სისხლიანი სიკეთე
ალბათ, მთელ დედამიწაზე ყველაზე აუგად ლეშიჭამიას მოიხსენებენ, – ის ხომ სიხარბისა და გაუმაძღრობის ცოცხალი განსახიერებაა


სისხლიანი სიკეთე
ალბათ, მთელ დედამიწაზე ყველაზე აუგად ლეშიჭამიას მოიხსენებენ, – ის ხომ სიხარბისა და გაუმაძღრობის ცოცხალი განსახიერებაა
ტანზანია. სერენგეტის დაბლობზე მზე ჩადის… ჯოგს ჩამორჩენილი ანტილოპა გნუ განწირულია. ეტყობა, სნეულია ან მძიმედ დასახიჩრებული. გამთენიას ეს მარტოხელა ცხოველი უკვე მკვდარია და ორმოცამდე ფრთოსანი ლეშიჭამია გარს ახვევია. ზოგი მოთმინებით ელის თავის რიგს, უმრავლესობა კი გლადიატორივით იბრძვის: ალესილ ბრჭყალებს იქნევენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან და ცრუ შეტევებით ემუქრებიან. ერთი მათგანი ნადავლს თავზე ექცევა და ლეშს ჰაერში სწევს. ხროვა იშლება და აფოფრილი კისრების, ბასრი ნისკარტებისა და მოფართხალე ფრთების შავ-ყავისფერ ტალღად გადაიქცევა. მერე უცებ ახალი უწყვეტი ნაკადიც მოჩანს – ქვემოთ ეშვება, ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად შეერიოს ხროვას.
რატომ ასეთი აურზაური და ზღვარგადასული სიხარბე? მსხვერპლი სქელკანიანია, ოთხფეხა ხორციჭამიას არ მოუკლავს, ღია ჭრილობები არ ჩანს, ამიტომ ხორცი იოლად ხელმისაწვდომი არაა. ხროვა ყაყანებს, ყივის. ამასობაში, აფრიკული თეთრზურგა ორბი მძორის თვალის ბუდეს მიადგა; ჩქარობს, ეშინია, სუფრასთან ადგილი არ დაკარგოს. მეორე ნესტოში მიძვრება, რუპელის ორბი კი სხვა ბოლოდან იწყებს. მან უკვე 20 სანტიმეტრზე შეყო თავი გნუს ანუსში. 40 ფრინველი გამეტებით იბრძვის 5 ხვრელისთვის.
მოგვიანებით, ორი სახენაოჭა სვავის ჯერიც დგება. ამ თვალწარმტაცი არსების გაშლილი ფრთები 3 მეტრს აღწევს, სიმაღლეში მეტრზე მაღალი იქნება, ხის კენწეროზე ორადგილიანი საწოლისხელა ბუდეს იკეთებს; მოვარდისფრო კანი, მკვეთრად მოღუნული დიდი ნისკარტი და ყავისფერი ბუმბულის ჟაბოთი შემკული ძლიერი კისერი აქვს. ბოლოს და ბოლოს მყესები წყდება და ტყავიც სკდება. ახლა უკვე აფრიკული ორბი ერჭობა თავით გნუს ხახაში, 20-სანტიმეტრიან ტრაქეას ექაჩება. მაგრამ, სანამ ისიამოვნებს, იქვე ჩასაფრებული 1,2-მეტრიანი მარაბუ იტაცებს სასულეს, და ოსტატურად ყლაპავს. სხვათა შორის, სახენაოჭა სვავებს კუნთოვან ქსოვილზე მეტად, ძარღვები უყვართ. ბევრი იწვალეს და გნუც მთლიანად გაფატრულია. სისხლისა და ლორწოს შხეფები ჰაერში იფრქვევა, ნისკარტებიდან შიგნეულობა სცვივათ, ორნი „ბაგირის გადაწევას“ თამაშობენ ტალახსა და ფეკალიებში ამოსვრილი სამმეტრიანი ნაწლავით.
გნუს სხეული პატარავდება და დაბალ ბალახზე ჩამწკრივებული, დანაყრებული ფრინველების წრეც სულ უფრო იზრდება. გამობერილი ჩიჩახვები მოკეცილ ფრთებზე ჩამოუდიათ, მესამე ქუთუთოები დაუხუჭავთ. ხმაური და მძვინვარება სადღაც გაქრა… ისვენებენ.
