სიცოცხლე ტყის ეფემერულ გუბურებში
სეზონური წვიმებით წარმოიქმნება პატარა ოაზისები, გაზაფხულის გუბურებად ცნობილი, ეფემერული წყალსატევები, რომლებიც სიცოცხლის წყაროდ იქცევა, შემდეგ კი ქრება ყოველწლიური ციკლის ხელახლა დაწყებამდე.
სიცოცხლე ტყის ეფემერულ გუბურებში
სეზონური წვიმებით წარმოიქმნება პატარა ოაზისები, გაზაფხულის გუბურებად ცნობილი, ეფემერული წყალსატევები, რომლებიც სიცოცხლის წყაროდ იქცევა, შემდეგ კი ქრება ყოველწლიური ციკლის ხელახლა დაწყებამდე.
გავუდექი ბილიკს, რომელიც კანადური ცუგას ტყეში წლების განმავლობაში ჩამოცვენილი წიწვებით დარბილებულიყო. წინ შუქი ისე ელვარებდა, თითქოს ტყის ნეშომპალას ხანძარი გასჩენოდა. თუმცა, ეს არა ცეცხლი, არამედ მზის სინათლე აღმოჩნდა, რომელსაც პატარა გუბურა ირეკლავდა. ეს წყალმარჩხი ტბორი ეფემერული წყალსატევი იყო. სწორედ მის სანახავად მოვედი.
გვიანი გაზაფხულის თბილი შუადღე იდგა და გუბურის წყლის დონე უკვე შემცირებულიყო. ეფემერული წყალსატევები ძირითადად წვიმის წყლითა და მაღლობი ტყის ჩამონადენით საზრდოობენ. მათ წყლის ნაკადი მუდმივად არ მიეწოდება. პატარა ზომის და მხოლოდ ერთ მეტრამდე სიღრმის გუბურები არქიპელაგებივით განლაგებულან. სეზონის მიწურულს, გაზაფხულის წვიმების დასრულებასთან ერთად, დაგუბებული წყალი ორთქლდება ან მიმდებარე ხეებისა და ბუჩქების ფესვებს კვებავს. გუბურების უმეტესობა ზაფხულის ბოლოს უკვე დამშრალია. ეს ეფემერული წყალსატევების არსებითი მახასიათებელია. თევზები დაშრობას ვერ გადაურჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაყაყების, სალამანდრების, მრავალნაირი მწერისა და ბევრი სხვა არსების ლარვებს განვითარების მეტი შანსი ეძლევა.

აქ, ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში მდებარე 1,6 კმ სიმაღლის მყინვარმა რეკორდულ სიდიდეს დაახლოებით 20 000 წლის წინ მიაღწია. ეს მყინვარი დნობისას ტოვებდა ჩაღრმავებებს, ძერწავდა ქედებს, ლოდებს, თიხისა და მორენების ღრუებს. ეს ტყეები იმ ყინულის მეხსიერებას ატარებენ. ისინი სავსეა ნაკადულებით, მარშებითა და ეფემერული წყალსატევებით.

ღრუბელივით ნაპირებითა და მიმდებარე მაღლობებით, რომლებიც როგორც ტენიან, ისე მშრალ რეფუგიუმებს – ერთიანი სისტემის განუყოფელ ნაწილებს – მოიცავენ, ეს წყალსატევები ტყეს სიცოცხლით ავსებს. ხეებსა და გუბურებს მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვთ: ხეები გარკვეულ ჩრდილს წარმოქმნიან, რათა გუბურა ნაადრევად არ დაშრეს, ხოლო წყალში ჩამოცვენილი წიწვები, ფოთლები და ტოტები საკვები ნივთიერებების მდიდარ წყაროდ იქცევა ბაქტერიებისა და მწერებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, სხვების საკვები ხდებიან. წყლიდან დაწყებული, მიწისა და ჰაერის ჩათვლით, ამ ტყეთა მობინადრეებს გუბურებთან თავისებური კავშირი აქვთ.
