შევძლებთ კოსმოსური რბოლის დროს ორბიტაზე დარჩენილი საგანძურის გადარჩენას?
მაშინ როდესაც კოსმოსში ხელოვნური ობიექტები მრავლდება, მეცნიერების და ისტორიკოსების კოალიციამ ყველაზე მნიშვნელოვან ეგზემპლართა დედამიწაზე დაბრუნების იდეა წამოჭრა.
გარკვეული თვალსაზრისით, Vanguard 1 კოსმოსური ნაგავია: ალუმინის ანტენებიანი ბურთი, რომელიც საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა დამცინავად გრეიპფრუტს შეადარა. აშშ-მა ის 1958 წლის მარტში გაუშვა კოსმოსში. სატელიტი რადიოსიგნალებს დედამიწაზე 1964 წლის მაისამდე აგზავნიდა. დღეს ფუნქციადაკარგული თანამგზავრი ყველაზე ძველი ხელოვნური ობიექტია ორბიტაზე.

მაგრამ კოსმოსის ისტორიკოსის, მეტ ბილისთვის ის „ერთ-ერთი უძვირფასესი ობიექტია“ ადრეული კოსმოსური ეპოქიდან. მისი თქმით, სატელიტზე დაკვირვებით მეცნიერები ბევრ რამეს შეიტყობდნენ კოსმოსის ხანგრძლივ ზემოქმედებაზე. ბილიმ, თანამოაზრეებთან ერთად, აღნიშნული საკითხი აერონავტიკის და ასტრონავტიკის ამერიკულ ინსტიტუტში წამოჭრა. მათ წარადგინეს დეტალური გეგმა Vanguard 1-ის ორბიტიდან ჩამოტანის ჰიპოთეზურ მისიაზე.

ამ იდეამ განცვიფრება გამოიწვია, განსაკუთრებით მემკვიდრეობის სფეროებში გამეფებული in-situ კონსერვაციის პრაქტიკის უპირატესობის ეჭვქვეშ დაყენების გამო. ძველი სატელიტები „უნდა დარჩეს იქ, სადაც არის“, – ამბობს ელის გორმენი, რომელიც ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს აეროკოსმოსური კომიტეტის წევრია. ისინი ორბიტაზე უფრო უსაფრთხოდაა, სადაც არცერთ ქვეყანას არ ეკუთვნიან და მათი შესწავლა ფოტოგრაფიითა და სხვა დისტანციური ზონდირების მეთოდებითაა შესაძლებელი, ამბობს იგი. თუმცა კოსმოსი ივსება, აღნიშნავს ბილი – დედამიწის ორბიტაზე 14 000-ზე მეტი სატელიტია. ბილიმ და მისმა თანაავტორებმა ტექნიკური ნაშრომი წარმოსახვით ექსპერიმენტად წარმოადგინეს. უნდა განვიხილოთ თუ არა ისტორიული მნიშვნელობის მქონე სატელიტების მიწაზე ჩამოტანა? რომლებს მივანიჭოთ უპირატესობა? ისინი დამატებით 11 კანდიდატს გვთავაზობენ, თითოეული მათგანი პიონერული მისიებიდანაა და, როგორც ბილი ამბობს, თეორიულად დედამიწაზე ჩამოტანას ყველა ექვემდებარება.