
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
აქემენიდური სპარსეთის დაპყრობის შემდეგ, მაკედონელის ოქროს სტატერი საერთაშორისო ვალუტის როლს თამაშობდა
ალექსანდრე მაკედონელმა (ძვ. წ. 336-323 წწ.) სამონეტო საქმის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა. ის პირველი იყო, ვინც მონეტებზე გამოსახულ ჰერაკლეს პროფილს საკუთარი სახის ნაკვთები მისცა – ამით მან ღმერთებს გაუთანაბრა თავი.
აქემენიდური სპარსეთის დაპყრობის შემდეგ, მაკედონელის ოქროს სტატერი საერთაშორისო ვალუტის როლს თამაშობდა.
მსოფლიო ეკონომიკურ ცხოვრებას არც საქართველო ჩამორჩა – იბერია-კოლხეთშიც დიდი რაოდენობით სტატერები შემოდიოდა. ეს მონეტები იმდენად პოპულარული იყო ძველ მსოფლიოში, რომ მათი მოჭრა ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგაც, ორი-სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბუნებრივია, რომ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდგომ, საქართველოშიც (იბერია-კოლხეთი) ორიგინალი სტატერები უნდა შემოსულიყო. ადგილობრივი ბაზარი ამ ფულს მიჩვეული იყო, ამიტომ მისი ჩანაცვლება, როგორც ჩანს, ორიგინალი სტატერის ადგილობრივი, ქართული იმიტაცია-მინაბაძით მოხდა. მინაბაძი ორიგინალისგან მხოლოდ სქემატური გამოსახულებით გამოირჩეოდა. ის არ იყო ყალბი ფული, რადგან მისი მოჭრის პრეროგატივა მხოლოდ უმაღლეს ხელისუფალს ჰქონდა, რომელსაც მოსახლეობის მაღალი ნდობა უმაგრებდა ზურგს.
“მონეტების ცალკეული ცალების სრულყოფილება, წონა, სინჯი, აგრეთვე ის გარემოება, რომ ეს იმიტაციები სხვა, კანონიერ მონეტებთან ერთად განძებშია ნაპოვნი, მათ ფულად ფუნქციაზე მიუთითებს”, – ამბობს ნუმიზმატი პროფესორი გიორგი დუნდუა.