ალბათ, მთელ დედამიწაზე ყველაზე აუგად ლეშიჭამიას მოიხსენებენ, – ის ხომ სიხარბისა და გაუმაძღრობის ცოცხალი განსახიერებაა. ძველი აღთქმა მათ უწმინდურ არსებებად მოიხსენიებს; ჩარლზ დარვინი 1835 წელს თავის დღიურში წერდა „საზიზღარ“ მელოტ არსებებზე, რომლებიც „გახრწნილებაში გორაობისთვის არიან შექმნილნი“. მრავალ ადაპტაციას შორის, აღსანიშნავია საფრთხის დროს კუჭიდან მთელი შიგთავსის ამონთხევის უნარი, სწრაფად რომ შეძლონ მიწიდან აფრენა.
გაზიდებთ? შესაძლოა. თუმცა, ლეშიჭამიებს ამის საპირწონედ კარგი თვისებებიც აქვთ: ისინი ცხოველებს (ხშირად) არ კლავენ, მონოგამიურ წყვილებს ქმნიან, ბარტყებზე ორივე მშობელი ერთნაირად ზრუნავს და დროს კი, მონათესავე დიდ ჯგუფებთან ერთად ატარებენ. მაგრამ ყველაზე მთავარი – ჩვენ სათანადოდ ვერც კი ვაფასებთ მათ გაკეთებულ საქმეს: ისინი ეკოსისტემას წმენდენ, რადგან სწრაფად შთანთქავენ და გადაამუშავებენ მკვდარ ცხოველებს. ისტორიულად, სერენგეტის ეკოსისტემის ბინადარ ან წლიური მიგრაციიის მონაწილე ლეშიჭამიებს (როცა 1,3 მილიონი ზოლებიანი გნუ კენიასა და ტანზანიას შორის გადაადგილდება) გაცილებით მეტი ხორცი აქვთ შეჭმული, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ძუძუმწოვარ ხორცისმჭამელს მთელ სერენგეტიში. ერთ ლეშიჭამიას შეუძლია წუთში ერთ კილომდე ხორცი მიირთვას; ერთი მოზრდილი ჯგუფი 30 წუთში გააცამტვერებს ზებრას. მათ გარეშე, გახრწნილი ლეშები დიდხანს ეყრებოდა, რასაც მოჰყვებოდა მწერების პოპულაციის აფეთქება და უამრავი დაავადების გავრცელება.
თუმცა ასეულობით წლის განმავლობაში ფორმირებულ ამ დიდებულ სისტემას ზოგან, თანაც განსაკუთრებით საკვანძო ტერიტორიებზე, დანგრევა ემუქრება. აფრიკამ უკვე დაკარგა ლეშიჭამიის 11 სახეობიდან ერთი – სვავი, 7-ს კი კრიტიკულ საფრთხეში ან საფრთხეში მყოფის სტატუსი აქვს. მაგალითად, სახენაოჭა სვავები მეტწილად დაცული ტერიტორიების ფარგლებში გვხვდება. სხვა სახეობების – ფასკუნჯებისა და ბატკანძერების რეგიონული პოპულაციები თითქმის გადაშენდა. პერეგრინის ფონდის აფრიკული პროგრამების დირექტორის თანაშემწე, დარსი ოგადა ამბობს: „ლეშიჭამიები საფრთხეში მყოფი ყველაზე დიდი ფრინველთა ფუნქციური ჯგუფია მსოფლიოში“.
მარტის ერთ მშვენიერ დღეს, ოგადა და მუნირ ვირანი კენიის მასაი-მარას რეგიონისკენ მიემგ-ზავრებიან. ვირანი მწყემსებს უნდა დაელაპარაკოს. აღმოჩნდა, რომ ლეშიჭამიების კეთილდღეობისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობას. ჩვენი მანქანა ცხვრებსა და თხებში მიიკვლევს გზას. უკანასკნელ წლებში, მასაის ტომები ეროვნული ნაკრძალის ჩრდილოეთ მონაკ-ვეთში მდებარე საკუთარ მიწებს აქირავებენ. მათ ბუნებისდამცველები იჯარით იღებენ და იქ მწყემსებს აღარ უშვებენ. ზოგი მასაი გაბრაზებულია, ბუნებისდამცველებმა იმ ტერიტორიაზე კიდევ უფრო მეტი ლომი და სხვა მტაცებელი მიიზიდესო (დაცული ტერიტორიები ერთმანეთს ესაზღვრება და შემოუღობავია). გნუებისა და სხვა ადგილობრივი ჩლიქოსნების პოპულაციებს საფრთხეს უქმნის ბრაკონიერობა, ხანგრძლივი გვალვები, სავანების სამეურნეო სავარგულებად ქცევა… ლეშიჭამიებისთვის ესეც საკმარისი უბედურებაა, მაგრამ უარესებიც ხდება.
