
სილაღის დაბრუნება
ფოტოაპარატის ობიექტივში დანახულმა უამრავმა მწუხარებამ და მამის უეცარმა სიკვდილმა მის ცხოვრებაში დიდი სევდა გააჩინა, თუმცა დროთა განმავლობაში სინათლე და ფერები კვლავ დაუბრუნდა.
ჩემი კარიერის პირველ ათწლეულში მწუხარება სულ თან მდევდა. ვაშუქებდი ისეთ ტრაგიკულ თემებს, როგორებიცაა სექსუალური ძალადობა, მიგრაცია, რელიგიური კონფლიქტი, ომი. 2019 წელს ჩემი წიგნაკის ყდაზე ციტატა მივაწერე ბჰაგავადგიტიდან: „სული არ კვდება არასოდეს, არც იბადება“. მინდოდა ამით საკუთარი თავისთვის შემეხსენებინა, რომ მეტი სილაღით მეცხოვრა.
იშვიათ შემთხვევაში უფრო მსუბუქ თემებზეც მიმუშავია, მაგალითად ფოტოგადაღება ჩაის შესახებ, ავიაკომპანიის ჟურნალისთვის. ამისათვის ჩრდილოეთ ინდოეთში, დარჯილინგში გავემგზავრე, იქ, სადაც მოჰყავთ ეგრეთ წოდებული „ჩაის შამპანური“. მეგონა, კინოკადრებისმაგვარ, უდარდელ ფოტოებს გადავიღებდი, მაგრამ – ამაოდ.
სასტუმროში მანქანით მიმავალმა ორთქლის ამომავალი ღრუბელი შევამჩნიე. ადგილზე მისულმა გავაცნობიერე, რომ ეს დარჯილინგი-ჰიმალაის რკინიგზა იყო. მოულოდნელად სიცარიელიდან ფიგურა გამოვარდა. სასწრაფოდ კამერა მოვიმარჯვე და სამი კადრი გადავიღე. პირველი – ფოკუსის გარეშე, მეორე – კომპოზიციურად გაუმართავი, ხოლო მესამეზე გამიმართლა. ამ კადრს აქ ხედავთ.
ჟურნალის რედაქციას ეს კადრი დასაბეჭდად არ აურჩევია, თუმცა ჩემთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მანამდე გამუდმებით ვეძებდი რამე ბედნიერ შემთხვევას ჩემს ცხოვრებაში და ეს ფოტო სწორედ ამის სიმბოლოა.
27 წლისამ, მამაჩემის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, ინდოეთში ვიმოგზაურე. გამოსაგლოვად, ისეთი ადგილისკენ მივილტვოდი, სადაც სიკვდილის გარდაუვალობა ნაკლებად იყო ხაზგასმული. რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი ინდოეთი ტელეფონის გარეშე და შეზღუდული ინტერნეტით მოვიარე.
ტაძრების კიბეზე ვქვითინებდი, ვესწრებოდი იოგის ვარჯიშებს, შამანთან ერთად სულიერი განკურნების ცერემონიაც ჩავიტარე, მეწვია სიყვარული, მას მოჰყვა დიდი გულისტკივილი, ავედი მთებზე, ვიცურავე ზღვაში და, ბოლოს, სრულიად გავთავისუფლდი. ინდოეთი ჩემი სახლი გახდა და მე ვაგრძელებდი ისეთი ფოტოების გადაღებას, რომლებშიც ჩემი დარდი ირეკლებოდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც ხალხმრავალ ქალაქებში გზის გაკვლევა ვისწავლე, ცხოვრება უფრო ფერადი, ნათელი და ჯადოსნური გამოჩნდა. მე შემეძლო მევლო უმისამართოდ და მიზნის გარეშე, ყოველი წამი ცეკვას ჰგავდა.
მუმბაიში 12 წლის წინ ჩავედი და ახლახან სამუდამოდ დავტოვე იქაურობა. ვწუხვარ, რომ ვეღარ მოვინახულებ ჩაის ჯიხურსა თუ სამხრეთინდურ რესტორანს და, თუნდაც, ყოველ დილით ვერ გავიგონებ მეზობლის ბრინჯის მოსამზადებელი ქვაბის ხმაურს.
თუმცა ინდოეთმა და მოგზაურობამ მასწავლა, რომ ყველაფერი, რაც მომავალში მოხდება, თავისივე სასწაულს მოიტანს, ახალ ფერებსა და მეტ სინათლეს.
National Geographic-ის მკვლევარმა და ფოტოგრაფმა სარა ჰილტონმა 2018 წელს მოიპოვა ეროვნული ჟურნალისტიკის ჯილდო ნაშრომისთვის თავის მშობლიურ კანადაში გაუჩინარებული და მოკლული ინდიელი ქალების შესახებ.