პირველად აღმოსავლეთ აფრიკაში ზოლებიანი აფთრების შესწავლის პროექტის ფარგლებში მოვხვდი. მაშინ სამეცნიეროკვლევით ორგანიზაცია “ნაკრესში” ვმუშაობდი და ზოლებიანი აფთრების ქცევისა და ეკოლოგიის შესწავლის სურვილით ვიწვოდი. ზოლებიანი აფთარი საქართველოში პრაქტიკულად გადაშენებულია. ჰოდა, სწორედ ამ სახეობის საქართველოში აღდგენისთვის მინდოდა ჩამეყარა საფუძველი. თუმცა, როგორ უნდა აღადგინო სახეობა, თუ მას არ იცნობ?
კენია და ტანზანია ის ქვეყნებია, სადაც ზოლებიანი აფთრის პოპულაცია იშვიათი არაა. ამიტომ გავეშურეთ იქ მე და ჩემი ორი კოლეგა. ცხადია, მანამდე ინფორმაცია მოვიძიეთ და მასპინძელი გამოვძებნეთ – ლორენს ფრანკი, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი, გამოჩენილი მეცნიერი, რომელსაც კენიაში აფრიკის დიდი მტაცებლების კვლევის პროექტი ჰქონდა. სიამოვნებით მიგვიღეს და თავინთ კვლევებში ჩაგვაბეს. მისი შესწავლის ძირითადი ობიექტი მაინც ლომი იყო. ლეოპარდი, ზოლებიანი აფთარი, ხალებიანი აფთარი და აფთრისებრი ძაღლი ლორენსის პროექტის “მეორე რიგის” სამიზნეები იყვნენ. რა თქმა უნდა, ამ პარალელურ სიამოვნებაზე (ლომების კვლევაში ჩართვაზე) უარს როგორ ვიტყოდით და მთელ გუნდს ვეხმარებოდით, როგორც შეგვეძლო: გავდიოდით ღამის დაკვირვებებზე, ვაგებდით უსაფრთხო ხაფანგებს მათ გასაბმელად, დასაძინებლად და რადიოსაყელურის შესაბმელად, ვიღებდით სიგნალს ლომებს შებმული რადიოსაყელურიდან, ვაგროვებდით მასალას გენეტიკური ანალიზისთვის და, რა თქმა უნდა, დაუღალავად ვაკვირდებოდით მათ ყოველდღიურობას – გადაადგილებას, სიყვარულს, ნადირობას, განცხრომას, ჩხუბებს…
„ლომები ძირითადად იმიტომ იხოცებიან, რომ ერთმანეთს კლავენ”, – მითხრა პაკერმა.
საოცარია, მაგრამ “კლიშე”, რომ ლომებზე ყველამ ყველაფერი ვიცით, უცებ დამენგრა. სწორედ ჩემი ეს განცდა გამახსენდა, როდესაც მიმდინარე ნომერში გამოსაქვეყნებელი დევიდ კვამენის საინტერესო სტატია წავიკითხე. მაიკლ ნიკოლსის ტრადიციულად საუცხოო ფოტოებზე აღარაფერს ვიტყვი.
თითქოს რაღაა ლომებზე სათქმელი, არა? მაგრამ ჩემი ორი საყვარელი ფრაზა მახსენდება:
– არასოდეს თქვა არასოდეს!
– სამყარო არა მარტო უფრო საოცარია, ვიდრე წარმოგვიდგენია, არამედ უფრო საოცარია, ვიდრე ჩვენ ამის წარმოდგენა შეგვიძლია!