ვირანის აინტერესებს, ბოლო დროს მტაცებლებს პირუტყვი ხომ არ გაუტაციათ. ყოველი შემხვედრი მასაის პასუხი ერთნაირია: „დიახ, მეც და ჩემს მეზობლებსაც“. ჩვეულებრივ, ლომები პირუტყვს ღამით ესხმიან თავს, როცა საქონელი ბომაში – ეკლიანი ტოტებით შემოსაზღვრულ ბაკშია შერეკილი. ლომების ღრიალზე დამფრთხალი საქონელი ბომას კედლებს აწყდება, გადათელავს და იფანტება. ძაღლები ყეფენ, პატრონებს აღვიძებენ, თუმცა, როგორც წესი, უკვე გვიანია. ერთი ძროხის დაკარგვა 300 დოლარის ზარალია, ხარი შეიძლება 1000 დოლარიც ღირდეს.
და, მოდის შურისძიების დროც… კაცები ძაღლებს აბამენ, მსხვერპლის ნარჩენებს აგროვებენ და ფურადანის გენერიკულ ნაირსახეობას, იაფფასიან სწრაფმოქმედ პესტიციდს (დახლქვეშ იყიდება) ასხურებენ. ლომი ბრუნდება, მეტწილად ოჯახთან ერთად და პრაიდი ერთიანად წყდება. მკვლევრების შეფასებით, ამ შურისძიების გამო, კენია წელიწადში 100 ლომს კარგავს. ქვეყანაში კი სულ 1600-მდე ლომია დარჩენილი. მოწამლული ლომების მძორებს აუცილებლად მოაკითხავენ ფრთოსანი ლეშიჭამიებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, დასანაყრებლად მოსული ფრინველების ასზე მეტი ინდივიდი ერთი ხელის მოსმით იღუპება.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ფურადანის სულ რამდენიმე გრანულას, რომელსაც მატლებისა და სხვა უხერხემლოების შესაწამლად იყენებენ, შეუძლია წააქციოს ლომი. ცხოველი, რომლის კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა ცოფს, ქოლერასა და ციმბირის წყლულს ანეიტრალებს. 2007 წლამდე, ოგადამ ფურადანზე არაფერი იცოდა. როცა კოლეგები მოწამლული ლომების შესახებ უყვებოდნენ, უკვირდა. ტურიზმი კენიის შემოსავლის უდიდესი წყაროა; ლომები კი, მთავარი ღირსშესანიშნაობა და ქვეყნის მშვენება. 2008 წელს, მეცნიერები, ბუნებისდამცველები და სამთავრობო სააგენტოები ნაირობიში ინფორმაციის გასაზიარებლად და საპასუხო ქმედებების და-საგეგმად შეიკრიბნენ. „ყბა ჩამოგვივარდა, – იხსენებს ოგადა, – პრობლემა იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე წარმოგვედგინა“. დადგინდა, რომ მთელ აფრიკაში ლეშიჭამიების სიკვდილიანობის 61 პროცენტი მოწამვლაზე მოდის. ანთროპოგენულ საფრთხეს მათი რეპროდუქციული ბიოლოგიაც ამძაფრებს: ეს ფრინველები სქესობრივ სიმწიფეს ხუთი-შვიდი წლის ასაკში აღწევენ, ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ მრავლდებიან, ხოლო ბარტყების 90 პროცენტი, პირველივე წელს იღუპება. ვარაუდობენ, რომ მომავალ 50 წელიწადში, კონტინენტზე ლეშიჭამიების რიცხვი 70-97 პროცენტით შემცირდება.
აფრიკაზე უარესი სიტუაციაა ინდოეთში. აქ ყველაზე გავრცელებული ლეშიჭამიების პოპულაცია – ბენგალური ორბი, ინდური ორბი და წვრილნისკარტა ორბი – ათი წლის განმავლობაში 96 პროცენტით შემცირდა. 2003 წელს, პერეგრინის ფონდის მკვლევრებმა ფრინველების ლეშსა და იმ პირუტყვს შორის კავშირი დაადგინეს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგოდ დიკლოფენაკით მკურნალობდნენ.
