სიცოცხლის ძაფის გაბმა
გადაშენების პირას მყოფი ჩრდილოური თეთრი მარტორქისთვის იმედი გაჩნდა: ახალი გარღვევა მედიცინაში.
მეცნიერებმა, რომლებსაც აფრიკის ჩრდილოური თეთრი მარტორქის გადარჩენა სურთ, მნიშვნელოვანი წინაღობა გადალახეს და ინ ვიტრო განაყოფიერებით პირველად დააფეხმძიმეს მარტორქა.
ლაბორატორიული ჩასახვა იანვარში გამოაცხადეს. სამხრეთული თეთრი მარტორქის ემბრიონი ჩაუნერგეს სუროგატ დედას, სახელად კურა.
ამით გამოვცადეთ და დავადასტურეთ სტრატეგია, რომელიც შეიძლება სხვა მარტორქებსაც დაეხმაროს, – ამბობს იან სტეისკალი პროექტ BioRescue-დან. ამ პროექტს და ზემოაღნიშნულ კვლევას მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი უძღვება. სტეისკალის თქმით, კურა მაკეობის მე-16 თვეში მოკვდა ბაქტერიული ინფექციით, რომელიც კავშირში არ იყო ინ ვიტრო განაყოფიერებასთან. ამის მიუხედავად, ემბრიონის წარმატებული ჩანერგვა და მაკეობის წარმატებული პირველი თვეები სამომავლოდ გზას გაგვიკვალავს, რომ ეს ტექნიკა ჩრდილოური თეთრი მარტორქის ემბრიონზეც გამოვცადოთ.
ეს პროცესი ექსკლუზიურად გააშუქა National Geographic-მა, რომელიც 2018 წლიდან ამზადებს მასალას ჩრდილოური თეთრი მარტორქების მძიმე მდგომარეობაზე. 2019 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სუდანზე, ჩრდილოური თეთრი მარტორქების უკანასკნელ მამრ წარმომადგენელზე. ეს იყო გაუჩინარების პირას მყოფი სახეობების შესახებ მომზადებული სერიის ერთ-ერთი სტატია. BioRescue აპირებს, მალევე გადაუტანოს ჩრდილოური თეთრი მარტორქის ემბრიონი სამხრეთულ თეთრ მარტორქა სუროგატს. მკვლევრების თქმით, ეს ორი ქვესახეობა საკმარისად ჰგავს ერთმანეთს იმისთვის, რომ ემბრიონმა, სავარაუდოდ, განვითარება შეძლოს.
(მარცხნივ) სიუზან ჰოლცი და თომას ჰილდებრანდტი ლაიბნიცის ზოოპარკისა და ველურ ცხოველთა კვლევის ინსტიტუტიდან. მათ ჩრდილოურ თეთრ მარტორქაზე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოცდა სურთ. ფოტო: ჯონ ხუარესი
(მარჯვნივ) რეინჯერები და BioRescue-ს გუნდი იჭერენ სამხრეთულ თეთრ მარტორქას, არიმეტს. იმედოვნებენ, რომ არიმეტი იქნება ჩრდილოური თეთრი მარტორქის ემბრიონის პირველი სუროგატი. ფოტო: ემი ვიტალე
სტეისკალის თქმით, ეს მიდგომა შეიძლება მომავალში გადაშენების პირას მყოფ სხვა მარტორქებსაც დაეხმაროს, მათ შორის აზიის ბინადარ იავურ მარტორქასა და სუმატრულ მარტორქას, რომელთაგან თითოეულს დღეს მხოლოდ 100-მდე წარმომადგენელი ჰყავს.
მაგრამ დღეს ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ჩრდილოურ თეთრ მარტორქას აქვს. არცერთი მამრი აღარ დარჩა. ცოცხალია მხოლოდ ორი ხნიერი მდედრი. ისინი შეიარაღებული დაცვის ქვეშ ცხოვრობენ კენიაში, 280 ჰა ფართობის ნაკრძალში, Ol Pejeta Conservancy-ში.
