
სიკვდილის დახვეწილი მომავალი
ჩვენ პატივს მივაგებთ მიცვალებულებს ჩვენი დროის შესაბამისი საშუალებების გამოყენებით. მაღალტექნოლოგიური XXI საუკუნე ამ მხრივ საკმაოდ უცნაურია.
მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანებმა საგულდაგულოდ შეიმუშავეს მიცვალებულების ხსოვნის უკვდავყოფის მრავალი რთული გზა: ეგვიპტის პირამიდები, ევროპის გოთიკური სტილის მავზოლეუმები, თაჯ-მაჰალი ინდოეთში. იმას, რასაც ზოგიერთი მგლოვიარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, სხვა შემზარავს უწოდებს. XIX საუკუნის ამერიკასა და ევროპაში `სიკვდილის ფოტოგრაფია“ ქმნიდა ფოტოებს, რომლებზედაც გარდაცვლილი ადამიანები ცოცხლებისთვის დამახასიათებელ პოზებში იყვნენ გამოსახულები. ზეციური დაკრძალვის სახელით ცნობილი ტიბეტელი ბუდისტების წეს-ჩვეულების მიხედვით, ადამიანის ნეშტით სვავებს კვებავენ.
მიცვალებულებისთვის პატივის მიგების შესახებ წარმოდგენებს მრავალი ფაქტორი აყალიბებს – კულტურა, ტრადიციები, გეოგრაფია, რელიგია. ყველა ეპოქაში გარდაცვლილების მოსახსენიებელი წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებას იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიური საშუალებები განსაზღვრავდა.
რა ხანია, სიკვდილსა და ტექნოლოგიებს მყარი კავშირი აქვთ. რადგან მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე წერა ჩემი შემოსავლის წყაროა, ამ კავშირზე, ინოვაციებზე დაკვირვებისას ბევრი დრო გამიტარებია: ციფრული მემორიალები სოციალურ ქსელებში, ეკომეგობრული მწვანე დაკრძალვა, ინტერაქტიული საფლავის ქვებიც კი.
თანამედროვე განსვენებულთათვის ამ ტექნოლოგიურად საზრიან არჩევანთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებული უცნაურობით გამოირჩევა. ინდუსტრიული ინჟინერიის გამაოგნებელი წინსვლის შედეგად უკვე გვაქვს შესაძლებლობა, სინთეზურად გავიმეოროთ კოლოსალური გეოლოგიური პროცესები პლანეტაზე ჩვენი საბოლოო ბედ-იღბლის ფორმირებისთვის. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნეშტის გადაქცევა ალმასებად, ნამდვილ ალმასებად!
მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე კომპანია სთავაზობს მომსახურებას ოჯახებს, რომელთაც სურვილი და მატერიალური შესაძლებლობა აქვთ, სამუდამოდ უკვდავყონ მათი ახლობლების ხსოვნა. შვეიცარიული კომპანია Algordanza ერთ-ერთი მათგანია.
მაღალტექნოლოგიური მძიმე მრეწველობის დანადგარების მეშვეობით ინჟინრებს შეუძლიათ გარდაქმნან ადამიანის ფერფლში არსებული ნახშირბადი ალმასებად, რომლებიც ფიზიკურად და ქიმიურად ბუნებრივი ალმასის იდენტურია. გეოლოგიური პროცესი, რომელიც სხვა შემთხვევაში ასობით მილიონი წელი გასტანდა, ახლა შესაძლებელია რამდენიმე კვირაში განხორციელდეს.
ეს შემდეგნაირად მუშაობს: კრემაციის შემდეგ მიცვალებულის ოჯახი აგზავნის 500 გრამ ფერფლს Algordanza-ს ლაბორატორიაში, შვეიცარიაში. მეცნიერები ამუშავებენ ფერფლს სუფთა ნახშირბადის გამოსაყოფად და სხვა მინარევებისგან განსაცალკევებლად. ამის შემდეგ Algordanza ალმასების შესაქმნელად იმავე ხელსაწყოებს იყენებს, რასაც დედა ბუნება: სითბოს და წნევას.
