
სიხარბე VS საზოგადო კეთილდღეობა
უწილადებდით, თუ ეგოისტურად მოიქცეოდით, საერთო კეთილდღეობა ამაზე რომ იყოს დამოკიდებული? ამ გამოცდაზე არაერთი ჩაიჭრა
მე ფსიქოლოგიას ვასწავლი ბაკალავრებს. ლექციებს განსხვავებული ინტერესების სტუდენტები ესწრებიან მერილენდის უნივერსიტეტში, თუმცა ყველა მათგანი ცქვეტს ხოლმე ყურებს, როდესაც ამ კითხვას ვუსვამ: რა გირჩევნიათ, ორი თუ ექვსი დამატებითი ქულა თქვენს საკურსო ნაშრომზე? ამასთან, ვუხსნი ხოლმე სტუდენტებს, რომ ამ დამატებითი ქულების შეთავაზება ერთი სავარჯიშოს ნაწილია, რომლის არსიც იმ არჩევანთა ურთიერთკავშირის წარმოჩენაში მდგომარეობს, რომელთაც ინდივიდები საზოგადოებაში აკეთებენ. ვუყვები, რომ ამ სავარჯიშოს ავტორი ეკოლოგი გარეტ ჰარდინია. 50 წლის წინ მან თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაზე მას „თემის ტრაგედია“ უწოდა. ჰარდინის თქმით, როდესაც ბევრი ინდივიდი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არ ითვალისწინებს საზოგადოებას, კატასტროფულ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. საერთო რესურსების გადამეტებულ მოხმარებაზე რომ გავეფრთხილებინეთ, XIX საუკუნეში მიღებული პრაქტიკა მოიყვანა მაგალითად: სოფლის თემის მიერ საერთო საძოვრების გამოყენება.
ვიმედოვნებ, რომ ჩემი სტუდენტები ჩაწვდებიან კავშირს ამ საკლასო სავარჯიშოს, ჰარდინის იდეებსა და მთელი პლანეტის ყველაზე მწვავე პრობლემებს შორის. მე არჩევანის უფლებას ვაძლევ, 2 თუ 6 დამატებითი ქულა – მაგრამ თუ ჯგუფის წევრთა 10%-ზე მეტი აირჩევს 6 ქულას, მაშინ ვერავინ ვერაფერს მიიღებს. ეს დამატებითი ქულები წყლის, საწვავის, საძოვრისა (ჰარდინის ანალიზით) თუ ნებისმიერი სხვა ბუნებრივი რესურსის ანალოგიურია.
თავისუფალი ბაზრის ზოგიერთი ეკონომიკური თეორიით, თუ ყველა მაქსიმალურად დიდი პირადი სარგებლისკენ მიისწრაფვის, მაშინ მთელი საზოგადოებაც იგებს. ამ ლოგიკით, სტუდენტი თავის რაციონალურ არჩევანს შეაჩერებს 6 ქულაზე, ისევე როგორც მეცხვარე აითვისებდა შეძლებისდაგვარად მოზრდილ საძოვარს, მაგრამ როდესაც ყველა ამ გზას ირჩევს, ზეწოლა სულ უფრო იზრდება ამ საერთო რესურსზე და საზოგადოებაც ჭარბ ექსპლუატაციამდე, წყლის დეფიციტსა თუ კლიმატის ცვლილებამდე მიდის.
თემის ტრაგედიის აღსაწერად ფოტოილუსტრატორმა ჰიუ კრეჩმერმა გვიჩვენა მამაკაცი, რომელიც წყლის სმით ტკბება და მთელ არსებულ წყალს იმარაგებს, ირგვლივ კი ყველაფერი გამომშრალია.
მოგვარების გზა თითქოს მარტივია: ყველამ რომ სულ მცირედით შეზღუდოს პირადი მოხმარება, მდგრად გარემოსაც მივიღებთ. ამ სავარჯიშოს 8 წლის განმავლობაში ვაკეთებინებდი, შევდიოდი ათობით ჯგუფთან და მხოლოდ ერთი არ ასცდა 10 პროცენტს. ყველა სხვა ჯგუფი ჩავარდა.