ეს სახეობა ერთ დროს მთელ ცენტრალურ აფრიკაში იყო გავრცელებული, მაგრამ უკანასკნელ ათწლეულებში მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა, რადგან მსოფლიოში არნახულად გაიზარდა მოთხოვნა მათ რქაზე, რომელსაც იყენებენ არალიცენზირებული სამედიცინო მიზნებისთვისა და ჩუქურთმებისთვის. მაღალია მოთხოვნა ყველა სახეობის მარტორქის რქაზე (რომელიც იმავე ნივთიერებისგან შედგება, რისგანაც ადამიანის ფრჩხილი), მაგრამ ჩრდილოურ თეთრ მარტორქას განსაკუთრებით მძიმე ბედი ეწია. ეს სახეობა „პრეისტორიულს ჰგავს და მილიონობით წელია დედამიწაზე სახლობს, მაგრამ ადამიანს მაინც ვერ გადაურჩა“, – ამბობს ემი ვიტალე, National Geographic-ის მკვლევარი და ფოტოგრაფი. ის 2009 წლიდან აშუქებს მეცნიერთა პროექტებს, რომლებიც მიმართულია ამ სახეობის გადარჩენაზე.
შესაძლებლის ზღვარზე დავდივართ, მაგრამ ცდად მაინც ღირს.
– დევიდ ბალფური, მარტორქების მკვლევარი
ამ ცხოველის გადასარჩენად BioRescue-მ გამოიყენა ჩრდილოურ თეთრი მარტორქების შენახული სპერმა და ორი დარჩენილი მდედრიდან უფრო ახალგაზრდის კვერცხუჯრედი. „ჯერჯერობით მათ შექმნეს და შეინახეს დაახლოებით 30 ემბრიონი“, – ამბობს თომას ჰილდებრანდტი, BioRescue-ს მთავარი მეცნიერი და ველურ ცხოველთა რეპროდუქციის ექსპერტი ლაიბნიცის ზოოპარკისა და ველურ ცხოველთა კვლევის ინსტიტუტში (ბერლინი).
ბოლოს გუნდი ჩრდილოური თეთრი მარტორქის ველურ ბუნებაში დაბრუნებას აპირებს იმ ქვეყნებში, სადაც ისინი სახლობდნენ. სტეისკალის თქმით, ეს „ათწლეულების შემდეგ“ მოხდება.
აფრიკაში დღეს მხოლოდ 23 000-მდე მარტორქაა და აქედან თითქმის 17 000 სამხრეთული თეთრი მარტორქაა. 6000 შავი მარტორქა უფრო პატარა ზომისაა და მისი სამივე ქვესახეობა გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა. აზიაში გადაშენების პირას მყოფი იავური და სუმატრული მარტორქების გარდა არის ინდური მარტორქაც, რომლის პოპულაცია იზრდება და დღეს დაახლოებით 2000 ინდივიდს აღწევს.
BioRescue-ს არაერთი წინაღობა შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ემბრიონები უკვე გაყინულია, დრო მაინც არ ითმენს. მკვლევრები აპირებენ, სამხრეთული თეთრი მარტორქები სუროგატ დედებად გამოიყენონ ჩრდილოური თეთრი მარტორქის ემბრიონებისთვის, თუმცა მათ ასევე უნდათ, რომ ნაშიერებმა თავისიანები გაიცნონ და მათგან ისწავლონ. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა მარტორქები უნდა დაიბადონ იქამდე, სანამ მოკვდება დარჩენილი ორი მდედრი მარტორქა.
„ამ ცხოველს ქცევა გენეტიკურად არ გადაეცემა, ის ქცევას ნელ-ნელა სწავლობს“, – ამბობს დევიდ ბალფური, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის აფრიკული მარტორქების სპეციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარე (ის არ მონაწილეობს BioRescue-ში). მაგრამ ნაშიერების დროულად გაჩენა რთული იქნება. „შესაძლებლის ზღვარზე დავდივართ, მაგრამ ცდად მაინც ღირს“, – ამბობს ბალფური.
ნაჯინი, უფროსი მდედრი, წელს 35 წლის გახდება, ფატუ კი – 24-ის. ჩეხეთის ზოოპარკში დაბადებული ამ ინდივიდების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წელია, ამბობს სტეისკალი. მარტორქები ჩეხეთის ზოოპარკიდან კენიაში 2009 წელს გადაიყვანეს.
სტეისკალის თქმით, BioRescue აპირებს, ჩრდილოური თეთრი მარტორქის ერთ-ერთი ემბრიონი სამხრეთული თეთრი მარტორქის საშვილოსნოში მომდევნო ექვს თვეში გადანერგოს. ჯგუფმა სუროგატი დედა უკვე ამოარჩია და ყველაფერი გაამზადა იმისთვის, რომ დედა დაცული იყოს ბაქტერიული ინფექციებისგან. ეს გულისხმობს ახალ, შემოსაზღვრულ საცხოვრებელს და თანამშრომლების ფეხსაცმლის დეზინფექციასაც კი. ახლა მათ უნდა დაიცადონ მარტორქის მძუვნობის პერიოდამდე.

