შთამომავალი | ტოკუგავა ნარიმასა
ქვეყანა ვითარდება და ის განიცდის სხვა ქვეყნების გავლენას; ამ ახალი ელემენტების შემოღებით იცვლება კულტურა და ტრადიციები.
რა ადგილი უჭირავს ტოკუგავას საგვარეულოს იაპონიის ისტორიაში?
იაპონიის ხელისუფლების სათავეში ჩვენი საგვარეულო XVII საუკუნის დასაწყისში მოვიდა, რითაც შოგუნატის ანუ სამხედრო-ფეოდალური მმართველობის მესამე დინასტიის – ტოკუგავას 265-წლიანი ეპოქა დაიწყო. ამ ახალი დინასტიის ფუძემდებელი იყო საგვარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი იეიასუ. იმპერატორის სანქციით შოგუნის (უმაღლესი მთავარსარდალი იაპონიაში) ტიტულის მიღებისთანავე, იეიასუმ ქვეყნის დედაქალაქად ედო (დღევანდელი ტოკიო) გამოაცხადა. იმპერატორს – რელიგიური ცერემონიების მეთაურის, უმაღლესი ქურუმის უფლებები დარჩა და მას “მიწიერ საქმეებთან შეხება არ უნდა ჰქონოდა, შოგუნი კი უზენაეს ხელისუფლებას განასახიერებდა. შოგუნს ემორჩილებოდნენ სამურაები, რომლებიც მის პირად დაცვას უზრუნველყოფდნენ.
ტოკუგავას, იმავე ედოს პერიოდს, იაპონიის ოქროსა და აყვავების წლებს უწოდებენ.
დიახ, ეს პერიოდი განსაკუთრებულია იაპონიის ისტორიაში. ამ დროს ეკონომიკურად და სოციალურად გაძლიერდა სახელმწიფო, განვითარდა ვაჭრობა. ტოკუგავების საგვარეულო გახდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კულტურული სიახლეების ავტორი. ქალაქი ედო (ტოკიო) კი – ჩვენი ტრადიციული ხელოვნების აყვავებისა და ტრადიციული და ნოვატორული ხელოვნების გადაკვეთის ადგილი. დიდი ყურადღება ექცეოდა წიგნის ბეჭდვისა და ბიბლიოთეკათა შექმნის საქმეს. ამ პერიოდში აღორძინდა ფაიფურის წარმოება, ქალაქ კიოტოში დაარსდა კაბუკის თეატრი…
ტოკუგავა ნარიმასა არის ტოკუგავა-შოგუნატის ოჯახის მიტოს შტოს მე-15 თავკაცი. სხვა მრავალი საზოგადოებრივი საქმიანობის პარალელურად, იგი საზოგადო ინტერესთა ფონდ ტოკუგავას მუზეუმის პრეზიდენტია. მას წილად ხვდა პატივი და მისია – დაიცვას, განავრცოს და შემდგომ თაობას გადასცეს ტოკუგავას ოჯახის ტრადიციები.
თქვენმა პაპამ, ტოკუგავა კუნიუკიმ, დიდი წვლილი შეიტანა იაპონიის როგორც თანამედროვე ქვეყნის აღმშენებლობაში. იგი იყო იაპონიის ლორდთა პალატის პრეზიდენტი. რას ნიშნავს დღეს ტოკუგავას დიდი გვარის წევრობა, რა პასუხისმგებლობაა ეს თქვენთვის?
დღეს ჩვენს გვარს არავითარი შეხება პოლიტიკასთან და, შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს. დღეს ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ. ვფიქრობ, ჩვენი მოვალეობაა, საზოგადოებას გადავცეთ სწორი ინფორმაცია იმ პერიოდის, მაშინ განვითარებული მოვლენების და ამბების შესახებ და შევინარჩუნოთ ისტორიული სინამდვილე. მაგალითად: ამბობენ, რომ ედოს პერიოდში იაპონია იზოლირებული იყო და ეს უარყოფით მოვლენად მიიჩნევა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს მოსაზრება ჩამოაყალიბა იმ ხელისუფლებამ, რომელიც ედოს შემდგომ პერიოდში მოვიდა და იძულებული იყო, ეკრიტიკებინა ძველი ხელისუფლება. სინამდვილეში მთავრობა აკონტროლებდა ვაჭრობას უცხო ქვეყნებთან და მეტი არაფერი.