მომდევნო ეტაპზე ნახშირბადის ფერფლი გრაფიტად გარდაიქმნება, ნახშირბადის სტაბილურ ალოტროპად, რომელშიც ატომები მჭიდრო, ბრტყელ შრეებადაა განლაგებული. შემდეგ მიმდინარეობს ნახშირბადის ხანგრძლივი თერმოდამუშავება Algordanza-ს მაღალი წნევის, მაღალტემპერატურულ (მწმტ) დანადგარში, რომელშიც ტემპერატურა 13000C-ს აღწევს.
შემდეგ წნევის ჯერი დგება. მწმტ მოწყობილობის კუბური ჰიდრავლიკური წნეხის სისტემა 60 000 ბარის ძალით აწვება გრაფიტს, მის მოლეკულურ სტრუქტურას ცვლის და ნახშირბადს სუფთა ალმასად გარდაქმნის. უკეთ რომ განვმარტოთ, ეს ალმასები არა მარტო ბუნებრივი ალმასების მსგავსი, არამედ ატომურ დონეზეც მათი იდენტურია. შედეგად მიღებული ძვირფასი ქვა შეიძლება დაუმუშავებელ მდგომარეობაში დარჩეს ან, სურვილისამებრ, დაწახნაგდეს და ბრილიანტად იქცეს `ალგორდანცას“ სპეციალისტების ჩარევით.
მთლიანი ოპერაცია თავდაპირველად ფერფლის გაგზავნიდან ალმასის საბოლოო მიღებამდე, როგორც წესი, ხუთიდან რვა თვემდე გრძელდება. კომპანია წელიწადში, დაახლოებით, 1000 მემორიალურ ალმასს ამზადებს და 34 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა.
Algordanza-ს მომსახურების ფასი 3000 დოლარიდან იწყება, – ამბობს კრისტინა მარტოია, კომპანიის ამერიკელი წარმომადგენელი.
თუმცა, სიკვდილის შემდგომი გეგმებისა და შეზღუდული ბიუჯეტის მქონე ადამიანებისთვის ფასი შეიძლება მეტისმეტი აღმოჩნდეს. სიკვდილი ხომ ისედაც გარდაუვალი და უსიამოვნოა. განა აუცილებელია, რომ ძვირადღირებულიც იყოს?
საბედნიეროდ, ამ მცირე და უცნაურ ბაზარზე სხვა კომპანიამაც შემოაბიჯა. ბარსელონაში განლაგებული სათავო ოფისით, ესპანური სტარტაპი Bios Urn გაცილებით ხელმისაწვდომ მაღალტექნოლოგიურ მემორიალურ არჩევანს გვთავაზობს.
სმარტფონის აპლიკაციის და ინტერაქტიული დასაკრძალი ურნის მეშვეობით, Bios-ის სისტემა საშუალებას აძლევს მგლოვიარე ოჯახებს, საკუთარ სახლებში გარდაცვლილი ახლობელი ოთახის ხედ აქციონ. კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლის კაფსულას მოზრდილ ქოთანში ათავსებენ, რომელშიც შემდეგ ნერგი ირგვება. ნერგი იზრდება და ფესვს ფერფლში იდგამს, Bios Incube კი ავტომატურად ამარაგებს მას წყლით და ზრუნავს მემორიალურ მცენარეზე. სმარტფონში გაგზავნილი ინფორმაცია კი აიოლებს ოჯახისთვის ნერგზე სათანადო ზრუნვას, სანამ ის გაიზრდება.
კომპანია გვთავაზობს ორნაირ ვერსიას: პირველი მოიცავს საბაზისო ბიოდეგრადირებად ურნას და სარგავს 145 დოლარად. უფრო ძვირადღირებული ვერსია კი სენსორებისა და აპლიკაციის დამატებით, დაახლოებით, 700 დოლარი ჯდება.
