სიმართლე მშრალ იანვარზე
არ მიიღოთ ალკოჰოლი ერთი თვის განმავლობაში და თქვენ უფრო მეტად გამოფხიზლდებით, ვიდრე გგონიათ.
ყოველ წელს მილიონობით ადამიანი დებს პირობას, რომ ერთი თვე აღარ დალევს ალკოჰოლს, რასაც „მშრალ იანვარს“ უწოდებენ ხოლმე. ეს ტრადიცია დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა დიდ ბრიტანეთში და 2024 წლისთვის უკვე ამერიკელთა 20%-ზე მეტია მისი მიმდევარი. სხვები ალკოჰოლისგან მოგვიანებით ისვენებენ და ამ მიმდინარეობას „ფხიზელ ოქტომბერს“ უწოდებენ.
ამგვარი ერთთვიანი გამოწვევები შესაძლოა მიმზიდველი იყოს, რადგან ისინი განსხვავებულ გამოსავალს გვთავაზობს: ნაცვლად იმისა, რომ სრულიად შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებენ, თუ როგორ შეიგრძნობა სიფხიზლე. შემდეგ უკვე აფასებენ, აქვს თუ არა აზრი ალკოჰოლზე უარის თქმას ან ოდენობის შემცირებას.
რაც ფაქტია, კვლევები ცხადად უჩვენებს ალკოჰოლის მიღების შემცირებით გამოწვეულ უამრავ სარგებელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, „ალკოჰოლის არანაირი ოდენობა არ არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო“. მაგრამ, ერთთვიანი შესვენება დიდ განსხვავებას გვაძლევს?
პასუხია, დიახ! აქ რამდენიმე ჯაჭვური რეაქციაა განსახილველი.
___________________
ალკოჰოლი მრავალმხრივ აზიანებს ჩვენს ორგანიზმს. პირველ რიგში, მისი უარყოფითი ეფექტი აისახება ღვიძლზე, მაგრამ არსებობს მეორადი ეფექტებიც, რომლებიც ზემოქმედებს სხვა ორგანოებზე, როგორებიცაა გული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, პანკრეასი, ტვინი. შედეგების სიმწვავე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ოდენობით იღებთ ალკოჰოლს და შესაბამისად, რამდენი ხნით რჩება ალკოჰოლი სისხლის მიმოქცევაში. „სისხლში ალკოჰოლის დონე მთავარი ფაქტორია, რომელიც ორგანოებს აზიანებს“, – ამბობს მკვლევარი პოლ ტომი რომელიც ალკოჰოლისგან მიღებულ ზიანს შეისწავლის ობერნის უნივერსიტეტში.
ტომის განმარტებით, ღვიძლი ალკოჰოლს ჯერ შლის აცეტალდეჰიდად, რომელიც მაღალტოქსიკურია და ცნობილი კანცეროგენია. თავის მხრივ, აცეტალდეჰიდი ძალიან სწრაფად იშლება ნაკლებად ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებად, რომელსაც აცეტატი ეწოდება.
მაგრამ, თუ ეს პროცესი შეფერხდა ან შეწყდა – სისხლში ალკოჰოლის მაღალი შემცველობით ან სხვა ქვეფაქტორის მიზეზით, როგორიცაა ღვიძლის მეტაბოლიზმის დამაბრკოლებელ მედიკამენტთა მიღება – მაშინ აცეტალდეჰიდი შესაძლოა დაგროვდეს თქვენს ორგანიზმში. „ზიანის ხარისხს განსაზღვრავს სწორედ ის, თუ რამდენად დიდი ხანი გროვდება ეს ტოქსიკური მოლეკულები უჯრედებსა და ქსოვილებში“, – ამბობს ტომი.
ალკოჰოლის აქტიურ მოხმარებას (ხშირ შემთხვევაში განისაზღვრება, როგორც ხუთი ან მეტი ჭიქა დღეში კაცისთვის და ოთხი ან მეტი ჭიქა დღეში ქალისთვის) უკავშირებენ გრძელვადიან ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის მაღალ არტერიულ წნევას, გულის დაავადებას, ღვიძლის დაავადებას და კიბოს გარკვეული ტიპების განვითარების მომატებულ რისკს. ასეთი უწყვეტი მოხმარებისას შესაძლოა იმუნური სისტემაც დაქვეითდეს და ტვინის ფუნქციონირებაც შეფერხდეს. ალკოჰოლის საშუალო დოზით მიღებაც კი – მხოლოდ ერთი ჭიქა დღეში ქალისთვის და მხოლოდ ორი ჭიქა დღეში კაცისთვის – ზრდის ქრონიკული დაავადების განვითარების ალბათობას. თუმცა ნაკლებად ცხადია, რამდენად სწრაფად შეუძლია ორგანიზმს აღდგენა, როდესაც ადამიანი წყვეტს ალკოჰოლის მიღებას. „შედეგები ინდივიდუალურად განსხვავდება და ის დამოკიდებულია ალკოჰოლის მიღების ხანგრძლივობაზე“, – ამბობს შეჰზად მერვატი, ღვიძლის დაავადებათა სპეციალისტი ტეხასის უნივერსიტეტში.