გაზაფხულზე პატარა ბადე სიფრთხილით მოვათავსე ეფემერული წყალსატევის ფსკერზე, შემდეგ ამოვიღე და მინის ჯამში ჩავდე. მრავალნაირმა სახეობამ იჩინა თავი.
გუბურებში აღმოჩენილ ბევრ არსებას სხვა ტიპის წყალსატევებშიც შეუძლია ბინადრობა, თუმცა რამდენიმე მათგანი უშუალოდ ამ გარემოსთან ადაპტირდა. აპრილის დადგომასთან ერთად, როდესაც ყინული დნება და მიწას წვიმა ფარავს, ლაყუჩფეხიანები გუბურებში იჩეკებიან და გაზაფხულის თხელი ყინულის ქვეშ დაცურავენ. დაახლოებით 2,5 სმ სიგრძის, კიბოსნაირთა კლასის ეს უხერხემლო ცხოველები მუცლით ზემოთ, ამოტრიალებული დაცურავენ და წყალს აბდომინალური საცეცებით აპობენ, რომლებიც გადაადგილებისას სუნთქვასა და საკვების მოპოვებაში ეხმარებათ.
ლაყუჩფეხიანები ევოლუციის შედეგად არა მხოლოდ მოელიან ზაფხულის პერიოდში გუბურის დაშრობას, არამედ საჭიროებენ ამას. როდესაც მდედრი განაყოფიერებულ კვერცხებს ყრის, ისინი ფსკერისკენ ეშვებიან, რამდენიმე დღე იზრდებიან და შემდეგ განვითარებას წყვეტენ. ეს პაწაწინა მკვრივი გარსის მქონე კვერცხები თითქმის ამომშრალი გუბურის ტალახში რჩებიან, რომელიც ფოთლებისა და სხვა ნარჩენების ფენებით იფარება. ისინი წვიმების დაბრუნებასთან ერთად გამოიჩეკებიან და გაიზრდებიან – მათი სიცოცხლე გუბურის სეზონების სინქრონულია.
ლაყუჩფეხიანების ყველა კვერცხი ან ცისტა განაყოფიერების წელიწადს არ იჩეკება. მათ შეუძლიათ 10 ან 20 წელიწადი იცადონ და, ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, გუბურის ტალახში მთელი საუკუნეც დაჰყონ.
გაზაფხულის ცივ წვიმიან ღამეს ტყის ბაყაყები ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებენ. ბაყაყები ზამთარს არაღრმა ფოსოებში, ფოთლების ქვეშ, ან ტყის ნიადაგზე წაქცეულ ხეებში ატარებენ. წვიმით გალიპულები, ისინი გუბურებისკენ მიხტიან, რომლებიც ხანდახან კვლავ ყინულის ფენითაა დაფარული. მკვლევრები მათ „გამძლე“ არსებებადაც მოიხსენიებენ, რადგან ისინი არქტიკაშიც კი ბინადრობენ.
(მარცხნივ) ზაფხულში დუმფარები ბევრ გუბურაში ხარობენ, რითაც წყლის სხვა ბინადრებისთვის ჩრდილს წარმოქმნიან. (მარჯვნივ) გაზაფხულის შეწყვილების სეზონზე ყვითელხალებიანი ამბისტომა კვერცხების გროვას ჩაძირულ ტოტზე დებს.
ტყის ბაყაყებს არ სჭირდებათ ყინვის მიწისქვეშ გადატანა. ტემპერატურის დაცემისას მათი ღვიძლი გლუკოზის დიდ რაოდენობას გამოყოფს, რომელიც სისხლში შარდოვანას მაღალ დონეს ერევა. მათი ქსოვილები ამ ნაზავით იჟღინთება, რაც სიცივით მიყენებულ ზიანს ამცირებს. ბაყაყები პირდაპირი მნიშვნელობით გაყინულები არიან და მკვდრებიც კი ჩანან.
ეს ნარევი მათ ადრეული გაზაფხულის ცვალებად ამინდებთან გამკლავებაშიც ეხმარება. ტყის ბაყაყებს, რომლებიც გასამრავლებლად სხვა ამფიბიებზე ადრე მიაშურებენ ხოლმე გუბურებს, შეუძლიათ გალღვნენ, გაიყინონ და კვლავ გალღვნენ.