ფოტო: ჯოელ სარტორე, „ფოტოკიდობანი“
მათ ასევე აარჩიეს კასტრირებული მამრი მარტორქა, რომელიც, ჰილდებრანდტის თქმით, მდედრის „მასტიმულირებელ“ როლს შეასრულებს. მეცნიერებს რამდენიმე თვის განმავლობაში მოცდა მოუწევთ, რათა დარწმუნდნენ, რომ ახლახან კასტრირებულ მამრს ორგანიზმში არ დარჩა სპერმა.
სქესობრივი აქტი მდედრის სხეულში არსებითი მოვლენების წყებასაც ააქტიურებს, რაც ზრდის შანსს, რომ ერთი კვირის შემდეგ ქირურგიულად იმპლანტირებული ემბრიონი წარმატებით განვითარდება. დიდი ალბათობით, თანამშრომლები აქტს დაესწრებიან. ჰილდებრანდტის თქმით, თეთრი მარტორქები, როგორც წესი, 90 წუთის განმავლობაში ამყარებენ სქესობრივ კავშირს.
რადგან ჩრდილოური თეთრი მარტორქების რიცხვი უკიდურესად შემცირებულია, უცნობია, რამდენად მაღალია მათი გენეტიკური სიცოცხლისუნარიანობა. მაგრამ BioRescue-ს გუნდს დამაიმედებელ მაგალითად მოჰყავს სამხრეთული თეთრი მარტორქები. ნადირობის შედეგად მათი რიცხვი 1800-იან წლებში, სავარაუდოდ, 100-ზე და შეიძლება 20-ზე ნაკლებიც იყო, მაგრამ მთავრობისა და გარემოს დაცვითი სტრატეგიების წყალობით პოპულაცია ისევ გაიზარდა.
ემბრიონების პატარა კოლექციის გარდა, BioRescue-ს გუნდი ჩრდილოური თეთრი მარტორქის გენოფონდის გაძლიერებას უჩვეულო გზითაც გეგმავს – შემონახული ქსოვილის ნიმუშებიდან ამოღებული კანის უჯრედების მეშვეობით. მათ სურთ, ღეროვანი უჯრედის ტექნოლოგიით ეს უჯრედები სასქესო უჯრედებად გადააქციონ. მსგავსი რამ ლაბორატორიაში თაგვებზე უკვე გაკეთებულა.
ლაბორატორიაში შექმნილ სასქესო უჯრედებს შემდეგ ბუნებრივ სპერმასა და კვერცხუჯრედს შეურევენ და შექმნიან ემბრიონებს. ამ ემბრიონებს კი ბოლოს სამხრეთული თეთრი მარტორქის სუროგატ დედებში ჩანერგავენ.
ჰილდებრანდტის თქმით, ღეროვანი უჯრედის გადაპროგრამებით საცდელ თაგვებში უკვე გაჩნდა ჯანმრთელი შთამომავლობა. ამის მიუხედავად, მარტორქები ისე კარგად არ არიან შესწავლილნი, როგორც თაგვები, რაც ამ სამუშაოს ართულებს.
ჩრდილოური თეთრი მარტორქის გადარჩენის მისია მილიონობით დოლარი ღირს. ამ საქმეს არაერთი კერძო და სახელმწიფო დონორი აფინანსებს, როგორიცაა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო. სხვა პარტნიორებს შორის არიან ლაიბნიცის ზოოპარკისა და ველურ ცხოველთა კვლევის ინსტიტუტი, ჩეხეთის საფარის პარკი, კენიის ველურ ცხოველთა სამსახური, Ol Pejeta Conservancy და კაცუჰიკო ჰაიაში, იაპონიაში ოსაკას უნივერსიტეტის გენომური ბიოლოგიის პროფესორი, რომელმაც თაგვებზე ღეროვანი უჯრედის კვლევები ჩაატარა. სტეისკალის თქმით, ჰაიაშის ტექნოლოგიის წყალობით, ჩრდილოური თეთრი მარტორქების გენოფონდი 12 ინდივიდამდე შეიძლება გაიზარდოს – რვა მდედრის კვერცხუჯრედითა და ოთხი მამრის სპერმით. „ამ სახეობის გადარჩენასთან ძალიან ახლოს ვართ, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, ვცადოთ“, – ამბობს სტეისკალი.
Wildlife Watch-ის საგამოძიებო ჟურნალისტურ პროექტს მხარს უჭერს National Geographic Society.