შიშის ხელოვნება
1921-1954 წლებში საქართველოში დაახლოებით 16 000 ადამიანი დახვრიტეს. ათასობით ადამიანს გაატარებინეს ცხოვრება გადასახლებაში. სტალინურმა რეპრესიებმა მთელი საზოგადოება გატეხა


შიშის ხელოვნება
1921-1954 წლებში საქართველოში დაახლოებით 16 000 ადამიანი დახვრიტეს. ათასობით ადამიანს გაატარებინეს ცხოვრება გადასახლებაში. სტალინურმა რეპრესიებმა მთელი საზოგადოება გატეხა
ადამიანებმა წლების განმავლობაში იცხოვრეს აუტანელ შიშში. რეჟიმმა ქართულ ხელოვნებასაც შეუცვალა გეზი და დამონებული, „მოთვინიერებული“ ხელოვნების ჩარჩოებში მოაქცია.
1937 წლის მაისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის მეათე ყრილობაზე ცეკას და ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივნის ლავრენტი ბერიას ცნობილ გამოსვლამდეც და მერეც მის სამიზნეში არაერთი ხელოვანი მოხვდა. ამ გამოსვლამ თითქოს ყველას ერთად გამოუტანა განაჩენი. „ხალხის მტრებთან“, „ტროცკისტებთან“ კავშირსა და კონტრრევოლუციონერობაში ის პირდაპირ ადანაშაულებდა ქართველ მწერლებს და ამბობდა, საბჭოთა მხატვრის ან მწერლის სახელწოდებას ამოფარებულ ადამიანებს არ მივცემთ უფლებას, „ხალხის მტრებთან ერთად შავი საქმე აკეთონო“. „შავი საქმის“ მკეთებლებს შორის იყო პოეტი პაოლო იაშვილიც, რომელსაც ბერიამ პირველს დაუქნია თითი და ჭკუის სწავლისკენ მოუწოდა: „სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ, ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებშიო“. თავიანთ საქციელს „სერიოზულად უნდა ჩაფიქრებოდნენ“ გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და „კიდევ ზოგიეთები“.

მათ, როგორც საბჭოთა მწერლებს, ყველაფერი უნდა გაეღოთ სოციალისტური სამშობლოსთვის. მათი გულწრფელობა და მცდელობა არ იყო საკმარისი. ისინი სასწრაფოდ უნდა გარდაქმნილიყვნენ! სწორედ ეს განსაზღვრავდა საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათ მიმართ. ბერიას სიტყვებიდან ყველაფერი მკაფიოდ ჩანდა – ყველა მიზანში იყო ამოღებული.

მწერლების მისამართით ლავრენტი ბერიას მიერ გასროლილი რამდენიმე სიტყვა მწერალთა კავშირის სხდომებზე გრძელი მოხსენებების საფუძველი ხდებოდა. მწერლების სასამართლო მწერალთა სახლის დარბაზიდან იმ დროის ლიტერატურული პერიოდიკის ფურცლებზე გრძელდებოდა ხოლმე.
ამოჩემებულ მწერალს ჯერ მწერალთა კავშირიდან გარიცხავდნენ, მეორე დღეს კი „ლიტერატურულ საქართველოსა“ თუ „მნათობში“ გამანადგურებელი წერილი იბეჭდებოდა.

ადამიანები ქრებოდნენ ფიზიკურად; მათ სახეებს შლიდნენ გადარჩენილი ფოტოებიდან. სახელები კი თითქოს არ არსებულა – არც თეატრალურ აფიშებზე, არც წიგნების ყდებზე, არც გაზეთებში, არც ნახატებზე… მათი ხსენება წლობით იყო აკრძალული. გამოდიოდა ალბომები, იწერებოდა წიგნები და კრიტიკული ესეები ქართულ თეატრზე, ქართულ ლიტერატურაზე, მხატვრობაზე. ფურცლები კი დუმდნენ – მათში არაფერი ეწერა ცნობილ მხატვრებზე, პოეტებზე, მწერლებზე, მუსიკოსებზე, მეცნიერებზე. თითქოს, არც არსებულან.
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.
ავტორი: ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლება, სპეციალურად National Geographic-ისთვის. ფოტო: ირა კურმაევა ხშირად თანამშრომლობს National Geographic საქართველოსთან. ეს მისი მესამე მასშტაბური ფოტოპროექტია, რომელიც ჩვენი ჟურნალისთვის მოამზადა.