მამრი ტყის ბაყაყები მდედრებს მჭახე, იხვისმაგვარი ხმებით უხმობენ. ეს ძახილი მდედრებს ამცნობს, რომ გაზაფხულის რიტუალი დაიწყო და ამ კაკოფონიას ყურს უგდებს ბევრი მშიერი მტაცებელიც, რომელთაც გრძელი ზამთარი გადაიტანეს. ეს რიტუალი ხანმოკლეა. მდედრები კვერცხების მრგვალ გროვებს ყრიან. მამრები, მათ ზურგს მჭიდროდ მიკრულები, გასანაყოფიერებლად სპერმას გაისვრიან.
ეფემერული წყალსატევები წარმავალი ოაზისებია, რომლებზეც მრავალი სახეობაა დამოკიდებული, მათ შორის მოხატული კუ.
ეფემერული წყალსატევები წარმავალი ოაზისებია, რომლებზეც მრავალი სახეობაა დამოკიდებული, მათ შორის ნემსი-ყლაპია (Williamsonia lintneri).
ეფემერული წყალსატევები წარმავალი ოაზისებია, რომლებზეც მრავალი სახეობაა დამოკიდებული, მათ შორის ჭრელი ტყის ბუ.
ეფემერული წყალსატევები წარმავალი ოაზისებია, რომლებზეც მრავალი სახეობაა დამოკიდებული, მათ შორის ლურჯხალებიანი ამბისტომისა და ჯეფერსონის ამბისტომის ჰიბრიდი, რომელთაგან ყველა ჩრდილო- აღმოსავლეთ აშშ-ში გვხვდება.
ბაყაყი ყოველწლიური გამრავლების მიგრაციის დროს.
ეფემერული წყალსატევები წარმავალი ოაზისებია, რომლებზეც მრავალი სახეობაა დამოკიდებული, მათ შორის მოხატული კუ.
ეფემერული წყალსატევები წარმავალი ოაზისებია, რომლებზეც მრავალი სახეობაა დამოკიდებული, მათ შორის ნემსი-ყლაპია (Williamsonia lintneri).
ეფემერული წყალსატევები წარმავალი ოაზისებია, რომლებზეც მრავალი სახეობაა დამოკიდებული, მათ შორის ჭრელი ტყის ბუ.
ეფემერული წყალსატევები წარმავალი ოაზისებია, რომლებზეც მრავალი სახეობაა დამოკიდებული, მათ შორის ლურჯხალებიანი ამბისტომისა და ჯეფერსონის ამბისტომის ჰიბრიდი, რომელთაგან ყველა ჩრდილო- აღმოსავლეთ აშშ-ში გვხვდება.
ბაყაყი ყოველწლიური გამრავლების მიგრაციის დროს.
ყვითელხალებიანი ამბისტომები გუბურასთან ბაყაყების შეწყვილების რიტუალის მიმდინარეობისას მიდიან. ისინი თითქმის მთელ სიცოცხლეს მიწის ზედაპირის საფარში ატარებენ – ხავსების, ფოთლებისა და ხის ქერქის ქვეშ, დიდი ხნის მკვდარი ფესვების ღრუებსა და წაქცეული ხეების ხრწნად ღეროებში. ტყის ბაყაყისგან განსხვავებით, ამბისტომა ზამთარს მიწის ქვეშ ატარებს.
მათი შეწყვილების რიტუალი წყალქვეშ ტარდება, როგორც მრავალი მონაწილის მდუმარე კონგრესი, როდესაც მამრები თავიანთ თეთრ სპერმატოფორებს, პირამიდის ფორმის სპერმის პარკებს, გუბურის ფსკერზე, ფოთოლზე ან ტოტზე ათავსებენ. მდედრი მათ ჩაუვლის და ერთ-ერთ მათგანს განაყოფიერებისთვის თავის კლოაკაში მოაქცევს. კვერცხის გროვები, ტოტებსა და ღეროებს მიკრული, თირკმლის ფორმის, გლუვი და ნაწილობრივ გამჭვირვალეა და მკვრივი ჟელეს გარე ფენაშია გახვეული.