შესაძლოა, საკუთარი ქვეყნის გარკვეული იზოლაცია თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა იყო.
ედოს პერიოდში სხვა ქვეყნებთან ომი არ ყოფილა, მაგრამ „იზოლაციის პოლიტიკის დასასრულს დასავლურმა ძალებმა პოლიტიკური წყობის შეცვლა მოინდომეს, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა. ედოს პერიოდის დასასრულს დაპირისპირებულ სხვადასხვა ძალას მხარს უჭერდნენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. საბოლოოდ, შოგუნმა, ტოკუგავა იოშინობუმ, მიიღო გადაწყვეტილება, მშვიდობიანად დაეთმო ძალაუფლება იმპერატორ მეიჯის სასარგებლოდ. სწორედ ამ ბრძნულმა გადაწყვეტილებამ იხსნა იაპონია უფრო სერიოზული სამხედრო კონფლიქტისა და უცხო ძალების მიერ ჩვენი ქვეყნის კოლონიზაციისგან.
თანამედროვე იაპონია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. ასეთ წინსვლას შეიძლება ტრადიციების დაკარგვა ახლდეს თან. როგორ ინარჩუნებს იაპონია ტრადიციებს და რა როლი აქვთ ამაში ისტორიული გვარის წარმომადგენლებს?
იაპონიაში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ და შევინახოთ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამას ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვინც ტრადიციას არ აქცევს ყურადღებას, ცუდი ხალხია და ვინც უფრთხილდება – კარგი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორი სხვადასხვა აზროვნების ხალხს შორის არსებობს წონასწორობა და თანამედროვე იაპონია სწორედ ამ ბალანსზე დგას. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცავთ 400 წლის წინანდელი, ედოს პერიოდის დროინდელ ტრადიციებს, მაგრამ იაპონიას 2600-წლიანი ისტორია აქვს და ედოს პერიოდშივე ეს ტრადიციები უკვე სახეცვლილი იყო და განსხვავდებოდა უძველესი ტრადიციებისგან.
სწორედ თქვენი წინაპარი იყო ის, ვინც მაგალითი აჩვენა იაპონელებს და პირველმა შეიცვალა სამურაის ტრადიციული ვარცხნილობა ევროპულით…
დიახ, ასე იყო, მაგრამ შეინარჩუნა სამურაის სულისკვეთება.
ტრადიცია იცვლება, კულტურა ვითარდება, ყველაფერი დროის გავლენას განიცდის. რა არის ის, რაც რჩება და დამახასიათებელია იაპონიისთვის?
იყო ასეთი დიდგვაროვანი, ჩემზე 14 თაობით უფროსი სამურაი ტოკუგავა მიცუგუნი, რომელსაც უნდოდა შეესწავლა იაპონიის ძველი ისტორია. მისი სიტყვებია, რომ იაპონიის ისტორიაში მუდმივად დიდ როლს ასრულებს იმპერატორი. ტოკუგავა მიცუგუნიმ ისტორიის შესწავლით დაასკვნა, რომ ჩვენ ვემსახურებით შოგუნის ოჯახს, მაგრამ ჩვენი უფალი იმპერატორია. იმპერატორის ოჯახი არის ის ხერხემალი, რომელიც იაპონიის ისტორიაში მუდმივად არსებობს და დღესაც გრძელდება.
როგორ დაახასიათებდით თქვენი გვარის წარმომადგენლებს?