ტანზანიაში სერენგეტის ეროვნულ პარკში ერთი რუპელის ორბი პრეტენზიას აცხადებს მკვდარ ზებრაზე, მეორე რუპელის ორბი და აფრიკული თეთრზურგა ორბი მოქმედებაზე გადადიან. სა-ვარაუდოდ, ბანკეტს სხვა ლეშიჭამიებიც შემოუერთდებიან. მათ შეუძლიათ ლეში რამდენიმე წუთში ძვლებამდე დაიყვანონ
სამხრეთ აფრიკა. დურბანში გამყიდველი ლეშიჭამიის თავებს ყიდის. მათ ტრადიციულ წამლად იყენებენ, რომელსაც მუტი ეწოდება. ითვლება, რომ მათი გამომშრალი ტვინის მოწევა მომავალში გვახედებს. თავად ფრინველთა მომავალი კი, ბუნდოვანია. ამ ქვეყნის 8 სახეობიდან 6 გადაშენების პირასაა
რუპელის ორბის კისერი და თავი მეჩხერი ბუმბულით არის დაფარული – ზედ ლეშის სისხლი, შიგნეულობა და ფეკალური მასები რომ არ დარჩეს
ლეშიჭამიებს სიყვარულიც შეუძლიათ და ჩხუბიც. შეიძლება მთელი ცხოვრება ერთ პარტნიორზე იზრუნონ. თუმცა, ლეშის გარშემო ფუსფუსის დროს, აგრესიულები ხდებიან სხვა სახეობებ-თანაც და თავისიანებთანაც
სერენგეტიში ტურა აფრიკულ თეთრზურგა ორბს უღრენს, რომელიც მას საჭმელში – მკვდარ გნუში ეცილება. ოთხფეხა ხორციჭამიებს საკვების საძიებლად შეზღუდული ტერიტორია აქვთ. ზემოდან კი ფრთოსან ლეშიჭამიებს გაცილებით უკეთესად შეუძლიათ გადახედონ ყოველდღი-ურ მენიუს
სერენგეტიში ნორჩი რუპელის ორბი ზებრისგან ლუკმის მოგლეჯას ცდილობს. უფროსი და დომინანტი ფრინველები ნარჩევი ხორცით უკვე დანაყრდნენ, ტყავი და ძვლები კი ახალგაზრ-დებსა და აფრიკულ თეთრზურგა ორბებს დაუტოვეს
ნამიბიაში ბუნებისდამცველები ჯოხზე დამაგრებული მანქანის გვერდითა სარკის გამოყენებით აფრიკული სახენაოჭა სვავის ბუდის დათვალიერებას ცდილობენ. თუ შესაფერისი ასაკის ბარტყს ნახავენ, აიყვანენ, ფრთაზე ნიშანს დაადებენ და უკან დააბრუნებენ. მდედრები მხო-ლოდ ერთ-ორ წელიწადში ერთხელ დებენ კვერცხს
სამხრეთაფრიკული ორბები პირქუშად იყურებიან ხელოვნურად გაშენებული საბუდარი კლდიდან, მაგალისბურგში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). კვლევით და სარეაბილიტაციო სა-შენ დაწესებულებას მართავს აფრიკული თეთრზურგა ორბის რიცხვის აღსადგენად მომუშავე ჯგუფი – VulPro
VulPro-ს დამაარსებელ კერი უოლტერს სამხრეთაფრიკული ორბი მიჰყავს ვეტერინართან, პრე-ტორიასთან ახლოს. ფრინველი ელექტროგადამცემ ხაზთან შეჯახების შედეგად დაზიანდა. თუმცა, აფრიკის ლეშიჭამიებისთვის უდიდესი საფრთხე მაინც ბრაკონიერების მიერ მოწამვლაა
ლეშზე შესხურებულმა მწერების საწინააღმდეგო კარბოფურანის ასმა გრამმა შეიძლება ასი ლეშიჭამია მოკლას. დროულად მკურნალობის შემთხვევაში, მათი გადარჩენა შეიძლება ატროპინისა და ნახშირის მიცემით, რომელიც საწამლავს შთანთქავს
ტანზანიაში სერენგეტის ეროვნულ პარკში ერთი რუპელის ორბი პრეტენზიას აცხადებს მკვდარ ზებრაზე, მეორე რუპელის ორბი და აფრიკული თეთრზურგა ორბი მოქმედებაზე გადადიან. სა-ვარაუდოდ, ბანკეტს სხვა ლეშიჭამიებიც შემოუერთდებიან. მათ შეუძლიათ ლეში რამდენიმე წუთში ძვლებამდე დაიყვანონ
სამხრეთ აფრიკა. დურბანში გამყიდველი ლეშიჭამიის თავებს ყიდის. მათ ტრადიციულ წამლად იყენებენ, რომელსაც მუტი ეწოდება. ითვლება, რომ მათი გამომშრალი ტვინის მოწევა მომავალში გვახედებს. თავად ფრინველთა მომავალი კი, ბუნდოვანია. ამ ქვეყნის 8 სახეობიდან 6 გადაშენების პირასაა
რუპელის ორბის კისერი და თავი მეჩხერი ბუმბულით არის დაფარული – ზედ ლეშის სისხლი, შიგნეულობა და ფეკალური მასები რომ არ დარჩეს