კენდი კენი თანამედროვე გლოვის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია მსოფლიოში. იგი შედარებით რელიგიას ასწავლის ბეილორის უნივერსიტეტში, ტეხასში და ავტორია წიგნისა სახელად „ვირტუალური საიქიოები: მიცვალებულების გლოვა XXI საუკუნეში“. იგი თვლის, რომ მემორიალური ალმასები და ჭკვიანი ურნები ბევრად ძველი კულტურული ტრადიციების განახლებული განმეორებაა. ორივე ასოცირდება კავშირის გაგრძელების ფსიქოლოგიურ კონცეფციასთან.
იდეა გულისხმობს, რომ ცოცხლებისთვის გარდაცვლილის რამე ფორმით საკუთარ ცხოვრებაში შენარჩუნება უფრო ჯანსაღია, ვიდრე მათთან სრული განშორება, მაგალითად, მამის მიწაში ჩასვენება. „ეს საშუალებას აძლევს ცოცხლებს, იგლოვონ ისე, რომ არ იყვნენ იძულებულნი – „ცხოვრება განაგრძონ“ და დაივიწყონ გარდაცვლილები“, – ამბობს კენი.
თუ მზად ხართ ამ უცნაურ თემას ჩაუღრმავდეთ, კენი გთავაზობთ, გაეცნოთ ვიქტორიანული სამგლოვიარო სამკაულების უჩვეულო სილამაზეს. „მგლოვიარე გარდაცვლილის თმის კულულისგან სატარებლად კომფორტულ და ფუნქციურ სამკაულს ქმნიდა“, – ამბობს იგი.
კენი აღნიშნავს, რომ ასეთ სამკაულს იგივე ფუნქცია აქვს, რაც დღევანდელ ალმასს ან ინტერაქტიულ ურნას. ადამიანები თავიანთი ეპოქისთვის დამახასიათებელ ტექნოლოგიებს მიმართავენ, რათა სიკვდილს გაუმკლავდნენ. რადგან ცოტა დრო ჯერ კიდევ დამრჩა (იმედი მაქვს), ვაპირებ ჩემი გადაწყვეტილება გადავდო მანამდე, სანამ XXI საუკუნის ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას არ გამოვიკვლევ. ამ ეტაპზე ჩემი არჩევანი ხისკენ იხრება. ეს გზა უფრო პოზიტიურია, თანაც ყოველთვის მხიბლავდა ფლორის მჯდომარე ცხოვრების სტილი.
მიწა ხარ და მიწად იქცევი: სხვა ვარიანტები
მემორიალური ალმასი მხოლოდ და მხოლოდ ერთ- ერთი გზაა კრემირებული ნეშტის გადასამუშავებლად.
Long live rock!: ბრიტანული კომპანია თქვენი გარდაცვლილი ახლობლის ფერფლს გადაამუშავებს და მას სპეციალურად შექმნილ ვინილის ფირფიტაზე გადაიტანს. კომპანიის სახელია: And Vinyly.
Under the sea: ოკეანის მოყვარულებმა თავიანთი სიკვდილის შემდგომი გეგმები შეიძლება ფლორიდაში არსებულ კომპანიას დაუკავშირონ, რომელიც კრემირებულ ნაშთებს ხელოვნურ რიფებსა და საზღვაო ჰაბიტატებს შეუერთებს.
Space oddity: ჰიუსტონში დაფუძნებული ფირმა თანამშრომლობს კომერციულ კოსმოსური ფრენების ცენტრთან ფერფლის ორბიტაზე, მთვარეზე ან, თუნდაც, შორეულ კოსმოსში გასაგზავნად. თუმცა გაითვალისწინეთ: ფასიც ასტრონომიულია.
გლენ მაკდონალდი წერს მეცნიერებაზე, ტექნოლოგიასა და კულტურაზე ჩაპელ-ჰილში (ჩრდ. კაროლინა) მდებარე თავისი სახლიდან.