ამბისტომის მოზრდილი ლარვები იკვებებიან მწერებით, პატარა კიბოსნაირებით, ტყის ბაყაყების თავკომბალებით და ერთმანეთით. თავკომბალები მოინადირებენ ამფიბიების კვერცხებს და ლეშს, მაგრამ მათი ძირითადი საკვები წყალმცენარეები და ბაქტერიების თხელი ფენაა, რომელსაც მცენარეებისა და გუბურის სხვა დეტრიტის ზედაპირებიდან ფხეკენ. ყველა არსება ან სხვებს ჭამს ან სხვისი საკვები ხდება და მათი უმეტესობა – თუმცა არა ყველა – ცდილობს, ზაფხულის პერიოდის დაშრობას გადაურჩეს.
თითქმის ყველა ზრდასრული ტყის ბაყაყი და ყვითელხალებიანი ამბისტომა ცდილობს, გასამრავლებლად თავის მშობლიურ გუბურასთან მიბრუნდეს, მაგრამ რამდენიმე პატარა ამფიბია პილიგრიმივითაა. მათი გარკვეული ნაწილი ყოველწლიურად განიცდის მეტამორფოზს, თავიანთი გუბურებიდან ამოძვრება და მიდის, თავისი გენეტიკური მასალა კი ტყის ნიადაგის უფრო შორეული გუბურებისკენ მიაქვს.
ეფემერული წყალსატევები დღემდე უყურადღებოდ რჩება. მათი მთავარი დამცველები ბიოლოგები და ქალაქისა თუ სოფლის რიგითი მცხოვრებლები არიან. ისინი ცდილობენ, რომ ეს წყალსატევები განაშენიანებისგან დაიცვან. ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ში ადგილობრივი მოსახლეობა გაზაფხულის პირველი წვიმების დროს ღამით გარეთ გადის, რათა მშობლიური გუბურებისკენ მიმავალ ამფიბიებს გადატვირთული გზების გადაკვეთაში დაეხმარონ. სუსხიან ღამეს სალამანდრის ან ტყის ბაყაყის ხელში აყვანა ყინულის ლოლოს დაჭერას ჰგავს.

ზოგი თავისი ინიციატივით ადგენს გუბურების რუკას და ლანდშაფტების დეტალურ აღწერებს აკეთებს. ამ ადამიანებმა იციან, რომ გუბურის დაცვა მისი ფართო შემოგარენის და მაღლობების დაცვის გარეშე თითქმის არაფერს ნიშნავს.
წამყვანი ხმა გაზაფხულის გუბურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მათ დაცვაში არამ კალჰუნს ეკუთვნის, რომელიც თავის კარიერას ამ ეფემერული წყალსაცავების შესწავლას უძღვნის. ის გამოცდილი წყალ-ჭაობების ბიოლოგი და ეკოლოგი განმანათლებელია. კალჰუნს, სხვა ბიოლოგებთან ერთად, პენობსკოტის ხალხის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტშიც უმუშავია მკვიდრი მოსახლეობის მიწაზე ეფემერული წყალსატევების რუკის შედგენის საკითხის წამოსაჭრელად.
ჩემს მეზობლებს და მე ამგვარი ძალისხმევა ბევრს გვასწავლის. აპრილის წვიმაში შუბლის ფარნებით ერთად მივდივართ გზატკეცილისკენ, რათა ბაყაყებსა და ამბისტომებს დავეხმაროთ, სიბნელეში გზა გაიკვალონ გუბურებისკენ, სადაც მათი სიცოცხლე დაიწყო. ეს ნამდვილი სიცოცხლის ზეიმია – მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს, ვიყოთ ცოცხლები და საცხოვრებელს ვიზიარებდეთ ჩვენგან განსხვავებულ სახეობებთან.
ფოტოგრაფი ტრისტან სპინსკი მეინში ცხოვრობს. ეს მისი პირველი თანამშრომლობაა National Geographic-თან.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში