიდან ყველაზე მეტი საქართველოს და ქართველებს უკავშირდება.
საფრანგეთის კონსულის ატლასში შესულ ჩანახატებს სხვადასხვა ავტორი უნდა ჰყავდეს. ყველაზე ცნობილი ჩანახატები ჟან მარი შოპენის სახელს უკავშირდება, ხოლო ამ ჩანახატების საფუძველზე მომზადებული გრავიურების ავტორი გოდფრუა ენგელმანია. ატლასში ეკლესია-მონასტრების გეგმების, ქალაქების, ციხეებისა თუ პეიზაჟების ამსახველი გრავიურების გვერდით მრავლად ნახავთ ჩანახატებს, რომლებზეც საქართველოს სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები არიან გამოსახულნი.
ატლასი, რომელშიც შეტანილია ქართველებისა და სხვა კავკასიელი ხალხების გარეგნობისა და ჩაცმულობის ამსახველი ჩანახატები, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპელ გამომცემელთა შორის და მცირედი ცვლილებით არაერთხელ დაიბეჭდა XIX საუკუნის ევროპულ გამოცემებში, მათ შორის, ჯულიო ფერარიოს მონუმენტურ ნაშრომში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა ძველ და ახალ ჩაცმულობას უკავშირდებოდა; ასევე, 1838 წელს, პარიზში, ჟან მარი შოპენის მიერ გამოცემულ წიგნში და 1847 წელს ჰაინრიხ ბერგჰაუსის მიერ ბრიუსელში დაბეჭდილ გამოცემაში.
ვის არ ნახავთ გამბას ატლასში: ქართველი ქალების ამსახველი მრავალფეროვანი გრავიურები, იმერელი თავადი, მეგრელი კაცი, კახელი, აფხაზი, ჩერქეზი, სომეხი, ლეკი და კიდევ სხვა არაერთი.

ჟაკ-ფრანსუა გამბას ჩანაწერებში აღწერილია სხვადასხვა კუთხისა და ფენის ადამიანების ჩაცმულობასთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები. მაგალითად, ხობში სტუმრად მყოფი გამბა აღწერს მასპინძლის ქალიშვილის ჩაცმულობას, რომელსაც, დედის მსგავსად, ჩითის წითელ-ყვითელი ზოლებიანი კაბა ეცვა და ზემოდან ცისფერი მიტკლის გახსნილი კაბა ჰქონდა მოცმული. კაბა საღილეებითა და ვერცხლის პატარა ღილებით იყო გაწყობილი. ქალიშვილს თავზე სახვევი ეკეთა და სახე პირბადით ჰქონდა დაფარული.
სამეგრელოს დედოფლის მხლებლების აღწერის დროს იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თითქმის ყველა ქალი ალისფერი მაუდის მოსასხამში იყო გამოწყობილი და თავზე ასეთივე ფერის მრგვალი ქუდი ეხურა. ქუდები ნაქარგი სირმითა და ორნამენტებით, ოქროსა და ვერცხლის მონეტებით იყო გაწყობილი. როგორც გამბა წერს, ასეთ მოსასხამებს და ქუდებს მხოლოდ მოგზაურობის დროს ატარებდნენ.
ცალკე უნდა ითქვას გამბას თვალით დანახული ქართველების გარეგნობის შესახებ. საფრანგეთის კონსულის დაკვირვებით, ქართველი კაცები მაღალი ტანისა და ძლიერი აღნაგობის იყვნენ. სახის ნაკვთები ლამაზი და გამოკვეთილი ჰქონდათ. შავი მშვენიერი ჭრილის თვალები და გრძელი, ხშირად არწივისებრი ცხვირი. რაც შეეხება ქალებს, გამბა მათზე ლაპარაკის დროს სილამაზესა და სახის სწორ ნაკვთებზე მიუთითებს, რასაც მოხდენილი ტანი, თეთრი ქათქათა კანი და ნაზი გამოხედვა ემატებოდა.
1826 წელს ჟაკ-ფრანსუა გამბას მიერ პარიზში გამოცემული ორტომეული და ატლასი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო წყაროდ რჩება XIX საუკუნის ოციანი წლების საქართველოს გასაცნობად და წარსულში სამოგზაუროდ. შევალიე გამბა გარდაიცვალა საქართველოში 1833 წელს.