ლეშიჭამიებს სიყვარულიც შეუძლიათ და ჩხუბიც. შეიძლება მთელი ცხოვრება ერთ პარტნიორზე იზრუნონ. თუმცა, ლეშის გარშემო ფუსფუსის დროს, აგრესიულები ხდებიან სხვა სახეობებ-თანაც და თავისიანებთანაც
სერენგეტიში ტურა აფრიკულ თეთრზურგა ორბს უღრენს, რომელიც მას საჭმელში – მკვდარ გნუში ეცილება. ოთხფეხა ხორციჭამიებს საკვების საძიებლად შეზღუდული ტერიტორია აქვთ. ზემოდან კი ფრთოსან ლეშიჭამიებს გაცილებით უკეთესად შეუძლიათ გადახედონ ყოველდღი-ურ მენიუს
სერენგეტიში ნორჩი რუპელის ორბი ზებრისგან ლუკმის მოგლეჯას ცდილობს. უფროსი და დომინანტი ფრინველები ნარჩევი ხორცით უკვე დანაყრდნენ, ტყავი და ძვლები კი ახალგაზრ-დებსა და აფრიკულ თეთრზურგა ორბებს დაუტოვეს
ნამიბიაში ბუნებისდამცველები ჯოხზე დამაგრებული მანქანის გვერდითა სარკის გამოყენებით აფრიკული სახენაოჭა სვავის ბუდის დათვალიერებას ცდილობენ. თუ შესაფერისი ასაკის ბარტყს ნახავენ, აიყვანენ, ფრთაზე ნიშანს დაადებენ და უკან დააბრუნებენ. მდედრები მხო-ლოდ ერთ-ორ წელიწადში ერთხელ დებენ კვერცხს
სამხრეთაფრიკული ორბები პირქუშად იყურებიან ხელოვნურად გაშენებული საბუდარი კლდიდან, მაგალისბურგში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). კვლევით და სარეაბილიტაციო სა-შენ დაწესებულებას მართავს აფრიკული თეთრზურგა ორბის რიცხვის აღსადგენად მომუშავე ჯგუფი – VulPro
VulPro-ს დამაარსებელ კერი უოლტერს სამხრეთაფრიკული ორბი მიჰყავს ვეტერინართან, პრე-ტორიასთან ახლოს. ფრინველი ელექტროგადამცემ ხაზთან შეჯახების შედეგად დაზიანდა. თუმცა, აფრიკის ლეშიჭამიებისთვის უდიდესი საფრთხე მაინც ბრაკონიერების მიერ მოწამვლაა
ლეშზე შესხურებულმა მწერების საწინააღმდეგო კარბოფურანის ასმა გრამმა შეიძლება ასი ლეშიჭამია მოკლას. დროულად მკურნალობის შემთხვევაში, მათი გადარჩენა შეიძლება ატროპინისა და ნახშირის მიცემით, რომელიც საწამლავს შთანთქავს
ართრიტის სამკურნალო ეს პრეპარატი 1993 წელს ვეტერინარიაშიც გამოიყენეს. ლეშიჭამიებში დიკლოფენაკი თირკმლის უკმარისობას იწვევს: გაკვეთის შემდეგ ნახეს, რომ ფრინველის ორგანოები თეთრი კრისტალებით იყო დაფარული.
ამ შემთხვევას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, შედეგები – გამაოგნებლად სავალალო იყო. ინდოეთს მსხვილფეხა რქოსანის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულაცია ჰყავს, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა საქონლის ხორცს არ ჭამს. მილიონობით ლეშიჭამია რომ დაიწამლა, პირუტყვის ლეში დაგროვდა. ახლა ლეშის საჭმელად ძაღლები მიუშვეს, რომელთაც კონკურენტი მოაკლადთ და მათი რაოდენობაც 11 წელიწადში 7-დან 29 მილიონამდე გაიზარდა. ამ პერიოდში ძაღლმა 38,5 მილიონით მეტი ადამიანი დაკბინა. სწრაფად გაიზარდა ვირთაგვების პოპულაციაც, რასაც ცოფით სიკვდილის 50 ათასით მეტი შემთხვევა მოჰყვა. ამ ყველაფერმა ინდოე-თის მოსახლეობა დაახლოებით 34 მილიარდი დოლარით აზარალა. მუმბაიში პარსის თემის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი შემაშფოთებელი ცვლილება შენიშნეს: „ზეციური დაკრძალვის“ რიტუალის აღსრულება ახლა უფრო ჭიანურდებოდა, ვიდრე ადრე, როდესაც ფრთოსანი მძორიჭამიების პოპულაცია მაღალი იყო. შემაღლებულ ქვაზე დასვენებული ცხედრის გაქრობას ახლა რამდენიმე თვით მეტი დრო სჭირდებოდა, რადგან ფრთოსანი მძორიჭამიები აღარსად ჩანდნენ. აქაური ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის სული ხორცისგან მხოლოდ მაშინ გა-თავისუფლდება, როდესაც გარდაცვლილს ფრთოსანი მძორიჭამიები შეჭამენ.