2015 წელს ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა ეს სავარჯიშო ტვიტერზე გამოაქვეყნა კომენტარით: „რა ჰქვია პროფესორის ასეთ საქციელს?!“ – და მისი უკმაყოფილება ეპიდემიასავით გავრცელდა. მთელი მსოფლიო ჩაერთო აზრთა გაცვლა-გამოცვლაში: ამდენი ადამიანი რომ 6 ქულას ირჩევს, ხომ არ მიანიშნებს ეს ადამიანური ბუნების სიხარბესა და ეგოიზმზე?
სინამდვილეში ადამიანთა უმრავლესობა ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაგრამ ურთიერთშეთანხმების მიღწევა, განსაკუთრებით ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი წევრებით დაკომპლექტებულ დიდ ჯგუფში, უკიდურესად რთულია.
ჰარდინი ფიქრობდა, რომ განათლებას აზროვნების შეცვლა შეეძლო – თუ ჩვენ ადამიანებს დავანახებდით, რა შედეგები მოჰყვება ზედმეტის აღებას, შეიძლება არჩევანიც შეეცვალათ. ამ იდეას მე სკეპტიკურად ვუყურებდი. სავარჯიშო უკვე ფართოდ მოსდებოდა მსოფლიოს, მაგრამ ჩემი სტუდენტები მაინც ვერ უძლებდნენ ცდუნებას – მიეღოთ მეტი დამატებითი ქულა.
მაინც ოპტიმისტად ვრჩები. ბოლოს და ბოლოს, ჩემი სტუდენტების უმრავლესობა (80%-მდე) სწორედ 2 ქულას ირჩევს – რეალურ სამყაროშიც ხომ უმეტესწილად თანამშრომლობას ვამჯობინებთ. ჩვენგან უმრავლესობა სწორი ქმედებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ გადაჭრის პრობლემებს; ასე რომ, მოსაგვარებელი გზების საპოვნელად შემოქმედებითი აზროვნება და ქცევითი მეცნიერების გამოყენება გვჭირდება.
2016 წელს იმედით, რომ ასე მაინც მივაღწევდი ჯგუფის წევრებს შორის მეტ ურთიერთგაგებას, დავესესხე სამეცნიერო ლიტერატურას სოციალური ჯგუფების შესახებ და მესამე ვარიანტიც შემოვიტანე: სტუდენტს შეეძლო აერჩია ორი, ექვსი, ან ნული ქულა. ყოველ ერთ სტუდენტზე, რომელიც აირჩევდა ნულს, ერთ-ერთ ექვსქულიანს (შემთხვევითობის პრინციპით) ეკარგებოდა ყველაფერი და მათი საერთო რიცხვი ერთით მცირდებოდა.
ნულის არჩევა თავგანწირვაა; ამგვარად, სტუდენტები უარს ამბობენ თავიანთ ქულებზე იმ მიზნით, რომ შეზღუდონ „ხარბები“ და ამით მთლიან ჯგუფს მოუტანონ სარგებელი. ქცევის შემსწავლელ ექსპერიმენტებში ამ ტიპის ქმედებას ალტრუისტული დასჯა ეწოდება – ტერმინი, რომელიც უკავშირდება ეკონომისტებს – ერნსტ ფერსა და სიმონ გეხტერს.
ყოველ სემესტრში, ჩვეულებრივ, მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი ირჩევს ნულოვან ქულას და ხანდახან ეს ყველაფერს წყვეტს. სულ რამდენიმე ადამიანს ძალუძს ყველაფერი ამოატრიალოს. დღეს ჩემი ჯგუფების, დაახლოებით, ნახევარს ემატება დამატებითი ქულა. ვფიქრობ, ეს საგრძნობი უკუტენდენციაა და ზოგიერთი კურსი ისე მივიდა ამ ნიშნულამდე, რომ ჯგუფს არც ერთი წევრის თავგანწირვა არ დასჭირვებია; მხოლოდ ცოდნა, რომ ამგვარი ვარიანტიც არსებობს, უკვე საკმარისი იყო თანამშრომლობის გასაზრდელად.