ალკოჰოლისგან ერთი თვით დასვენებამ შესაძლოა საოცრად იმოქმედოს თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. დღეს მკვლევრები სხვადასხვა სარგებელსაც პოულობენ, რომლებიც ექსპერიმენტის დასრულების შემდეგაც დიდხანს გაგყვებათ.
ალკოჰოლისგან თავის შეკავებაზე ჩატარებული კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია აქტიურ მსმელებზე, მაგრამ ეს ნებისმიერისთვის კარგი ამბავია: რამდენიმე კვირაში ღვიძლს შეუძლია დაიწყოს იმ ზიანის აღმოფხვრა, რომელიც ორგანიზმს მიადგა ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების ადრეულ ეტაპებზე. ამ ტიპის დაავადება იწყება ცხიმის დაგროვებით, შემდეგ ვითარდება ქრონიკული ანთება, ფიბროზი და საბოლოოდ, ციროზი.
„ღვიძლს აქვს უზარმაზარი რეგენერაციული უნარი“, – ამბობს კერი მინცი, ფსიქიატრი და სამედიცინო დირექტორი „ჰარის სახლის“ ფონდში. „პირველი სამი სტადია შექცევადია ალკოჰოლის აღარ მიღების შემთხვევაში“. პაციენტს შეუძლია ციროზის პროგრესიის შეფერხებაც და სიცოცხლის გახანგრძლივება, მაგრამ ეს მდგომარეობა უკვე შეუქცევადია.
აღსანიშნავია სხვა არაერთი პირდაპირი სარგებელიც. 2018 წელს დიდ ბრიტანეთში კვლევა ჩატარდა 94 ზომიერ და აქტიურ მსმელზე, რომლებმაც ერთი თვით თავი დაანებეს ალკოჰოლს; შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შეუმცირდათ ინსულინის მიმართ რეზისტენტობა, არტერიული წნევა და წონაშიც დაიკლეს.
მკვლევართა აღმოჩენით, ზოგ მონაწილეს კანიც გაუჯანსაღდა და კუჭის პრობლემებიც მოუგვარდა. ალკოჰოლი არღვევს ნაწლავის მიკრობულ შემადგენლობას, რასაც დისბაქტერიოზს ვუწოდებთ. შედეგად, ზიანდება ნაწლავის გარსი და მისი გარკვეული შიგთავსი შესაძლოა სისხლის მიმოქცევაში მოხვდეს. „დისბაქტერიოზი შექცევადია და დადებითი პროცესები უკვე სამი-ხუთი კვირის შემდეგაც კი ჩანს ხოლმე“, – ამბობს ტომი. „თუმცა დაზიანებული ნაწლავის მიკრობიომის აღდგენას უფრო დიდი დრო სჭირდება“.
___________________
ალკოჰოლისგან ერთთვიანი შესვენება სხვა მხრივაც აუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას. ალკოჰოლის მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს ძილის დარღვევა, დეპრესია და შფოთვა, ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის ექიმი და ნარკოლოგი სტივენ ტეიტი. ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა ალკოჰოლის რეგულარული მიღებით ცდილობდეს ძილისა თუ განწყობის დარღვევების თვითმკურნალობას. ერთთვიანი შესვენებით კი მათ უჩნდებათ შანსი გაარკვიონ, ალკოჰოლი ხომ არ იწვევს – ან ნიღბავს – ამგვარ ჯანმრთელობის პრობლემებს.
„ეს ერთთვიანი პროცესი შესაძლოა მეტად ფასეული აღმოჩნდეს“, – ამბობს ტეიტი. თავისი ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, სიფხიზლის გარკვეული პერიოდი შესაძლოა ასევე დაგვეხმაროს, უკეთ შევიცნოთ ალკოჰოლთან ჩვენი ურთიერთობა – მაგალითად, უკონტროლო ხომ არ გახდა ალკოჰოლის მიღება? „ზოგჯერ რთულია იმის გააზრება, როდის გიჩნდებათ დამოკიდებულების შეგრძნება“, – ამბობს ტეიტი. „ძნელია გამოიცნოთ, სად გადის ზღვარი და ხშირად ადამიანები მას ვერ ამჩნევენ მანამდე, სანამ უკვე ზღურბლს მიღმა არ აღმოჩნდებიან“.
მკვლევრები ასკვნიან, რომ „მშრალი იანვრის“ ზოგიერთი მონაწილე უკეთეს ჩვევებსაც გამოიმუშავებს ერთთვიანი შესვენების დასრულების შემდეგ. მათი უმრავლესობა აცხადებდა, რომ საგრძნობლად ნაკლებს სვამდნენ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.
ალკოჰოლით გამოწვეულ პრობლემათა გათვალისწინებით, მისი მოხმარების ნებისმიერი დოზით შემცირება კარგი ამბავია. „თუ ნაკლებს სვამთ, მსგავსი ზიანის ნაკლები რისკის ქვეშაც ხართ“, – ამბობს მინცი.