2006 წელს, ინდოეთში, პაკისტანსა და ნეპალში დიკლოფენაკის ვეტერინარიაში გამოყენება აიკრძალა; 2010-ში – ბანგლადეშში. 2015 წლის ივნისში, ბუნებისდამცველთა კოალიციამ ცხოველებში ამ პრეპარატის აკრძალვა უკვე ევროკომისიას მოსთხოვა. პასუხს ჯერ ისევ ელიან. ტყვეობაში მოშენების პროგრამამ და ლეშიჭამიების „რესტორნებმა“ (გარეულ ფრინველებს უსაფრთხო, ფერმის ხორცს აწვდიან) შედეგი გამოიღო. უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში, ინდოეთში ლეშიჭამიები მასობრივად უკვე აღარ იხოცებიან. თუმცა, მათგან სამი სახეობის (ოდესღაც მილიონობით ინდივიდისგან შემდგარი პოპულაციის), მცირე ნაწილიღა დარჩა.
ოგადა ეჭვობს, რომ აფრიკა ინდოეთს ვერ მიბაძავს: „კენიაში კარბოფურანების გამოყენების შესაზღუდად პოლიტიკური ნება არ არსებობს“.
2012 წლის ივლისში, ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში, ბრაკონიერების მიერ მოკლული და საწამლავმოსხმული სპილოს ხორცით 191 ლეშიჭამია დაიღუპა. იმავე მიზეზით, ერთ წელიწადში 500 ინდივიდი დაიხოცა ნამიბიაში. რატომ უსწორდებიან სპილოს ძვალზე მონადირე ბრაკონიერები ლეშიჭამიებს? „ბრაკონიერები შიშობენ, რომ ნანადირევთან თავმოყრილი ლეშიჭამიები ყურადღებას მიიპყრობენ და მათი დანაშაული გამოაშკარავდება. აღმოსავლეთ აფრიკის ლეშიჭამიების მოწამვლის შემთხვევების ერთი მესამედი სპილოს ძვლის ბრაკონიერების ნამოქმედარია“, – მპასუხობს ოგადა.
ლეშიჭამიებს დიდ ზიანს აყენებს ადგილობრივი რიტუალებიც. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წარმომადგენლის, ანდრე ბოტას თქმით, ხშირად ბრაკონიერების მიერ დახოცილ ლეშიჭამიებს თავ-ფეხი აკლიათ. აშკარად მუტისთვის (ტრადიციული სამკურნალო მეთოდი) გაყიდეს. სამხრეთ აფრიკის ბაზარზე იოლად შეიძენთ სხვადასხვა ცხოველის სხეულის ნაწილებს. თურმე, თუკი ლეშიჭამიის გამომშრალ ტვინს ტალახში გაურევ და მოწევ, იმქვეყნიურ დახმარებას მოიხმობ.
მთავარი საფრთხე მაინც საწამლავების ხელმისაწვდომობაა. 2009 წელს ლომების მოწამვლის შესახებ აშშ-ის სატელევიზიო პროგრამა „60 წუთში~ სიუჟეტი გავიდა. მას შემდეგ, FMC-მ (ფურადანის ფილადელფიელი მწარმოებელი) სამხრეთ აფრიკაში გაყიდვები შეწყვიტა და ეს ქიმიური ნაერთი კენიის, უგანდისა და ტანზანიის სადისტრიბუციო არხებიდან ამოიღო. თუმცა ეს ნივთიერება, გენერიკული ფორმით კვლავ იშოვება. ნებისმიერს შეუძლია აგრო-ვეტერინარულ მაღაზიაში შესვლა და ორ დოლარად პესტიციდების ყიდვა.