ამგვარ მიდგომას მართლაც შეუძლია გაამართლოს ერთ აუდიტორიაში, მაგრამ უფრო მასშტაბური ქმედება ხომ არ არის საჭირო, რომ გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილების მსგავს გლობალურ პრობლემას? დიახ, მაგრამ პრინციპი იგივე რჩება – არსი კოლექტიური მოქმედება და ჭარბი მოხმარების შემცირებაა.
გვერდით ჩემი სამი თვის ქალიშვილი ამელია მიზის. ჩვენს პლანეტას მართლაც ავისმომასწავებელი პრობლემები უმზერს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ პატარას ნათელი მომავალი უნდა შევუქმნა; ასე რომ, ვიჯერებ – მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ქმედებამაც შეიძლება მდგომარეობა მკვეთრად შეცვალოს.
ის, რაც გარეტ ჰარდინმა 50 წლის წინ ჩამოაყალიბა, დღესაც აქტუალურია: ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანსა და ერთად აღებულ მთელ საზოგადოებაზე – დავიცვათ და შევინახოთ საერთო რესურსი. ეს რომ საკუთარ თავს შევახსენო, ვიმეორებ ბრძნულსა და იმედისმომცემ სიტყვებს, რომლებიც ჯგუფ „ბიტლზის“ სიმღერის ტექსტიდანაა: „მთელი მსოფლიო დაბადების დღის ტორტია / მიდი, აიღე ნაჭერი / მაგრამ, ბევრი არ მოგივიდეს“.
ტესტირების მონაწილეები
დილან სელტერმანი სტუდენტებს „თემის ტრაგედიას“ უხსნის დამატებითი ქულის მოსაპოვებელი სავარჯიშოს საშუალებით: არჩეული ქულა საკურსო ნაშრომის შეფასებას დაემატება. თუ ჯგუფის 10%-ზე მეტი 6 ქულას აირჩევს, ვერავინ ვერაფერს მიიღებს. თუ ნულს აირჩევთ, ამით ერთ სხვის ექვსქულიანსაც გაანულებთ.როგორია შედეგები? განაგრძეთ კითხვა.
ნული ქულა
სოციოლოგიის სტუდენტი
დევინ პორტერი, 21 წლის
„ჩემთვის ნიშანი არ იყო არსებითი. დამატებითი ქულები რომ ვერ ავიღეთ, გული დამწყდა, თუმცა შედეგმა არც ისე გამაკვირვა. ვინც 2 ქულა ამჯობინა, გასაგები არჩევანი გააკეთა, ხოლო, ვინც – 6, ეგონა, გაუვიდოდა“.
ორი ქულა
მედიცინის სტუდენტი
რობინ ბაჩკოსკი, 19 წლის
„ვიფიქრე, რომ საკმაოდ სასარგებლო არჩევანი გავაკეთე ჯგუფისა და საკუთარი თავისთვის. თუმცა, ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი – მხოლოდ იმიტომ ვერ ავიღე ქულები, რომ ზოგიერთი სხვა სტუდენტი ეგოისტურად მოიქცა და ორი ქულით არ დაკმაყოფილდა“.
ექვსი ქულა
საინფორმაციო სისტემებისა და ფსიქოლოგიის სტუდენტი
განლინ დეოლი, 18 წლის
„ვიფიქრე, რომ უმრავლესობა ორ ქულას აირჩევდა და, ამ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან ექვსი ქულის არჩევა რაციონალურ გადაწყვეტილებად მეჩვენა. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იმოქმედა ასეთმა ნაბიჯმა ჯგუფზე, ვისურვებდი, მის ნაცვლად ორი ამერჩია“.
დილან სელტერმანი მერილენდის უნივერსიტეტის (კოლეჯპარკი) ლექტორი და ფსიქოლოგიის ჟურნალ In-Mind-ის ყოფილი მთავარი რედაქტორია. ის ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) ცხოვრობს.