მოგიყვებით უკანასკნელი შოგუნის მამის ისტორიას, რომელიც ძალიან ულამაზოდ წერდა. მან ცოლად მოიყვანა იმპერატორის ნათესავი კალიგრაფიის ოსტატის ოჯახიდან. დღეს იმ შოგუნის ბევრი წერილია შემონახული და ნათლად ჩანს, რომ მისი კალიგრაფია დაქორწინების შემდეგ თანდათან უმჯობესდება და ემსგავსება ცოლის ხელს. ევროპაში, როგორც ვიცი, ქალებს პატივს სცემენ როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს. იაპონიაში ეს ასე არ არის. როდესაც ქალი და მამაკაცი ერთად მიდიან, თუნდაც ცოლ-ქმარი იყვნენ, ქალი ოდნავ უკან უნდა მიდიოდეს მამაკაცთან შედარებით. ამბობენ, რომ იმ დროში ქალები ძალიან დაჩაგრულები იყვნენ და მათ პატივს არ სცემდნენ, მაგრამ ამ წერილებიდან ჩანს, რომ ცოლს არ მოსწონდა ქმრის ხელწერა, ამეცადინებდა მას და ქმარიც ბეჯითად ვარჯიშობდა. გამოდის, რომ არც ისე დაჩაგრულები ყოფილან მაშინ ქალები.
ტოკუგავების საგვარეულო გახდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კულტურული სიახლეების ავტორი. ქალაქი ედო (ტოკიო) კი – ჩვენი ტრადიციული ხელოვნების აყვავებისა და ტრადიციული და ნოვატორული ხელოვნების გადაკვეთის ადგილი.
ძველის შენარჩუნებასა და დაცვაში ისტორიასთან, კულტურასა თუ ტრადიციებთან ერთად იგულისხმება ქვეყნის ბუნების შენარჩუნება და დაცვა. რა მდგომარეობაა ამ მხრივ იაპონიაში?
იცით, მეც ვკითხულობ იაპონიაში თქვენს ჟურნალს და ვიცი, რომ ზოგ ქვეყანაში ამოიღეს ხმარებიდან ცელოფნის პარკები, მაგრამ იაპონიაში ისინი ფართოდ გამოიყენება. მე მიმაჩნია, რომ ეს დიდი პრობლემაა და დროა, იაპონელებმაც შეცვალონ მიდგომა პლასტმასასთან მიმართებაში.
ჩვენს საგვარეულოს ეკუთვნის, დაახლოებით, 2000 ჰექტარი მიწა. ეს მთიანი ადგილია. მე იქ ერთ კომპანიას ვფლობ, რომელიც ზრდის ხეებს და შემდეგ ყიდის ხის მასალას. იაპონიის ტერიტორიის 70 პროცენტი ტყით არის დაფარული და ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია მეტყევეობა, მაგრამ ახლა მეტყევეობა ისე აღარ ვითარდება, რადგან ხის მასალაზე მოთხოვნამ იკლო. იაპონიაში ტრადიციულად ყველაფერს ხის მორებისგან აშენებდნენ, მაგრამ შემდგომში ის ხელოვნურმა მასალამ შეცვალა, თუმცა, სულ ბოლო დროს ისევ მოდაში შემოდის ხის ტრადიციული სახლები და ხალხი ისევ აფასებს ხის უპირატესობას. ეს ძალიან კარგია.
თქვენ როგორ სახლში ცხოვრობთ?
მეც ხის სახლში ვცხოვრობ.
გყავთ შინაური ცხოველები?
დიახ, ჩემს ეზოში სამი ძაღლია: ერთი იაპონური ჯიშისაა – ცუკი, რაც იაპონურად მთვარეს ნიშნავს, მეორე – რუსული ტოიტერიერი სახელად, ვილკინსონი და მესამე – მექსიკური ჩიუაუა, ბერი.
იამაყებდნენ თუ არა თქვენი დიდი წინაპრები დღევანდელი იაპონიით?
ჩემი წინაპრების ოცნება იყო – ენახათ აყვავებული, მშვიდობიანი იაპონია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ისინი იამაყებდნენ დღევანდელი იაპონიით.