„ტროპიკებში პესტიციდების გარეშე ვერაფერს მოიყვან, – ამბობს კენიის ველური ბუნების სამსახურის სახეობათა მართვის ყოფილი თავმჯდომარე ჩარლზ მუსიოკი, – ამიტომ, ხალხს მათი სწორად გამოყენება უნდა ვასწავლოთ“.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ კარბოფურანები უფრო იაფი და უსაფრთხო საშუალებაა მტა-ცებლის მოსაკლავად, ვიდრე შუბი. მტაცებლების მოწამვლა აქ კულტურის ნაწილად იქცა, ამ-ბობს გულდაწყვეტილი ოგადა. ადგილობრივი ხალხი ოდითგანვე იცავდა საკუთარ პირუტყვს. მათ გარდა იმ ევროპელების შთამომავლებიც, აქ რომ იაფი სინთეტიკური საწამლავები შემოიტანეს, 300 წელია აფრიკაში ცხოველებს ხოცავენ.
გრძელი დღე გავიდა. ვირანი ჯიპს გადათელილ ყამირ მიწაზე შემოღობილ ადგილთან აჩერებს. ეს ადგილი მარა-ნაბოიშოს (20 ათასი ჰექტარი) დაცული ტერიტორიის აღმოსავლეთით და მასაი-მარას დაცული ტერიტორიის (150 ათასი ჰექტარი) დასავლეთით მდებარეობს. ვირანისა და ოგადას ერთი სული აქვთ, როდის დაღამდება, ელექტრო ჩამრთველის წკაპუნს ელოდებიან… ვირანი იღიმება: ბომის ღობეზე ათიოდე ნათურა ინთება…
მზის ენერგიაზე მომუშავე ეს მოციმციმე ნათურები, პატარა სასწაულია – ყველაზე უსაფრთხო, ეკონომიური საშუალება მტაცებლებისგან ნახირის დასაცავად. ნათურები ლეშიჭამიებსაც იცავს ადამიანის სასტიკი შურისძიებისგან.
„ერთი ბომის განათება 250-დან 350 დოლარამდე ჯდება. ნახევარს პერეგრინის ფონდი ფარავს“, – ამბობს ვირანი. ექვსი თვის განმავლობაში, 40 ბომაზე ლომების თავდასხმა 90 პროცენტით შემცირდა. ჯერჯერობით, დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალს შორის (ხშირად მასაების ბოსტნების გავლით) მოხეტიალე მტაცებლები და სპილოები განათებებს გვერდს უვლიან.
სერენგეტიში, მასაი-მარადან 250 კილომეტრში სამხრეთით, გნუს ლეშში თავჩარგულ სამ ზრდასრულ აფთარს დაათენდა. მათ გარშემო ამფითეატრში შეკრებილი ბუმბულიანი აუდიტო-რია გაფაციცებით უცქერს სპექტაკლს. დროდადრო მოთმინების ფიალა ევსებათ და სცენისაკენ მიიწევენ… მთავარი გმირების ერთი შეღრენა და… უკანდახევის ნიშანი მიღებულია. ურთიერთპატივისცემა აშკარაა, როლები – განაწილებული: აფთარი ლეშიჭამიების ნაპოვნ ნადირზეა და-მოკიდებული, ლეშიჭამია კი აფთარს ნადირის სწრაფად გაფატვრის ფუნქციას უთმობს.
აფთრები მალე ძღებიან, უკან იხევენ. ახლა ლეშს ოცდახუთამდე ლეშიჭამია ხარბად ძიძგნის, კენკავს, აქუცმაცებს და ექაჩება. უცებ, ერთი ფრინველი, გეგონება, ციდან ვარდებაო, განზე მდგომ ორ უწყინარ ლეშიჭამიას ეტაკება. შემდეგ თავს ხრის და ვეება ფრთებს შლის; აგრესორი იმარჯვებს – გნუს მაღლა იტაცებს. „ძალიან გასართობი ცხოველები არიან, – ამბობს ლეშიჭამიების ექსპერტი, კენიის ეროვნული მუზეუმების წარმომადგენელი, საიმონ თომსეტი, – ამდენი ხანი ლომების ყურება, ალბათ, მომწყინდებოდა“.
რამდენიმე საათი გადის, პირსისხლიანი მოთამაშეები მოდიან და მიდიან: აფთრები, ტურები, ყარყატები, მემძორე არწივები და ფრთოსან ლეშიჭამიათა ოთხი სახეობა. თვალშისაცემი ისტერიის მიუხედავად, თავის წილს ყველა იღებს. ცხადია, სოციალური სტატუსისა და ფიზიკური მონაცემების შესაბამისად.
რა მოხდება, თუ ამ პროცესს ლეშიჭამიები გამოაკლდებიან? ორი წლის განმავლობაში, თხის ლეშზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ოგადა დაარწმუნა, რომ მათ გარეშე ლეშის გახრწნას სამჯერ მეტი დრო დასჭირდა. ლეშის საჭმელად მოსულ ძუძუმწოვართა რაოდენობა გასამმაგდა. ახლა, ძუძუმწოვრები სამჯერ უფრო დიდხანს ანდომებდნენ ლეშის შეჭმას.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს მონაცემები? რაც მეტ დროს ატარებენ ტურები, ლეოპარდები, ლომები, აფთრები, გენეტები, მანგუსტები და ძაღლების კომუნები მძორზე, მით მეტია იმ პათოგენების გავრცელების ალბათობა (შინაურ თუ გარეულ ცხოველებში), რომლებიც ლეშიჭამიების კუჭში მარტივად დაიღუპებოდა. გნუს პლაცენტის ჭამით, ლეშიჭამიები მსხვილფეხა საქონელს ლორწოვანი გარსის ანთებისა და ფატალური ჰერპესის ვირუსისგან იცავენ. ლეშის ძვლებამდე დაყვანის წყალობით კი, ზღუდავენ მწერების პოპულაციას, რომელიც ადამიანისა და პირუტყვის თვალის დაავადებებს უკავშირდება.
„ლეშიჭამია გაცილებით მეტად ემსახურება ადამიანს, ვიდრე ის „დიდი ხუთეული“, რომლის სანახავადაც აქ ტურისტები მოისწრაფიან, – ამბობს თომსეტი, – ლეშიჭამიების გაქრობა ეკოლოგიურსა და ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევდა”.
აფრიკის ლეშიჭამიების შემცირების მთავარი მიზეზი დღეს ნამდვილად მათი მოწამვლაა, თუმცა, თომსეტის აზრით, პრობლემას კიდევ ერთი სათავე აქვს: ხალხის სიჭარბე. 2050 წლისთვის კენიის 44-მილიონიანი მოსახლეობა, შესაძლოა, 81 მილიონამდე გაიზარდოს. მასაი კი ქვეყნის ყველაზე სწრაფმზარდი ჯგუფია.
თომსეტი კენიის ლეშიჭამიების ანთროპოგენური საფრთხეების სიას აგრძელებს. ფერმერებს დაცული ტერიტორიების გარშემო ხორბალი და ქერი მოჰყავთ. ნაკლები საძოვარი ნიშნავს იმას, რომ ლეშიჭამიებს საკვებად ნაკლები ჩლიქოსანი ეყოლებათ. ასევე, ფრთოსანი მძორიჭამიების წინააღმდეგ მუშაობს გეოთერმული წყლების ჭების ბურღვის პროექტიც, რომელიც სახელმწიფომ, ბუნებისდამცველების მოთხოვნის მიუხედავად, არ შეაჩერა. ეს პროექტი გადაშენების პირას
მყოფი რუპელის ორბის არეალიდან 300 მეტრში მოქმედებს. ორბები და სვავები მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს ეჯახებიან და ამგვარადაც იღუპებიან. კენიის ველური ბუნების სამსა-ხურს არ აქვს სტრატეგიული გეგმა, რომელიც ლეშიჭამიების მოწყვლადი სახეობების განადგურების პროცესს შეაჩერებდა.
2013 წლის დეკემბერში კენიამ მიიღო აქტი: საფრთხეში მყოფი სახეობების მოკვლისთვის და-წესდა ჯარიმა – 200 ათასი დოლარი ან სამუდამო პატიმრობა. კენიის ველური ბუნების სამსახური ცდილობს საზოგადოებას ლეშიჭამიებზე წარმოდგენა შეაცვლევინოს. თუმცა, თუ მოწამვლის საწინააღმდეგო კანონი არ გამკაცრდება, ეს კამპანია საქმეს ვერ უშველის. ალბათ, უფრო ეფექტური იქნება, თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ კენიელი მიწათმფლობელის შემოთავაზებას მიიღებს მთავრობა და იყიდის იმ მიწას, რომელზეც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი რუპელის ორბთა საბუდარი კლდეებია.
სანამ ფრინველები დაძღებიან და გნუ დაკუჭულ რუხ ხალიჩად გადაიქცევა, თომსეტი ლეშიჭამიებს აკვირდება და დეტალურ ჩანახატებს აკეთებს. მომდევნო დღეებში ნადირის ტყავის ნაგლეჯებსა თუ ხრტილებს მწერები, სოკოები და მიკრობები მიხედავენ. ჩლიქოსნების მოზრდილი ძვლები წლების განმავლობაში შეინახება. თუმცა, სიცოცხლის ციკლს მისი სხვა ელემენტები განაგრძობენ – ნიადაგში, მცენარეულობასა და თითოეულ იმ დიდებულ ლეშიჭამიაში, დღეს რომ გვარიანად ინადიმა.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.